კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგებში კონკურენტების პოტენციალი გადამეტებულია.
საკონსულტაციო ცენტრმა „ფსიქოპრეოქტმა“ კვლევა „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩაატარა. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ხმას კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს მისცემდა.
კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% - „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს, ნინო ბურჯანაძეს, 7% აცახდებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 2% - გიორგი თარგამაძეს, 1% - ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს.
საკონსულტაციო ცენტრი „ფსიქოპროექტის“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კვლევა „ქართული ოცნების“ დაკვეთით 1-დან 8 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა. შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სულ 2028 რესპოდენტი გამოიკითხა.
„ეს იყო ძალიან ობიექტური კვლევა. რესპოდენტი თავის არჩევანს დებდა კონვერტში, ეს კონვერტი იდებოდა შავ ყუთში, ჩვენ არ ვიცით ვინ არის რესპოდენტი და რაც მთავარია, ვის აძლევს ხმას. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, სპეციალისტი, რომელიც ამ საქმით დაინტერესდება და არა დილეტანტი, მზად ვართ პირველადი ფაილები გავუხნათ. ასევე დავანახებთ შევსებულ კითხვარებს. კველვა სრულად ღიაა. ეს 53% იმდენად სერიოზული და მნიშვნელოვანია, რომ თეორიული შანსიც არ არსებობს, ვინმემ მოუგოს მარგველაშვილს“, - ამბობს ბიგვავა.
რაც შეეხება ცდომილებას, როგორც ბიგვავა ამბობს, ცდომილება ძალიან პატარაა, ყველაზე მეტი 5%.
„0,95% ალბათობით არის ეს ყველაფერი დადგენილი. ცდომილების გარდა სხვა მონაცემებიც არის საინტერესო. არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება შეიცვალოს დამოკიდებულება. თუ მარგველაშვილი არაფერს გააკეთებს, ან აღმოჩნდება, რომ მარგველაშვილი ცუდია და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება მის მიმართ დამოკიდებულება უარყოფითისკენ შეიცვალოს და დათო ბაქრაძისკენ დამოკიდებულება შეიცვალოს დადებითისკენ. მაგრამ ასეთი რამე წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, მარგველაშვილის რეიტინგი კიდევ უფრო აიწევს.
წინა საარჩევნო კამპანია ახლა დაიწყო. დიდი შანსია, რომ მარგველაშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს. ადამიანებმა დაინახეს, რომ ამ ხელისუფლების მოსვლასთან ერთად ადამიანები გახდნენ უფრო თავისუფალნი, ნაკლებად ეშინიათ. ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ უნდა დავიჭიროთ და ა. შ. ძალიან პატარა ჯგუფს წარმოადგენს.
ძალიან დიდი პატივს ვცემ ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ მისი შანსები ძალიან დაბალია. ნინოს მომხრეები ძალიან გააქტიურებული არიან, საერთოდ არ ჩანს ბაქრაძის მომხრეები, როგორ წავა პროცესი, ჯერ, არ ვიცით. ძნელია იმის თქმა, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ პრეზიდენტი გახდება გიორგი მარგველაშვილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავამ.
ამავე კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 40% საქართველოს ახალი მთავრობის მიმართ ნეიტრალურად არის განწყობილი. კითხვაზე, მთლიანობაში როგორ შეაფასებდით საქართველოს ახალ მთავრობას? - გამოკითხულთა 8% პასუხობს, რომ ძალიან მოსწონს, 33%-ს მოსწონს, 40% ნეიტრალურად არის განწყობილი, 11%-ს არ მოსწონს, ხოლოდ 4%-ს ძალიან არ მოსწონს, 4%-ს პასუხის გაცემა უჭირს, უარი განაცხადა 1%-მა.
„ეს არის სრულიად ჯანმრთელი და ობიექტური კვლევა. რესპოდენტი, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, ამბობს, რომ რაღაც საქმეები ვერ გააკეთეს, მაგრამ მოლოდინი აქვთ მარგველაშვილი გააკეთებს და აძლევენ ხმას. მთავრობის კრიკიტა არ ნიშნავს, რომ მარგველაშვილს არ უჭერენ მხარს. სწორედ ამაშია მთელი ფენომენი. არავითარი ნიჰილიზმის საფუძველი ეს არაა, არავითარ შემთხვევაში ეს არაა წინააღმდეგობრივი ფაქტი“, - აღნიშნა ზურაბ ბიგვავამ.
