უკრაინის პარლამენტის დეპუატის, ალექსეი გონჩარენკოს ახლო ნათესავები დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების გამო დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატი მეუღლესთან ერთად, რომელიც ალექსეი გონჩარენკოს ბიძაშვილია, ცდილობდა ფოსტის შენობის მითვისებასა და 280 ჰექტარი მიწის დასაკუთრებას.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ წყვილს საკუთრების უფლების შესახებ დოკუმენტები ნოტარიუსის მეშვეობით ჰქონდა გაყალბებული, ხოლო შემდეგ ეჭვმიტანილებმა სახელმწიფო ქონება საკუთარ ფირმას გადასცეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ საუბარია ათობით მილიონი გრივნის ღირებულების ქონებაზე. საკურორტო სოფელში მდებარე ფოსტის შენობები და მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა.
ალექსეი გონჩარენკოს თქმით, მისი ნათესავი იმის გამო დააკავეს, რომ თავად გონჩარენკო უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს აკრიტიკებს.
„რისთვის? იმის გამო, რომ ვცდილობ ვიბრძოლო სამხედრო ანაზღაურებისთვის, წვევამდელების, შვებულების საკითხის დაყენებისთვის და ზოგადად ერმაკის კრიტიკისთვის. ეს არის ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა“, - განაცხადა გონჩარენკომ.
ამასთან, სახალხო დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები მასთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ.
„[მითხრეს], რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება. უბრალოდ ერმაკს ნუ აკრიტიკებ. ხვალ კი ყველას გამოუშვებენ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. კლოუნები, ეს მათ ტელეფონით ვუთხარი“, - განაცხადა გონჩარენკომ.