ცენტრალურ აზიას რუსეთ-უკრაინის „სავაჭრო ომში“ ითრევენ

ცენტრალურ აზიას რუსეთ-უკრაინის „სავაჭრო ომში“ ითრევენ

ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს რუსეთ-უკრაინის სავაჭრო კონფლიქტში ითრევენ. კონფლიქტი თითქოს იმან გამოიწვია, რომ რუსეთი უკრაინული შოკოლადის ხარისხზე ღელავს. სინამდვილეში კი, ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, რუსეთის რეალური მიზანი კრემლის პროექტის – საბაჟო კავშირის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდაა.

ივლისის ბოლოს, რუსეთმა უკრაინის ეკონომიკას უკბინა, აკრძალა რა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინელი მწარმოებლის საკონდიტრო პროდუქციის შეტანა. ამ კვირაში, მოსკოვმა კიდევ უფრო ღრმად მოუჭირა კბილები კიევს, როდესაც საზღვარზე უკრაინული საქონლის გატარება შეაჩერა. ეს ნაბიჯები, რომელსაც ზოგიერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა უკვე უწოდა პირველი გასროლა „სავაჭრო ომში“, მაშინ გადაიდგა, როდესაც სულ რაღაც რამდენიმე თვეა დარჩენილი ევროკავშირთან კიევის სავაჭრო ურთიერთობების სერიოზულ განმტკიცებამდე. ეს ფაქტი რუსეთისთვის არსებითი დიპლომატიური მარცხი იქნება, რადგან მოსკოვი ცდილობს, უკრაინა საკუთარ სავაჭრო ბლოკში „საბაჟო კავშირში“ შეიყვანოს. დღეს, ამ „საბაჟო კავშირის“ წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი.

29 ივლისს, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში მოქმედმა ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსპოტრებნადზორმა“, კიევის საკონდიტრო კომპანიის „როშენის“ შოკოლადის და სხვა პროდუქციის ექსპორტი აკრძალა. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ „როშენის“ ქარხნის რძიან შოკოლადში აღმოაჩინეს ბენზოპირენი, რაც კანცეროგენია, ასევე ილაპარაკა იმაზეც, რომ ამ საკონდიტრო პროდუქტს „გემოსთან და სუნთან“ დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.

კომპანიამ ეს ფაქტი გააპროტესტა და „როსპოტრებნადზორს“ მოსთხოვა დოკუმენტები, რომელშიც კონკრეტული დარღვევები იქნება ჩამოთვლილი. 16 აგვისტოსთვის, კომპანიის თქმით, მათ პასუხი მიღებული არ ჰქონდათ.

კომპანია „როშენს“, რომლის ბრუნვამაც 2012 წელს თითქმის 1,3 მილიარდ დოლარს მიაღწია, საკუთარი პროდუქცია გააქვს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ასევე აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. ჟურნალ Candy Industry-ის ვერსიით, თავისი სიდიდით „როშენი“ მსოფლიოში მე-18 საკონდიტრო საწარმოა.

14 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურმა კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა, როდესაც, არსებული ინფორმაციით, დაიწყო უკრაინის ტერიტორიიდან შესული ფართო მოხმარების საქონლის გაჩერება, გადმოტვირთვა და შემოწმება. 15 აგვისტოს, დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დუმაში, რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებზე სირთულეებს ბიუროკრატიული მიზეზები აქვს, რადგან უკრაინა არ არის საბაჟო კავშირის წევრი, კავშირის, რომლის შექმნამაც შარშან გააიოლა საქონლის, მომსახურების, შრომის და კაპიტალის მოძრაობა მასში შემავალ სამ სახელმწიფოს შორის. დღეს, ყველა ტიპის უკრაინელი პოლიტიკოსი იმას ამბობს, რომ მოსკოვის ქმედება არის მცდელობა, როგორმე კიევს საბაჟო კავშირში შესვლა აიძულოს.

