შალამბერიძე, შეროზია, ბედოიძე, მარიამიძე და ოქროპირიძე - ესენი გახლავთ ქსნის მე-15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ე.წ. მაყურებლებთან ჰარმონიულ ურთიერთობაში იყვნენ. მინისტრად დანიშვნიდან 2 კვირაში სოზარ სუბარმა ისინი სამსახურიდან დაითხოვა. კრიმინალური ავტორიტეტები და ე.წ. მაყურებლები, რომლებიც დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა დაასახელა, მის მიერ დასახელებულ ციხეში საერთოდ არ სხედან.
სასჯელაღსრულების მინისტრი ამბობს, რომ დასახელებულთაგან უმრავლესობა გადაკეტილია ცალკე საკანში და ვერანაირად ვერ იქნება მაყურებელი. რაც შეეხება საერთო რეჟიმს, კანონმდებელმა, წესით უნდა იცოდეს, რომ საერთო რეჟიმი 4 წლის წინ გაუქმდა და ასეთი ცნება ქართულ იურისპრუდენციაში არ არსებობს. მინაშვილი ასევე ირწმუნება, რომ ციხეს დღეს „კანონიერი ქურდი“ ტარიელ (ტარასა) ფოცხვერია მართავს. შეხსენებისათვის, ეს ის ფოცხვერიაა რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, შეკრებითობის გაუქმებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ციხიდან გაანთავისუფლა.
For.ge სასჯელაღსრულების მინისტრს, სოზარ სუბარს ესაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა სასაჯელაღსრულების დაწესებულებების კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები ადმინისტარციასთან შეთანხმებით მართავენ. რა პასუხი აქვს ამ ბრალდებებზე სამინისტროს?
სოზარ სუბარი: ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტის გაძლიერება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. ეტყობა, მათ 4 წლის წინანდელი მაყურებლები ახსოვთ. როდესაც სასადილოს და საქვაბის მაყურებელზე საუბრობენ, ეს სასაცილოა, რადგან ასეთი რამ არც არასდროს ყოფილა. „ნაციონალებმა“ ახალ ხელისუფლებას, მემკვიდრეობით, 700-მდე „მაყურებელი“ დაუტოვა, მათ შორის 200-მდე ძალიან გავლენიანი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლის ოქტომბერში აწყობდნენ არეულობებს რუსთავის N16 დაწესებულებაში და ქსანში.
მათი უმრავლესობა დღეს არის გადაკეტილი და ვერანაირ გავლენას სხვა პატიმრებზე ვერ ახდენენ. ნაწილი გაშვებულია, თუმცა სხვა პატიმრების შურისძიების შიშით სახლიდან ვერ გამოდიან და იმალებიან. ეს ხალხი ადმინისტრაციის დავალებით, აუპატიურებდნენ და სცემდნენ სხვა პატიმრებს. თუმცა, არის თემები, რომელზეც საუბარი არ მინდოდა, რადგან პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის არ მინდოდა განმეახლებინა ტკივილი.
და რა არის ეს თემებია, რომელზეც არ გინდათ საუბარი?
- რადგანაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩერდება და მათთვის წესით, ყველაზე მტკივნეული თემა რაც უნდა ყოფილიყო, იმაზეც კი ბედავენ ლაპარაკს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ზოგიერთ დაწესებულებაში, ვიდეოჩამწერები თვით გრძელვადიანი პაემნების ოთახებში, სადაც ზოგიერთი პატიმრის მის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული. ასეთ ვიდეოკადრებს პატიმრებისა და მისი ოჯახის წევრების დასაშანტაჟებლად იყენებდნენ. „კანონიერი ქურდები“ და „მაყურებლის“ სისტემა იყო საბჭოთა პერიოდში, შევარდნაძის დროს და ეს იყო ნაციონალების დროსაც, ოღონდ იმ განსახვავებით, რომ ნაციონალების დროს, ამან მიიღო განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი.
სასტიკ ხასიათში რას გულისხმობთ?
