ბოლო პერიოდში ქართული საზოგადოების განხილვის მთავარი საკითხი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირების - სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნელი ტემპით მიმდინარეობაა. ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შანსებზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში დაგეგმილ ცვლილებებზე და ბევრ სხვა საკითხე For.ge საქართველოს უმაღლესი საკანონმდელო ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
ხმალაძის შეფასებით, „ჯერ კიდევ პრეზიდენტის ხელშია დიდი ძალაუფლება, რის გამოც მთავრობა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტას ვერ ახერხებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში კი, ეს დისკომფორტი მოიხსნება და გადასაჭრელ პრობლემას ორი ბატონი არ ეყოლება, რაც მთავრობის და პარლამენტის მუშაობაც გაცილებით ეფექტურს და ოპერატიულს გახდის“.
ამასთან, ხმალაძის თქმით, „საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სავსებით რეალურია არსებული მინისტრთა კაბინეტის გადახალისება მოხდეს, რადგან ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს, პრემიერი კი, დანარჩენი მთავრობის დაკომპლექტებას მოახდენს“.
ბატონო ვახტანგ, პირველ რიგში წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით გკითხავთ. ამ დროისთვის დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის, ჯერ-ჯერობით, ვერ ხერხდება თუ რომელი პოლიტიკური ძალის საპრეზიდენტო კანდიდატია გამოკვეთილად მაღალრეიტინგული. როგორია თქვენი პროგნოზები, რა განწყობაა საზოგადოებაში და როგორია თქვენი მოლოდინი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში?
- გამიჭირდება გარკვეულად გითხრათ, რადგან სამწუხაროდ, წინასაარჩევნო კვლევების შედეგებს არ ვიცნობ და არც იმის შესაძლებლობა მაქვს, რომ გარეთ ვიყო და ხალხში ვიხეტიალო. სამწუხაროდ, იმდენად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს, რომ ლამის, 24 საათიან რეჟიმში, შენობაში ვარ გამოკეტილი. შეიძლება ზოგადი შეფასება გავაკეთო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. დაახლოებით, ალბათ, ერთი თვის წინანდელი გამოკითხვები და ადრინდელი, რაც ნანახი მქონდა, მიუთითებდა „ქართული ოცნების“ კანდიდატის უპირატესობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოკითხვებისას არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი დარეგისტრირებული არ იყო, გიორგი მარგველაშვილის სხვაობა საკმაოდ დიდი იყო. თუ არ ვცდები, სამჯერ და უფრო მეტჯერ განსხვავდებოდა მარგველაშვილის მონაცემები. ეს თავისთავად, მიუთითებდა იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დიდი მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა მის კანდიდატზეც ვრცელდება. თუმცა ის, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია, ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული თუ როგორი შედეგი დადგება საბოლოოდ. ჯერ კიდევ, თითქმის, 2 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ეს დრო საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ ამომრჩეველთა აზრი შეიცვალოს, გამოკვეთილი გახდეს, მაგრამ უფრო მეტად იმ ამომრჩეველთა აზრის ჩამოყალიბება დაიწყება რომლებსაც ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია.
ახლა შეიძლება მხოლოდ ტენდენციებზე ვისაუბროთ, თუმცა შედეგებთან დაკავშირებით, ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთება. მით უფრო, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატმა სულ ახლახანს დაიწყო წინასაარჩევნო შეხვედრები, განსხვავებით სხვა კანდიდატებისაგან, რომლებიც უფრო აქტიურად მოქმედებენ. თანდათანობით, ეს აქტიურობაც გაიზრდება და გადავა აქტიური მუშაობის რეჟიმში და მგონია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი მარგველაშვილი საკმარისად კარგად შეძლებს მხარდამჭერთა მოპოვებას.
