სირიაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადი „არაბული ქვეყნების ლიგის“ სამიტში მონაწილეობს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
სამიტი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება. სამიტზე მიწვევა ასადმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა „არაბული ქვეყნების ლიგაში“ სირიის დაბრუნებას დაუჭირეს მხარი.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფეისალ ალ-საუდის განცხადებით, მსოფლიო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას და ამ გამომწვევებზე საპასუხოდ ერთიანობაა საჭირო. მისივე თქმით, არაბული ქვეყნების წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ახალი მექანიზმები უნდა შეიქმნას.
აღსანიშნავია, რომ სირია რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებას მას შემდეგ ჩამოშორდა, რაც ქვეყანაში 2011 წელს შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. სირიის კრიზისის დროს „არაბული ქვეყნების ლიგაში“ ქვეყნის წევრობა შეჩერდა, ხოლო არაბული ქვეყნების უმრავლესობამ სირიიდან ელჩები გაიწვია და ეკონომიკურ ბოიკოტს შეუერთდა. ბოლო წლების განმავლობაში დამასკომ ურთიერთობების დალაგება მხოლოდ აბუ-დაბისა და მანამასთან შეძლო, 2018 წელს კი არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ბაჰრეინმა სირიაში საკუთარი საელჩოების მუშაობა განაახლეს.