კახა კალაძე მოსახლეობას: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი - პირველ რიგში, ეს ხართ თქვენ!

კახა კალაძე მოსახლეობას: ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი - პირველ რიგში, ეს ხართ თქვენ!

"ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - ბრძოლით მოვიპოვეთ, დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა" - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს" - ეს არის ჩვენი საარჩევნო სლოგანი და არა მხოლოდ, ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა. ჩვენ ყოველდღიური მუშაობით, გადადგმული ნაბიჯებით, რეფორმებით, ბრძოლით ვიცავთ მშვიდობას ქვეყანაში, რადგან მშვიდობის, სიმშვიდის გარეშე ჩვენ დღეს აქ ვერ შევიკრიბებოდით, ვერ ვისაუბრებდით ქალაქის განვითარებაზე, სამომავლო პროექტებზე. ხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში როგორ გააქტიურებულია მტერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ვერ ისვენებენ, ვერ ეგუებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, "ქართულმა ოცნებამ" დაიკავა პრინციპული პოზიცია და მტერს არ დაეთანხმა იმაში, რომ ქვეყანაში გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი და დღეს აქ გვქონოდა იგივე უბედურება, რაც უკრაინაშია, სამწუხაროდ. დიახ, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია და არ შევუერთდით სანქციებს, რომელიც გამანადგურებელი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის, უბრალო მოქალაქეებისთვის, გლეხებისთვის, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ ოჯახის კეთილდღეობისთვის. ეს არ არის მეგობრობა, ეს არ არის პარტნიორობა, როდესაც შენ მოგიწოდებენ ვითომ მეგობრობით შეფუთული განცხადებებით, რომ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც დამაზიანებელი იქნება შენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ჩვენ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ არა ისე, რომ ვინმემ ზემოდან გვიყუროს და თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენ დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს შემთხვევით არ მოსულა - სისხლით და ბრძოლით მოვიპოვეთ! დღესაც ყოველდღიურად გვიწევს ბრძოლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა" - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ოპონენტების განცხადებებიც გააკრიტიკა და მოსახლეობას მისი გუნდისა და "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებენ ოპონენტები - თუ ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს, ყველაფერს გავაჩერებთ, მერია აღარ იმუშავებს, გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ხალხი ჯანდაცვის პროგრამებით ვეღარ ისარგებლებსო. იმის მაგივრად, რომ საუბრობდნენ იმაზე, რომ თუ კალაძის გუნდი აკეთებს ათ რეკრეაციულ სივრცეს, პარკს, სკვერს, ჩვენ ოცს გავაკეთებთო, მხოლოდ და მხოლოდ მტრობა და ბოროტება ამოძრავებთ. შესაბამისად, მათ 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი, თბილისი და თბილისელები მიუჩენთ შესაბამის ადგილს. ისინი იქნებიან იქ, სადაც უნდა იყვნენ, უსამშობლო ადამიანების, მოღალატეების და აგენტების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა და არც იქნება. 4 ოქტომბერს მათ უნდა გავცეთ შესაბამისი პასუხი. უნდა გავიმარჯვოთ დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე მერიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გაგრძელდება გზების, გამზირების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება. შევიძინეთ ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, გადავედით მეტროს ვაგონებზე. მთლიანად მოხდება მეტროს განახლება. მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც შესყიდული გვაქვს, 2026 წლიდან დაიწყებს ეტაპობრივად შემოსვლას. მეტროსადგურების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი პარკები, სკვერები, ყველა უბანსა და რაიონში აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების არსებობა. ხომ გახსოვთ, 2017 წლამდე რა ვითარება იყო. დღეს გულს უხარია, როდესაც თბილისში დადის ადამიანი. ამდენი გამწვანებული დასასვენებელი სივრცე უბნებში, პარკები. რამდენიმე დღეში ვერის პარკი გაიხსნება, რომელიც ულამაზესია. გავაგრძლებთ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობას, რომ ჩვენს შვილებს ნორმალურ გარემოში ჰქონდეს აღზრდის შესაძლებლობა; გავაგრძლებთ ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ პროგრამებს, რათა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც ჩვენი თანადგომა ჯერ კიდევ სჭირდება. არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მას ზურგს უმაგრებს ძლიერი გუნდი, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი უკეთესი იყოს.

"მე ასე თამამად იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო. ჩვენ ერთად ვიბრძვით ამ ქალაქისთვის, ერთად ვიბრძვით ყოველდღიურად, რომ ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს - უფრო მწვანე, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მეამაყება, რომ თქვენ საკრებულოში გეყოლებათ ასეთი წარმომადგენლები" - განაცხადა კახა კალაძემ.