მედიაში საკმაოდ აქტიურად შუქდება, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონულ ორგანიზაციებს მხარდამჭერები ინტენსიურად ტოვებენ და ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადადიან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პარტიის ლიდერებისგან ეს ინფორმაცია უარყოფილია და მხოლოდ რამდენიმე წევრის გადასვლის შესახებ დაადასტურეს. თქვენი აზრით რამ განაპირობა „ქართული ოცნების“ თუნდაც მცირე რაოდენობის მხარდამჭერთა პოლიტიკური შეხედულებების ცვლა და რამდენად რეალურ კონკურენტად მიიჩნევთ ნინო ბურჯანაძეს?
- ნამდვილად არ ვიცი როგორია ჩვენი პარტიიდან დენადობის ხარისხი, თუმცა მგონია, რომ ამაზე საუბრები ცოტა გაზვიადებულია. ჩვეულებრივ, დენადობა ჩვეულებრივი მოვლენაა, განსსაკუთრებით, არჩევნების წინა პერიოდში და ამას სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს. მიზეზი შეიძლება იყოს ერთ-ერთი პარტიის მიმართ რაღაცით იმედგაცრუება და სხვაგან გადასვლა. შემდეგი შეიძლება იყოს ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულება, რადგან რადიკალურად განწყობილი პირები იხრებიან სწორედ იმისკენ, ვინც რადიკალურ განცხადებებს აკეთებს. შეიძლება მიზეზი იყოს მერკანტელური, როგორიცაა მატერიალურად დაინტერესება. მოგეხსენებათ, რომ არჩევნების დროს დიდი რაოდენობით ადამიანია საჭირო სხვადასხვა დანიშნულების საქმიანობის გასაწევად და ამ დროს შრომის ანაზღაურებაც ხდება ხოლმე. არ არის დასამალი, რომ ადამიანების არც თუ მცირე რაოდენობა სწორედ ამ დროს ერთვება ხოლმე საარჩევნო კამპანიაში და იქ მიდის, სადაც მას უფრო მეტი შემოსავალი ექნება. მაგრამ მე არ მგონია, რომ ამას ექნება რაიმე მასშტაბური ფორმა, რომ არჩევნების შედეგებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს.
რაც შეეხება ქალბატონ ნინოს, ვფიქრობ, მას არც თუ მცირე ოდენობით ჰყავს მხარდამჭერები, მაგრამ მე ვერ ვხედავ იმას, რომ მას ჰქონდეს რეალური შანსი გამარჯვებისა. თუმცა მეორე ადგილზე გასვლის შანსი ვფიქრობ, აქვს.
ცოტა ხნის წინ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა „ხალხის პარტიის“ ლიდერმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა. აღნიშნული გადაწყვეტილება დავითაშვილმაც განმარტა და თქვენი გუნდის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ, თუმცა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კობა დავითაშვილის რადიკალური გადაწყვეტილება, შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნების“ დაშლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?
- ყველაფერი შეიძლება ითქვას, მაგრამ დავითაშვილის წასვლა ვერანაირად ვერ გახდება კოალიციის რღვევის დასაწყისი ისევე, როგორც კოალიციაში მისი ყოფნა კოალიციის შეკვრის ფაქტორი არ იყო.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმეჯერ განაცხადა პოლიტიკიდან უახლოეს მომავალში წასვლის თაობაზე. ბოლოს მან პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის ახალი თარიღი 2013 წლის დეკემბერი დაასახელა. პრემიერის ამ განცხადებას საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან, მათ შორის თქვენი კოალიციის მხარდამჭერებიც აღნიშნავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის საქმიანობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- მე ასე ვიტყოდი, რომ წასვლის ან მოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ეს არის სუფთა ინდივიდუალური და ადამიანი თავად უნდა წყვეტდეს იმას, რა მიზანი აქვს, რისი გაკეთება უნდა, როგორ გააკეთოს და ამ შემთხვევაში, თავისი გადაწყვეტილების მიღებისას ასევე აუნდა იყოს თავისუფალი - ეს პირველი. მეორე - ბატონმა ბიძინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ის ხელისუფლებაში დიდხანს არ აპირებს დარჩენას და ამის კონკრეტული თარიღებიც იყო ნათქვამი. პირველად თარიღი წლევანდელი წლის გზაფხული დასახელდა, შემდეგ იყო უფრო გვიანი თარიღი, ახლა უკვე ითქვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ ის აპირებს დატოვოს კოალიცია, თავისი პარტიის ლიდერის პოზიცია. ანუ, სავსებით შესაძლებელია, რომ ის არ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ იყოს კოალიციის პოლიტიკური ლიდერი. ასეთი შემთხვევები არის, ყოფილა ხოლმე, რომ როცა პარტიის ლიდერი არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფილა და არც პარლამენტში და ასე ვთქვათ, გარედან მუშაობდა და ასრულებდა პოლიტიკურ სამუშაოს. საქართველოშიც ყოფილა ასეთი რამ და ისტორიამაც არაერთ ქვეყანაში იცის ასეთი შემთხვევები.
