საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის მსურველთა უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა დაფიქსირდება. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 37 განცხადებაა რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით. 3 კანდიდატს
ტარიელ ხვედელიძეს, გიორგი გახოკიას და ავთანდილ ფილაურს უარი ეთქვათ პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე.
27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის ცესკო-ში დარეგისტრირებული კანდიდატების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება - მიხეილ (გელა) სალუაშვილი; ნესტან კირთაძე; შალვა ნათელაშვილი; მამუკა ჭოხონელიძე; ნიკოლოზ გორგიჯანიძე; გიორგი თარგამაძე; სერგო ჯავახიძე; გიორგი ჩიხლაძე; მერაბ გოგოლაძე; მერაბ გორგაძე: გიორგი ლილუაშვილი; გია ჩხიკვაძე; ლევან ჩაჩუა; მერაბ სულიაშვილი; ბესიკ ადამია; ვათანდილ მარგიანი; ავთანდილ ფალიაური; ავთანდილ იოსელიანი; მამუკა მელიქიშვილი; ნუგზარ ავალიანი; თეიმურაზ ბობოხიძე; ასმათ მაჭავარიანი; თამაზ ბიბილური, უშანგი დოინჯაშვილი; კახა სუხიშვილი; შალვა ცერცვაძე; ნუგზარ ჩხაიძე; თენგიზ გაბიძაშვილი; დავით კაკაბაძე; დავით ჩხეიძე; დავით ბაქრაძე; ვაჟა ჩხაიძე; გიორგი მარგველაშვილი; თორნიკე იზორია; კობა დავითაშვილი და აკაკი ასათიანი - ესენი გახლავთ კანდიდატები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტობა სურთ.
ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი გახდება, მაგრამ ვინ, ამას ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს. წინასაარჩევნო მარათონში პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეთა ჯგუფების აქტივობა დადებით მოვლენად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის პრეტენდენტთა უჩვეულო სიმრავლისა და მათი გარკვეული ნაწილის არასახარბიელო პოლიტიკური რეპუტაციის ფონზე, ექპერტების განცხადებით, მოსახლეობაში დღითიდღე ძლიერდება ნიჰილიზმი დაგეგმილი არჩევნებისადმი.
მათივე შეფასებით, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ 27 ოქტომბერის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა დაფიქსირდეს.
საპრეზიდენტო კამპანია დაწყებულია, კანდიდატები მოსახლეობას ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან. წინასაარჩევნო მესიჯები, ძირითადად, საგარეო ორიენტირსა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას ეთმობა, რაც შეეხება სოციალურ თემატიკას, რომელიც ყოველთვის წამყვანი იყო საარჩევნო კამპანიის დროს, ამჯერად, უკანა პლანზეა გადასული.
„ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგევლაშვილი რაიონებს აქტიურად სტუმრობს. მოსახლეობას ის, ძირითადად, მთავრობის მუშაობის ცხრათვიან ანგარიშს აბარებს და პირობას დებს, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი მზადაა, ერთად მივყვეთ და ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქცევადს გახდის. ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მოწინავე, პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის ხალხის მხარდაჭერა, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება! ჩვენ ერთად დავიწყეთ ცვლილებები და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა!“, - ასეთია „ქართული ოცნების“ რჩეულის გზავნილი ამომრჩევლების მიმართ.
ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს „ქრისტიან-დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების დაშვების წინააღმდეგ ხელმოწრებს აგროვებს.
„დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კი პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანაში სამართლიანობას აღადგენს.
ახალს არაფერს პირდება, თუმცა წარსულის შეცდომებზე საუბრობს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ბაქრაძე.
საპრეზიდენტო კამპანია დაიწო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმაც. მშრომელთა ლიდერი ამომრჩევლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მიერ დახარჯული მილონებზე და შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობს.
მოსახლეობის მხრიდან დაბალი აქტივობის შესაძლებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, რომლის განცხადებით, წამყვანი კანდიდატები, რომელთა შორის გაიმართება შეჯიბრი, არც ერთი არ სარგებლობს ძალიან მაღალი რეიტინგით და მათ შორის, არავინ არაა ისეთი, ვინც შეძლებს მოსახლეობის დიდი ნაწილის მობილიზებას.
