საზოგადოების განწყობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან დეკემბრის ბოლოს აპირებს წასვლას, რაც მან ამერიკული Bloomberg-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. იგი ფიქრობს, რომ აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გააგრძელებს, რადგან, მისი აზრით, პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელი და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს იღონებს პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად. პრემიერმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ აქამდეც მრავალჯერ აღნიშნა, რაც ყოველთვის ექსპერტთა თუ საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას იწვევდა. მუდამ ისმოდა კითხვა, ვის ხელში ტოვებდა ივანიშვილი სახელმწიფოს?!
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თვით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვისაც კი, სადაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს გადანაცვლებას, უმჯობესი იქნება, თუ ის პოლიტიკაში დარჩება, რადგან ხელისუფლებიდან უფრო იოლია სამოქალაქო საზოგადოებაზე და ზოგადად, სახელმწიფოზე ზრუნვა.
For.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.
ფიქრობთ, რომ ასე მოკლე დროში, დეკემბრის ბოლოს სიტუაცია ქვეყანაში ისე დალაგდება, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ზიანს არ მოიტანს?
- ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ წლის ბოლომდე წავა თანამდებობიდან და გადავა სამოქალაქო სექტორში. მისი არგუმენტი, თუ რატომ მიდის სამოქალაქო სექტორში, იგივეა, რაზედაც მან ადრევე ისაუბრა, რომ სამოქალაქო სექტორი სუსტია, რომ ქვეყანაში, თურმე, ხელისუფლება კი არა, სამოქალაქო საზოგადოებაა მთავარი.
მე კატეგორიული წინააღმდეგი გახლდით მისი ასეთი მოსაზრების, ვგულისხმობ არჩევნებამდე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როდესაც ის ამბობდა, რომ წავიდოდა პოლიტიკიდან. სხვათა შორის, მაშინ ბიძინა ივანიშვილი ასე არ აკონკრეტებდა, უბრალოდ, ამბობდა, რომ 2-3 წელიწადში რაღაც შეიცვლებოდა და ქვეყანაში სიტუაცია ისე განვითარდებოდა, რომ შესაძლებელი გახდებოდა მისი პოლიტიკიდან წასვლა. არჩევნების შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვალა და უკვე კონკრეტულად სახელდება, რომ წლის ბოლოსთვის აპირებს წასვლას. აქედან შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ არც მაშინ (როცა ის ამბობდა, რომ 2-3 წელიწადში დაამთავრებდა ამ ყველაფერს და შემდეგ წავიდოდა პოლიტიკიდან) და, მით უმეტეს, არც დღეს, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური ვითარების მთელი სიმძაფრე და სიმძიმე.
დღეს თუ რამეა ქვეყანაში გასაკეთებელი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მისი ფუნქციის გაზრდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ეს სურს ხელისუფლებას. სამწუხაროდ, ასეა ჩვენი ქვეყანა მოწყობილი. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, ითანამშრომლოს საზოგადოების ამ ნაწილთან, რადგან ქართული სამოქალაქო საზოგადოება, ე.წ. ენჯეოშნიკები, დიამეტრულად განსხვავდებიან დასავლური სამოქალაქო საზოგადოებისგან. თუნდაც განსხვავდებიან იმით, რომ დასავლეთში ჩატარებული მცირერიცხოვსანი საპროტესტო აქციები საკმარისია იმისთვის, რომ იქაური ხელისუფლება მათზე რეაგირებდეს. ჩვენთან კი არათუ მცირერიცხოვან აქციებსა და გამოსვლებზე, ათასობით და ათი ათასობით მომიტინგის გამოსვლაზეც კი ხელისუფლება არ რეაგირებდა. ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. უცხოეთში სამოქალაქო საზოგადოებას აფინანსებენ არა სხვა ქვეყნები, არამედ საკუთარ ქვეყანაში მოიძებნება ამის რესურსი. ამ დროს კი ჩვენი სამოქალაქო სექტორი ფინანსურად მთლიანად დამოკიდებულია დასავლეთზე. გარდა ამისა, ჩვენთან უცნაური რამ ხდება. თუ რომელიმე ქვეყანაში ლგბტ პირების უფლებები ირღვევა, საქართველოში ამის კალკირებას ახდენენ. უცხოეთში პრობლემების კალკირება არ ხდება, არამედ ხდება იმ პრობლემებზე აქცენტირება, რა პრობლემებიც მართლაც აწუხებს იმ ქვეყნის მოსახლეობას. რაც მთავარია, ჩვენს ხელისუფლებას შეუძლია, არანაირი ყურადღება არ მიაქციოს სამოქალაქო სექტორს. არც მახსოვს, არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ წამოჭრა და ხელისუფლებამ ის მიიღო. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების პრობლემატიკა განსხვავებულია.
ამდენად, როცა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე საუბრობს, მან უნდა თქვას, რა იყო ხელისუფლებაში მის მოსვლამდე და რა შეიცვალა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, გარდა მაშინდელი კადრების და მთავრობის პერსონალიების. განა რამე შეიცვალა?
თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი მართლაც ორ-სამ წელიწადში ვარაუდობდა პოლიტიკიდან წასვლას. ხომ არ ფიქრობთ, რომ მას რაღაცამ უბიძგა პროცესების დაჩქარებისკენ? ფაქტია, და მისი ახლობლებიც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ბავშვობიდან არ უყვარს საჯარო სივრცე და საზოგადოებრივად აქტიურ მდგომარეობაში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ბიზნესმენის ამპლუაშიც იგი ჭორვილაში წყნარ ცხოვრებას ამჯობინებდა, არც თავისი მეცენატობის აფიშირება უყვარდა.
- რაც თქვენ ბრძანეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით. შესაძლოა, მას მობეზრდა და მოსწყინდა ასე ყოფნა, რადგან ის იყო მითოსური პიროვნება, სახეზე არავინ ცნობდა. თუმცა ყველამ იცოდა, რომ საქართველოში იყო კეთილი ფერია, რომელიც ხალხს ეხმარებოდა, დიდ ქველმოქმედებასაც ეწეოდა, მაგრამ სახეზე არ გვენახა. პოლიტიკა სწორედ ამით არის მოღვაწეობის საზიზღარი სფერო, რომ, როგორც კი მან პოლიტიკაში შემოაბიჯა, რა თქმა უნდა, გაუჩნდნენ მოწინააღმდეგენი, კეთილი ფერია სადღაც გაქრა, ვიღაცამ კრიტიკული შენიშვნა მისცა, ვიღაცამ იქ ჩაიხედა, სადაც ივანიშვილს არ სურდა, რომ ჩაეხედა. უამრავი ცილისწამება წამოვიდა. შესაძლოა, ასეთი ფაქტები საქართველოში ცოტა ჭარბად არის, მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა პოლიტიკურ პროცესს ასეთი რამ თან სდევს. თუ პოლიტიკაში მოდიხარ, ამას შეგუებული უნდა იყო. მისთვის, რა თქმა უნდა, ეს რთული ასატანი და გულწრფელად გამაღიზიანებელიც იქნებოდა, მაგრამ ეს გარდაუვალია.
ახლახანს ბიძინა ივანიშვილს ვუსმინე „მე-9 არხთან“ დაკავშირებით და სახეზე ეტყობოდა, რომ ძალიან გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ უფასოდ ვინ მემსახურებოდა, განა ცოტა ხელფასს ვაძლევდი და რატომ არიან ჟურნალისტები განაწყენებულნიო?! ნაწყენი იყო, რომ მან კარგი გააკეთა და არ დაუფასეს. ეს გასაგებია, მაგრამ ქვეყანა ასეა მოწყობილი, ჩვენ ადამიანები ვართ და ამ ყველაფერს ვხედავთ. ამიტომ მისთვის ფსიქოლოგიურად და პერსონალურად რთული იყო ასეთ სივრცში მოღვაწეობა.
თუმცა, მეორე მხარეა, ხომ უნდა სცოდნოდა ეს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო?! გვახსოვს მისი განმარტება, რომ შვილმა დამაყენა ალტერნატივის წინაშე, ან შენ წახვალ პოლიტიკაში, ან მე წავალ და ამიტომ გადავწყვიტეო. თავი დავანებოთ, რამდენად გულწრფელი იყო და რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, მაგრამ დღეს რასაც ვუყურებ, თუ ასე მოხდებოდა, მაშინ მართლაც სჯობდა, შვილი წასულიყო პოლიტიკაში და მას თავად დახმარებოდა. ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ასეთ დღეში და ასეთ მდგომარეობაში მიეტოვებინა ქვეყანა.
ბიძინა ივანიშვილის ვაჟის პოლიტიკაში წასვლა დაახლოებით ისეთივე შემთხვევა ხომ არ იქნებოდა, როგორც ახლა ხდება, როცა საზოგადოება იძულებულია, ხმა მისცეს გიორგი მარგველაშვილს იმის გამო, რომ მის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას?! ჩვენ არ ვიცნობდით ბიძინა ივანიშვილის შვილის შესაძლებლობებს, არც მისი მეცენატობის შესახებ გვსმენოდა... მამის ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს შვილზე რამდენად აისახება?
- აქ განზრახულობას ვგულისხმობ. თუ მისი შვილი ამბობდა, რომ მე წავალ პოლიტიკაში, ე.ი. მას ჰქონდა ამის მიზანი. ნებისმიერ დალაგებულ ქვეყანაშიც კი პოლიტიკური მოღვაწეობა გარკვეულ და დიდ რისკს შეიცავს. ცილისწამებების გარდა, უამრავი რამ უნდა მოითმონოს საჯარო პირმა და, ასევე, ეს მოღვაწეობა რისკთან არის დაკავშირებული. ყოველთვის ასე იყო და დღესაც ასეა. შესაძლოა, მამას, ამ შემთხვევაში, ბატონ ბიძინას, სულაც არ უნდოდა, რომ შვილს პოლიტიკოსობა გაერისკა, მაგრამ მამა-შვილის ურთიერთობაზე ახლა არ ვსაუბრობთ, ვისაუბროთ იმაზე, ქვეყანას რა სჭირდება.
ეტყობა, მის შვილს რაღაც განზრახვა და მიზანი ჰქონდა, ამიტომ, ვიმეორებ, თუ ბიძინა ივანიშვილს ასეთ დღეში უნდა დაეტოვებინა ქვეყანა, მაშინ აჯობებდა, მის შვილს ესწავლა პოლიტიკა. დარწმუნებული ვარ, ორ-სამ წელიწადში ის არ მიატოვებდა ქვეყანას და თუ პრემიერი გახდებოდა და გაიმარჯვებდა, ეს ქვეყანას წაადგებოდა. პრობლემა მაქვს იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა გააკეთა. მილიარდები და ფულები არაფერია, მეტიც, თუ ქვეყანა არ აეწყო და სისტემამ არ იმუშავა, ნებისმიერი თანხა ძირგავარდნილ კასრში წყლის ჩასხმას ჰგავს. ვთვლი, რომ საქართველოში ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ოთხი ან ხუთი წელიწადი თუ იმუშავა, მას ისედაც გადაირჩევენ. იმიტომ კი არა, რომ ცუდად იმუშავა, არამედ ბევრი პრობლემაა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ მალავდა. რეპრესიების შიშით ხალხი გაჩუმებული იყო და ხმას ვერ იღებდა. ამიტომ ეს დამალული პრობლემებიც უკვე წარმოჩნდა, ყველა ჭრილობა და ავადმყოფობა, რაც ამ ქვეყანას ჰქონდა, გაიხსნა და ასეთ მომენტში ვინმე დამარწმუნებს, რომ სამოქალაქო სექტორიდან უფრო ადვილია ამის დარეგულირება? ეს ხომ ზღაპარია ამ ქვეყანაში. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაშინ საქვეყნოდ მოვიხდი ბოდიშს. სხვათა შორის, „მე-9 არხის“ ჟურნალისტებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ივანიშვილის საპასუხოდ აღნიშნეს, ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გამოგვითქვამს და, როგორც ჩანს, პრემიერი ინფორმირებული არ არისო. როცა მას ემორჩილება ყველა და ყველაფერი და ამ დროს, ადამიანთა გარკვეული ჯგუფი მაინც თვლის, რომ მას არ აქვს ინფორმაცია და ვერ ახერხებს, ინფორმაცია მოიპოვოს, გააკონტროლოს და დასკვნები ისე გააკეთოს, მაშინ ამას სამოქალაქო სექტორიდან შეძლებს? თუ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებაზეა საუბარი, მაშინ სამოქალაქო სექტორს ტელევიზია ჰაერივით სჭირდება და ამ დროს, იგი ტელევიზიას ხურავს. რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იყოს?! იმედი მაქვს, როცა საქმე საქმეზე მიდგება და მართლაც დადგება ამ გადაწყვეტილების მიღება-არმიღების საკითხი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გადაიფიქრებს და ქვეყანას იმ დონემდე მიიყვანს, რომ მისი წასვლის საშუალება იქნება. პირადად მეც კი, რომელსაც მასთან არანაირი ურთიერთობა და მოლოდინები არ მაქვს, ვთვლი, რომ მისი წასვლა ამ ეტაპზე არ შეიძლება.
ხომ არ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების მხრიდან დარწმუნება სჭირდება, რომ დარჩეს ამ პოსტზე? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი მისამართით არაერთი შეტევა განხორციელდა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე - გარედან. დასავლეთისგან ვითომც უწყინარად შემოთავაზებული კოაბიტაცია ერთგვარი დარტყმა იყო, რაც ისევ ნაციონალების რეინკარნაციას უწყობდა ხელს და ადამიანი, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი არ იყო. დასავლეთის პრიზმით უყურებდა ამ ყველაფერს. ასევე, ნაციონალების მხრიდან დარტყმაზე რომ არაფერი ვთქვათ, მისთვის სასიამოვნო არ იქნებოდა საკუთარი გუნდიდან ცალკეულ პერსონალთა, გამგებელთა, მაჟორიტართა საქციელი და მათი სწრაფვა ე.წ. ფეოდალიზმისკენ.
- სხვათა შორის, ამ რამდენიმე წლის წინ, ერთ მეგობარს, რომელიც ჩართულია პოლიტიკაში, ვუთხარი, ადამიანს რომ საქართველოში პრეზიდენტობა გინდოდეს, ან ავანტიურისტი ხარ, ან გიჟი, ან ქვეყნისთვის თავგანწირული. სხვა მიზეზი, რომ ჩვენისთანა ქვეყანაში ნორმალურ ადამიანს პრეზიდენტობა სურდეს, გამორიცხულია. მე მგონი, მანდ ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში არ უცხოვრია, შორიდან უყურებდა ჩვენს პრობლემებს და ცდილობდა, ქველმოქმედებით რაღაც მოეგვარებინა. ამ დროს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საკუთარ თავზე იწვნია ეს პრობლემები. მესმის, რასაც თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო - ის არ ელოდა კოაბიტაციას, არ ელოდა, რომ დასავლეთის მხრიდან ასეთი სიტუაცია შეხვდებოდა. ბევრ რამეს არ ელოდა. მაგრამ ამან არ უნდა აიძულოს, ხელები ჩამოყაროს.
დღეს მას შეჰყურებს მთელი საქართველო. რეალურად, საქართველოში ისეთი ფიგურა არ არსებობს, რომელსაც ანგარიშს გაუწევენ და მის სიტყვას ენდობიან. ოკეანის გაღმა რას იტყვიან, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარია, ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ხალხი რას იტყვის და აქ ბიძინა ივანიშვილს ენდობიან. მესმის, რომ მისთვის ეს სიახლე იყო, გულგატეხილობაც დაეუფლა, მესმის, რომ მას მოუხდა პრობლემებში ჩარევა და ეს წყენა ადამიანურად გასაგებია, მაგრამ ამ პრობლემებს არ უნდა გაექცეს. ჩვენს ხალხს მისი იმედი სწორედ იმიტომ აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა სურს და ამიტომ არ გააკეთებს ცუდს.
2011 წელს, როცა ის ოპოზიციის ლიდერი გახდა და გუნდს ჩაუდგა სათავეში, ის სულ სხვა გუნდი იყო, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი სულ სხვა გუნდია. ესეც პოლიტიკის ბუნებაა. დღეს მისთვის, ალბათ, გაცილებით რთულია საკუთარ გუნდთან მუშაობა და ლაპარაკი, მაგრამ ეს მარტო მის თავს არ ხდება, ყველა ხელისუფალთან ასე ხდება.
ამას ხომ არ ემატება ქართველი ადამიანის ფსიქოტიპი. რაღაც ისე დაგვებედა, რომ ქართველი ხალხი ხელისუფალს ვერ მიჰყვება, ან პირიქით, ხელისუფალი ვერ მიჰყვება ქართველ ხალხს.
