ჰგავს თუ არა ბაიდენი რუზველტს?!

ჰგავს თუ არა ბაიდენი რუზველტს?!

ჰგავს თუ არა ბაიდენი რუზველტს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს გულუხვი დახმარება გაუწია საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს?! „ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტებს სწორედ ეს კითხვა აწუხებთ და ამტკიცებენ კიდეც, რომ, თუკი ზელენსკი არის თანამედროვე უინსტონ ჩერჩილი, მაშინ ბაიდენი მეორე რუზველტი ყოფილა, რომელმაც მოახერხა ამერიკისა და მსოფლიოს მობილიზება უკრაინის დასახმარებლად.

მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკამ ლონდონს მიაწოდა საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების 7,2%, ასევე, დაეხმარა სხვა მოკავშირეებს და, მთლიანობაში, სამხედრო შესაძლებლობების 14,2% გაიღო. რაც შეეხება ბაიდენს, 2023 წლისთვის ვაშინგტონი გეგმავს საკუთარი წლიური სამხედრო ბიუჯეტის 5,4%-ის ფარგლებში სამხედრო დახმარება გაუწიოს უკრაინას.

მეორე მსოფლიო ომის დროს რუზველტმა ჩერჩილს ახლადწარმოებული საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ნახევარი გადასცა. დიდი რაოდენობით მიდიოდა სამხედრო დახმარება ჯერ ლონდონის, შემდეგ მოსკოვის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ რუზველტისეული დახმარება ბაიდენის დახმარებას მოცულობითაც აჭარბებს და ხარისხითაც. უკრაინელებს კი დღესდღეობით გაცილებით მეტი დახმარება ესაჭიროებათ.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს: „რაც მეტად ჩაეფლობა რუსეთი უკრაინის ომში, მით უფრო მეტად აწყობს აშშ-ს“. მისი თქმით, შეერთებული შტატები არ ჩქარობს, რომ ეს ომი დაასრულოს ორ კვირაში, ან ერთ თვეში, ვინაიდან ელოდება უფრო მეტად დაიცალოს რუსეთი რესურსისგან და სისხლისგან. რეალურად კი, უკრაინას იმ პროპორციით უნდა მიაწოდონ იარაღი, რა პროპორციაც საკმარისი იქნება სამხედრო ურდოს შესაჩერებლად.

გარდა ამისა, არც ეკონომიკურად ზარალდება შეერთებული შტატები, განსხვავებით, დასავლეთ ევროპისგან. პირიქით, გაზის მიწოდება სულ უფრო იზრდება შეერთებული შტატებიდან ევროპაში. ამიტომ ამერიკა იმ მოცულობის იარაღს აწვეთებს უკრაინას, რომ უკრაინა მასიურად შეტევაზე არ გადავიდეს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ბაიდენსა და რუზველტს არ აიგივებს ერთმანეთთან, მაგრამ იმასაც ამბობს, რომ დღევანდელმა ამერიკამ დახმარება უფასოდ გადასცა უკრაინას, რუზველტმა კი მხოლოდ სესხი გამოუყო კონკრეტულ ქვეყნებს. ანალიტიკოსის განმარტებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკამ გაცილებით უფრო დიდი მოცულობის დახმარება აღმოუჩინა საბჭოთა კავშირს, ბრიტანეთსა და ევროპული კოალიციის ქვეყნებს, სხვადასხვანაირად მონაცემებით, საბჭოთა კავშირმა მიიღო 12 მილიარდი დოლარი, რაც დღევანდელი 240 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია, მაგრამ ეს არ იყო საჩუქარი, ეს არ იყო გრანტი, ეს იყო ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა, სესხი, რომელიც ამერიკამ გამოუყო საბჭოთა კავშირს. ანუ ამერიკამ მიაწოდა შეიარაღება საბჭოთა კავშირს, მაგრამ ეს სესხი რუსეთმა საბოლოოდ 2006 წელს გაისტუმრა ამერიკის წინაშე. შეიძლება, უფრო მეტი მოცულობის თანხა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირმა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ სესხი.

რაც შეეხება იმ დახმარებას, რომელსაც დღეს ბაიდენის ამერიკა და, მთლიანობაში, დასავლური დემოკრატიული სამყარო უწევს უკრაინას, დაახლოებით 50 მილიარდი ამერიკული დოლარია, მაგრამ ეს არის გრანტი, საჩუქარი, დახმარება და არა რუზველტისეული სესხი. უკრაინას კონტრშეტევისთვის უკვე მიაწოდეს 1550 ერთეულამდე ჯავშანტექნიკა და 280 ტანკი. ამერიკული ტანკების „აბრამსების“ მიწოდება კი შედარებით ფერხდება, რადგან შესაბამისი მომზადება უნდა გაიარონ უკრაინელმა ტანკისტებმა.

„არ ვფიქრობ, რომ ამერიკას აწყობს უკრაინაში ომის გაწელვა. ამერიკის ინტერესშია, უკრაინამ რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, რადგან ომი რომ დასრულდეს, ეს არ ნიშნავს, რომ სანქციები რუსეთის მიმართ შეჩერდება და რუსეთის განვითარება დაიწყება. სანქციები არ მოიხსნება დიდი ხნის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა მოიხსნას. კი ბატონო, ამერიკას აწყობს რუსეთის ეკონომიკური დასუსტება, ვინაიდან რუსეთი ამერიკის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა და, წესით, მსოფლიოსაც უნდა აწყობდეს რუსეთის ეკონომიკური დასუსტება. რაც უფრო დასუსტებული იქნება ეკონომიკურად რუსეთი, მით უფრო ნაკლებ ფინანსურ რესურსს გამოყოფს შეიარაღებაზე, მათ შორის, ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაზე. სხვათა შორის, მსოფლიო ბანკმა დადო დასკვნა, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალი 411 მილიარდ დოლარს აღემატება. ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ამერიკა სპეციალურად ომს წელავს, პირიქით, ამერიკა აწვდის უკრაინას შეიარაღებას“, - აცხადებს ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ უკრაინაში ომის მსვლელობისას ამერიკა გაზს მომგებიანად ყიდის ევროპაში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ამერიკა ისედაც გაყიდის გაზს ევროპაში. 2022 წელს აშშ-მა ევროპაში განახორციელა დაახლოებით 72 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი, ანუ ფიქალის გაზის მიწოდება ევროპისთვის, რომლის გათხევადებაც და ტანკერებით ტრანსპორტირება ხდება ევროპაში. ეს მოხდა იმიტომ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ევროპა ცდილობდა რუსულ ბუნებრივ აირზე უარი ეთქვა. ყოველწლიურად რუსეთი ევროპას, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აწვდიდა დაახლოებით 170 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. მოგვიანებით ეს ფუნქცია ამერიკამ აიღო, რაც თვითონ ევროპის მოთხოვნაა, რომ გაიზარდოს ამერიკიდან ფიქალის გაზის მიწოდება. საბედნიეროდ, დღესდღეობით ამერიკა უკვე რუსეთს უსწრებს ფიქალის გაზის წარმოებით.

Maverick გრანტი არა კვახი, ლენდ ლიზის პროგრამაში ჩაისვა უკრაინა...
1 წლის უკან
ვახტანგი თქვენი ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეტყობა მაგრათ ერკვევა ლიზინგის, მით უმეტეს ლენდ-ლიზის საქმეეებში. და მეორე: თეოდორ რუზველტის პორტრეტი რა შუაშია?
1 წლის უკან