თბილისის საკრებულოს მოთხოვნაა, რომ მერიის საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფ შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე 29 ხმით ცხრის წინააღმდეგ მიიღეს.
ამის მიზეზი ისაა, რომ შპს-ების სამეთვალყურეო საბჭო ნაციონალებით არის დაკომპლექტებული და ისინი ბიუჯეტიდან 2500-დან 3000 ლარამდე გასამრჯელოს იღებენ. თანხის მიმღებთა შორის არიან კობა ხაბაზი, რუსუდან კერვალიშვილი და სხვები. მეტიც, საკრებულოს წევრთა აზრით, შპს-ებში საერთოდ უნდა აიკრძალოს სამეთვალყურეო საბჭოების შექმნა.
ცნობილია, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შპს-ებში „სინათლის ქალაქი“, „ჰერმესი“, დასუფთავების სამსახურში და სატრანსპორტო კომპანიაში სამეთვალყურეო საბჭოები შეიქმნა, რომლის წევრებიც „ნაცმოძრაობასთან“ დაახლოებული პირები იყვნენ. დღესაც სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმების გადაწყვეტილება თბილისის მერმა უშუალოდ უნდა მიიღოს.
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ ეს საკითხი საკრებულოს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. მისი აზრით, ამ ინიციატივას საკრებულოს წევრებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ, რადგან მხოლოდ თბილისის მერს აქვს უფლება, შექმნას შპს-ებში სამეთვალყურეო საბჭოები და საკრებულოს მიერ ასეთი დოკუმენტის მიღება იურიდიულად გამართლებული არ არის.
„ქვეყანაში არის პრაქტიკა, რომ ყველა დიდ შპს-ს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭოები. მსგავსი რამ არსებობს რკინიგზაში და სხვაგან. მაშინ გაუქმდეს აღნიშნული სამეთვალყურეო საბჭოები სხვა ორგანიზაციებში და ამის შემდეგ შესაძლებელია ამ საკითხზე თბილისის საკრებულომაც იმსჯელოს“, - აღნიშნა მამუკა ახვლედიანმა.
ახვლედიანის ამ განცხადების საპასუხოდ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი აცხადებს, რომ შპს „ჰერმესსა“ და „სინათლის ქალაქში“ შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოები ძალიან განსხვავდება იმ სამეთვალყურეო საბჭოებისგან, რომლებსაც ბიუჯეტი არ აფინანსებს.
For.ge ირაკლი შიხიაშვილს ესაუბრა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, თავის დროზე აღნიშნული წინადადებით მათ მერიას მიმართეს, რომ სამეთვალყურეო საბჭოები გაეუქმებინათ და თანხები მიემართათ სოციალურად დაუცველებისა და საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. თუმცა მერიის პასუხი მაშინ ის იყო, რომ, თუ მანამდე 11 კაცი ჰყავდათ ბორდში, მოგვიანებით მათი რაოდენობა გაზარდეს და 13 გახადეს.
ამჯერად, ანალოგიური მიმართვა, უკვე დადგენილების სახით, წარედგინა მერიას. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, მათი თვითმიზანი ბორდის გაუქმება არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოს წევრები კარგად ერკვევიან შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოების სპეციფიკაში, მათი აზრით, ამ საბჭოების შენარჩუნება საჭირო არ არის.
„თუ ვინმე დაგვისაბუთებს ამ საბჭოების აუცილებლობას, მზად ვართ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ჩვენ გავუწიოთ მათ მეთვალყურეობა და ზედამხედველობა სამეთვალყურეო საბჭოს კუთხით. სულაც არ არის საჭირო ეს საბჭო, რომელიც ვითომდა კონკრეტული შპს-ის საქმიანობის დონის ასამაღლებლად ბიუჯეტიდან ფინანსდება. წესით, ის უნდა ფინანსდებოდეს კონკრეტულად იმავე შპს-სგან. სინამდვილეში, ასე არ ხდება და რეალურად, ამას აფინანსებს მერიის ადმინისტრაციის ბიუჯეტი“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.
თუ რას აკეთებენ სამეთვალყურეო საბჭოები, ირაკლი შიხიაშვილს ამაზე მოკლე პასუხი აქვს - „არაფერს“. მეტიც, მისი თქმით, ამ სამეთვალყურეო საბჭოში არიან ყოფილი პარლამენტარები, მინისტრები, „ნაცმოძრაობის“ სახეები და მათი ოჯახის წევრები.
ამიტომ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქალაქის მერის ნებაზე. სამეთვალყურეო საბჭოების შენარჩუნების შემთხვევაში, გიგი უგულავა ვალდებული იქნება, დაუსაბუთოს საზოგადოებას, თუ რატომ ტოვებს აღნიშნულ საბჭოებს.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი პირადად მან გაიტანა საკრებულოს სხდომაზე წარსადგენად. მართალია, თბილისის მთავრობის გადასაწყვეტია, ამა თუ იმ ორგანიზაციაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, მაგრამ საკრებულოს უფლება აქვს, სარეკომენდაციო წერილი გაუგზავნოს თბილისის მთავრობას და მის ხელმძღვანელს, გიგი უგულავას, რათა მათ განმეორებით იმსჯელონ ამ საკითხზე.
„მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ამხელა თანხის დახარჯვა ამ ადამიანების ხელფასებისთვის. წლის განმავლობაში მილიონ ნახევარი ლარი ნაწილდება ოთხ შპს-ზე, სადაც არიან ყოფილი დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ - კობა ხაბაზი, რუსუდან კერვალიშვილი და სხვები. თითოეული ეს ადამიანი 2500 ლარის ოდენობით ხელფასს იღებს. ინტერფრაქციულ რეჟიმში შევხვდით აღნიშნული შპს-ების ხელმძღვანელებს. მათ ვერ დაგვიდასტურეს, რომ ამ შპს-ების შექმნა სავალდებულო იყო, რადგან არაფერი შეცვლილა მათ მუშაობაში. ამიტომ ეს მილიონნახევარი სხვა მიმართულებით უნდა წავიდეს“, - ასეთია დავით ჯინჭარაძის მოსაზრება.
აქვე იგი მამუკა ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ფედერალურ დონეზე რკინიგზაში მართლაც არსებობს სამეთვალყურეო საბჭო, მაგრამ, ეს საკრებულოს ფუნქცია არ არის და თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს საკრებულო არ უნდა გასცდეს.
დავით ჯინჭარაძის თქმით, ამდენი წელია, გამართულად მუშაობდა დასუფთავების, ტრანსპორტის სამსახური და არაფრის მომტანი სამეთვალყურეო საბჭოების შექმნა სულაც არ იყო საჭირო. მისივე ინფორმაციით, უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოში 13 წევრია დასაქმებული და ყველა მათგანი არა კვალიფიკაციის, არამედ პოლიტიკური ნიშნით შეირჩა.
For.ge კობა ხაბაზსაც დაუკავშირდა. მან დაასტურა, რომ „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ირიცხება, თუმცა მიიჩნევს, რომ სამეთვალყურეო საბჭოები არ უნდა გაუქმდეს, რადგან ეს რეგულირდება კანონით და კანონი აუცილებლად უნდა შესრულდეს.
ხაბაზი ეჭვობს, რომ ირაკლი შიხიაშვილი სამეთვალყურეო საბჭოების გაუქმებას მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით ითხოვს, რადგან უშუალოდ კობა ხაბაზის აღნიშნულ საბჭოში დასაქმება არ სურს. ამიტომ ირონიით უყურებს ამ მოთხოვნას.
„თავად მისნაირები რომ ყოფილიყვნენ აქ დასაქმებულნი, საერთოდ არ გაახსენდებოდა ამ საბჭოს გაუქმება. მაგალითად, რკინიგზას აქვს თავისი სამეთვალყურეო საბჭო, თუმცა „ქართული ოცნების“ არცერთ წევრს მისი გაუქმების საკითხი არ დაუყენებია“, - აღნიშნავს ხაბაზი.
სამეთვალყურეო საბჭოს ბიუჯეტიდან დაფინანსებას კობა ხაბაზი უარყოფს. იგი ურჩევს „ქართული ოცნების“ მომხრეებს, ცოტა უკეთესად გაარკვიონ, საიდან ფინანსდება ეს საბჭო. კერძოდ, კობა ხაბაზი ირწმუნება, რომ „სინათლის ქალაქს“ მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლები არ აქვს და არასაბიუჯეტო შემოსავლებითაც ფინანსდება. ამ საშუალებით კი თბილისის მერია ახორციელებს თავის კონტროლს ამა თუ იმ ორგანიზაციაზე.
კობა ხაბაზი ამ საბჭოში საკუთარი ხელფასის ოდენობასაც აკონკრეტებს, რაც 2000 ლარია. ამასთან, მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს, რომ „სინათლის ქალაქში“ არაფერი გაკეთებულა?!
„კობა ხაბაზისთვის მუშაობა არავის აუკრძალავს. მარტივი კითხვა მაქვს შიხიაშვილთან, საერთოდ რა გაუკეთებია ცხოვრებაში, გარდა ღალატისა და გადაბარგებისა? მას არაფერი შეუქმნია ამქვეყნად“, - აცხადებს ხაბაზი.
ჩვენს შეკითხვაზე, რამდენად გამართლებულია, რომ სამეთვალყურეო საბჭოები ნაციონალური ნიშნით კომპლექტდება, კობა ხაბაზი აცხადებს, რომ რკინიგზა და „სინათლის ქალაქი“ აბსოლუტურად იდენტური ორგანიზაციებია. ამიტომ, თუ ერთი ორგანიზაცია მიუღებელია, მაშინ მეორეც მიუღებელი უნდა იყოს.