„ჟენევის ფორმატი უნდა გარდაიქმნას სამ დუეტად“

„ჟენევის ფორმატი უნდა გარდაიქმნას სამ დუეტად“

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, „დღეისთვის საქართველოს და სახმრეთ ოსეთს შორის არანაირი სახის ურთიერთობა არ არსებობს და ერთადერთი, რაც არსებობს, ეს ჟენევის პოლიტიკური მოედანია კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში, თუმცა მოლაპარაკებების აღნიშნულ ფორმატში მხარეებს შორის ძირითად საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება“.

თიბილოვი ქართულ მხარესთან პოზიტიური დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას რამდენიმე მიზეზით გამორიცხავს და განმარტავს, რომ „თუ საქართველო ოსი ხალხის გენოციდს არ აღიარებს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ცნობს და ოსი ხალხისთვის მიყენებულ ზარალს სრულად არ აანაზღაურებს, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის მოპოვება შეუძლებელი იქნება“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის განცხადებები For.ge სთან საუბრისას პოლიტოლოგმა სოსო ციკარიშვილმა შეაფასა. მისი თქმით, „თუ ლეონიდ თიბილოვის ტექსტი კრემლის მიერ არ არის დაწერილი, შეფასებული ნამდვილად არის“.

ბატონო სოსო, ლეონიდ თიბილოვმა ახალი არა, მაგრამ კიდევ უფრო მკაფიო განცხადებები გააჟღერა და საქართველოს ახალ ხელისუფლებას გარკვეული ულტიმატუმებიც წაუყენა. მან ასევე ისაუბრა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი ფაქტობრივად უშედეგობისთვისაა განწირული მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. როგორ შეაფასებთ მის ბოლოდროინდელ განცხადებებს?
- საკუთარ თავს შეცდომაში ნუ შევიყვანთ. თუ ბატონი თიბილოვის ტექსტი კრემლის მიერ არ არის დაწერილი, შეფასებული ნამდვილად არის. ჟენევის მოლაპარაკებათა სერია უხერხულობას უქმნის, პირველ რიგში, რუსეთს, რომელსაც ასეთი „სამშვიდობო“ მოლაპარაკებების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. მისი ძირითადი მიზანი ყოველთვის არის ის, რომ მათი მოლაპარაკებების უპირობო შედეგი მოლაპარაკებების უშედეგობა იყოს. შესაბამისად, არსებული ფორმატით ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინეტერსებს. საქართველო მუდმივად 3:1-ს აგებს ნებისმიერ საკითხში. ბატონი თიბილოვი საკუთარ აზრებს არ აჟღებეს, მაგრამ მოსკოვი აშკარად თავისტკივილს ღებულობს ამ აბსურდული აღიარებებით და სურს დაშალოს ეს ფორმატი და არც სხვა ტიპის ფორმატზეა თანახმა.

არაერთხელ მითქვამს, რომ კვარტეტი, რომელიც იკრიბება ჟენევაში, განწირულია უშედეგობისთვის და სწორედ ამ პოლიტიკას ახორციელებდა და ახორციელებს რუსეთი. ხოლო ჩვენი მეგობარი საზღვარგარეთელი დამკვირვებლები ნეიტრალიტეტეს ინარჩუნებენ და საკუთარი ქმედებების უშედეგობას კვლავაც ვერ აცნობიერებენ. ჩემი აზრით, უკვე დროა, ეს კვარტეტი დაიშალოს სამ დუეტად და მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს, თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის წარმოებდეს. ამას გინდათ აღიარება დავარქვათ, გინდათ ჩაქოლვა, მაგრამ როდესაც ამ მოლაპარაკებების 4 მხარე სრულიად განსხვავებული ხედვის გახლავან და თბილისს სრულიად განსხვავებული მოთხოვნები აკავშირებს ამ პროცესთან, სოხუმის და ცხინვალის ტყუპებად წარმოჩენა ესეც რუსული მოდელია და ერთად მოიხსენიებს და ერთმანეთზე გადაჯაჭვულს ერთად დაატარებს.

სოხუმს და თბილისს შორის არსებული პოლიტიკური საკითხები თბილისს და ცხივნალს შორის არსებული საკითხებისგან განსხვავდება და მათი ერთ კონტექსტში განხილვა არ შეიძლება. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეალობის გაცნობიერების სურვილი აქვთ, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ, რომ იმავე ჟენევაში, აუცილებლად ცალკე უნდა იყოს მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს, თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის. სხვაგვარად წინსვლა წარმოუდგენელია. საკითხებს საგნობრივად განხილვა ესაჭიროება. თიბილოვის ასეთი განცხადებები ასეთი მოალაპარაკებების ჩაშლის მცდელობას ემსახურება.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე მოლაპარაკებები სამ დუეტად უნდა გაიშალოს და ერთ-ერთ ფიგურანტად თბილისი-მოსკოვი დაასახელეთ. თუმცა, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა და პრეზიდენტმა პუტინმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხები უშუალოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან პირისპირ, რუსეთის ფედერაციისგან დამოუკიდებელად უნდა აწარმოონ.
- მოსკოვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ მასთან და არა სხვასთან, რადგან სწორედ ის აღიარებს ამ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. სამხრეთ ოსეთის მიერ წაყენებული მოთხოვნები საქართველოს კაპიტულაციის პრიმიტიული მოთხოვნაა. ისინი თბილისის მიერ გენოციდის აღიარებას მოითხოვენ. ქართველების მიმართ გენოციდი არ აღიარებულა აფხაზეთში, როდესაც ამის საფუძველი არსებობდა. თუ ვინმეს ჰქონია, რომ ცხივნვალში 8 აგვისტოს დილას მართლა 2 000 ცხედარი იყო, ან სიცრუის წყარო დაასახელონ, ან მედვედევს მოჰკითხონ რატომ გაავრცელა მან ეს სიცრუე და ეს არარსებული ფაქტი. თუ რეალურ პროცესებზე წავიდა საუბარი, სამივეს - სოხუმის, მოსკოვის და ცხინვალის დელეგაციას თავი ჩირგვში აქვთ ჩასარგავი. ამიტომ ცხადია, რომ ისინი ხვდებიან რა, რომ საქართველო საკუთარ პოზიციას არ შეცვლის, ცდილობენ ელემენტარული გამაღიზიანებელი განცხადებებით საკუთარ ტერიტორიაზე მცხოვრებ რადიკალთა კმაყოფილება მოიპოვონ. ხოლო რუსეთს, გარდა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, სხვა კითხვებზეც აქვს გასაცემი პაუხები. მაგალითად, ვის აწვდიან ისინი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საქონელი შედის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მათი ტერიტორიიდან და როგორ ასრულებენ ისინი ვალდებულებას, რომელსაც საქართველოს მიერ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერისას ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს. გადის წლები, მაგრამ რომელიმე საქართველოს უწყებას ვერ მივაგენი, რომელიც მსგავს ინფორმაციას იღებს და კიდევ უფრო უარესია, თუ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ახსენებს რუსეთს მის მოვალეობებს.

რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და რუსეთის ფედერაციის მასში გაწევრიანების საკითხი ახსენეთ, მინდა გკითხოთ, როდესაც 2011 წლის ნოემბერში ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მსო-ში გაწევრიანებას, აღნიშნულ მხარდაჭერას დოკუმენტალურად თან ახლდა მთელი რიგი ვალდებულებები. მათ შორის, რუსული მხარის მიერ შემოწმებული უსაფრთხო სოფლის მეურნეობის თუ სხვა ტიპის პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაუბრკოლებლად შეტანა, რადგან ქვეყნები ერთი სავაჭრო ორგანიზაციის ქვეშ ერთიანდებიან. თუმცა, 2012 წლის ოქტომბერში საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აქტიურად დაიწყო აპელირება, რომ ახალი მთავრობა, პირველ რიგში, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს აღადგენდა და ამ საკითხზე სასაუბროდ აბაშიძე-კარასინის სპეციალური კომისიაც შეიქმნა. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომამ რუსეთი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან შესაბამის პოლიტიკურ დონეზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მოთხოვნა არ მოხდა და ის, რასაც რუსეთის ფედერაციას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება აკისრებდა, საქართველოს მთავრობის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ერთ-ერთ მიღწევად განიხილება.
- რუსეთს არ ეშლება ორმაგი სტანდარტებით მეტყველება. ისინი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას მარტივად დაარწმუნებენ, რომ სწორედ მათი წევრობის გამო დათანხმდნენ რუსულ ბაზარზე მათი პროდუქციის შეტანას, ხოლო სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ექნებათ ტექსტი იმის დამსამტკიცებლად, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ამიტომ, კონკრეტიკა უნდა იყოს მოთხოვნილი და სწორედ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატში უნდა გადაინაცვლოს ამ მოთხოვნამ, რადგან ის უპირატესად სწორედ ამ სავაჭრო ურთიერთობებს ეხება. მაგრამ ის, რომ რუსეთი სიტყვას არღვევს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დუმს და ვირტუალური შვეიცარიული კომპანიის სახელსაც არ აცხადებს, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, მეტყველებს იმაზე, რომ კრემლის მზაკვრობის კოეფიციენტი კვლავ მაღალია და არ გამიკვირდება, თუ თიბილოვის განცხადებას, სულ მალე, ანქვაბის ანალოგიური გამოსვლა მოჰყვა.

