„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.
კითხვაზე - „რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემთ ხმას“, გამოკითხულთა 10% პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს, 9% მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დავით ბაქრაძეს დაუჭერდა, 7% - „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს, ნინო ბურჯანაძეს; 7% კი აცხადებს, რომ ხმას არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემდა.
ასევე, გამოკითხულთა 4% „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს, 3% - „საქართველოს გზის“ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, 2% - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი თარგამაძეს, 1% კი ნესტან კირთაძეს დაუჭერდა მხარს.
კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს.
კვლევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის შესწავლის მიზნით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს 11 რეგიონში ცენტრ „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 2028 რესპონდენტი გამოიკითხა.
როდესაც სოციოლოგიუირი კვლევევის შედეგები ქვეყნდება, ჯერ კიდევ ჩნდება კითხვა, დადგა, თუ არა დრო, როდესაც შეიძლება ვენდოთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს და უახლოეს მომავალში მოსდალოდნელი პოლიტიკური პროცესების პროგნოზირება შევძლოთ? ხალხს კიდევ კარგად ახსოვს გასული არჩევნების დროს საკუთარი დამოკიდებულება სოციოლოგიური კვლევების მიმართ.
რა შეიცვალა ამ თვალსაზრისით სააკაშვილის არჩევნებიდან ივანიშვილის არჩევნებამდე ამ თემაზე ექსპერტი ბექა ნაცვლიშვილი გვესაუბრება.
ბატონო ბექა, მარგველაშვილის 53% ნიშნავს თუ არა იმას, რომ სოციოლოგიური კვლევების ჩატარებისას მოგებულია დამკვეთი თუ დღევანდელი გამოკვლევის მიხედვით გამოკვეთილი სურათი რეალობას მეტ-ნაკლებად ზუსტად შეესაბამება?
- სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს რომ გადავხედოთ, ამ შემთხვევაშიც უპირატესობა აქვს კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს. აქედან გამომდინარე, ეს ჰიპოთეზა, რომ ვინც ატარებს კვლევას, ის იგებს, არ დასტურდება. NDI-სა IRI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებშიც უპიტარესობას „ქართული ოცნება“ ფლობდა. რეალური პოლიტიკური სურათი ასეთია და ამაში გასაკვირი არაფერია.
სახელისუფლებო და სხვა კანდიდატების რეიტინგებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ეს რითი აიხსნება?
- მაგალითად, ბაქრაძის რეიტინგი იდენტურია NDI-სსა IRI-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებშიც - 9-10% აქვს ბაქრაძეს. გამოდის, რომ ეს კვლევაც და ისიც, რომელშიც საზოგადოებას ეჭვი ეპარება და თვლის, რომ NDI ეს არის ნაციონალების მიერ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების ორგანიზაცია, იდენტურია. ამიტომ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კვლევა საზოგადოების განწყობას ასახავს.
საზოგადოებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ სასურველია გვეხილა არჩევნების მეორე ტური, რაც არჩევნების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობას გაუსვამდა ხაზს და ქვეყნისთვისდაც სასიკეთო იქნებოდა. სოციოლოგიური კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სავარაუდოდ, მეორე ტურზე ლაპარაკიც კი არ უნდა იყოს. თქვენი შეფასებით არჩევნებზეც ანალოგიური სურათის მოლოდინი უნდა გვქონდეს?
- მგონია, რომ არჩევნების მეორე ტური არ ჩატარდება და აქ საქმე არ გვაქვს მარგველაშვილის, ან რომელიმე სხვა კანდიდატურასთან. საქმე ისაა, რომ ამ ეტაპზე მაინც, ხალხი მხარს უჭერს უპირველესად „ქართულ ოცნებას“. „ქართული ოცნება“ ის ორგანიზაციაა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა.
ბურჯანაძეს ვერ ექნება მაღალი რეიტინგი იმიტომ, რომ ბურჯანაძე არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. აქ უპირატესობა „ნაციონალური მოძრაობის“ დამმარცხებელ ძალას ენიჭება და გიორგი მარგველაშვილი ამ ძალის კანდიდატია.
ეს ინერცია, ანუ ხალხის კმაყოფილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, კიდევ დიდხანს გაჰყვება ქართულ საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურის აუცილებლობა არ დადგება.
