რუსეთის მოულოდნელი დათბობა საქართველოს მიმართ ცალკეულმა ადამიანებმა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების წინაპირობად აღიქვეს.
გაჩნდა კითხვა, რატომ არ მიიწვიეს მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმზე ასლან ბჟანია? რატომ ამოიღო რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საკუთარი ჩამონათვალიდან? ეს უბრალო დამთხვევა იყო, თუ კრემლის მინიშნება?
შეშფოთება დაეწყოთ აფხაზებსა და ოსებს. მათ დაინახეს, რა ფასი აქვს ამ „ორი ქვეყნის“ ე.წ. დამოუკიდებლობას რუსებისთვის. დღეს ავიაბილეთებში გაცვალეს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ხვალ კიდევ სხვა რამეში გაცვლიან.
აფხაზეთის „სახალხო მოძრაობის“ ლიდერი ადგურ არძინბა მიიჩნევს, რომ თბილისთან ურთიერთობები მოსკოვს სოხუმთან უნდა შეეთანხმებინა, რადგან რუსეთი აფხაზების მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია.
არც ოსები არიან მშვიდად. ისინი შიშობენ, რომ 1920 წელსაც ასე გარიგდნენ რუსი და ქართველი ბოლშევიკები ცხინვალის რეგიონთან მიმართებით. იმ პერიოდშიც ოსები დაარწმუნეს რუსებმა, ცხინვალის რეგიონიდან ჯარებს არ გავიყვანთო და შემდეგ ღამით ჩუმად გაიპარნენ ისე, რომ ცხინვალის რეგიონი ბედის ანაბრად დატოვეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ რადგან საქართველოს მიმართ სანქციები მოხსნილია, შეიძლება სხვა უსამართლობაც დასრულდეს რუსეთის მხრიდან, მათ შორის, საქართველოს ოკუპაცია.
„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე კი მიიჩნევს, რომ, როგორც ჩანს, დაკარგულ ტერიტორიებს თავადვე ვიბრუნებთ, რისთვისაც გვინდოდა საერთაშორისო ალიანსებში გაწევრიანება.
რა თამაშში შევყავართ რუსეთს? ის, რომ მოსკოვში გამართულ 9 მაისის აღლუმზე არ მიუწვევიათ ბჟანია, რაღაც პროცესის დასაწყისია, თუ ჩვეულებრივი დამთხვევა? ავიაფრენების აღდგენას მართლაც მოჰყვება თუ არა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხის დაძვრა?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დავიბრუნოთ თავად ქართველებმა, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ სოხუმსა და ცხინვალს, მაგრამ რუსეთმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს ამაში. თუკი რუსეთს ნამდვილად არ უნდა ხელის შეშლა, მან ეს განცხადება თვითონვე უნდა გააკეთოს.
„ზუსტად ვიცი, რომ რუსეთი ძალიან ეჭვიანობს საქართველოს მხრიდან პირდაპირ კონტაქტებზე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან. რუსეთი ვითომც ამბობს, ქართველები თავად ელაპარაკონ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხსო, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არაა, რუსები სერიოზულად წურავენ საზღვარზე იმ აფხაზებს და ოსებს, რომლებიც საკუთარ თავს ნებას აძლევენ და ხვდებიან ქართველებს სადღაც უცხოეთში. მეორეც, ჩვენ ვნახეთ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი ლაპარაკობდა, რომ აღადგენდა ფრენებს საქართველოსთან, როგორც იქნა, აღადგინა, ოღონდ ყველაზე უფრო ცუდი დრო შეარჩია, როცა მთელ მსოფლიოს გამოცხადებული აქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. დღესაც რუსეთი ხმას არ იღებს, რომ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან, რაზეც ხელი აქვს მოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით. თუკი რუსეთს მართლაც უნდა კონფლიქტის მოგვარება, მან უნდა თქვას, რომ რაღაც ეტაპზე აუცილებლად შეასრულებს თავის პირობას ჯარების გაყვანის თაობაზე. ეს არის მთავარი და არა ის, რომ „აზიმუტს“ ჩააწერინოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მერე ისევ ამოაღებინოს. ეს სასაცილოა. ასე შეიძლება რუსულმა ავიაკომპანიამ ჩამონათვალში ჩაწეროს „აფხაზეთი“, მერე საქართველომ გააპროტესტოს, მათაც ამოიღონ სიტყვა „აფხაზეთი“ და ქართველები ამის გამო „ბედნიერები“ იყვნენ. 365 კომპანიას იპოვიან რუსეთში, რომელსაც ჩააწერინებენ სიტყვა „აფხაზეთს“ და შემდეგ ყოველდღე ამოიღებენ ჩამონათვალიდან და ეს იქნება საქართველოს ყოველდღიური „ბედნიერება“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
აქედან გამომდინარე, განმარტა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს დეოკუპაციის მოლოდინი არ აქვს, უფრო შიშობს, რუსეთმა საბოლოოდ არ მიითვისოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები. ის, რომ ლუკაშენკო ჩავიდა აფხაზეთში და ჩვენებს ხმა არ ამოუღიათ, მერე ჩავიდა დე ფაქტო პრეზიდენტი ბჟანია მინსკში და ამაზეც ხმა არ ამოუღიათ, ეს ნიშნავს თვალის დახუჭვას ყველაფერზე, რუსეთი კი გეგმაზომიერად ითვისებს, განსაკუთრებით, აფხაზეთს. ცხინვალში როცა უნდა, მაშინ ჩაატარებს უკანონო რეფერენდუმს. ამიტომ ქართულ საზოგადოებას თუ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ შერიგებას, მაშინ ორი რამ უნდა გააკეთოს რუსეთმა - ჯარები გაიყვანოს და უკან წაიღოს აღიარება. ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი მაშინვე მოგვარდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში.
რაც შეეხება ერთ დეტალს, რომ 9 მაისს მოსკოვში არ დაპატიჟეს ბჟანია, პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ეს იყო ქართველი ბედოვლათებისთვის ბედნიერების შექმნის განცდა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ რთულია საქართველოს დეოკუპაციის დაკავშირება ავიამიმოსვლის აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან, მაგრამ ის, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთის მხრიდან საქართველოს დეოკუპაციისკენ ნაბიჯი გადაიდგმება, ამაში დარწმუნებულია.
„როგორც ხედავთ, დღემდე არც აფხაზეთში და არც ცხინვალის რეგიონში რუსებს არაფერი არ აუშენებიათ. როგორც იყო ომის შემდეგ, ისევე აქვთ მიტოვებული. არადა, უკვე 30 წელი გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სათავისოდ ეს რეგიონები არ სჭირდება რუსეთს. ამას ემატება პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები, რაც რუსეთს უკრაინასთან მიმართებით აქვს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ამ ფონზე არ უნდა გამოვრიცხოთ ალბათობა იმისა, რომ რუსეთში მწიფდებოდეს განწყობა, რად გვინდა პოლიტიკურად ეს უქმი ტერიტორიები, რომლებიც დიდ სახსრებს მოითხოვს. სხვათა შორის, რუსეთმა შეამცირა კიდეც მათი დაფინანსება. ამდენად, რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა, შეიძლება უკან დაიხიოს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით. ოღონდ არა მგონია, თვითმფრინავების თემა ამ უკანდახევის ასე ცალსახა და პირდაპირი ნიშანი იყოს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.