კანონმდებელთა უმრავლესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. For.ge-ს მიერ გამოკითხული ათი დეპუტატიდან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მომხრე მხოლოდ კახა ოქრიაშვილი აღმოჩნდა, რომელიც მიიჩნევს, რომ მერვე მოწვევის პარლამენტი ძალიან სუსტია, რადგან „ქართულ ოცნებაში“ გამოუცდელი ხალხია, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობაში“ დესტრუქციულად განწყობილი ადამიანები.
For.ge ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ცესკო-მ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე სარეფერენდუმო საკითხი არ დაარეგისტრირა.
კერძოდ, საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას (ნანა კაკაბაძე, ტატიანა ხოხიაშვილი, ავთანდილ რეხვიაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი და გია ტაბლიაშვილი) და მათ მიერ შეთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს - „გსურთ თუ არა, რომ საქართველოში 2014 წელს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? დიახ, არა“ უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ნანა კაკაბაძე ცესკო-ს გადაწყვეტილების პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობს და სარჩელს ამზადებს.
როგორც for.ge-ს კაკაბაძემ განუცხადა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა საზოგადოების აბსოლიტური უმრავლესობის დაკვეთაა.
„ცესკო-მ უარის სათქმელად არგუმენტი ვერ დაასახელა და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეფერენდუმი არ ჩატარებულიყო. მოგეხსენებათ, რომ ცესკო ნაციონალების კონტროლქვეშაა და მათ მიტაცებული 40 პროცენტიანი ძალაუფლების დაკარგვა არ სურთ. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სავარძლის გარეშე დარჩება. რაც შეეხება „ოცნებას“, მათაც ანალოგიური პრობლემა აქვთ. მართალია, ისინი ცესკო-ს კონტროლს ვერ ახერხებენ, მაგრამ ვადამდელი არჩევნების არჩატარება მათაც აწყობთ. რატომ? - 1-ელ ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა არა პარლამენტის ასარჩევად, არამედ გადასარჩენად. ანუ, სასწორზე სიკვდილი და გადარჩენა იყო და ხალხმა მხარი გადარჩენას დაუჭირა და არა პოლიტიკურ ლიდერებს. ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველმა ხმა მისცა არა როგორც პოლიტიკურ ძალას, არამედ როგორც ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, „ოცნების“ დეპუტატთა უმეტესობამ იცის, რომ იმ დროს, როცა ივანიშვილი აღარ იქნება, ისინი პარლამენტს მიღმა დარჩებიან“, - აცხადებს კაკაბაძე.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას ვერ ხედავენ და კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებზე აპელირებენ.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.
„მაგ პოზიციას არ ვიზიარებ. ყველამ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. რაც შეეხება მათ მოთხოვნას, ის ცესკო-მ არ დააკმაყოფილა, რადგან იურიდიული თვალსაზრისით, არ შეიძლება რეფერენდუმზე ასეთი საკითხი გავიდეს. ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს და თუ საკანონმდებლო ორგანო ამ კანონს არ მიიღებს, ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას აზრი არ აქვს“, - განუცხადა for.ge-ს ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსადაც, ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია.
აბაშიძის თქმით, არასტაბილური გარემო ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას ახდენს და ბიზნესს სექტორი პოლიტიკურ რყევებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვარ თუ არა პარლამენტის წევრი. დეპუტატი რომც არ ვიყო, ქვეყანა უნდა მიეჩვიოს არა ვადამდელ არჩევნებს, არამედ ვადებში განსაზღვრული არჩევნების ჩატარებას. ქვეყანაში თუ რაიმე კრიზისი არ შეიქმნა, ანუ, ის რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული, არჩევნების ჩატარება სახარბიელო არ იქნება. საზოგადოების მოთხოვნის მესმის, რომ ნაციონალების რაოდენობა რეალობას არ ასახავს, მაგრამ ამ პრინციპებით არჩევნების ჩატარება არ უნდა მოვითხოვოთ, რადგან ეკონომიკური წინსვლა სტაბილურობის გარანტიაა. ადგილობრივი ბიზნესი თუ უცხოური ინვესტიციები რყევებზე დამოკიდებული ვერ იქნება“, - განუცხადა for.ge-ს აბაშიძემ.