თუმცა, ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ მოვლენებს, რადგან საარჩევნო კამპანია არც ნაციონალებს დაუწყიათ და არც „ოცნებას“. ბურჯანაძემ კი დაიწყო, მაგრამ ასე მკაფიოდ მათი ხედვები ქვეყნის მომავალ განვითარებაზე ცალსახად გაჟღერებული არ ყოფილა. თუმცა მაინც ეჭვი მეპარება, რომ მეორე ტურის საჭიროების საკითხი დადგეს, რადგან სოციოლოგიური კვლევები ცალსახად მეტყველებენ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს ცალსახა უპირატესობა აქვს.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ზოგადადაც, სიტუაცია ისეთია, რომ მას ეს 9-10% არც მოაკლდება და არც მოემატება. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის იმ პოზიციაში, რაიმე ისეთი აქტიურობა განახორციელოს, რომელიც არჩევნებზე გავლენას მოახდენდა. მათ არც სახელისუფლებო ბერკეტი აქვთ, პარლამენტშიც იმ ოდენობით არ არიან წარმოდგენილნი, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა იქონიონ. ამიტომ ის ამომრჩეველს ობიექტურადაც ვეღარ მოიზიდავს.
სხვა საქმეა, რა შეცდომებს დაუშვებს ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“, მაგრამ შეცდომებიც რომ დაუშვას, ნაკლებად სავარაუდოა, „ოცნების“ ხმები ნაციონალების სასარგებლოდ შეიცვალოს - „ნაცმოძრაობის“ მიმართ საზოგადოებას საკუთარი დამოკიდებულება დიდი ხანია, ფორმირებული აქვს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 13% პასუხს თავს არიდებს, პასუხი არ სურთ, ან არ იციან. შარშან ამ პერიოდში ჩატარებულ კვლევებში, იმ გამოკითხულთა ოდენობა, რომელიც პასუხს თავს არიდებდა 20-დან 40%-მდე მერყეობდა, რა შეიცვალა?
- ეს მიანიშნებს, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის და შესაბამისად, დროთა განმავლობაში, რაც უფრო დემოკრატიული გახდება საზოგადოება, რაც უფრო გაიხსნება სივრცე, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელიც კიდევ უფრო დაბლა დაიწევს, მოიხსნება შიში საკუთარი აზრის დაფიქსირებისა.
ახლა პოლიტიკური სივრცე მეტ-ნაკლებად გახსნილია, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ აქამდე ჯობდა, ამ ორგანიზაციებს კვლევები თავიანთთვის შეენახათ, რადგან ამით ფაქტობრივად, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება ხდებოდა. ახლა ეს კვლევაც ადასტურებს, რომ პოლიტიკური სივრცე გახსნილია და ხალხს არ უჭირს თავისი აზრის ღიად დაფიქსირება. ეს ნიშნავს, რომ ასეთი კვლევების ჩატარებას უკვე შეიძლება აზრი მიეცეს.
ის, რომ კვლევა „ქართული ოცნების“ დაკვეთითაა ჩატარებული, ცვლის რამეს?
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, ეს კვლევა რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა და რა რეპუტაციით სარგებლობს პროფესიულ წრეებში, როგორი მეთოდოლოგია იყო გამოყენებულიდა ა.შ. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა, ვისაც ამ კვლევის ვარგისიანობაში ეჭვი ეპარებათ, შეუძლიათ, მიმართონ მას, ნახონ კითხვარი, დათვლის მეთოდიკა, როგორ არის კვლევა ჩატარებული და ეჭვებიც შესაბამისად, შეიძლება გაქარწყლდეს.
ყოველთვის როგორც კი ეჭვები ჩნდება-ხოლმე, ასეთი ორგანიზაციები მზად არიან, ტრანსფარენტული გახადონ საკუთარი მეთოდები და ის პროცესი, რა პროცესის შედეგადაც ეს კვლევა შედგა. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ თუ სხვა კვლევებსაც შევადარებთ, რომელიც ამ პერიოდში ჩატარდა, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგები ყველა კვლევის მიხედვით დაახლოებით იდენტურია.
თუკი სოციოლოგიურ კვლევებს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე ადგილზე თუნდაც 9-10%-ით გავა „ნაციონალური მოძრაობა“, სულ 1-2%-ით ჩამორჩება ბურჯანაძე. უნდა ჩავთვალოთ, რომ ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპზე „ნაცმოძრაობის“ ძირითადი პოლიტიკური მიზანი- მეორე ადგილზე გასვლა შესრულებული იქნება?
- მეორე ადგილზე გასვლა „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია. ასე წარმომიდგენია, რომ მათ გამარჯვების ილუზია არ აქვთ და იმასაც არ ფიქრობენ, მათმა კანდიდატმა ხმების ის რაოდენობა დააგროვოს, მეორე ტურის ჩატარება გახდეს შესაძლებელი.
მათი მიზანია, წარმოჩინდეს, როგორც უალტერნატივო ოპოზიციური ძალა, რომ მათი მხარდამჭერები არიან რაოდენობრივად მეორე ადგილზე. აქედან გამომდინარე კი, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანს მიაღწევს, მაგრამ როგორც გითხარით, სჯობს, დაველოდოთ პროცესებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საარჩევნო მარათონი არ შესულა აქტიურ ფაზაში და მხოლოდ ამ ორი თვის განმავლობაში დავინახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები.