სამხრეთ კავკასიის არჩევანი

სამხრეთ კავკასიის არჩევანი

ხუთი წლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, სამხრეთ კავკასია (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) კვლავ უზარმაზარი გამოწვევების წინაშეა . ენერგიის გლობალური წარმოებისა და ავღანეთში ნატოს ოპერაციის დასრულების ფონზე, რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მცირდება. სამივე ქვეყანას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული რისკები, მოლოდინით იმედგაცრუბული მოსახლეობა და სახელმწიფოს მმართვის პრობლემები აქვს. სამხრეთ კავკასიისათვის დღეს არჩევანის გაკეთების დროა.

უსაფრთხოება ამ რეგიონის ყველაზე დიდი პრობლემაა. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ოკუპირებული აქვთ საქართველოს ორი „დამოუკიდებელი“ ანკლავი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – და ზოგიერთი მიმდებარე მიწაც. ოცი წელია, რაც სამხედრო ჩიხია შექმნილი მთიანი ყარაბახის – ეთნიკური სომხებით დასახლებული ტერიტორიის ირგვლივ, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებშია. რუსეთი ორივე მხარესთან თამაშობს: სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში, მის შეიარაღებულ ძალებს აღჭურავს და აფართოვებს უსაფრთხოების ხელშეკრულებას, მაგრამ იმავდროულად აზერბაიჯანს მილიარდობით დოლარის იარაღს აწვდის. თურქეთი ამძაფრებს არასტაბილურობას იმით, რომ სომხეთთან საზღვარი აქვს დახურული, მაშინ როდესაც ირანი სომხეთთან თანამშრომლობს.

რუსეთი ზეწოლას ახდენს მეზობლებზე, რათა აიძულოს ისინი შეუერთდნენ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს. მოსკოვი ღელავს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ევროკავშირთან დაახლოება ურჩევნიათ. მართალია, სომხეთს ევრაზიულ ჯგუფში დამკვირვებლის სტატუსი აქვს, თუმცა როგორც ჩანს, ბლოკში გაწევრიანებისაკენ არ მიისწრაფვის. მოსკოვის სავაჭრო შეტაკება უკრაინასთან შეიძლება დანარჩენი მეზობლების მიმართ პოზიციის გამკაცრების მომასწავებელი იყოს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს სერიოზული საშინაო პრობლემები აქვთ, რაც წლევანდელმა საპრეზიდენტო არჩვენებმა ცხადყო.

თებერვალში, სომხეთში, მოქმედმა პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა სადავო არჩევნებში გაიმარჯვა. კენჭისყრამდე რბოლას ორი ცნობილი კანდიდატი ჩამოშორდა. მესამემ შიმშილობა დაიწყო, მეოთხის კანდიდატურა მოხსნეს, თუმცა მოგვიანებით აღადგინეს. ეუთოს დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ბევრგან რეგიონებში, რაც სარგისიანის აქტივს წარმოადგენდა, ამომრჩევლების აქტივობა „არარეალისტურად მაღალი“ იყო. პოლიტიკური დაძაბულობა და უძრაობა აბრკოლებს რეფორმებს ამ ქვეყანაში, რომელიც დასუსტებულია დახურული საზღვრების, ემიგრაციისა და ოლიგარქების ჩინოვნიკებთან კავშირების გამო.

აზერბაიჯანში, მასობრივი კორუფციის, სიმდიდრის უკიდურესად არათანაბარი განაწილებისა და დიქატატურის გამო, პოლიტიკური გადატრიალების პოტენციალი იზრდება. 2011 წლის სახალხო გამოსვლებმა მმართველი ელიტა შეაშინა. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რეჟიმი კიდევ უფრო გაამკაცრა და ჟურნალისტები და ბლოგერები დაიჭირა. მან დაბლოკა ასევე აზერბაიჯანში ოპოზიციური ლიდერის რუსტამ იბრაგიმბეკოვის დაბრუნება, რომელიც ოქტომბრის არჩევნებში კოალიციამ მის ოპონენტად შეარჩია.