თუ ივ ანიშვილი კოალიციის და პარტიის ლიდერის პოზიციაზეც უარს იტყვის, ვითარება რასაკვირველია, განსხვავებული იქნება. ამ შემთხვევაში მარჩიელობას არ დავიწყებდი და ვფიქრობ, უმჯობესი იქნნებოდა საბოლოოდ გადაწყვეტილებას დავლოდებოდით. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ახლა რაიმე არსებითი მიზეზი, რამაც შეიძლება კოალიციის დაშლა გამოიწვიოს, ვერ ვხედავ. მხოლოდ პრემიერის პოსტიდან ბატონი ბიძინას წასვლა ვერ იქნება ის მიზეზი, რამაც შეიძლება კოალიციის დაშლა გამოიწვიოს. კოალიციის დაშლა რომ მოხდეს, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზები უნდა იყოს, რომელიც კოალიციაში ხედვების, ზოგადი პოლიტიკის საკითხებს უკავშირდება. უხეშად რომ ვთქვათ, ზოგი ჩრდილოეთით რომ წავიდეს, ზოგი სამხრეთით, აი ეს გახდება კოალიციის დაშლის მიზეზი და ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, ბატონი ბიძინა დარჩება თუ არა პრემიერის თანამდებობაზე, მე პირადად ასეთ რამეს ვერ ვხედავ.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და თქვენი პოლიტიკური კოალიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსთა ნაწილი საკმაოდ აქტიურად აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ძირითადი წინასაარჩევნო დაპირება - სამართლიანობის აღდგენა ნელი ტემპით მიმდინარეობს და დამნაშავეები არ ისჯებიან. მათ პროკურატურასთან მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართეს. ძირითადად აქცენტი კეთდება გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე, რომლებშიც, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ასევე, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ერთ-ერთ ბრალდებაში გამართლება საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ შეაფასებდით, სწორად მიმდინარეობს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი?
