უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ვსევოლოდ კნიაზევს ბრალად ედება ბიზნესმენისა და ყოფილი დეპუტატის, ამჟამად ძებნილი კონსტანტინ ჟევაგოს გარემოცვისგან 2,7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სანაცვლოდ. ამის შესახებ Українські Новини-ს სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყაროებმა განუცხადეს.
როგორც გამოცემის წყარო ამბობს, კნიაზევი წინასწარ იღებდა ფულს ადამიანებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესებს ატარებდნენ. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლის სახლებში, რომლებიც „პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის“ საქმეს განიხილავდნენ.
მიმდინარე წლის აპრილში უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავდა საქმეს „პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის“ აქციების 40,19%-ის საკუთრების უფლების შესახებ. 19 აპრილს უზენაესმა სასამართლომ აქციები ჟევაგოს დაუტოვა, რითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.
უკრაინის უზენაეს სასამართლოში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოვლინდა - დაკავებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.