- ქართველობა საერთოდ ძნელია, ესეც ჩვენი ხასიათი და ბუნებაა. უნდა მოახერხო, და ეს ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენო. ბიძინა ივანიშვილს დალხინებული ცხოვრება არ აქვს, მაგრამ წასვლით ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და, წესით, იგი პრაგმატული უნდა იყოს, მაგრამ, მას იდეალისტური დამოკიდებულება ხომ არ ჰქონდა ქართულ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და ხომ არ ეგონა, რომ მთებს შეძრავდა? იდეალისტები მაინცდამაინც ვერ ამართლებენ პოლიტიკაში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა მაინც მოახერხა და ნაციონალური ძალმომრეობა მოაშორა ქართველ ერს. თუმცა ეს პროცესის დასაწყისი იყო. მთლიანობაში როგორ განვითარდება მოვლენები იმ ფონზე, როცა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილში აღარ არის უკვე ის მზაობა და შემართება, რაც თავიდან იყო, 1-ელ ოქტომბრამდე.
- მან ნაციონალებისგან კი არა, სააკაშვილისა და მისი ძალმომრეობისგან გაათავისუფლა ქვეყანა, მაგრამ არ შექმნა პირობები, რომ ხვალ არ მოვა მეორე სააკაშვილი. ჩვენ ხომ 30 წლის განმავლობაში ჩანაცვლებებს ვაკეთებთ და მეტს არაფერს?! თავად ვიქნები მისი წასვლის მომხრე, როცა ისეთი სტრუქტურები შეიქმნება, რომ შეუძლებელი გახდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი მართლაც იდეალისტი იყო და გაცილებით იოლი წარმოდგენა ჰქონდა პოლიტიკაზე. იცით, პოლიტიკა პოეზიასავითაა და ყველას ჰგონია, რომ იცის. ერთი პრობლემაცაა, პოლიტიკა არსად ისწავლება, პოლიტიკოსის დიპლომი არსად გაიცემა, მაგრამ პოლიტიკოსს ძალიან ბევრი რამ სჭირდება. გარედან ეს იოლი ჩანს, თუ ადამიანი კარგად ლაპარაკობს, თურმე პოლიტიკოსი ყოფილა, მაგრამ პოლიტიკა გაცილებით რთულია, ვიდრე იგივე ბიზნესი. ხშირად პოლიტიკას ჭადრაკს ადარებენ, ეს არასწორი შედარებაა, რადგან ჭადრაკში მაინც მოჭადრაკე გადააადგილებს ფიგურებს, პოლიტიკაში კი ფიგურები ხანდახან თავისით გადაადგილდებიან და პოლიტიკოსმა ისიც უნდა გათვალოს, რომელი ფიგურა სად შეიძლება გადაადგილდეს. მე იმის მეშინია, ივანიშვილს ხომ არ ჰგონია, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ქვეყნის პრობლემა?! სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ შედეგია და არა მიზეზი. იმედი მაქვს, იგი ნახავს, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი არაფერი შეიცვლება. სამართლიანობის აღდგენის პრობლემა ყოველთვის იქნება, კოაბიტაციის პრობლემაც იარსებებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დღეს მოხდება ეს, თუ ერთი წლის შემდეგ. სამართალი ნელა დადის, ქვეყანა ფეხზე დასაყენებელია. სწორედ ასეთ პიროვნებას, იდეალისტს შეუძლია ეს გააკეთოს, კარიერისტი ქვეყანას ვერ გადაარჩენს, ეს გამორიცხულია.
ერთი წუთით რომ წარმოვიდგინოთ, კოაბიტაციას არ დამორჩილებოდა ახალი ხელისუფლება და დამოუკიდებლად ეწარმოებინა თავისი პოლიტიკა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და, ზოგადად, ქართულ საზოგადოებას, რომელიც კოალიციის ლიდერის დაპირებას ელოდა სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საერთაშორისო ვაკუუმში აღმოვჩნდებოდით, თუ ეს მხოლოდ მითია?
- ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ზეგავლენას ახდენს ოთხი ძალა - ხელისუფლება, ოპოზიცია, რუსეთი და დასავლეთი. სხვა ძალებიც არიან და სხვა ქვეყნების ინტერესებიც იზრდება, მაგრამ ჯერჯერობით დომინანტი ეს ოთხი ძალაა. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი ვალდებულია, ეს ოთხი ფაქტორი გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, კატასტროფა არ იქნებოდა, მაგრამ კოაბიტაციის პრობლემის მოხსნა და სამართლიანობის აღდგენისკენ წასვლა ძალიან მშვიდად შეიძლებოდა ისე, რომ არც დასავლეთთან გვქონოდა მძიმე ურთიერთობა, არც ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო გაუგებარი ვითარება. გარედან ვერავინ ვერაფერს გააკეთებდა, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა რად გვიღირს. გვიღირს, რომელიმე მაღალჩინოსანი ჩავსვათ ციხეში და ამით დასავლეთთან ურთიერთობა დავძაბოთ, თუ გვირჩევნია, ნელ-ნელა შევასრულოთ ეს პროცესი? ეს ტაქტიკის ამბავია და არ არის აუცილებელი ამის პედალირება. ნაციონალები წავიდნენ იმაზე, რათა ახალ ხელისუფლებას ამის პედალირება მოეხდინა და, სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლება წამოეგო ამას. საზოგადოება ამას კარგად გაუგებდა ახალ ხელისუფლებას. ვინც „ქართულ ოცნებაში“ სავარძლისთვის იმყოფებოდა და ვერ მიიღო ეს სავარძელი, დღეს სწორედ ის ნაწილია გაღიზიანებული და არა - მოსახლეობის უმრავლესობა.
ჩვენი პრობლემა სწორედ საზოგადოებრივ ელიტაშია. პრობლემას მე იმაშიც ვხედავ, რომ მთელი ეს ერთი წელი გაგრძელდა საარჩევნო კამპანია და ნაციონალებთან კინკლაობა, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, კისერიც გიტეხიათ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, თქვენ გაქვთ თქვენი ტელევიზია და ილაპარაკეთ ის, რაც გინდათ, ჩვენ კი ვაკეთებთ ჩვენს საქმესო. ეს ვერ გაკეთდა. ახალმა ხელისუფლებამ ძირითადი აქცენტი სოციალური მიმართულებით გადაიტანა და არა - სახელმწიფოს მოწყობის კუთხით. იმავე სასამართლოსთან მიმართებით რომ დაწყებულიყო საკონსტიტუციო რეფორმა, ამას თავისთავად მოჰყვებოდა სასამართლოს რეფორმა, მაგრამ ეს არ გაკეთდა. არადა, სოციალურ მიმართულებამდე ეს იყო გასაკეთებელი. მაშინ კოაბიტაცია მომრგვალდებოდა და დარეგულირდებოდა. დღესდღეობით ივანიშვილის წასვლით, შესაძლოა, ქვეყანაში სიტუაცია აირიოს და რევანშიზმი გაბატონდეს.
ანუ ნაციონალები მობრუნდებიან?
- შესაძლოა, ამ სახით არა, მაგრამ სხვა სახით მობრუნდნენ. ჯერჯერობით ეს პრობლემა დგას.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თუ ისე განვითარდება მოვლენები, როგორც მას წარმოუდგენია, მაშინ სამ-ოთხ წელიწადში ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას შევძლებთ. ნუთუ შესაძლებელია, სამ-ოთხ წელიწადში ნატოში ინტეგრაცია მოესწროს?
- მე ეს უფრო თემიდან ყურადღების გადატანა მგონია. თუ იგი 2-3 წელიწადში აპირებდა პოლიტიკიდან წასვლას და ქვეყნის აწყობას, მაშინ ეს ლოგიკაში ჯდება - სამ-ოთხ წელიწადში ნატოში რატომ არ შეიძლება შესვლა?! არ ვიცი, ნატოც და ევროკავშირიც ძალიან ბევრ სხვა პრობლემასთან არის მიბმული და ჯერჯერობით, იმაში დაგვარწმუნოს პრემიერმა, რომ მისი წასვლით ქვეყანაში უფრო მძიმე პოლიტიკური პროცესები არ განვითარდება და შემდეგ ვიწამებ, ნატოში სამ-ოთხ წელიწადში გავერთიანდებით თუ უფრო გვიან.
ნატოს პრობლემა მე არ მაქვს, მე მაქვს სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პრობლემა. თუ ჩვენ ჩამოვყალიბდებით სახელმწიფოდ, ნატოც იქნება, ევროკავშირიც და ტერიტორიული მთლიანობაც.