თანაგუნდელების მსგავსად, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა საქმიანობა თავისს ვადაში უნდა დაასრულოს, რომ ქვეყანა შედგეს.
„სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, ცესკო რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდა. როცა ქვეყანაში ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით ხდება და არა რევოლუციით, ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია. ამ ინსტიტუციებმა თავისი ვადა უნდა დაასრულონ, რომ ქვეყანა შედგეს. ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანი წესით უნდა მოხდეს და ეს ტრადიციად უნდა იქცეს და დაკანონდეს. ამ რეგიონში ხელისუფლების გადაცემა ომების, დაპირისპირებებისა და რევოლუციების გარეშე არ მომხდარა და საპარლამენტო არჩევნები იყო პირველი პრეცედენტი“, - განუცხადა for.ge-ს იმერლიშვილმა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თემის წამოწევას ნაჩქარევად მიიჩნევს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ხოლო საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას უფრთხის ზაზა პაპუაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საკითხზე გუნდმა უნდა იმსჯელოს.
ქანთარიას მოსაზრებით, ამ იდეის გაჟღერება უფრო სულსწრაფობას ნიშნავს.
„ამ ეტაპზე, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. თუ რაიმე კრიზისი შეიქმნა, მაშინ ვადამდელი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ დღეს მგონია, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან ნაჩქარები შეფასებები კეთდება. ამ პარლამენტს გარკვეული დრო უნდა ჰქონდეს, რომ თავისი პროექტები განახორციელოს. საპრეზიდენტო და თვითმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს და ამის შემდეგ უნდა ვნახოთ, რამდენად უნარიანია ეს ყველაფერი“, - განუცხადა for.ge-ს ქანთარიამ.
პაპუაშვილის მოსაზრებით, საკითხზე ცალსახა პოზიციის დაფიქსირება მართებული არ არის.
„ამ ვითარებაში, რა კომენტარი უნდა მოგცეთ?! შევიკრიბებით და ამ საკითხს გადავწყვეტთ. არ ივარგებს, რომ ყველამ თავისი აზრი ისროლოს. ვადამდელი არჩევნები რამდენად რეალურია, ამაზე გუნდურად უნდა ვიმსჯელოთ და არა ცალ-ცალკე“, - განუცხადა for.ge-ს პაპუაშვილმა, რომლის მსგავსადაც, გიგა ბუკია აცხადებს, რომ საკითხზე კონკრეტული პასუხის დაფიქსირება უჭირს.
ბუკიას განცხადებით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მას საზოგადოების არც აქტივობა უნახავს და არც კვლევის შედეგები.
„მგონი, დროა, რომ ქვეყანა იმ ეტაზე მივიდეს, როცა პარლამენტი საქმიანობას კონსტიტუციურ ვადებში დაასრულებს. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვნახოთ, თუ რა მოხდება. ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მაშინ დგება, როცა პარლამენტი თავის ფუნქციას არ ასრულებს და ამის აუცილებლობას ახლა ვერ ვხედავ. ისეთი პრობლემა უნდა იყოს, რომელიც პარლამენტს ეხება და ის, რომ რომელიმე კოლეგას ოპონენტი არ მოსწონს და ამის გამო, არჩევნები ჩავატაროთ, ეს ბუნებრივია მიუღებელია, რადგან ყველას მოსაწონი ყველა ვერ იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ბუკიამ.
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის მსგავსად, ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია უმცირესობა, რომელიც რეფერენდუმზე საკითხის დაყენების აზრსაც ვერ ხედავს.
აკაკი ბობოხიძის განმარტებით, საქართველოს თავისი კანონმდებლობა აქვს და ნიკოლაიშვილმა და კაკაბაძემ ძალიან კარგად იციან - თუ რა პირობებში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი.
„ზოგჯერ, მათი მოქმედება და საქმიანობა გამიზნულია არა იმისთვის, რომ საკითხი გადაწყდეს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ამა თუ იმ თემაზე ილაპარაკონ. ვადამდელი არჩევნები იმის მიხედვით ვერ ჩატარდება - რა უნდა ნიკოლაიშვილსა და კაკაბაძეს. ეს არის ის არჩევნები, რომელმაც დღევანდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მისცა და თუ ისინი თვლიან, რომ ეს ხელისუფლება არლეგიტიმურია, ეს სხვა თემაა“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.