- ნაციონალების დროს, მთლიანად მოხდა „მაყურებლების“ და ადმინისტრაციის შერწყმა - ისინი „მაყურებლის“ მეშვეობით მართავდნენ ციხეს. ე.წ. მაყურებლები პირდაპირ ასრულებდნენ ადმინისტრაციის დავალებას. ადმინისიტრაციის დავალებით აუპატიურებდნენ პატიმრებს, ადმინისტრაციის დავალებით სცემდნენ, აწამებდნენ, აიძულებდნენ შეეწყვიტათ შიმშილობა, გამოეტანათ სარჩელი სტრასბურგიდან, მიეღოთ მათთვის სასურველი ჩვენება და ა.შ. პირდაპირი გაგებით, ასახიჩრებდნენ ადამინებს. წამება ჩვეულებრივ მეთოდად იქცა საპატიმროში და ამ წამებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ადმინისტრაციის პატიმრები, ე.წ. მაყურებლები და ადმინისტრაცია.
კონკრეტულად თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ფაქტი, როდესაც ადმინისტრაციის დავალებით, ადმინისტრაციის პატიმრებმა, ან მაყურებლებმა აწამეს, ან მოკლეს პატიმარი?
- პოლკოვნიკ თეთრაძის მაგალითი არის ამის დადატურება. როდესაც ადმინისტრაციის დავალებით სასტიკად აწამეს პატიმრებმა და შემდეგ ამ ადამიანს გული გაუსკდა. ნაციონალებმა მოახერხეს ის, რომ ე.წ. მაყურებლები დანიშნეს ისეთ დაწესებულებაში, სადაც ტრადიციულად არასოდეს ყოფილა მაყურებელი. მაგ. „მატროსოვის ციხე“, არასოდეს ამ დაწესებულებაში „მაყურებელი“ არ ყოფილა, მაგრამ მათ დანიშნეს.
ვინ იყო ეს მაყურებელი?
- ეს არის ყოფილი პატიმარი ვახტანგ თიგიშვილი. როდესაც ის ლაპარაკობს მკვლელობებზე, შეგახსენებთ, რომ 8 წლის განმავლობაში ციხეებში გარდაცვლილია 794 ადამიანი. ყველა ამ საქმეზე საქმე აღძრულია, მაგრამ არც-ერთი პირი არაა პასუხისმგებაში მიცემული. ამ მკვლელობებს შორის, 36 არის თვითმკვლელობა, თუმცა აქედან ნაწილზე ძალიან სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ ისინი არიან მოკლულები და შემდეგ ჩამოკიდებულები. მარტო 2008 წელს, 8 თვითმკვლელობა მოხდა. ნაძალადევი სიკვდილის 50-მდე დადგენილი ფაქტი გვაქვს. 2011 წლის მარტში 21 ადამიანია გარდაცვლილი ციხეებში. მაშინ, როდესაც წელს 8 თვის განმავლობაში 15 ადამიანია გარდაცვლილი.
თუმცა მაშინ პატიმრების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო...
- გასაგებია, მაგრამ ერთ თვეში 21 პატიმარი ეს წარმოუდგენელია. დღეს, როდესაც 9 ათასამდე პატიმარია საპატიმროში 700-მდე სხვადასხვა ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გვყავს, მათ შორის 150 ადამიანი ეტლს არის მიჯაჭვული. მათი უმრავლესობა ციხეში გახდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. 70-მდე პატიმარს ეტლი ადმინისტრაციამ უყიდა. დანარჩენებმა მანამდე თავიანთი სახსრებით იყიდეს. სამინისტრო ვალდებული იყო, რომ ამ ადამიანებითვის ეტლი თავად შეეძინათ. სადაც შესაძლებელი იყო, რომ შეზღუდული შესაძლებლობის პირების განთავისუფლება მომხდარიყო პირობით ვადამდე, ან პრეზიდენტის შეწყალებით, მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ასეთი ადამიანები გაგვეშვა. ამის მიუხედავად, კიდევ ამდენი შეზღუდული შესაძლებლობის პირი არის ციხეში.
მეტსაც გეტყვით, 298 მსჯავრდებული გვყავს, რომლებსაც ცემის შედეგად დაუზიანდათ ხერხემალი, მათ გავუკეთეთ ოპერაცია. 38 მსჯავრდებულს ცემისა და წამების გამო სამუდამოდ დაუზიანდათ სმენა - ცემისგან ყურის აპკები აქვთ გაგლეჯილი. 55 მსჯავრდებულს ოპერაცია გავუკეთეთ ცხვირისა და სახის ძვლის მოტეხილობაზე, რაც ასევე ცემისა და წამების შედეგია. ძალიან ბევრი ადამიანი ისევ საოპერაციოა.
იყო შემთხვევა, როცა პატიმარი ორი კვირის განმავლობაში, ორივე ხელებით ჰყავდათ ჩამოკიდებული. ახლა, ამ ადამიანს ორივე ხელი დეფორმირებული აქვს.
დადგენილია ვინ აწამებდა ამ ადამიანს?
- ბუნებრივია, ამაზე მუშაობს პროკურატურა. მეორე ფაქტი გახლავთ ასეთი - გაუპატიურებისა და ცემის შედეგად მთლიანად განადგურებულია ადამიანის ჯანმრთელობა, მესამე ფაქტი - 10 თვის განმავლობაში, პატიმარი მიბმული ჰყავდათ ლოგინზე და ამ ფორმით აწამებდნენ. მას დღეს ლოგინის დანახვაზე გონება ეკარგება, ფსიქიკური პრობლემა აქვს. ასეთი ფაქტები არის უამრავი. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დაგვხვდა, ის იყო, რომ პატიმრების უდიდესი ნაწილი ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული.
როდესაც ამდენი ცემისა და წამების შედეგად ათასობით ადამიანი დაინვალიდდა, უკვე მათი შეჩერება შეუძლებელი ხდებოდა. აუტანელი ტკივილისგან შეიძლება ყველაფერზე წასულიყვნენ, ვერც „მაყურებლით“ მართავდნენ და ვერც სპეცნაზით. ამიტომ დაიწყეს უზარმაზარი დოზებით ფსიქოტროპული ნივთიერების მიცემა. ისეთ დოზებზეა ლაპარაკი, რომელიც მთლიანად ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას. ეს არის გამიზნული გენოციდი, როდესაც 24 ათასი პატიმარი გყავს ციხეში და მათი უმრავლესობა ფსიქოტროპული ნივთიერებაზეა დამოკიდებული. დღეს, თითოეული ამ ადამიანის განკურნება ურთულესი საქმეა და გაცილებით ძვირი გვიჯდება მათი მკურნალობა.
საშუალოდ ერთი პატიმრის მკურნალობა რა უჯდება სასჯელაღსრულების სამინისტოს?
- ამ პატიმრებს უტარდებათ სისხლის სრული გაფილტვრა, ამ პროცედურის ღირებულებაა 3 500 ლარი. ზოგჯერ ვახერხებთ, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ვახერხებთ. ეს არის ის პრობლემები რომელიც დაგვხვდა.
რაც შეეხება ბრალდებას - დღესაც იმართება თუ არა ციხე „მაყურებლებისგან“?
- არა. ციხეს მართავს ადმინისტრაცია, მაგრამ არიან „მაყურებლები“. რასაც ისინი აკეთებდნენ, ჩვენ იმას არ ვიმეორებთ. „კანონიერი ქურდი“ - ვინმე „წრიპა“ 6 თვეში ერთხელ ყველა ციხეში მიყავდათ და ადმინისტრაციის დავალებით ნიშნავდა „მაყურებელს“. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ასე რომ ვიქცეოდეთ, მაშინ არ იქნებოდა ის ხმაური, რომ ვიღაცა შიმშილობს, ვიღაცა ითხოვს უფრო მეტ სამედიცინო დახმარებას. „მაყურებელი“ და ადმინსტრაცია ციხეს, რომ შეხმატკბილებულად მართავდნენ, ვერც ერთი პატიმარი ვერ გაბედავდა იმაზე ლაპარაკს, რომ მას „მაყურებელი“ ავიწროებს.