რუსეთი უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია უკრაინისათვის, რომლის ეკონომიკაც ჯერ კიდევ ამ ბოლო კონფლიქტამდე დაზარალდა. გამოცემა Economist Intelligence Unit-ის თანახმად, 2013 წლის მეორე კვარტალში უკრაინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 11%-ით დაეცა. უკრაინის დამსაქმებელთა ფედერაციამ, რომელიც, მისი მტკიცებით, წარმოადგენს ათასობით კომპანიის ინტერესს, რომელიც, თავის მხრივ, ქვეყნის მშპ-ის თითქმის 70%-ს უზრუნველყოფს, განაცხადა, რომ ტვირთების ეს ბოლო შეჩერება უკრაინელ მეწარმეებს წელს შეიძლება 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდეს, ეს კი მშპ-ის 1,5%-ია.

თუმცა ეს არ არის კონფლიქტი მხოლოდ რუსეთს და უკრაინას შორის. როგორც ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, 7 აგვისტოს „როსპოტრებნადზორიდან“ უწყებას ოფიციალური თხოვნა გაეგზავნა კომპანია „როშენის“ პროდუქტის აკრძალვის შესახებ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-ყაზახეთი“ ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. თუმცა, EurasiaNet.org-ს ამ უწყებამ კომენტარზე უარი უთხრა.

კომპანია „როშენის“ პროდუქცია შეამოწმეს ასევე ყირგიზეთის წარმომადგენლებმაც, და 14 აგვისტოს განაცხადეს, რომ არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. „ეს შემოწმება რუსული მხარის განცხადებებმა განაპირობა“, – აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ყირგიზეთი რუსეთის ფედერაციის ზეწოლით არ მოქმედებდა.

ტაჯიკეთის ხელისუფლებამ, რომელიც უკიდურესად არის დამოკიდებული რუსეთზე, ასევე ჩაატარა შოკოლადის პროდუქციის ექსპერტიზა და არაფერი საეჭვო არ აღმოუჩენია, იუწყება „იტარ-ტასი“.

ღარიბი ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ჯერჯერობით არ შედიან ბლოკში, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს, მაშინ როდესაც გაცილებით უზრუნველყოფილი ყაზახეთი ალიანსის თანაორგანიზატორია და მისი მიერთება უკრაინის კონფლიქტთან შეიძლება საგულისხმო მოვლენა გახდეს.

„თუკი რუსეთი შოკოლადს აკრძალავს, ხოლო ყაზახეთი განაგრძობს მის შესყიდვას, ეს საინტერესო კოლიზია იქნება“, – ამბობს მოსკოვური ჟურნალის „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ მთავარი რედაქტორი თეოდორე ლუკიანოვი. „რუსეთი ვეღარ იმოქმედებს მარტო, ჩამოყალიბებული საერთო ბაზრის პირობებში. მათ [ყაზახეთს და რუსეთს] რაიმე ფორმალური გადაწყვეტილების შემუშავება მოუწევთ“.

მცირერიცხოვან საპროტესტო აქციაზე, რომელიც ამ თვეში ალმაატაში რუსეთის საკონსულოსთან გაიმართა, აქტივისტები ცდილობდნენ რუსი დიპლომატებისთვის კომპანია „როშენის“ შოკოლადი ეჭმიათ და მოითხოვდნენ ყაზახეთისგან, არ მიერთებოდა „სანქციებს“. როგორც მოგვიანებით EurasiaNet.org-ს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რასულ ჟუმალიმ უამბო, თავისი ქმედებებით ის რუსეთის მხრიდან ყაზახეთზე „ზეწოლას“ აპროტესტებდა. „ამ გადაწყვეტილებას თავიდანვე პოლიტიკური ქვეტექსტი ჰქონდა. მიზანი იყო არა იმდენად მავნე ნივთიერებების აღმოჩენა, რამდენადაც ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება სხვა პარტნიორებთან დსთ-დან“, თქვა მან.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, საბაჟო კავშირი გადაიქცეს ევროკავშირის ტიპის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანებად.

შოკოლადის აკრძალვამდე ორი დღით ადრე პუტინი უკრაინაში იყო, სადაც ბოლო მცდელობა ჰქონდა დაერწმუნებინა მისი კოლეგა ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვის სავაჭრო ბლოკს მიერთებოდა. კიევი კი ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას იმედოვნებს.

