New York Post: ჯო ბაიდენის ოჯახმა რუმინელი ოლიგარქისგან $1 მილიონი მიიღო

New York Post: ჯო ბაიდენის ოჯახმა რუმინელი ოლიგარქისგან $1 მილიონი მიიღო

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონ დოლარზე მეტი მიიღო. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პერიოდზე, როდესაც ბაიდენი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. კომიტეტის თავმჯდომარის, რესპუბლიკელ ჯეიმს კომერის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მოიცავს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ვაჟმა ჰანტერმა თავისი თანაშემწის, რობ უოკერის მეშვეობით, მილიონ დოლარზე მეტი მიიღო რუმინელი ოლიგარქის, გაბრიელ პოპოვიჩის მიერ კონტროლირებადი კომპანიიდან. პოპოვიჩის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„მინდა განვმარტო: ეს კომიტეტი იძიებს პრეზიდენტ ბაიდენისა და მისი ოჯახის ჩრდილოვან გარიგებებს, რომლებიც ჯო ბაიდენის სახელმწიფო თანამდებობიდან იღებენ სარგებელს და საფრთხის წინაშე აყენებენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ვთვლით, რომ პრეზიდენტი ამაში თავიდანვე იყო ჩართული“, - განაცხადა კომერმა პრესკონფერენციაზე.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ კონგრესს უარი უთხრა ინფორმატორის დოსიეს გადაცემაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენმა ქრთამი აიღო, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი იყო. თეთრმა სახლმა კომიტეტის მიერ ჩატარებულ გამოძიებას უკვე უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული.