თურქეთმა აშშ-ს უკრაინისთვის რუსული ეს-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნაზე უარი უთხრა. 2017 წელს, მას შემდეგ, რაც აშშ-სგან საჰაერო თავდაცვის სისტემის მოპოვების ხანგრძლივი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თურქეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსეთთან უახლესი „S-400“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძენად.
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტო კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ, რაზეც ვაშინგტონმა ასევე უარი მიიღო, რადგანაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვა იქნებოდა.
როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები სთავაზობდა თურქეთს, რუსეთისგან შეძენილ სარაკეტო სისტემაზე კონტროლი გადაეცა აშშ-სთვის ან სხვა ქვეყნისთვის, მაგალითად, უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გვთხოვა „S-400“-ების გაგზავნა უკრაინაში და ჩვენ უარი ვუთხარით. ეს წინადადება თურქეთისთვის მიუღებელია, რადგან თურქეთის სუვერენიტეტის ხელყოფას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
გარდა იმისა, რომ თურქეთმა შეერთებელი შტატების მოთხოვნა არ გაიზიარა და ღიად დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში, თურქეთში სულ უფრო მატულობს ანტიამერიკული განცხადებები. შს მინისტრი აცხადებს, რომ თურქეთში მედია დასავლეთზე იყო ორიენტირებული, თუ ამერიკის ელჩები რაიმეს იტყოდნენ, მთავარი თემა ხდებოდა, ახლა კი, აშშ-ის პრეზიდენტის ნათქვამს თურქეთი ყურადღებას არ აქცევს. როგორც სულეიმან სოილუმ განაცხადა. თურქეთში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად აღმასრულებელ ხელისუფლებაშია და პროდასავლურია. თურქეთის ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ქვეყნის საზღვრებთან ტერორისტული სახელმწიფოს შექმნის საფრთხეზეც გაამახვილა.
„მე ვიყავი ჰატაიში, ვაჩვენეთ, რა მნიშვნელოვანი იყო ჰატაი მიწისძვრის დროს. რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ახლა ამ რეგიონში ტერორისტული სახელმწიფოს არსებობა? აქ რომ აშშ-ის მიმართ ნდობა გვქონოდა, ავღანეთივით გავხდებოდით. ისინი ცდილობენ, თურქეთი იმავე პარადოქსში ჩააყენონ - ერთი ტიპის კულტურა, ერთი ტიპის სახელმწიფო“, - აღნიშნა სულეიმან სოილუმ.
თურქი ძალოვანი ერთ-ერთია, რომელიც ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევა. სოილუ აშშ-ს თურქეთის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მცდელობაში სდებს ბრალს და აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართავს, შორს ჰქონდეს ხელები თურქეთისგან. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ყველა ელჩი თურქეთში ჩამოსვლისას ჩქარობს, გაარკვიოს, როგორ არის შესაძლებელი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.
„მივმართავ აშშ-ის ელჩს! მე ვიცი, რომელ ჟურნალისტებს აწერინებთ სტატიებს, ხელები შორს გქონდეთ თურქეთისგან. მკაფიოდ ვიცი, რა ჩაიდინეთ, რა ნაბიჯები გადადგით, როგორ გინდათ, შეარყიოთ თურქეთი“, - განაცხადა თურქმა მინისტრმა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აღნიშნეს, რომ სიცრუეს წარმოადგენს ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ-ის მთავრობას კავშირი აქვს თურქეთის დესტაბილიზაციის ძალისხმევასთან ან მხარს უჭერს ამას. უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთი არის ნატო-ს ღირებული მოკავშირე და აშშ-ის პარტნიორი უსაფრთხოების სფეროში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი აშშ-ის მოქალაქეების უსაფრთხოება ვაშინგტონისთვის პრიორიტული საკითხია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, თურქეთ-ამერიკის დაპირისპირებამ შეიძლება იმ შემთხვევაში იქონიოს გავლენა არჩევნებზე, თუკი იმდენად ძლიერი გავლენა აქვს თვითონ ამერიკას თუქრულ მოსახლეობაში. თუმცა, მისი შეფასებით, ასეთი სიძლიერის გავლენა აშშ-ს არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვანაირი იქნება თურქეთის რიტორიკა.
„რაც შეეხება ამერიკას, მას პრობლემები მხოლოდ თურქეთთან არ აქვს. ანალოგიური პრობლემები თითქმის ოფიციალურად აქვს ჩინეთთან, გაცხადებულია მისი დაპირისპირება ჩინეთთან და ჩინური თემიდან პრობლემები გაუჩნდა ევროპასთან. ევროპამ შეამცირა დისტანცია ჩინეთთან და გარკვეული ნაბიჯები გადადგა მისკენ, რომელზეც ამერიკამ მძაფრი რეაგირება გამოავლინა. შესაბამისად, ევროპელები ალაპარაკდნენ იმაზე, რომ პარტნიორობა არ ნიშნავს სუვერენიტეტის დათმობას, რაც აბსოლუტურად სწორია“, - აცხადებს პოლიტოლოგი.
როგორც რამაზ საყვარელიძე აცხადებს, ერთნაირი შეცდომები მოსდის ამერიკას ამ სხვადასხვა მიამრთულებით, მათ შორის საქართველოს მიმართულებითაც. მისი თქმით, ერთნაირი შეცდომები გამოიხატება იმაში, რომ ცოტა დაუდევარი ხდება ამერიკა.
