Guardian-მა სნოუდენის ფაილები New York Times-ს გაუზიარა

Guardian-მა სნოუდენის ფაილები New York Times-ს გაუზიარა

Guardian-მა ედუარდ სნოუდენის მასალების ნაწილი ამერიკულ გაზეთს გადასცა, რადგან გამოცემა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან „ინტენსიური ზეწოლის“ ქვეშაა.

ბრიტანულმა Guardian-მა New York Times-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რითაც ამერიკული გაზეთისათვის ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება. ეს დოკუმენტები ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) ყოფილმა თანამშრომელმა ედუარდ სნოუდენმა გაასაჯაროვა.

ასეთი გადაწყვეტილება Guardian-მა მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოცემისგან მისთვის იმ ინფორმაციის გადაცემა მოითხოვა, რომელიც სამთავრობო კავშირგაბმულობის სამმართველოზე (GCHQ) არსებობს.

„გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ინტენსიური ზეწოლის პირობებში, Guardian-მა საქმეში ამერიკელი პარტნიორის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, ედუარდ სნოუდენის მიერ მოწოდებული GCHQ-ს მასალებზე ერთობლივი მუშაობის მიზნით. ჩვენ ვთანამშრომლობთ New York Times-თან და სხვა გამოცემებთან, რათა განვაგრძოთ თქვენი ინფორმირება მოვლენების განვითარების შესახებ“, ნათქვამია Guardian-ის განცხადებაში.

ამერიკაში ჟურნალისტებს პირველი შესწორება იცავს, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებისათვის სიტყვის თავისუფლების გარანტია, ხოლო პრაქტიკის დონეზე სახელმწიფოს ნებისმიერი ტიპის მასალის გამოქვეყნებაში ხელის შეშლას უკრძალავს, უფრო ზუსტად „წინასწარი აკრძალვის“ შემოღებას.

სავარაუდოდ, New York Times-თან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მასობრივ თვალთვალზე მონაცემების გასაჯაროვების გაგრძელებას და ხელს შეუშლის ბრიტანულ მთავრობას ხელში ჩაიგდოს სნოუდენის მასალები. თავად სნოუდენმა კარგად იცის გამოცემებს შორის არსებული შეთანხმების შესახებ.

ასეთი თანამშრომლობა გამოცემებს შორის პირველი არ არის. 2010 წელს Guardian, New York Times და Der Spiegel შეთანხმდნენ Wikileaks-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე, რომელიც ამერიკის დიპლომატიურ სამსახურებს და შეიარაღებულ ძალებს ეხებოდა.

ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებულ მასობრივ თვალთვალზე სკანდალი ივნისის დასაწყისში დაიწყო, როდესაც Guardian-მა გამოაქვეყნა იმის დამადასტურებელი მასალები, რომ NSA მილიონობით ამერიკელის სატალეფონო საუბარს უსმენდა.

მას შემდეგ, Guardian-მა მოასწრო მონაცემების გამოქვეყნება Facebook-ის, Google-ის და Microsoft-ის მომხმარებლებზე თვალთვალის შესახებ, ასევე მასალები იმის შესახებ, თუ როგორ აკვირდებოდა GCHQ უცხოელ პოლიტიკოსებს ლონდონში „დიდი ოცეულის“ სამიტზე, ასევე საიდუმლო ოპერაციაზე კოდური სახელწოდებით Tempora, რომლის დროსაც შეგროვილ იქნა უზარმაზარი მოცულობის მონაცემები ტრანსატლანტიკური ბოჭკოვანი კაბელების შესახებ. ოპერაციის მიზანი, GCHQ-ის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, „ინტერნეტის მართვაა“.

foreignpress.ge