მისივე თქმით, საკონსულტაციო ცენტრი „ფსიქოპროექტი“ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებთან დაკავშირებით მეორე კვლევას სექტემბერის შუა რიცხვებში გამოქვეყნებს, ხოლო მესამე კვლევა ოქტომბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.
კველევის სიზუსტეს ეჭვქვეშ არ აყენებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რომლის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის დანიშვნა გამორიცხულია.
„მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე უფრო სწორი შედეგია, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ჩვენ ამაში მალე, არჩევნებზე დავრწმუნდებით. რაც შეეხება მეორე ტურს, ჩემი აზრით, ეს გამორიცხულია, რადგან კონკურენტი საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგი საერთო ჯამში 50%-ს ვერ შეადგენს. კვლევები, რომელიც ჩვენმა კოალიციამ ჩაატარა, ჩაატარა არა იმიტომ, რომ გაბერილი ციფრები მიეწოდებინა საზოგადოებისათვის, ასეთ შემთხვევაში 53%-ს ნაცვლად 73%-ს დავაფიქსირებდით. ეს არის კვლევა, რომელიც ასახვას ზუსტად მოსახლეობის განწყობას.
გარწმუნებთ, რომ ვიცი რა მოსახლეობის გაწყობა, რა პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაში და რა პოლიტიკური სიმძიმეებია გადანაწილებული სხვადასხვა ოპოზიციური პერსონებზე, თუ პოლიტიკურ ძალებზე, აქიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი აიღებს 60%-ზე მეტს და პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ერთადერთი კანდიდატი რომელსაც შეუძლია დანაპირების შესრულება, ეს არის გიორგი მარგველაშვილი და ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
როგორც ძიძიგური ამბობს, მარგველაშვილის რეიტინგზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია „ქართული ოცნებისადმი“ ხალხის ნდობაც დადებითად მუშაობს. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრისა და კოალიციის ნდობის ფაქტორი უმთავრესია.
უმარვლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის აზრით მარგველაშვილის მაღალი რეიტინგი განპიროვნებულია იმითაც, რომ მას მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრი, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ეს არაა ერთადერთი ფაქტორი.
„თვითონ გიორგის აქვს საკმაოდ მაღალი ნდობა. იმიტომ, რომ არაფერი მას ქართულ პოლიტიკაში არ დაუშავებია. ახლა ამბობენ ვის რა გაუკეთებიაო, მაგრამ ხალხს უფრო ის აინტერესებს ვის რა დაუშავებია. აი, დაშავებაზე მე შეგახსენებთ, მაგალითად, დავით ბაქრაძემ დააშავა, როდესაც გვითხრა, რომ დანებით და ჩანგლებით დახვდით ოკუპანტსო.
ნინო ბურჯანაძემ დააშავა როდესაც 2007 წელს გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. სამარცხვინო იყო ერთიც და მეორეც პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. შეიძლება ბურჯანაძეს და ბაქრაძეს კიდევ ბევრი რამე გაუხსენონ. არანაირი დანაშაული და უსინდისობა არ დგას მარგველაშვილის უკან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განმარტავს ლევან ბერძენიშვილი.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, კვლევამ აჩვენა, რომ მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ ბაქრაძესა და ბურჯანაძეს.
„ამ მონაცემებს ვენდობი და განსაკუთრებით ვენდობი იმ მონაცემებს, რომელიც ეხება სხვა პარტიებს. ვინ გავა მეორე და მესამე ადგილზე ეს ჩვენი პრობლემა არაა, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ დავით ბაქრაძეს და ნინო ბურჯანაძეს აქვს მეორე ადგილზე გასვლის შანსი.
ამ კვლევამ აჩვენა სწორი ნახაზი იმისა, ვის რა შანსები აქვს. მარგველაშვილს კარგი საწყისი პირობები აქვს იმისა, რომ პირველ ტურში გაიმარჯვოს. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე როგორ ვიმუშავებთ და როგორი იქნება პიარი. დღევანდელი ვითარებით მეორე ტურს გამოვრიცხავ“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.