რეჯეპ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა შეიძლება დასრულდეს. 14 მაისს თურქეთში ისტორიული არჩევნები ჩატარდება. ერდოღანის მოღვაწეობა აღინიშნა იმით, რომ პერიოდულად რუსეთსა და დასავლეთს უპირისპირდებოდა და შემდეგ ორივეს ურიგდებოდა, სირიელი ლტოლვილებით აავსო თურქეთი, ყარაბაღის დაბრუნებაში დაეხმარა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს, ერდოღანის მმართველობას მოჰყვა ჰესების ბუმი თურქეთში, ისტორიული ტაოს ძეგლების ჩაძირვა, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება, რომელსაც ათათურქმაც კი მუსლიმანური ღვთისმსახურება ვერ შეკადრა და ეს ქრისტიანული ტაძარი მუზეუმად გადააკეთა, ასევე, ერდოღანის პერიოდს დაემთხვა თურქეთის დიდი მიწისძვრა.
ერდოღანი გამუდმებით დასავლეთიდან მოწყობილი გადატრიალების მცდელობაზე საუბრობდა, ებრძოდა თავისი ოპონენტის - ფეთჰულა გიულენის მომხრეებს, ახლაც საკუთარ ოპონენტებს პრო-ლგბტ ოპოზიციის ტიტულით ამკობს და ოჯახის სიწმინდეზე საუბრობს.
ერდოღანის ძლიერი კონკურენტი ქემალ ქილიჩდაროღლუ, რომელიც ოპოზიციამ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა, ერთ დროს ქემალ ათათურქის მიერ დაარსებული „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი იყო. ქილიჩდაროღლუს მხარს უჭერენ პროქურთული ძალები, რომელთა ხმებიც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ერდოღანის დასამარცხებლად. ოპოზიციის კანდიდატი ქილიჩდაროღლუ პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მოხსნის ქურთულ ენასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და არ დაუშვებს ქურთების სტიგმატიზებას, რაც ერდოღანის დროს ხდებოდა.
წლების წინ ერდოღანის ბრძანებით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, სახელწოდებით, „მშვიდობის გაზაფხული“ და თურქულმა არმიამ, არტილერიამ და ავიაციამ ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს შეუტია.
„ევროკავშირო, გამოფხიზლდი“, - ამ სიტყვებით დაემუქრა ერდოღანი ევროპას და 3,6 მილიონი მიგრანტისთვის ევროპაში შესასვლელი კარის გაღება დააანონსა, რადგან ევროკავშირმა ერდოღანის ქმედება სირიაში შეჭრად შეაფასა.
რაც შეეხება საქართველოს, ნეოოსმანისტი ერდოღანი ირწმუნებოდა, რომ წარმოშობით ქართველი იყო, მისი ოჯახი ბათუმიდან რიზეში იყო გადასული საცხოვრებლად. თუმცა მოგვიანებით თურქულ არხთან საუბრისას ერდოღანმა ქართული წარმომავლობა უარყო, „მე ქართველად მომიხსენიებდნენ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უარესსაც მიწოდებდნენ, ისინი მე სომეხს მეძახდნენ, თუმცა მე თურქი ვარ“. როცა სჭირდებოდა, ერდოღანი თავს ქართველად მოიხსენიებდა, ტრაპზონში ყოფნისას ლაზებს ლაზურადაც მიმართავდა, უფრო მეტიც, ნამდვილად დასტურდება, რომ ერდოღანს ლაზი ბებია ჰყავდა.
დღემდე ბჭობენ, შემთხვევითი იყო თუ არა რიზეს უნივერსიტეტში ერდოღანის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომ „ზოგიერთი ისტორიკოსის მოსაზრებით, 1920 წელს თურქეთის საზღვრების შესახებ მიღებული პაქტი მოიცავდა კვიპროსს, ალეპოს, მოსულს, ბათუმს, სალონიკს და სხვა ტერიტორიებს“, ნიშნავდა თუ არა ეს „ისტორიული თურქული მიწების“ დაბრუნების სურვილს ერდოღანის მხრიდან.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბევრი კითხვის ნიშანია, მთავრდება თუ არა ერდოღანის ეპოქა 14 მაისს.