დავუბრუნდეთ ისევ თიბილოვის განცხადებას. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, ცხინვალის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - ქართველი ხალხის მიერ ოსი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება არ მოხდა და ამ ფონზე, ქვეყნის ახალი ხელისუფლება აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკურ კურსს, ამიტომ წარმოუდგენელია ურთიერთობის ნორმალიზება. მისივე თქმით, „ძალიან ბევრი განცხადება ესმის .. ახალი ხალხისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა ივანიშვილის დროსაც და სხვა ახალი ხალხის დროსაც გაგრძელდება“. არანაირი ცვლილების ილუზია არ აქვს, რადგან საქართველოს ახალი ხელისუფლება 2008 წლის ომს მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცდომად მიიჩნევს.

- ჩემი აზრით, ბატონი თიბილოვისთვის მისი გამონათქვამების ასე დეტალურად განხილვა ზედმეტად დიდი პატივია. მსოფლიოს ომების ისტორიაში არასოდეს დაუდანაშაულებიათ რომელიმე ერი. მუდმივად პასუხისმგებლობა დგებოდა იმ ლიდერების, რომლებიც ამ ომს აჩაღებდნენ. თავად ის ფაქტი, რომ ბატონი კოკოითი აღარ არის ლიდერი, განაპირობებს იმას, რომ მას ეკისრებოდა შესაბამისი პასუხისმგებლობა და ასევე ქართულ მხარესაც, ცხადია. ამიტომ, ხალხებს და ხელისუფლებებს ერთმანეთში თუ აურევს ბატონი თიბილოვი, სულ მალე მის თანამდებობაზე იმ ადამიანს ვიხილავთ, რომელსაც ცოტა მეტი წარმოდგენა და ღრმა ცოდნა აქვს მათ შორის ურთიერთობების საკითხებზე.
თიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა მიმდინარეობდა ქართული საზოგადოების სრული მხარდაჭერით და, როდესაც ეს საზოგადოება ოსეთში ქართული ჯარის შეჭრას და ცხინვალის დაცხრილვას თვალს ტელევიზიით ადევნებდა, ამას ზეიმობდა. სწორედ ამიტომ, ოსი ხალხი ვერასოდეს შეძლებს დანაშაულის დავიწყებას და პატიებას“. თუ ოკუპირებული ცხინვალის მოსახლეობას სისტემატიურად მსგავსი ინფორმაცია მიეწოდება, რამდენად რეალურია იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, ქართველ და ოს ხალხებს შორის, მით უმეტეს მომავალ თაობებს შორის არსებული მდგომარეობა სახალხო დიპლომატიით დარეგულირდეს?
- ეს გახლავთ გაცვეთილი მეთოდი, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის დადანაშაულება და საკუთარ ტერიტორიაზე მათ მიმართ ზიზღის დათესვა ხდება. ეს ომის ტექნოლოგიაა და არა მშვიდობის. მე მგონი მშვიდობიანობა სახეზეა მიუხედავად ოსური მხრიდან არაერთი პროვოკაციისა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ და მსგავს ფრაზებს აჟღერებს, ძალიან მალე საკუთარ თავზე იწვნევს ოსეთის მოსახლეობის პასუხს. ამიტომ, სიძულვილის დათესვა ძნელი არ არის, მაგრამ შედეგების მომკა თავად მის დამთესველსაც წალეკავს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტოპრიების ლიდერების გააქტიურების ფონზე, როგორ შეაფასებდით ქვეყნის შესაბამისი უწყებების მუშაობას და რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ გადადგმულ შემხვედრ ნაბიჯებს? რამდენად მიზანშეწონილია თიბილოვის და ანქვაბის განცხადებებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ეხმაურებოდნენ?

- ჩემი აზრით, სრულიად საკმარისია, თუ ამ განცხადებებზე კომენტარს გააკეთებს ბატონი პაატა ზაქარეიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ არც მე მომწონს და არც თვითონ მოსწონს საკუთარი სამინისტროს დასახელება, ვფიქრობ, ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც ასეთი განცხადებები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე ნამდვილად არ არის თიბილოვის განცხადებების შეფასება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი, აქვს უფლება ნებისმიერი განცხადება გააკეთოს, რადგან მას მიაჩნია, რომ ცხინვალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქია.
ცხინვალის რეგიონის ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა, კოკოითმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ .. სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვს და კონკრეტულად, ყაზბეგის რაიონის მიმდებარე სოფლები დაასახელა. ხომ არ ფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებები მორიგი საოკუპაციო ტალღის წინაპირობა შეიძლება გახდეს?

- სურვილი ამისა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ტიპის განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა ეხმაურებოდეს და თავისი განცხადებებით იმედია დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ ვისაც რა მადა არ უნდა აღეძრას საქართველოს ტერიტორიის მიმართ, ის შესაბამის პასუხს მიიღებს. საკმარისია რაც მოხდა და არც ამას შეეგუება არავინ. სახლში დახატული რუქების გამოტანა და მასზე აპელირება, რასაკვირველია, ნამდვილად ცუდად მოუბრუნდება ასეთ ახლომხედველ პოლიტიკოსს.