- სამარლიანობის აღდგენის პროცესი სასურველი ტემპით რომ ვერ მიმდინარეობს, ეს სრულიად აშკარაა. სწრაფი ტემპით მიდისო რომ ვთქვათ, ისეთით, როგორითაც ყველა კმაყოფილი იქნებოდა, ამის თქმა აშკარად თვალთმაქცობაა. ასე არ არის, მაგრამ შევხედოთ იმას და შევაფასოთ ის, რის გაკეთებაც მოხერხდა. მოხერხდა-თქო იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. ყველას შევახსენებ მარტო ერთ რამეს - როგორც კი შევეცადეთ, რომ დაგვეწყო გარკვეული რეფორმა სასამართლო სისტემაში, ამას მაშინვე მოჰყვა მწვავე რეაქცია და არა მხოლოდ საქართველოს შიგნით ოპოზიციის მხრიდან, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციას ვგულისმობ, არამედ საერთაშორისო მხრიდანაც. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს იუსტიციის საბჭოში შესატანი ცვლილებები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული თვითონ მოსამართლეთა კორპუსის შემადგენლობა, სასამართლოების საქმიანობა. ის მცირე რეფორმაც კი, რისი გაკეთებაც შევძელით, მოხერხდა რამდენიმე თვის შემდეგ, დაახლოებით მაისში. თუმცა ჩვენ ამის კეთება ჯერ კიდევ ნოემბერში დავიწყეთ. ეს როგორც ერთი მაგალითი მოვიყვანე იმისა, რომ მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე რაღაცის შეცვლა და არა რაიმეს რადიკალური ცვილიება, ძალიან დიდ დროს ითხოვს. გნებავთ გამოძიების პროცესი, გნებავთ სასამართლო პროცესები და სხვა, ისე არ მიდის, როგორც ამას საზოგადოება ელოდა და პირადად ჩემთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა. იმიტომ, რომ მოდი, ვთქვათ, გახსნილად - მოსამარლეები ხომ ისევ ის ხალხია, ვინც ხელისუფლებაში ჩვენს მოსვლამდე იყვნენ?! შეიძლება მათმა ნაწილმა სამართლიანად და კანონიერად მოქმედება დაიწყო, მაგრამ ყველას მოქმედება არ შეცვლილა. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, ზოგს შეუძლია იყოს პრინციპული, ზოგს არ შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენს, გინდატ პროკურატურა აიღეთ, აქაც გამომძიებლები თუ პროკურორები, ხომ ისევ ამ საზოგადოებიდან არიან?! ზოგი ძველია, ზოგი ახალია, მაგრამ მთლიანობაში თვისობრივად შეცვლა ასე სწრაფად ვერ მოხდება.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ სამართლიანობა არ ყოფილიყო. ხდებოდა წმენდა პოლიციისა, პროკურატურისა, სასამართლოებისაც და იქ მომუშავე ადამიანების მორჩილი, ბრძანების შემსრულებელი პირებით ჩანაცვლება ხდებოდა. ეს 9 წელი გრძელდებოდა და საკმაოდ დიდი დროა. იმის შეცვლა, რაც ამ პერიოდში დაინერგა, საკმაოდ რთულია და დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ სწორი მოქმედების შემთხვევაში, თანდათანობით, ეს მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
ერთი რამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ის რაც ძალიან დიდი სიხშირით გვესმოდა, რომ ვიღაცეები ჯიბეში ნარკოტიკების ჩადების გამო დააპატიმრეს, ვიღაცას იარაღი ჩაუდეს, ვიღაც მეწარმეები დააწიოკეს, საკუთრება წაართვეს, მიდიოდა საკუთრების გადანაწილება.. ეს ხომ მაინც აღარ ხდება?! ახალი უსამართლობა არ ხდება და ძველთან შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს ბრძოლა.
აგერ უკვე რამდენი ხანია მიმდინარეობს იმაზე მუშაობა, შეიქმნას კანონი, რომლითაც შესაძლებელი იქნჯება მართლმსაჯულებაში დაშვებული ხარვეზების გამოსწორება და ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა ეს პროცესი, რომ ამ კანონის შემუშავებისას ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა გვქონდა და იმედი მაქვს, რომ ამ შემოდგომაზე ეს კანონი მიღებული იქნება და შესაძლებელი გახდება სისხლის სამართლის საქმეების განხილვა და გადასიჯვა. სამწუხაროდ, არის ასეთი გამოთქმა და ვფიქრობ არც თუ უსაფუძვლო, - სამართალი ნელა მოდის, მაგრამ ბოლოსდაბოლოს სამარლიანობა დგება.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრებზე არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ძლიერი ტალღა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამრჯვების შემდეგ დაიძვრება. ამჟამად რა უშლის ხელს ამ პროცესის წარმართვას?
- მაგალითი მოვიყვანე იმის, რომ 5 თვეზე მეტი გრძელდებოდა იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის შემოღების პროცედურა და ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ პრეზიდენტის ვეტო. თუ თვალყურს მივადევნებთ რამდენჯერ გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო, ვიტყოდი - სრულიად უსაფუძვლოდ, ვნახავთ, რომ 1991 წლის შემდეგ, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 23 წლის განმავლობაში, ჯამურად რომ ავიღოთ, არ ყოფილა იმდენი ვეტო გამოყენებული, რამდენიც წელს იყო გამოყენებული სააკაშვილის მიერ. ეს ყველაფერი ძალიან ამუხრუჭებს საკანონმდებლო რეფორმას, არადა კანონმდებლობაში უამრავი რამ არის შესაცვლელი და ამას მიაქვს დრო.
დღემდე ვერ მოესწრო ბევრი ისეთი რამის გაკეთება, რაც აუცილებლადაა გასაკეთებელი. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, თუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 150 კანონში ცვლილების შეტანა ვერ მოვასწარით, იმ მომენტიდან, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს, არაერთი პრობლემა გაჩნდება და ამის გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება, იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეცვლა და შემცირება მისი აქამდე არსებული უაზრო უფლებამოსილების სხვადასხვა სტრუქტურებზე გადანაწილებას იწვევს. ვსხედვართ ჩვენ და ვამზადებთ ამ ცვლილებებს, რომ სექტემბრის განმავლობაში მივიღოთ.
თუნდაც ეს ვეტოების პრობლემა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უკვე აღარ იქნება. უფრო გეგმაზომიერად შევძლებთ საქმიანობას და სასწრაფოდ არ მოგვიწევს არანაირი ცვლილების შეტანა კანონში, იმის შიშით, რომ ამას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს. მოგვეცემა შესაძლებლობა დინჯად, დაფიქრებულად, კარგად აწონ-დაწონვის შემდომ მივიღოთ გადაწყვეტილებები. არის კიდევ არაერთი საკითხი, რომლებზეც დღეს გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ღებულობს და უკვე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს ყველაფერი მთავრობის ხელში გადადის. ამჯერად, ორი ბატონი არ ეყოლება ამა თუ იმ პრობლემას. როდესაც ეს ბატონები ვერ თანხმდებიან, პრობლემა ვერ იჭრება. პრეზიდენტმა ხელი უნდა შეუწყოს პროცესებს, რომ ქვეყანა უფრო სწორი მიმართულებით და სწრაფად განვითარდეს.
მინდა ასევე გკითხოთ, ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-11 თვეს ყველაზე წარმატებულად რომელი სახელმწიფო უწყების საქმიანობას შეაფასებდით და თქვენი გადმოსახედიდან რომელია ის უწყება, რომელმაც მის წინაშე არსებულ ამოცანებს თავი ყველაზე რთულად გაართვა?
- ჯერჯერობით, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისაგან თავს შევიკავებდი. ეს შემოდგომაც ჩავამთავროთ და წიწილები შემდეგ დავთვალოთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არაერთი ისეთი რამააა გასაკეთებელი, რომ ამის გარეშე ობიექტური შეფასების გაკეთება ცოტა რთული იქნებოდა. ჩვენ უნდა მივიღოთ ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიში. პირველი ოქტომბრისთვის მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი და უნდა დაიდოს აუდიტის დასკვნაც. ამ დროს უფრო იქნება შესაძლებელი ობიექტური შეფასებების გაკეთება.
საუბრის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩენების შემდგომ იგეგმება თუ არა მთავრობის გადახალისება და მინისტრთა კაბინეტის შეცვლა?
- კონსტიტუცია მოითხოვს იმას, რომ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ხელახლა უნდა წარუდგინოს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს იგივე მთავრობა რაც დღეს არის, ან ეს იყოს სრულიად ახალი მთავრობა. არის ორი თეორიული ვარიანტი. ახალი მთავრობა როგორი იქნება, ამას ფორმალურად პრეზიდენტი წყვეტს. მან უნდა წარუდგინოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაც და შემდეგ პრემიერ-მინისტრმმა უნდა წარადგინოს მთავრობის წევრების კანდიდატურები, ამ ყველაფერს კი პარლამენტი განიხილავს.