ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი, შესაძლოა, დაკავებულ თანანმდებობას დაემშვიდობოს და საქმიანობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელოს. მის შემცვლელად კი, ვიცე-მერი კოტე ლომიძე მოიაზრება, რომელიც for.ge-ს ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს, თანანმდებობებიდან გათავისუფლებულ პირებს უკავშირდება და მათ წინასაარჩევნო პერიოდში, სახელისუფლებო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის დახმარებას სთხოვს, სანაცვლოდ კი, მათ სამსახურებს ჰპირდება.
როგორც for.ge-ს კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა ყოფილმა ჩინოვნიკმა განუცხადა, რამდენიმე დღის წინ, კოტე ლომიძის თხოვნით ქუთაისის მერიაში შეხვედრა გაიმართა და მათ ვიცე-მერმა მიმართა - „ამ არჩევნებში მხარში მარგველაშვილს დაუდექით და არჩევნების შემდეგ, მე დაგასაქმებთ“.
For.ge-ს ინფორმაციას თავად ლომიძე „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი მოწოდება არის დანაშაული, რასაც არ ჩაიდენს.
„აპოლიტკური ფიგურა ვარ და აგიტაციის გაწევის უფლება არ მაქვს, მით უფრო იმ დროს, როცა არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. სულელი არ ვარ, რომ ეს ვიკადრო და კანონი დავარღვიო“, - განუცხადა for.ge-ს ლომიძემ, რომელიც ამჟამად, მერის მოვალეობას ასრულებს, რადგან დიმიტრი კოპალიანი, რომელიც პოსტზე 5 ივნისს დაინიშნა, უკვე შვებულებაში გავიდა, რისი მიზეზიც, სავარუდოდ, იმპიჩმენტის პროცედურისთვის თავის არიდება იყო.
კერძოდ, ქუთაისის საკრებულო კოპალიანისთვის უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავდა, მაგრამ მერის იმპიჩმენტის საკითხი მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ მერი შვებულებაში გავიდა.
For.ge-ს ინფორმაციით, კოპალიანი შვებულებით ისარგებლებს და თანამდებობაზე აღარ დაბრუნდება, რითაც იმპიჩმენტის პროცედურას თავიდან აიცილებს და პოსტიდან გადადგება.
მიჩიგანის შტატიდან ჩამოყვანილი კოპალიანი დაუბრუნდება თუ არა დაკავებულ თანანმდებობას, ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა კოტე ლომიძეს უჭირს. თავად კოპალიანთან დაკავშირება for.ge-მ ვერ შეძლო, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხა.
ლომიძის ცნობით, მერი შვებულებიდან 10-11 სექტემბრისთვის უნდა დაბრუნდეს.
„თარიღი ზუსტად არ ვიცი. ამ ეტაპზე, მერის მოვალეობას ვასრულებ, რადგან ბატონმა დიმიტრმა ამერიკიდან ოჯახი ჩამოიყვანა, რომელიც მისახედი ჰყავს, მათი დაბინავება ვერ მოასწრო და მან შვებულება აიღო. პირად საუბარში, მერმა მითხრა, რომ შვებულებაში მივდივარ - რაღაც პრობლემები მაქვსო. როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება ვერ გეტყვით“, - განუცხადა for.ge-ს ლომიძემ.
ვიცე-მერი დიმიტრი კოპალიანს განათლებულ და წესიერ პიროვნებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ის ძალიან მეგობრულია.
„მერი ძალიან განათლებული და უწესერიესი ადამიანია. ბატონი დიმიტრი ამერიკაში 25 წელი ცხოვრობდა, საქართველოში ჩამოვიდა და მას რაღაც პრობლემები შეექმნა, თუმცა, ისეთი არაფერი, რომ რაიმე კატასტროფა მომხდარიყო“, - აცხადებს ლომიძე რომლისგან განსხვავებითაც, ქუთაისის საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი გია უკლება ფიქრობს, რომ ქუთაისის მერთან ერთად პასუხისმგებლობა მისმა გუნდმაც უნდა აიღოს.
მისი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, კოპალიანს ქუთაისის ნაცვლად, ტყიბულის ტერიტორია დაასუფთავებინეს და ეს მერისთვის არავის უთქვამს.