აკაკი მინაშვილის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ქსნის ციხეში სხვადასხვა ქვეჯგუფი არსებობს, საერთო რეჟიმს, კარცერს, სასადილოს, სამედიცინო ნაწილს - ყველას თავის მაყურებელი ჰყავს...
- ის ამბობს, რომ ქსნის მე-15 დაწესებულებაში არის კარცერის მაყურებელიო, - კარცერი არაა და მაყურებელი როგორ ეყოლება? ახლა ვაშენებთ კარცერს. დასახელებულია ასევე ამავე დაწესებულების, ვითომ „მაყურებელი“ ზაქრო ჯანგულაშვილი - მსგავსი პატიმარი არ არსებობს და არც არასოდეს ყოფილა საპატიმროში. გეგუთის დაწესებულების „მაყურებელი“ ლაშა კვანტალიანი, სასჯელს იხდის თბილისში და არა გეგუთში. დაასახელეს ასევე კირილე ფხაკაძე - რუსთავის მე-17 დაწესებულების „მაყურებელი“, თუმცა მსგავსი „მაყურებელი“ არ არსებობს. არც რუსთავის მე-6 დაწესებულებაშია „მაყურებელი“ ვინმე „ჟინვალა“. დღეს საერთოდ არ არსებობს საერთო რეჟიმი, თვითონ გააუქმეს, მინაშვილი მაშინაც იყო პარლამენტის წევრი და ეს უნდა იცოდეს.
მათგან განსხვავებით ჩვენ არ ვამბობთ, რომ „მაყურებლები“ არ არიან. განსხვავება ისაა, რომ „მაყურებლები“ მათ ჰყავდათ, ხოლო ჩვენ არ გვყავს.
მინისტრად დანიშვნიდან 2 კვირაში დავდეთ დასკვნა ქსნის მე-15 დაწესებულებასთან დაკავშირებით. 5 თანამშრომელი, მათ შორის სოციალური განყოფილების უფროსი მამუკა შალამბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორი გერა შეროზია, უფროსი ინსპექტორი ლაშა ბედოიძე, სამართლებლივი განყოფილების უფროსი ინსპექტორი იოსებ მარიამიძე და სამართლებრივი განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი ბადრი ოქროპირიძე გავანთავისუფლეთ თანამდებობიდან იმის გამო, რომ ისინი თანამშრომლობდნენ ე.წ. მაყურებლებთან. ბადრი ოქროპირიძე თავის ახსნა-განმარტებაში წერს, რომ 2011 წლის 10 სექტემბერს დაიწყო მუშაობა ქსანში, სადაც მას დახვდა ასეთი სიტუაცია, რომ ზონაზე იმყოფებოდნენ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც პერიოდულად იცვლებოდნენ.
ვინ იყვნენ ეს მაყურებლები?
- ესენი იყვნენ - გურამ ახალაია, ვიტალი როგავა და ზაზა აიანადიმი მეტსახელდ „წრიპა“. ის განმარტავს, რომ მე კი დამხვდნენ ე.წ. მაყურებლები, მაგრამ მე არავითარი კავშირი არ მქონია მათთანო.
რატომ დასჭირდა მას ამის განმარტება?
- იმიტომ, რომ პატიმრებმა მოგვცეს ჩვენება, რომ ეს ადამიანი არა მხოლოდ მეგობრობდა ამ „მაყურებლებთან“, არამედ აფრთხილებდა მათ მოსალოდენელი ჩხრეკის შესახებ, რომ ე.წ. ობშიაკი გადაემალა. „ობშიაკებში“ იგულისხმებოდა სატელეფონო ბარათები და სიგარეტები.
დანიშვნიდან 2 კვირაში 5 ადამიანი გავანთავისუფლე ე.წ. მაყურებლებთან თანამშრომლობისა და მათთან მეგობრობის გამო. იცით, ეს როგორი ორი კვირა იყო? დაიწყო არეულობა, ჯერ რუსთავის მე-16 დაწესებულებაში, შემდეგ ქსანში. ის რაც მოხდა მე-16 დაწესებულებაში, ეს იყო „მაყურებლების“ მიერ ორგანიზებული, რომლებსაც არ უნდოდათ შეგუებოდნენ იმ ახალ რეჟიმს, რომლის დამყარებას ჩვენ ვიწყებთ.
