15 ივლისს, “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელს, კახა მიქაიას თავს დაესხა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი ბაჩუკი თოფურია. ინციდენტი რაიონის გამგეობის შენობის წინ, ღამის 10 საათისთვის მოხდა. როგორც კახა მიქაია ამბობს, ხელისუფლებამ მის მიმართ მორიგი პროვოკაცია განახორციელა -თოფურიამ მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკური ანგარიშსწორებაც სცადა.
მომხდარ ინციდენტს კახა მიქაია 8 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 2-არხზე, გადაცემა “თავისუფალ ტრიბუნასა” და გაზეთ “ასავალ-დასავალში” გაკეთებულ იმ განცხადებებსა და ვიდეო ინტერვიუებს უკავშირებს, სადაც მან არსებული ხელისუფლების მორალური და ზნეობრივი სახე წარმოაჩინა. საუბარია გაეროში საქართველოს ელჩის, კახა ლომაიას მამის, ბორის ლომაიას ვიდეო ინტერვიუზე, სადაც მან იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც “მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიას წისქვილ-მუზეუმის” გახსნაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობას ასახავდა.
ბორის ლომაიას ვიდეო-ინტერვიუ “პრესა.გე”-მ 2 ივლისს, სოფელ ნარაზენში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩაწერა. ინფორმაცია 27 ივნისს, ნარაზენში გამართული “ღონისძიების” შესახებ “პრესა.გე”-ს კახა მიქაიამ მიაწოდა.
ჩვენს ხელში აღმოჩნდა ასევე ის მოსაწვევიც, რომელიც ე.წ. პიკნიკზე დასასწრებად ხელისუფლებისა და საზოგადოების წევრებს ლომაიამ გაუგზავნა. “მოსაწვევი ბარათის” შინაარსის რეალობაში წარმოსახვა ჟურნალისტებისთვის ძალიან რთული და ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდა.
უფრო მძიმე იყო ინტერვიუს შემდეგ ვიდეო მასალის გავრცელებაც. ამიტომაც, “პრესა.გე”-მ თავის დროზე ამისაგან თავი შეიკავა. (მოსაწვევი და მომავალ პიკნიკზე დასწრების პირობა ლომაისგან “პრესა.გე”-მაც მიიღო.) სტატიის ბოლოს მკითხველი ბორის ლომაიასთან ინტერვიუს ვიდეო-ჩანაწერსაც ნახავს, მანამდე კი ცნობილი “მოსაწვევის” შინაარსს უცვლელად გთავაზობთ.
“მოწვეული არიან მსმელი, მჭამელი და მტ...ელი მოქმედი მამაკაცები.
P.S. ბოლო მოთხოვნა სასურველია დაკმაყოფილდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. არატრადიციული სექსის მიმდევრები და გაუპარსავი პიჟონები პიკნიკზე არ გაიშვებიან. დასწრება მხოლოდ შორტებით.
P.S. ამ მოთხოვნას ქალბატონები შეასრულებენ თავისი სურვილისამებრ.
პიკნიკზე ბატონი ვიტალი თოფურიას რეკომენდაციით მოწვეული არიან მეგრული სიმღერის ხობის 2009 წლის ფესტივალის ლაურეატები, მეჩონგურე ქალბატონები.
პიკნიკზე პერსონალურად მოწვეულია შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საზოგადოება “სანუსის” პრეზიდენტი, ინჟინერ-მშენებელი და ფრაქტოლოგი, ბატონი შაქრო კვაშილავა, რომელიც გააკეთებს ექსპერიმენტალურ უფასო, უსისხლო ოპერაციას პიკნიკის ერთ-ერთ მონაწილეზე. ოპერაციის განათება უზრუნველყოფილი იქნება ჯიპების ავტონომიური ენერგორესურსებით.
პიკნიკის პროგრამაში შედის მოგონებები:
1. დიდ მექალთანე ჭიჭიკო ჭანტურიაზე.
2. ნადეჟდა კრუპსკაიაზე.
3. ფეხბურთში საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ტრაგედიაზე.
4. პირველ ქალზე ჩვენს მამაკაცურ ცხოვრებაში.
5. მამათელ ედუარდ შევარდნაძეზე.
პიკნიკზე გათამაშდება ექსკლუზიური პრიზი ვიქტორინაში გამარჯვებისათვის:
1. რატომ იტყვიან შავი და თეთრი აბანოშიო გამოჩნდებაო?
2. რატომ არ დაბომბა გიტლერმა თბილისი?
3. დაგვისახელეთ პოლიტიკური ქორწინებანი საქართველოში.
ბაჩუკი თოფურიას მიქაიასთან გამკლავების მცდელობა “პრესა.გე”-სთვის ბუნებრივი რეაქციაა, რადგან საკრებულოს აპარატის თანამშრომელი სწორედ ის “ოპერატორია”, რომელიც ლომაიას თქმით, “მთელი ეს მსვლელობა” ვიდეო-კამერით დააფიქსირა. ლომაიას თანხმობის მიუხედავდ, თოფურიამ “პრესა.გე”-ს ფირი არ მისცა და განმარტა, რომ “იქ ისეთი რაღაცეებია, მას შენ კი არა, ლომაიასაც არავინ მისცემს, სულელია ეგ კაცი, როგორ მოგიყვა?!”
კახა მიქაიას კი, მოგვიანებით ის ვიდეო-მასალა გადასცეს, რომელიც “პიკნიკის” ერთ-ერთმა მონაწილემ მობილური ტელეფონით გადაიღო. მიქაია გადაღებულ კადრებს იმდენად ამორალურად მიიჩნევს, რომ მისი გავრცელებისგან თავს დღემდე იკავებს.
კახა მიქაია: “იციან, რომ ეს კადრები მაქვს და მათ გაღიზიანებას ჩემს განცხადებებთან ერთად ეს ფაქტიც იწვევს. თოფურია წუხელ, გამგეობის შენობიდან ალექსანდრე ქობალიას მიერ დაგეშილი გამომივარდა და ინციდენტის შემდეგაც იქ დაბრუნდა. ქობალიამ ამ შემთხვევაშიც მრავალჯერ ნაცადი ხერხი გამოიყენა და დაპირისპირების პროვოცირება სცადა.
დარწმუნებული ვარ, რომ ავყოლოდი, პოლიცია, რომელიც ალბათ იქვე იყო ჩასაფრებული, ჩემს დაკავებას შეეცდებოდა. ან საკმარისი იქნებოდა თუნდაც ქობალიასა და მისი თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც ხულიგნურ ქმედებას 31 დეკემბრის ღამეს თქვენთან, ჟურნალისტ ილია ჩაჩბაიასთან და მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად მიდასტურებდნენ.
ხელისუფლებისგან განსხვავებით, კრიმინალური მენტალიტეტი და ქუჩური გარჩევები ჩემთვის უცხოა. კაცური შეხვედრა შემიძლია და არა მათსავით ზურგში მიპარვა, თუმცა “კაცური” უკანალი, ვფიქრობ, მათ ლომაიას პიკნიკზე დარჩათ.
ის, რაც ნარაზენში მოხდა და რაზეც ლომაია საუბრობს, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი. ჯერ მარტო, რამხელა შეურაცხყოფაა ქართველი ქალის, სამეგრელოს წარსულის.
დღევანდელ ხელისუფლებას და ლომაიას საერთოდ არ აინტერესებთ ეს წარსული, ოღონდ კი მათ გამართონ ეს ორგიები, იქეიფონ და აკეთონ რაც უნდათ. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ლომაიას ”პიკნიკი” არის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახე.
დიახ, სამეგრელოში არსებობს მოსაზრება, რომ როლანდ ახალაია არის მამა-პროკურორი, მამა-იდეის აღმსრულებელი, იდეური მამა კი არის ბორის ლომაია. გასაკვირი არ არის ისიც, რომ ამ კაცის ოჯახში გაზრდილმა შვილმა დაანგრია საქართველოს განათლების სისტემა.
ეს მარაზმი კი, რაც ლომაიამ მოაწყო, ხელისუფლებამ დააფინანსა. მთელი სამხარეო ადმინისტრაცია, მთელი გამგეობისა და საკრებულოს აპარატი, ე.წ. ქალაქის მამები და ზუგდიდელი კოლორიტული ფიგურები ესწრებოდნენ ყოველივე ამას. ფრიდონ თოდუას ძმისთვისაც უნდოდათ ბუასილის ოპერაციის გაკეთება ”ჯიპების” შუქზე.
ამ ყველაფერში მთავარი მოქმედი გმირი კი, ლომაიას თქმით, გუბერნატორ გოროზიას მოადგილე, ვახტანგ ცხადაია ყოფილა...
მე პირდაპირ ვამბობ, სამეგრელოს სააკაშვილზე დიდი მტერი არ ჰყავს და არც ჰყოლია. სააკაშვილის მთელი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ სამეგრელო დააჩოქოს. ლომაიას ”პიკნიკიც” ამას ემსახურებოდა!