საქართველოში საარჩევნო კამპანიის ახალი იარაღი გამოიგონეს. საზოგადოდ ცნობილია, რომ პოლიტიკოსებისათვის მთავარ საარჩევნო იარაღად უმუშევრობის დაძლევა ითვლება. საქართველოში უკანასკნელი წლების მანძილზე განვითარებულმა მოვლენებმა კი ბიძგი მისცა ახალი იარაღის გამოგონებას - ამნისტიისა და შეწყალების სახით.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია უკვე ღრმა ეშხშია შესული, თითქმის, ვერსად მოისმენ დასაქმების შესახებ გაკეთებულ დაპირებებს. მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ერთმანეთს პატიმრებისა თუ ყოფილი პატიმრების შეწყალება-ამნისტირებაში ეჯიბრებიან.
როგორც ჩანს, პოლიტიკოსები ისე მომწიფდნენ, რომ საზოგადოების მომწიფებაც შენიშნეს და ძველი ფანდების გამოყენებას ერიდებიან. საქართველოში სულ სამი პრეზიდენტი ავირჩიეთ და არცერთი მათგანის მანდატი 85%-ზე ნაკლებით არ იყო გამყარებული. იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, პირველად ტარდება კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები, პოლიტიკოსები ახლა განსაკუთრებულად უნდა მოერიდონ ამომრჩეველთა გაღიზიანებას შეუსრულებელი დაპირებების შეხსებნებით. შეპირებების დავიწყება პოლიტიკოსებს სჩვევიათ და არა უბრალო მოკვდავებს.
„მილიონი სამუშაო ადგილიდან“ მოყოლებული, საზოგადოებას კარგად ახსოვს დასაქმების სხვადასხვა პროგრამები, უფრო სწორად იმდენი, რამდენი არჩევნებიც ჩატარდა ქვეყანაში. გასული საპარლამენტო არჩევნების წინ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტი დამაჯერბლობისთვის, დასაქმების სამინისტროც კი შექმნა. თუმცა, საზოგადოებას ამ დროისათვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აღელვებდა - „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგებმა პიკს მიაღწია. სწორედ ამ შედეგების ისევ სათავისოდ გამოყენებას ცდილობს ამჟამად „ნაციონალური მოძრაობა“.
2006 წლის 14 თებერვალს საქართველოს პრეზიდენეტის მიერ, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამოცხადების შედეგად გასამართლებულთა რაოდენობა, არაოფიციალური მონაცემებით, 300 ათასზე მეტს შეადგენს. ამას ემატება საარჩევნო ასაკამდე მიღწეული მათი ოჯახის წევრების რაოდენება და შედეგად მიღებულია ამომრჩეველთა დიდი არმია.
მმართველი გუნდის მხრიდან შეთავაზებული საყოველთაო ამნისტიის შესახებ კანონი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების გამო, ძალაში შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით. ამ ამნისტიას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კორუფციული აქტი უწოდა. თუმცა, არჩევნების მოახლოებასან ერთად, ამჯერად, შეწყალების გუნებაზე პრეზიდენტიც დადგა. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ნასამართლეობისა და პირობითი სასჯელის მქონე პირთა ნაწილს ნასამართლეობა მოეხსნება. მართალია პრეზიდენტმა ეს ჰუმანური აქტი ფერისცვალების დღესასწაულს დაუკავშირა, მაგარამ მაინც საზოგადოების გადასაწყვეტია, დაიჯერებს თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ფერისცვალებას.
„ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! არანაირი პირობითი სასჯელი! ყველანი ციხეში!“ - პარლამენტის ტრიბუნიდან 2006 წელს წარმოთქმული ამ სიტყვების გამო, ბევრ ოჯახს საქართველოში აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ არის ადამიანთა ის ჯგუფიც, რომელთაც ახალი ჰუმანური აქტით, ზარალს აუნაზღაურებს და მისი ამომრჩეველიც კი გახდება.
შედეგად, საარჩევნო კამპანიის ამ ეტაპზე, მთავარი საარჩევნო იარაღი, ბოლო 9 წლის მანძილზე, გასამართლებული ადამიანების მიმართ გამოჩენილი ჰუმანიზმია. საზოგადოების ძირითადი ნაწილიც სწორედ იმ საკითხებზეა კონცენტრირებული, რასაც მათ პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები სთავაზობენ. რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოახერხებს ამ ახალი იარაღით ამომრჩეველთა გულების დაპყრობას, ეს საზოგადოების გონიერებაზეა დამოკიდებული.
სავარაუდოდ, ეს იარაღი უძლური იქნება იმ კატეგორიის მიმართ, რომლებიც ახლა თავად მოითხოვენ ნულოვან ტოლერანტობას ყოფილი ჩინოსნების მიმართ და უკვე ეჭვქვეშ აყენებენ მმართველი გუნდის მიერ გამოცემული „ჰუმანური აქტის“ სრულფასოვნებას.