„დღეს მსოფლიო ბაზრებზე გამალებული კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს… დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფთა უმრავლესობას ესმის, რომ მხოლოდ ძალების გაერთიანებით შევძლებთ კონკურენტუნარიანები ვიყოთ ამ საკმაოდ სასტიკ, კონკურენტულ ბრძოლაში“, განაცხადა პუტინმა 27 ივლისს, ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე. თუმცა, რუსეთის სახელმწიფოს მეთაური, როგორც ჩანს, შინ ხელცარიელი დაბრუნდა. ხოლო 29 ივლისს ზემოხსენებული აკრძალვაც ამოქმედდა.

უკრაინა „საბაჟო კავშირის“ პროექტისათვის მნიშვნელოვანია და მისი გაწევრიანება ამ კავშირში „აუცილებელია რუსეთისთვის, რომ მოსკოვმა თავი სუპერსახელმწიფოდ იგრძნოს“, უთხრა EurasiaNet.org-ს თეოდორე ლუკიანოვმა. თუმცა, უკრაინა ვერ დარწმუნდა და ახლაც თითქოს ევროკავშირისკენ სვლა აქვს გადაწყვეტილი. „მომენტის შერჩევა [შოკოლადის მიწოდების] აკრძალვის გადაწყვეტილებისთვის, აბსოლუტურად გამჭვირვალეა. რუსეთისთვის ეს ბოლო ნახტომია, ბოლო მცდელობა უკრაინისთვის იმის ახსნისა, რომ თუკი ის ხელს მოაწერს ნოემბერში სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან, რუსეთის ბაზარი მისთვის ნელ-ნელა დაიხურება“.

რუსეთის მხრიდან მეზობელ ქვეყანაზე ეკონომიკური ზეწოლა, როდესაც ამ მეზობელთან პოლიტიკური უთანხმოება აქვს, სიახლე არ არის. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა მოსკოვის მხრიდან კიევზე ზეწოლას, როდესაც საქმე ენერგომატარებლებზე ფასებთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. მაშინ მოსკოვმა (2006 წელს და 2009 წელს) უკრაინაში გაზის მიწოდება შეაჩერა. „როსპოტრებნადზორი“ კი სახელგანთქმულია, როგორც რუსეთის საგარეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. შოკოლადის პროდუქციის ექსპორტის აკრძალვა 2006 წლის მოსკოვის გადაწყვეტილებას მოგვაგონებს. მაშინ, თბილისთან ორმხრივი ურთიერთობის გამწვავების ფონზე, მოსკოვმა საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოდან მინერალური წყლის და ღვინის შეტანა აკრძალა. ამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კონფლიქტის კულმინაციად 2008 წლის შეიარაღებული დაპირისპირება იქცა. 2010 წელს, გენადი ონიშჩენკომ რამდენიმეთვიანი აკრძალვა შემოიღო ასევე ტაჯიკეთიდან ხილის და თხილის ექსპორტზე რუსეთში – ესეც რუსეთს და ტაჯიკეთს შორის პოლიტიკური კინკლაობის გამწვავების ფონზე.

მთელი რიგი ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების კონტექსტის და პუტინის მხრიდან საბაჟო კავშირის გაფართოებისკენ სწრაფვის იგნორირება, სიბრიყვე იქნებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, რუსი ჩინოვნიკები უარყოფენ იმას, რომ კრემლი ამ აკრძალვას პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს.

კიევის ეკონომიკური და სოციალური ტექნოლოგიების ბიუროს გენერალური დირექტორის, ვალერი გლადკოს თქმით, ყაზახეთი ეხმარება რუსეთს იმაში, რომ „უკრაინა მისი მწარმოებლების საშუალებით“ შეაშინოს.

„მსგავსი ტიპის პრობლემები ჩვეულებრივ პოლიტიკური დაძაბულობის დროს იქმნება“, ამბობს იგი. „მანამდეც, უკრაინულ ყველთან დაკავშირებით ჩივილები შემთხვევით არ გაჩნდა, არამედ რუსეთ-უკრაინის პოლიტიკური მოლაპარაკებების კონტექსტში“.

foreignpress.ge