თანაპარტიელის მსგავსად, დავით დარჩიაშვილი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ეწინააღმდეგება და ყურადღებას ნიკოლაიშვილისა და კაკაბაძის საქმიანობაზე ამახვილებს.
„ჩემთვის კაკაბაძე და ნიკოლაიშვილი არც ადამიანის უფლებათა დამცველები არიან და არც პოლიტიკოსები. ესენი არიან „შტურმავიკების“ შემქმნელ-მოპატრონე ხალხი და სერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებლივ საკითხებზე მათი კომენტარების მოსმენა, არ მგონია, მართებული იყოს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაშინ ტარდება, როცა კრიზისია, ან პარლამენტი არ ამტკიცებს მთავრობას და ა.შ. არჩევნები იმის მიხედვით რომ ინიშნებოდეს, პარტიათა რეიტინგი თუ როგორ შეიცვლება წლიდან წლამდე, ეს დემოკრატია კი არ იქნებოდა, არამედ ემოციებზე აყოლა და ყველანაირი სისტემის უარყოფა. ნანა კაკაბაძეს შურისმაძიებლობის ჟინი რომ აქვს და „მხედრიონის“ პერიოდი ეტკბილება, ეს გასაგებია და თუ მის აზრებს საზოგადოების აზრებად გაასაღებთ, ვაი ამ საზოგადოებას მაშინ“, - განუცხადა for.ge-ს დარჩიაშვილმა.
დარჩიაშვილის მსგავსად, სერგო რატიანი აქცენტს კაკაბაძე-ნიკოლაიშვილის განწყობებზე აკეთებს.
„რეაქციული ძალას - ნანა კაკაბაძეს, რომელიც ჩართულია სრულიად გაუგებარ პოლიტიკურ თამაშებში, სურვილები აქვს არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნები მთელმა მსოფლიომ ცნო როგორც დემოკრატიული პროცესი. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა აბსურდულია“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხული დეპუტატებიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის იდეას მხოლოდ კახა ოქრიაშვილი მიესალმება, რომელიც უმცირესობისა და უმრავლესობის მიღმა მყოფ ფრაქციას „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარებს“ ხელმძღვანელობს.
ოქრიაშვილის შეფასებით, კანონი არ უნდა დაირღვას და არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში უნდა ჩატარდეს, მაგრამ ამ მოწვევის უწყება ძალიან სუსტია.
„ძლიერი პარლამენტი უნდა იყოს და ამ იდეას მივესალმები. მომხრე ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. თუმცა, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. პრეტენზიებს ორივე მხარე იმსახურებს, რადგან „ქართულ ოცნებაში“ გამოუცდელი ხალხია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი, დესტრუქციულად გაწყობილი ადამიანები. ეს მიდგომები კი, საზიანო ქვეყნისთვისაა“, - განუცხადა for.ge-ს ოქრიაშვილმა.
მართალია, დეპუტატთა უმეტესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია, თუმცა, საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმის ჩატარების მიზნით, ბრძოლის გაგრძელებას და ცესკო-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.
ნანა კაკაბაძის განმარტებით, კონსტიტუცია ამბობს, რომ ძალაუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს, რომელიც თავის ნებას რეფერენდუმის გზით ახორციელებს, ან მის მიერ არჩეული ორგანოს საშუალებით.
„რატომ არ შეიძლება, რომ ხალხმა პირდაპირი გზით თქვას, რომ პარლამენტი რომელიც ავირჩიე, ჩემს დაკვეთას არ ასრულებს და უნდა გამოვცვალოო?! ამისი ლეგიტიმაციას ის 200 ათასი კაცი იძლევა, რომელთა ხელმოწერაც ცესკო-ში უნდა შეგვეტანა. ცესკო-მ პოლიტიკური უარი გვითხრა, რის გამოც, სარჩელი გავამზადეთ და სასამართლოს მივმართავთ. იმის გათვალისწინებით, რომ ცესკო-ს მსგავსად, სასამართლოც ნაციონალების ხელშია, სტრასბურგს მივმართავთ და სიმართლეს დავადგენთ, რადგან ცესკო-მ ნოსტრადამუსობა დაიწყო და საკუთარ კომპეტენციას გასცდა“, - აცხადებს კაკაბაძე.