ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სამი მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

30 წლის მაჯიდ ქაზემი, 36 წლის სალეჰ მირჰაშემი და 37 წლის საიდ იაქუბი გასული წლის 16 ნოემბერს, ქალაქ ისფაჰანში დააკავეს. მათ ბრალად ედებოდა მონაწილეობა თავდასხმაში, რომელსაც სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა.

Amnesty International-ის ინფორმაციით, სამი დაკავებული ციხეში აწამეს, ხოლო მათ წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესი უკანონო იყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაკავებულებს წამების შედეგად აღიარებითი ჩვენებების მიცემა აიძულეს. კერძოდ, ქაზემის მისი ძმის წამების ვიდეოს აყურებინეს და ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდნენ.

მასობრივი საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის ქურთი გოგონას - მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.

ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო, თეირანის ზნეობის პოლიციამ ის 13 სექტემბერს დააკავა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გოგონა გარდაიცვალა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა ცუდად გახდა განყოფილებაში, საიდანაც ის გადაიყვანეს საავადმყოფოში და სწორედ იქ გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გარდაცვალების მიზეზი დაკავების დროს სასტიკი მოპყრობა და ცემა გახდა.

„უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს“ (Human Rights Activists' News Agency), ამ ეტაპზე ირანის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 488 დემონსტრანტი მოკლეს, 18 259 კი დააპატიმრეს. მათივე მონაცემებით, დაღუპულია უსაფრთხოების ძალების 62 თანამშრომელი.