„მხოლოდ თავისი სურვილების და პრეტენზიების შესრულებას ითხოვს და ნაკლებად უწევს ანაგარიშს პარტნიორების ინტერესებს. ვიმეორებ, ეს ვლინდება გეოპოლიტიკური მიმართულების ბევრ ვექტორზე ისე, რომ ჩვენი მხრიდან გაჩენილი პრეტენზია გამონაკლისი არ არის. ეს კანონზომიერების გამოვლენაა მხოლოდ და მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ამერიკულ ელიტაში არის კრიზისი, რაზეც დიდი ხანია არის ლაპარაკი, რომ ამერიკამ ვერ მოახერხა ყოფილიყო მსოფლიოს ბატონ-პატრონი. მან საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე დაიწყო ლაპარაკი მონოპოლარულ, ერთპოლუსიან მსოფლიოზე, სადაც ეს ერთი პოლუსი არის ამერიკა.
დღეისთვის დარჩა შთაბეჭდილება, რომ უალტერნატივო ლიდერობის როლი ამერიკამ წარმატებით ვერ შეასრულა. ჩათვალა, რახან ლიდერია, ყველაფერის გაკეთება შეუძლია და უკან არაფერზე არ უნდა დაიხიოს. ასეთმა გადაჭარბებამ საკუთარი თავის შეფასებაში ცუდი სამსახური გაუწია ამერიკას, დააკარგვინა ელასტიურობა და პრინციპში, ალბათ, ამერიკას მოუწევს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავისი მოქმედებების სტრატეგიების გადახედვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თვლის, რომ აშშ კარგავს იმ საერთაშორისო ჟანდარმის პოზიციას, რომელსაც ხელეწიფება ნებისმიერი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა. ეს ქვეყნები ნელ-ნელა თავისუფლდებიან აი, ამ მართლაც რომ კოლონიალური და ვასალური დამოკიდებულებისაგან.
„არა მხოლოდ თურქთ-ამერიკას შორის არის ურთიერთობები შეცვლილი. თქვენ გაიხსენეთ რა ბრძანა საფრანგეთის პრეზიდენტმა, მათ შორის ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და რა პარალელები გაავლო იმ საპარტნიერო ურთიერთობებსა და კოლონიალურ, ვასალურ ურთიერთობებს შორის და შეახსენა აშშ-ს რომ პარტნიორობა და ვასალი არის ურთიერთსაწინააღმდეგო ცნება. ამას წინათ ისრაელმაც გამოთქვა ძალიან მკაცრი შეფასება იმ არასაპარტნიორო ვექტორის გამო, რომელსაც ახორცილებს აშშ თავისი კონტროლირებადი ენჯეო სექტორის ხელით ისრაელის საშიანო პოლიტიკაში.
როდესაც ვკითხულობდი შს მინისტრის განცხადებას, აი სიტყვა თურქეთი, რომ ამოგვეგდო, აბსოლუტური შეგრძნება მქონდა, რომ ჩვენი საზოგადოება „ხალხის ძალის“ ახალ განცხადებას კითხულობდა. თურქმა ძალოვანმა მინისტრმა ბრძანა, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან თურქეთში მედია საშუალებების უდიდესი ნაწილი პირდაპირ არის ორიენტირებული ამერიკაზე და აშუქებს მხოლოდ იმ ნიუსებს და იმ ფატქებს, რომელიც სანქცირებულია და ნებადართულია აშშ-ის საელჩოდან. მაგრამ თურქეთი აღარ აპირებს ამ წესებით თამაშს და აშშ-ის ამ პოლიტიკას წერტილი უნდა დაესვას“, - აცხადებს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსის შეფასებით, აშშ და მისი ამჟამინდელი ადმინისტრაცია გრძნობს, რომ მმართველობის, საერთაშორისო ჟანდარმერიის მოდელი, რომელსაც ის წლების განმავლობაში წარმატებულად ახორციელებდა, უახლოეს მომავალში დასრულდება. დავით ქართველიშვილი იმედოვნებს, რომ 2024 წელს, როდესაც ევროპარლამენტში შედგება ახალი არჩევნები, როდესაც აშშ ახალ პრეზიდენტს და ახალ ადმინისტრაციას აირჩევს, ძირფესვიანად შეცვლება ურთიერთობა პარტნიორებს შორის.
„თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ დაუშვებს აშშ-ის უხეშ ჩარევას საკუთარ საშინაო პოლიტიკაში, რომელიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს პოლიტიკა დღეს არა მხოლოდ თურქეთში და საქართველოშია, არამედ უკვე ევროკავშირისთვისაც გახდა ძალიან პრინციპიალური და ნიშანდობლივი. გრძნობს აშშ და მისი ამჟამინდელი ადმინისტრაცია, რომ მმართველობის საერთაშორისო ჟანდარმერიის მოდელი, რომელსაც ის წლების განმავლობაში წარმატებულად ახორციელებდა, უახლოეს მომავალში ბოლო მოეღება.
ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 2024 წელს, როდესაც ევროპარლამენტში შედგება ახალი არჩევნები, როდესაც აშში ახალ პრეზიდენტს და ახალ ადმინისტრაციას აირჩევს, რაღაცა ძირფესვიანად შეცვლება და მსოფლიო ნაწილობრივ ამოისუნთქავს იმ გაუკღმართებული პოლიტიკისაგან, რომელიც აღმერთებს უმცირესობების უფლებებს და არაფრად არ აგდებს, ამა თუ იმ ქვეყნის უმრავლესობების ფუნდამენატურ საკონსტიტუციო უფლებებს. დაიშლება ნატო, დაიშლება ევროკაშვილი, გამოვა თურქეთი ნატოდან თუ არა, ეს თურქი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა უნდა ვაშენოთ და დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი ყოველგავრი კლიშეების გარეშე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.