თქვენ შეგიძლიათ კითხოთ მერაბ რატიშვილს, რომელიც სასჯელს იხდიდა ყველაზე მკაცრი რეჟიმის, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, არაყი გამოხადა. დაწესებულებაში, სადაც ერთ ბარაკში 300 ადამიანს სძინავს და ერთ ტერიტორიაზე 2 000 კაცი სეირნობს, იმის თქმა, რომ პატიმრები, თუნდაც, საქმის გარჩევას ვერ მოახრეხებენ, ეს წარმოუდგენელია. პერიოდულად ვატარებთ ჩხრეკას, დიდი რაოდენობით აკრძალული ნივთების ამოღება ხდება, მათ შორის ტელეფონების. ეს არის რეალობა, რომელიც დასრულდება მაშინ, როდესაც დამთავრდება ინფრასტრუქტურული პროექტები.
რაც შეეხება ტარიელ ფოცხვერიას რა გავლენა აქვს მას? ადვოკატები, რომლებიც ყოველდღიურად შედიოდნენ ციხეში ამბობდნენ, რომ შევარნაძის დროს ვერ მართავდნენ „კანონიერი ქურდები“ ციხეს ისე, როგორც ეს ახალაიას და შემდეგ უკვე შაშკინი-კალმახელიძეს დროს ხდებოდა...
- ნამდვილად ასე იყო. მათი გავლენა მინიმუმადე შემცირდა და ეს არის ფაქტი. პროკურატურის საქმეში არ ჩავერევი, მაგრამ გეტყვით, რომ ფოცხვერიას რაზეც აქვს ბრალი წაყენებული ეს არის -„სხვა მსჯავრდებულებზე გავლენის მცდელობის გავრცელება“. ტარიელ ფოცხვერია შეკრებითობის გაუქმებით ციხიდან გაანთავისუფლა უზენაესმა სასამართლომ. ახალმა ხელისუფლებამ კი ეს ადამიანი დააკავა. ამ ფონზე მინაშვილის განცხადებები ძალიან სასაცილოა.
გავლენებს რაც შეეხება, დეპარტამენტის უფროსი დავით ჭაკუა და მისი მოადგილე გაგა მკურნალიძე ნიშნავდნენ „მაყურებლებს“ და თანამშრომლობდნენ მათთან, დღეს ეს არ ხდება. იმის გამორიცხვა, რომ რომელიმე თანამშრომელი არ შედის მათთან კონტაქტზე, ცხადია არ შეიძლება. ციხეებში, აბსოლუტური უმრავლესობა, ჯერ კიდევ ძველი თანამშრომლები არიან. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე 60 ადამიანი გვყავს სამსახურიდან განთავისუფლებული.
როგორც ამბობთ 700-ზე მეტი „მაყურებელი“ დაგხვდათ, რომლებიც დანიშნული იყო ადმინისტრაციის მიერ. შეძელით მათი გავლენის ბოლომდე განეიტრალება?
- მათი ნაწილი ჩაკეტილია დაწესებულებაში, საიდანაც მათ არ შეუძლიათ სხვა პატიმრებზე გავლენის მოხდენა. მთლიანობაში ამ სისტემის აღმოფხვრას სჭირდება დრო, ინფრასტურქტურის გაუმჯობესება და საკანონმდებლო ცვლილება. იცით, რომ პატიმრებს ემსახურებიან ე.წ. სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრები, მათ არ აქვთ ხელფასი, ისინი ამას თანხმდებიან შემდეგი პრივილეგიების გამო: პირველი - თუ პირობით ვადამდე განთავისუფლება იქნება, იქნებ, მათ რამე შეღავათი შეეხოთ, მეორე - პატიმრები ამ მომსახურების საფასურს უხდიან სიგარეტისა და ტელეფონის სახით. ჩვენ შეგვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომ სამეურნეო ნაწილში მყოფ პატიმრებს მივცეთ ხელფასი.