შარშან, საქართველომ პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანად საარჩევნო ყუთების გზით. ოპოზიციურმა კოალიციამ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი ხნის მმართველი პარტია დაამარცხა. ახალმა მთავრობამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა და ეს მოსახლეობის მხრიდან ზეწოლით ახსნა. ამან პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ეჭვები გააჩინა. მთავრობის მხარდაჭერა მცირდება, რადგან ეკონომიკური ვითარება არ უმჯობესდება.

მთელი ეს არჩევნები მთიანი ყარაბახისთვის კარგი ამბავი შეიძლება სულაც არ იყოს. პოლარიზებული პოლიტიკა სომხეთში და აზერბაიჯანში დიდი ალბათობით დიქტატურის შენარჩუნება, რომლის ლეგიტიმაციაც იკლებს, ხელს უშლის კომპრომისების მიღწევას სამშვიდობო შეთანხმების გზაზე.

ივანიშვილმა, შეინარჩუნა რა საქართველოს დასავლური ორიენტაცია, რუსეთთან დაძაბულობა შეამცირა. მოსკოვმა მოხსნა აკრძალვა ქართულ ღვინოზე, სასოფლო- სამეურნეო საქონელსა და მინერალურ წყალზე, მაგრამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კვლავ სერიოზული წინააღმდეგობა რჩება. საქართველომ, თავისი ყურადღება დემოკრატიის გაძლიერებისაკენ, ეკონომიკის გაუმჯობესებისა და სამხედრო თავდაცვის განმტკიცებისაკენ უნდა მიმართოს.

სამივე ქვეყანის ურთიერთობაში ევროკავშირთან გადამწყვეტი მომენტია. „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამას შეუძლია განამტკიცოს მათი მომავალი გაფართოვებულ ევროპულ სტრუქტურებში. ამ წლის ნოემბერში, ვილსნიუსში, ევროკავშირი, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და სხვა შეთანმებებს სომხეთთან და საქართველოსთან. აზერბაიჯანი ამ პროცესში უფრო შორსაა, მაგრამ შეიძლება ხელი მოაწეროს სავიზო შეთანხმებას. სწორია, როდესაც ევროკავშირი ამ ქვეყნებს უფრო მეტ თანამშრომლობას და პოლიტიკურ მხარდაჭერას სთავაზობს უფრო მეტი რეფორმის სანაცვლოდ.

დასავლეთმა იმათი სახელით უნდა ილაპარაკოს ვისაც თავისუფლება წაართვეს, განსაკუთრებით აზერბაიჯანში. ყველა გაყალბებული არჩევნების დაშვებით, ოპოზიციონერის უსამართლო დაპატიმრებითა და სიმდიდრის მითვისებით, ისინი ვინც თავისუფლებას უჭერენ მხარს, სულ უფრო შეუწყნარებლები ხდებიან დასავლეთის სირბილის მიმართ. აზერბაიჯანში საგანგაშო ტენდენციაა ის, რომ ახალგაზრდებს და ინტელექტუალებს შორის ანტიამერიკული განწყობები იზრდება.

მეორეც, ევროკავშირმა უფრო სერიოზულად უნდა გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში. ევროკავშირის დემოკრატიული სტანდარტები და კეთილდღეობა ძალიან მიმზიდველია. ბლოკთან დაახლოება მანევრირების უფრო მეტ თავისუფლებას მოუტანს ამ ქვეყნებს მათ ძლევამოსილ მეზობლებთან ურთიერთობაში.

მესამეც, დასავლეთის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის კვლავ სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

დროა, სამხრეთ კავკასიელებმა გადაწყვიტონ, თუ როგორ ხედავენ ისინი თავიანთ მომავალს. თუკი დასავლეთთან თანამშრომლობის გაზრდა სურთ, მათ აქტიურად უნდა გაატარონ რეფორმები გამჭვირვალე სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოვების მიმართულებით. ვიდრე ეს ქვეყნები საკუთარ არჩევანზე ჩამოყალიბდებიან, დასავლეთი უნდა დაეხმაროს მათ, ვინც რეფორმების და თავისუფლების ერთგული იქნება.

დენის კორბოი – ევროკომისიის ყოფილი ელჩი სომხეთსა და საქართველოში; უილიამ კორტნი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში; რიჩარდ კოზლარიჩი – აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში; კენეტ იალოვიცი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ბელორუსსა და საქართველოში

foreignpress.ge