საარჩევნო მარათონში დაბნეულობაა მოსალოდნელი

საარჩევნო მარათონში დაბნეულობაა მოსალოდნელი

არასაპარლამენტო ოპოზიცია ქართველი ამომრჩევლისთვის კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენას გეგმავს. ჯონდი ბაღათურიასა და კახა კუკავას ერთობამ, შესაძლოა, კიდევ ერთხელ აურიოს გზა-კვალი ქართულ პოლიტიკურ ელიტას. ამომრჩეველს კი, უკვე შეთავაზებულზე უფრო მკაფიო ალტერნატივა შესთავაზოს.

გასულ თვეებში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ ალიანსის მიერ, პაატა ბუჭულაძის პოლიტიკაში ჩართვის მცდელობამ ისე დააბნია მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უაღრესად პატივცემული საზოგადო მოღვაწე, ლამის კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ჩრდილქვეშ მოაქცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები კი, იშვიათი მდუმარებით დაელოდნენ მოვლენების განვითარებას.

როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი „ქართული დასისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები, ამჯერად, საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი პარტიების წარმოჩენის ორ ვარიანტს განიხილავენ. პირველი გულისხმობს უკვე დასახელებული კანდიდატურებიდან ერთ-ერთის მხარდაჭერას. წყაროს ცნობით, ამ მოსაზრებაში ლიდერები ჯერ-ჯერობით, ვერ თანხმდებიან, რადგან ჯონდი ბაღათურია უპირატესობას ნინო ბურჯანაძეს ანიჭებს, კახა კუკავა კი კობა დავითაშვილის მხარდაჭერას მიიჩნევს მიზანშეწონილად. მეორე ვარიანტი, გულისხმობს ახალი, ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ბარათურია-კუკავას მიერ. თუ გავითვალისწინებთ ექსპერტებისა და ამომრჩევლების შეფასებებს, მიმდინარე საარჩევნო მარათონში ახალი რეიტინგული სახის ჩართვა ურიგო არ იქნებოდა.

ის რომ, საქართველოში პირველად ტარდება სრულიად არაპროგნოზირებადი არჩევნები, ეს, ალბათ, მმართველი გუნდის ყველაზე მკაფიო მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს დასავლელი მეგობრების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ერთიან, უალტერნატივო ბელადს შეჩვეულ ქართველ ამომრჩეველს, ამ მიღწევამ სერიოზული თავსატეხი გაუჩინა.

„თავისუფალი საქართველოსა“ და „ქართული დასის“ მიერ დასახელებული კანდიდატი, სავარაუდოდ, ვერ იქნება რაინდად აღიარებული პაატა ბურჭულაძის წონადი პიროვნება, თუმცა, მაინც, დღევანდელ პოლიტიკურ მარათონში ვითარების შეცვლა ახალი სახით უფროა შესაძლებელი, ვიდრე უკვე დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერით.

კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის მკრთალი პათოსის გამო, მის ყოფილ მხარდამჭერებში, ახალი ალტერნატივის გამოჩენის სურვილი ერთმნიშვნელოვნად შეინიშნება. ვისაც NDI -ის კვლევის შედეგებს ენდობა, ასეთი ამომრჩევლების რაოდენობა ივნისის მონაცემებით 26%-ს შეადგენს.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბარათურია ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავს იკავებს. მისი თქმით, კახა კუკავას პოლიტიკურ ძალასთან აქტიურად თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის შედეგები სექტემბერში ყველასთვის გახდება ცნობილი.

„ისევ ძალაში რჩება ერთიან კანდიდატზე საუბარი. აქ არ იგულისხმება სხვა პარტიების მიერ დასახელებული კანდიდატების მხარდაჭერა. ეს იქნება ახალი ძალა, ახალი კონფიგურაცია, შესაძლოა, ეს იყოს კოალიციის სახით და ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი და ამის შესახებ განცხადება სექტემბერში გაკეთდება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბარში ჯონდი ბაღათურიამ.

თუ ვინ იქნება ამ ახალი კონფიგურაციის რჩეული, ამასთან დაკავშირებით, ბაღათურია-კუკავას შტაბების კულუარებში გათვითცნობიერებული წყაროც ვერ საუბრობს.

თუკი ჯონდი ბაღათურია და კახა კუკავა მართლაც მოახერხებენ ახალი, რეიტინგული სახის ჩაბმას საარჩევნო მარათონში, ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში განცხადების მიღების ბოლო ვადა 7 სექტემბერია.