„რამდენიმე დღის წინ ერდოღანი ინტერვიუს დროს ცუდად გახდა, დასავლელი ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ ერდოღანმა ინსულტი გადაიტანა, თუმცა იმის მერე გაჩნდა ინფორმაცია, მუცელი ატკივდა, ფაღარათი დაემართაო, ეს ზღაპარია. ფაღარათით ისტორიაში მარტო ერთი კაცი - შაჰ აბასი მოკვდა. ერდოღანი 70 წლისაა, ის არ არის პატარა ბიჭუნა, მაგრამ ერდოღანს კიდევ უნდა ერთი ვადით პრეზიდენტობა, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. წარმატებებიც ბევრი აქვს, ახლა უკვე დამთავრდა აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, რუსეთმა რომ აუშენა თურქეთს, გაისად თურქეთში ელექტროენერგია ორჯერ გაიაფდება. ერდოღანმა ბევრ რამეს მიაღწია, 10-15%-ით უგებს ქილიჩდაროღლუს. ცნობილია, რომ არჩევნების მეორე ტური იქნება. პირველ ტურში ქურთები არ ღებულობენ მონაწილეობას, აქ 15 მილიონ ქურთზეა საუბარი. ექსპერტები წერენ, რომ თუ ექვსი პარტიიდან შემდგარმა ოპოზიციამ შეძლო ქურთების გადაბირება არჩევნებისთვის, მაშინ ერდოღანი დამარცხებულია. თურქეთში ექვსი პარტია რომ გაერთიანდა, იქ არიან „რესპუბლიკები“, ჯერ კიდევ ათათურქის მიერ დაარსებული პარტია და, ამავე დროს, არიან ისლამისტები. ქილიჩდაროღლუმ ისლამისტებთანაც კი საერთო ენის გამონახვა შეძლო. ეს ის შემთხვევაა, ეშმაკს გავურიგდები, ოღონდ მთავარი მტერი დავამარცხოო“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
პოლიტოლოგის განმარტებით, ქილიჩდაროღლუ პროამერიკელია, ის საგარეო აგრესიული კურსის წინააღმდეგია. პრინციპულად მოითხოვს, თურქეთი მხოლოდ თავისი საშინაო პრობლემებით დაკავდეს. სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ქილიჩდაროღლუს გამარჯვება უფრო აწყობს, რადგან ერდოღანი პანთურქისტია, ერდოღანი ისე იქცევა, რომ მალე შეიძლება ნატოდანაც გააგდონ.
„ერდოღანი ახლაც პირდაპირ აცხადებს, ამერიკელებს უნდათ ჩემი დამარცხებაო. დღესაც ამბობს, ბათუმი ჩვენი ქალაქიაო. მე თვითონ ვუსმენდი, ბათუმში ერდოღანი იყო ჩამოსული და სიტყვით საჯარო გამოსვლისას პირდაპირ თქვა, „მე მახსოვს, ბებიაჩემი მიყვებოდა, როგორ ენატრებოდა თავისი ქალაქი ბათუმი, ასე მეუბნებოდა, ეს თეთრი ქალაქიაო“, - ასეთნაირად იხსენებს სოსო ცინცაძე ბათუმში ერდოღანის ვიზიტს.
მისივე მოსაზრებით, თურქეთში არჩევნების გაყალბება ვერ მოხდება. ერდოღანს შეუძლია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ისე, რომ ბრალს ვერავინ დასდებს, მაგრამ ვინაიდან ნატოს წევრია თურქეთი, თურქეთის არჩევნების შედეგები ნატომ უნდა აღიაროს. თუკი ნატომ თქვა, ეს არჩევნები უკანონო იყოო, მაშინ ერდოღანი ან უნდა გავიდეს ნატოდან, ან უნდა გადადგეს, ამიტომ ერდოღანი ამ მხრივ შეზღუდულია, ვერ გააყალბებს არჩევნებს.
ხოა თურმე ორი რუსეთი.................ვითომ .დემოკრატიული და მეორე რეაქციული
ასევე ხო ყოფილა თურმე ორი ამერიკა...დემოკრატიული, შაქარი და მურაბა და მეორე კიდევ ომის ჩათლახი პარტია?
ჰოოოდა ასე არის და ასე იქნება ორი თურქეთიც .........................ყველას მარტო დასაქინძად ვუნდივართ, დასაქინძად.
..ეგააა და ეგ ....არავინ არააა ჩვენი მეგობარი, არავინ
მაგრამ........................... ყველა იქით დაიქინძება,თუ არადა ნახავთ......