დაახლოებით რამდენი იქნება მათი ხელფასი?
- დაახლოებით 200-250 ლარი. ეს ცვლილება გაგზავნილი გვაქვს პარლამენტში. სატელეფონო ბარათები საერთოდ უნდა გაუქმდეს და ტელეფონით სარგებლობის ახალი სისტემა უნდა დაიწყოს.
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას რაც შეეხება, ამაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და აქვე ყურადღება გაამახვილა ახალი მშენებლობის დაწყებაზე. იგეგმება ახალი ციხის მშენებლობა?
- ახალიც შენდება და არსებულიც გაუმჯობესდება. სასჯელაღსრულების სისტემაში არ იყო ფსიქიატრიული საავადმყოფო, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს. წლის ბოლოს გაიხსნება ფსიქიატრიული საავადმყოფო. გურიაში, ლაითურში შენდება ახალი ციხე, რომელიც დაწყებული ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და 4 300 კაცზე იყო გათვლილი. ამდენი ახალი პატიმრის საჭიროება საქართველოში ნამდვილად არაა, 600 კაცამდე შევამცირეთ. ეს იქნება მკაცრი რეჟიმის ციხე, სადაც განთავსდებიან განსაკუთრებით საშიში პატიმრები, აქ იქნება მკაცრი რეგულაციები. ვაკეთებთ ასევე ახალი ტიპის დაწესებულებას, სრულიად საპირისპიროს. ამ დაწესებულებაში იქნება პროფტექნიკური სასწავლებელი, ჩვეულებრივი სკოლა, იქნება სამუშაო ადგილი.
სხვათაშორის, როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, გადაღებული გვაქვს ციხის ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში „მაყურებლის“ ოთახი - მაცივარი, კონდენციონერი, ხალიჩები, მოსამსახურე ადამიანი, კარი, რომელიც მხოლოდ შიგნიდან იკეტებოდა, მაცივარი, რომელიც გამოტენილი იყო, მათ შორის - ტროპიკული ხილით. გაოგნებული ვიყავი, ეს ხდებოდა იმ დაწესებულებაში, რომელსაც ყველაზე სისხლიანი დირექტორი ალეკო მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“ მართავდა. ამ ყველაფრის მერე ნაციონალები ბედავენ და ციხეებზე ლაპარაკობენ.
გასაგებია, რომ მძიმე მემკვიდრეობა დაგხვდათ, მაგრამ დღეს რაც ხდება - გახშირებული შიმშილობა, პირის ამოკერვა, სკამზე ხელების მიჭედვა და ა.შ. ეს ვისი გავლენით ხდება?
- ზოგ შემთხევევაში - „მაყურებლის“. ზოგჯერ აქვთ მოთხოვნები და ხშირად, სამართლიანი. ზოგ მსჯავრდებულს მიაჩნია, რომ უდანაშაულოდ ზის და ითხოვს მისი საქმის გადახედვას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ უძლურები ვართ. იყო შემთხვევები როდესაც არასრულწლოვანმა პატიმრებმა თვითდაზიანება მიიყენს იმისთვის, რომ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგვეყვანა, რათა ერთ-ერთ ავტორიტეტთან შემდგარიყო მათი შეხვედრა. ცხადია, არ გადავიყვანეთ. თუმცა, რამდენჯერმე მიიყენეს თვითდაზიანება და ძლივს მოვახერხეთ მათი გადარჩენა. თუ კიდევ მოხდება ასეთი ფაქტი, შეიძლება ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შევძლოთ.
რაც შეეხება ყოფილ მაღალჩინოსნებს და პირობებს, რითი განსხვავდება მათი და სხვა პატიმრების საკნები?
- არაფრით, გარდა იმისა, რომ მარტო არიან საკანში. მადლობის წერილებიც გვაქვს მიღებული ყოფილი შს მინისტრისგან. ვანო მერაბიშვილი მადლობას უხდის ადმინისტრაციას, სოციალურ სამსახურს და სამედიცინო პერსონალს გაწეული გულისხმიერებისათვის.