„შესაძლებელია დაფიქსირდეს დაბალი აქტივობა და არა იმიტომ, რომ 35 კანდიდატმა გამოთქვა პრეზიდენტობის სურვილი, გასაგებია, რომ მათ ხმას არავინ არ მისცემს, - მოსახლეობაში არის იმედგაცრუებაც. არის ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი კანდიდატი.
გამორცხული არ არის, რომ ასეთი ადამინები არჩევნებში არ წავიდნენ. უნდა ითქვას, რომ კანდიდატები ახალს არაფერს პირდებიან, როგორც ჩანს, არც აქვთ იმედი, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თვითონ რაიმეს გადაწყვეტენ ან შეცვლიან და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთი ეს კანდიდატი თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, არ არის ის პოლიტიკოსი, რომელიც მართლაც შეძლებს ლიდერეობას“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ამომრჩევლის მხრიდან მოსალოდნელ დაბალ აქტივობაზე საუბრობს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომლის განცხადებით, დაბალი აქტივობა იქნება არა კანდიდატთა რაოდენობის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს არჩევნები არაა საბედისწერო ქართველი ამომრჩევლისთვის ისეთი, როგორც იყო ყველა წინა საპრეზიდენტო არჩევნები.
„ჩვენთან დღემდე სახელმწიფო სათავეში იცვლებოდა არა პარტიები, არამედ იცვლებოდა პოლიტიკური ეპოქები, რომელიც მიბმული იყო ერთ პოლიტიკურ ფიგურასთან. დღეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა. ჩვენ არ ვაკეთებთ არჩევანს პოლიტიკური ეპოქის ცვლილებასთან. ეს არის აბსოლუტურად მშვიდი არჩევანი, როგორიც საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს. დღევანდელ კანდიდატებს არ შეუძლიათ არსებითი გავლენის მოხდენა როგორც ამომრჩველის ბედის, ასევე ქვეყნის კურსის განვითარებაზე. ამიტომაც, სრულიად გასაგებია, რომ ამომრჩევლის აქტივობა, შესაძლოა, იყოს ძალიან დაბალი.
რაც შეეხება კანდიდატების სიმრავლეს, ამას უკვე თავისი ახსნა აქვს. ბევრი კანდიდატი ხელოვნურად არის წამოყენებული, არა იმიტომ, რომ მან შეძლოს არჩევნებში მეტ-ნაკლები მნიშვნელოვანი ხმის დაგროვება, არამედ იმიტომ, რომ სხვა კანდიდატებს წაართვას ხმები. ამ შემთხვევაში, რამდენიმე კანდიდატი შეიძლება ვივარუდოთ, რომ ისინი შეიძლება ამ მიზნით იღენებ არჩევნებში მინაწილეობას. დანარჩენებს რაც შეეხება, არის ის კატეგორია, რომელთა მოტივაცია ჯანმრთელ ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება“, - აცხადებს ლაგაზიძე.
რაც შეეხება იმას, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს არ გააჩნიათ პროგრამა, როგორც პოლიტოლოგი ამბობს ამას თავისი მიზეზი აქვს. ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, თავად კანდიდატებში არის განცდა იმისა, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები არის სრულიად სხვაგვარი, ვინაიდან, ამ არჩევნების შედეგად სხვა ტიპის პრეზიდენტს ვირჩევთ, რომელსაც ეკისრება არა პირიველი პირის ფუნქცია, არამედ არბიტრის ფუნქცია.
„აქედან გამომდინარე, კანდიდატების დამოკიდებულება ნაკლებად სერიოზულია, ვიდრე ყველა სხვა წინა არჩევნები. პროგრამები რომ არ აქვთ, ესეც არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისი, რომ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში გვაქვს არა პროგრამების კონკურენცია, არამედ საგარეო კუსრსის და ღირებულებების კონკურენცია. დაპირისპირება მიდის დასავლური ღირებულებებსა და ტრადიციულ ღირებულებს შორის, ეს ანტაგონიზმი არის ამ არჩევნების მთავარი ნიშანი, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. ამ ორი ღერძის გარეშემო ჯგუფდება მთელი პოლიტიკური სპექტრი და ამაზეა აგებული მთელი საარჩევნო კამპანია“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.