„ამ კაცისთვის უნდა გეთქვათ, რომ ის ქუთაისის ტერიტორია არ იყო და ის ტყიბულის დასასუფთავებლად წაიყვანეს. მერთან ერთად თანამდებობა მისმა გუნდმაც უნდა დატოვოს და ჯოხი მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა გადატყდეს! საკონკურსო კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ ქუთაისს კოპალიანზე უკეთესი მერი არ ჰყოლია და ბატონებო, მინდა გკითხოთ - თუ 5 ივნისამდე კოპალიანი გენიოსი იყო და ქალაქს მისი მსგავსი მერი არ ჰყავდა, დღეს რა შეიცვალა?! რატომ გახდა ის თქვენთვის მიუღებელი და შტერი, როგორც ამას უმრავლესობა ამბობს?! რატომ გააძევეთ მერი მეორედ შვებულებაში?!“, - აცხადებს უკლება ფრაქცია „პატრიორების“ მისამართით, რომლის წევრებმაც საკრებულოში ნაციონალთა რიგები გაზაფხულზე დატოვეს და მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატს, კოპალიანს დაუჭირეს, რომელსაც მოგვიანებით, თავად დაუპირისპირდნენ.
„პატრიოტების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა ნემსიწვერიძის შეფასებით, კოპალიანისთვის ამა თუ იმ საკითხის ახსნას აზრი არ აქვს, რადგან „ბალზეა და ტყემალს ჭამს“.
„მერს კონკრეტული პრობლემა, რომ ავუხსნა, აზრი არ აქვს, მაინც ვერაფერს გაიგებს, რადგან ბალზეა და ტყემალს ჭამს! რა ვქნათ, ასეა. სიმართლეს ვერსად გაექცევით“, - განაცხადა ნემსიწვერიძემ, რომელიც 1-ელი ოქტომბრის არჩევნებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილს აქებდა და დავით აღმაშენებელს უწოდებდა, ხოლო მომდევნო კვირას, მან ნაციონალები დატოვა და მერის პოსტზე კოპალიანის კანდიდატურას მხარი უპირობოდ დაუჭირა.
ნაციონალი დავით გოგისვანიძე მიიჩნევს, რომ ქუთაისში მიმდინარე პროცესების მიზეზი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებებია.
„ხელისუფლებსა და პრემიერს ქუთაისი ფეხებზე ჰკიდია. „ქართული ოცნება“ თავისი შერჩეული მერის საქმიანობით არ ინტერესდება. მთავრობის მეთაური ქუთაისს არცერთხელ არ სტუმრებია და იმ პრობლემებით არ დაინტერესებულა, რაც ქუთაისს აქვს“, - აცხადებს გოგისვანიძე.
შეგახსენებთ, რომ მერების დანიშვნა-გათავისუფლების კუთხით, ქუთაისი რეკორდსმენია. „ვარდების რევულუციის“ შემდეგ, ქალაქმა ათი მერი გამოიცვალა. წინა მერს, ბესიკ ბრეგაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადეს და პოსტი დაატოვებინეს, ამჟამინდელი მერის კრიტიკა კი მას შემდეგ დაიწყეს, რაც კოპალიანმა ბრიფინგზე ტექსტი გამართული ქართულით ვერ წაიკითხა. მართალია, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ, მერი მეტად მომზადებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ თუ კოპალიანის ბიოგრაფიიდან ვიმსჯელებთ, ის „შტერი“ არ უნდა იყოს, როგორც ამას მისი ოპონენტები ამბობენ. მისი შრომითი გამოცდილებიდან ირკვევა, რომ „საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტის” სპეციალობით, მას მინიჭებული აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და 2005 წლიდან, ამერიკაში, ლოურენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორია. 1997 წლიდან მუშაობს QEK საერთაშორისო კომპანიაში დეპარტამენტის დირექტორად და მისი პროგრამები და პროექტები დანერგილია მანქანათმშენებლობის ისეთ ცნობილ კომპანიებში, როგორებიცაა - „ჯენერალ მოტორსი“, „კრაისლერი“, „ფორდი“, „ტოიოტა“ და „ნისანი“.