გასაბჭოების შემდეგ, რუსეთის გავლენით თავსმოხვეულ ტერმინს - ე.წ. სამხრეთ ოსეთს ჩვენი პოლიტიკოსები დღესაც ძალიან ხშირად იყენებენ. ეს მაშინ, როცა ე.წ. სამხრეთ ოსეთი ბუნებაში არ არსებობს და 1922 წლამდე ისტორიას არ ახსოვს არანაირი სამხრეთ ოსეთი. ამ ფონზე გასაგებია, რომ ქართულ საზოგადოებას ეუცხოება ეს არარსებული ტერმინი და, მეტიც, პოლიტიკოსთა ასეთი ლექსიკა გაღიზიანებასაც იწვევს.
ქართველებზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს ეთნიკური ტერმინი თავის დროზე ეუცხოებოდათ უდიდეს კავკასიოლოგებს. უფრო ადრე კი, 1770 წლიდან მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე საქართველოში მყოფი გერმანელი მოგზაურების (გიულდენშტედტი, რაინეგსი, კლაპროტი, აიხ-ვალდი, ვაგნერი, ჰაქსტჰაუზენი) ჩანაწერებში არ გვხვდება ტერმინი სამხრეთ ოსეთი.
დღესდღეობით მეცნიერები აცხადებენ, რომ ასეთ შეცდომას არცერთი ერი არ დაუშვებდა. თანამედროვე ქართველი მეცნიერები ამ ტერიტორიის აღსანიშნავად „შიდა ქართლის“, ან კიდევ, „ჩრდილო ქართლის“ ტერმინებს გვთავაზობენ.
ჩვენი ინტერნეტგამოცემა ადრე წერდა თავსმოხვეული ტოპონიმის - „ზნაურის“ შესახებ, რომელიც ქართველებისთვის არაფრისმთქმელი სახელწოდებაა. სინამდვილეში, ეს გახლდათ სახელი პიროვნებისა, რომელმაც განსაკუთრებული სისასტიკით გამოიჩინა თავი ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ. ოსი რევოლუციონერის, ზნაურ აიდაროვის რაზმებმა მუსრი გაავლეს ქართლის ხეობის სოფლებს და ეს სახელი მხოლოდ 1933 წელს ეწოდა ქართულ დაბა ოქონას.
რაც შეეხება ტერმინს „სამაჩაბლო“, ესეც არასრულყოფილი სახელწოდებაა, რადგან სამაჩაბლო, სინამდვილეში, მაჩაბლების პატარა სათავადო იყო და არ მოიცავდა მთელ ცხინვალის რეგიონს. მეტიც, ამ ტერიტორიაზე არსებობდა ფალავანდიშვილთა და სხვათა სათავადოები.
ტერმინოლოგიის გაყალბების მხრივ არც ოსი სეპარატისტები არიან გულხელდაკრეფილნი. ამ ორიოდე თვის წინ „ოსრადიო“ პირდაპირ სვამდა კითხვას - „არ მოვიდა დრო, ნამდვილი სახელი დავიბრუნოთ - ალანია თუ ოსეთი?“
„ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ინერტული მასა არ ვართ, არამედ ხალხი, რომელთა გადაწყვეტილებამაც შესაძლოა, ბევრი რამ შეცვალოს. გასაკვირი არ არის, რომ დღეს სამხრეთ ოსეთი უცნობი რეგიონი კი არა, ქვეყანაა, რომლის შესახებ არა მარტო მოსკოვში, ვაშინგტონშიც იციან, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ. ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი ატრიბუტები უნდა გვქონდეს: დროშა, გერბი, კონსტიტუცია, სამთავრობო ორგანოები, არმია. ჩვენი დამოუკიდებლობის განმავლობაში მრავალი ტერმინი დამკვიდრდა. თუმცა, ყველაზე მთავარი - „სამხრეთ ოსეთია“. სახელწოდება „ოსეთი“ ჩვენ მიერ დარქმეული სახელი არ არის, არამედ რუსეთისა და საქართველოსი. „ოსეთი“ თუ „ოვსეთი“ - ასეა დასახელებული ჩვენი ქვეყანა ქართულ ისტორიულ დოკუმენტებში“, -აცხადებს „ოსრადიო“, თანაც გამიზნულად არ აკონკრეტებს, რომ ქართულ წყაროებში „ოვსეთი“ ეწოდებოდა ჩრდილო კავკასიაში მდებარე ტერიტორიას და არა - ძირძველ ქართულ ცხინვალის რეგიონს.
ოს სეპარატისტთა ლიდერი მურატ ჯიოევი კი აცხადებს, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე არც კი წარმოთქვამს სიტყვას „სამხრეთ ოსეთი“ და მათ „სამაჩაბლოს“ უწოდებს, რაც ოსებისთვის დამამცირებელია, რადგან ჯიოევის თქმით, ეს ტერმინი პოლიტიკურ მოხმარებაში გამსახურდიას დროიდან შემოიღეს ოსების კიდევ უფრო მეტი შეურაცხყოფისათვის.
For.ge დაინტერესდა, როგორ მოახერხებს ქართული მხარე ცხინვალის რეგიონისთვის რეალური ტერმინოლოგიის აღდგენას და არასწორად მიწოდებული ტერმინის ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება როგორ აითვისებს ახლად შეთავაზებულ ტერმინს?
ისტორიკოსი, პროფესორი დიმიტრი შველიძე ფიქრობს, რომ, რიგ შემთხვევაში, პოლიტიკოსები იძულებულნი არიან, საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს არასწორად გამოიყენონ ტერმინი ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რომელიც საბჭოთა პერიოდში ოფიციალური ტერმინი გახდა, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
ისტორიკოსის თქმით, ეროვნული ხელისუფლება, გამსახურდიას დროიდან მოყოლებული, და შემდგომშიც, ასევე, ისტორიკოსები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები ხშირად იყენებდნენ ტერმინ „სამაჩაბლოს“. თუმცა სამაჩაბლოს წოდებაც სრულიად ხელოვნური ტერმინია. მეტიც, ჩვენ რომ ქვემო ქართლს საბარათაშვილო დავარქვათ, განა ეს ობიექტური იქნება? ან კიდევ, - სამუხრანბატონო? ხომ არ აღვადგენთ საწულუკიძეოს, სალორთქიფანიძეოს, საჩხეიძეოს?! ამდენად, შუა საუკუნეებში რომ გადავეშვათ, ეს ჩვენც დაგვაბნევს და ჩვენს მხარდამჭერებს თუ მოწინააღმდეგეებსაც.
„საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს შეიძლება ტერმინი ე.წ. სამხრეთ ოსეთი ახსენონ პოლიტიკოსებმა, ოღონდ, იმ განმარტებით, რომ ეს იყო საბჭოთა პერიოდის ტერმინი. უკვე დროა, ობიექტური სახელი დავარქვათ მოვლენებს. ეს არის შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილი. უკიდურეს შემთხვევაში, მას შეიძლება ვუწოდოთ ცხინვალის რეგიონი, თუმცა არც ეს მიმაჩნია გამართლებულად, რადგან ეს არის ჩვენი შიდა ქართლის რეგიონი. თუნდაც იგივე საინგილო მიტაცებულია და მადლობა ღმერთს, საინგილოს თავისი სახელი ჰქვია. სამწუხაროდ, თვითონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოხაზულობას და ტერიტორიას ასეთი ერთი გამოკვეთილი სახელი არ ჰქვია, ამიტომ, როცა ჩვენ ვუწოდებთ შიდა ქართლს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ტერმინი მთლიანად ე.წ. სამხრეთ ოსეთს მოიცავს, პირიქით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია შიდა ქართლის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამიტომ აჯობებდა, თავი დავანებოთ ყოველგვარ სამაჩაბლოებს, საფალავანდიშვილოებს, ამ შუა საუკუნეობრივ ტერმინებს. ყველაზე ობიექტური იქნება, ვუწოდოთ შიდა ქართლის ნაწილი. ამით ყველაფერი გამოსწორდება და ხაზი გაესმება ობიექტურ ვითარებას, რომ ეს ტერიტორია მართლაც შიდა ქართლს ეკუთვნის“, -აცხადებს დიმიტრი შველიძე.
ისტორიკოსის განმარტებით, ჩვენ ისეთი სახელმწიფო არ ვართ, რომ განაღდებული დამოუკიდებლობა, გარანტიები გვქონდეს. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ მებრძოლ მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო, რომელიც იღწვის დამოუკიდებლობის გარანტიისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. ეს ბრძოლა არ ნიშნავს მაინცდამაინც ზარბაზნების ქუხილს. ამიტომ სწორი ტერმინის დამკვიდრებაც ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილი უნდა გახდეს. ბეჭდვითი სიტყვა უნდა ამუშავდეს ამ მიმართულებით, რომ პოლიტიკოსებმა ისტორიკოსებს მოუსმინონ.
დიმიტრი შველიძის თქმით, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსები ისტორიკოსებს არ უსმენენ და მეცნიერებას არაფრად აგდებენ. თორემ, წესით, ისტორიკოსებმა მათ უნდა შესთავაზონ ეს ტერმინი და უკვე პოლიტიკოსებმა იბრძოლონ იმისთვის, რომ ეს დაამკვიდრონ საერთაშორისო დიპლომატიურ ტერმინოლოგიაში.
„ეს არასწორი ტერმინი ჩვენმა მტრებმა დაამკვიდრეს და ჩვენი მტრების ნალაპარაკევი აღარ უნდა გავიმეოროთ. კარგი იქნება, თქვენმა ინტერნეტგამოცემამ წამოიწყოს ეს კამპანია და რეალური ტერმინის დასამკვიდრებლად მოწვეულ იქნას კონფერენცია ან სიმპოზიუმი. რაც მთავარია, ჩვენი ეს მცდელობა ერთჯერადი არ უნდა იყოს,“ - აცხადებს დიმიტრი შველიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან ბერძენიშვილის თქმით, ამ ტერიტორიის აღმნიშვნელად პარალელური ფორმები გამოიყენება, როგორიცაა ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო, ჩრდილო ქართლი, ე.წ. ყოფილი სამხრეთ ოსეთი. თუმცა ლევან ბერძენიშვილი, როგორც ფილოლოგი, მიიჩნევს, რომ მთავარი ის კი არ არის, რომელი ტერმინი გამოიყენება, არამედ მთავარია, ვინ რა შინაარსს დებს ამ ტერმინში. აკრძალვები, რომ რადგან ესა თუ ის ტერმინი გამოიყენა ვიღაცამ, ამიტომ ის მოღალატე, რუსეთის აგენტი ყოფილა, არაკვალიფიციურია.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, გაცილებით უფრო სერიოზულად გვაქვს აღნიშნულ რეგიონში საქმე, ვიდრე ეს ტერმინები და ერთმანეთზე რაღაცის დაბრალებაა. ამიტომ ისეთი ტერმინები უნდა გამოვიყენოთ, რომელიც სასარგებლო, მაგრამ გაუგებარი არ იქნება.
„მაგალითად, როცა ვიტყვით ტერმინს „ჩრდილოეთ ქართლი“, ევროსაბჭოში ვერავინ გაიგებს, რომელ ტერიტორიაზეა საუბარი. ჩვენს გარდა სხვებიც არსებობენ და საქართველოს გარდა, სხვათა ინტერესების გათვალისწინებაც უნდა მოხდეს. ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ ახალი სახელი დავარქვათ ამ ტერიტორიას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მიწაა და რასაც გვინდა, იმას დავარქმევთ, მაგრამ, ამავე დროს, გასაგები უნდა იყოს იქ მაცხოვრებელი ხალხისა და დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ევროსაბჭოს დოკუმენტებში, რომლებსაც საქართველოს დელეგაციამ მხარი დაუჭირა, ნახავთ, რომ ოსეთის ხსენების გარეშე არ გამოდის ამ ტერიტორიის აღნიშვნა დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს გაუგებარი იქნებოდა, თორემ ჩვენ შიდა მოხმარებისთვის ვიყენებთ ტერმინ სამაჩაბლოს. ამიტომ დანაშაულებრივი არ არის ტერმინის გამოყენება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება და დამნაშავეების ძებნა არ უნდა იყოს მთავარი, თუ ვის რა სიტყვა წამოსცდა“, -აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ აღნიშნა, რომ თავის დროზე ტერმინ ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამოყენება საბჭოთა პერიოდში დაიწყო, რაც პირდაპირ საქართველოს მოღალატეებისა თუ მტრების მიერ მოგონილი ტერმინი იყო. აქ საუბარია ორჯონიკიძის პერიოდზე. თუმცა დღეს განსხვავებული რეალობაა და ეს საკითხი უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს. სულ მცირე, მისი გადაწყვეტა ქართულ-ოსური დიალოგის ფარგლებში უნდა მოხდეს. ამიტომ ქართველებმა ცალმხრივად რომც დაარქვან ამ ტერიტორიას სამაჩაბლო, ეს კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს პოზიციას ოსებთან.
კახა კუკავას თქმით, ამჯერად ჩვენი პრიორიტეტია, ოსურ მხარესთან მოვნახოთ ურთიერთშეხების წერტილები და ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისეთ საკითხებს, რაც კონფლიქტს გააღრმავებს.
„ეს ტერმინი ოფიციალურად არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობაში და ის სააკაშვილმა დაამკვიდრა მარტო დროებითი ადმინისტრაციის დებულებაში. ქართული კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და ეს დროებითი სამუშაო ვარიანტია. როცა შედგება შეთანხმება ოსურ მხარესთან, რისი იმედიც მაქვს, შესაძლოა, ქართულმა მხარემ კომპრომისი დაუშვას, რათა ტერმინოლოგიაში ოსური მხარის პოზიცია გავითვალისწინოთ. წმინდა მეცნიერული თვალსაზრისით, შეიძლება, ჩვენ ამ ტერიტორიას სწორი ტერმინი დავარქვათ, მაგრამ პოლიტიკურად ეს არასწორი ნაბიჯი იქნება, თუკი ოსებმა იგი არ მიიღეს“, - აღნიშნა კახა კუკავამ.