ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთს პირდაპირ ვუთხარით, რომ მათთვის ზიანის მიყენება არ გვსურს, მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ სომხეთს სანქციები დაუწესდეს

ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთს პირდაპირ ვუთხარით, რომ მათთვის ზიანის მიყენება არ გვსურს, მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ სომხეთს სანქციები დაუწესდეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან, შესაბამისად, სადაც შესაძლებელია, ქვეყანა აკმაყოფილებს რუსული ბაზრის მოთხოვნებს, თუმცა სანქციები ერევნის წითელი ხაზია. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ ფაშინიანმა ჩეხურ გამოცემა Respekt-ს განუცხადა.

„უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკური ჯაჭვები მოშლილია ან არ ფუნქციონირებს. არაერთი ტიპის საქონელი, რომელიც ადრე პირდაპირ რუსეთში მიდიოდა, ახლა სომხეთის, ყაზახეთისა და სხვა ქვეყნების გავლით მიდის. მაგალითად, ავიღოთ სასმელები - 2022 წლის თებერვლამდე სასმელები რუსეთში პოლონეთისა და ბელარუსის გავლით შედიოდა, ახლა სომხეთის გავლით შედის. ევროპელი გადამზიდველების უმრავლესობა უარს ამბობს რუსულ ბაზართან პირდაპირ თანამშრომლობაზე, ხოლო რუს გადამზიდველებს საქონელი პოლონეთში ვერ ჩააქვთ. ასე შეიქმნა ახალი ლოჯისტიკური მარშრუტები, მათ შორის სომხეთის ტერიტორიის გავლით, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, სანქცირებულ საქონელთან დაკავშირებით მაქსიმალურად გამჭვირვალედ ვიმოქმედოთ. ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, აშშ-თან, რუსეთთან. სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრია და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს რუსეთთან - სადაც შესაძლებელია, ვაკმაყოფილებთ რუსული ბაზრის მოთხოვნებს, თუმცა სანქციები - ჩვენი წითელი ხაზია. ამის შესახებ რუსეთსაც პირდაპირ ვუთხარით: თქვენთვის ზიანის მიყენება არ გვსურს, მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ სომხეთს სანქციები დაუწესდეს“, - აცხადებს ფაშინიანი.