დემოკრატიულ საზოგადოებაში ყოველი არჩევნები, თუ ის მართლაც გამჭვირვალეა, მეტ-ნაკლებად, ზუსტად ასახავს საზოგადოების შეფასებას ხელისუფლების საქმიანობისადმი. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებზე რომ არაფერი ვთქვათ, საქართველოში ყველაზე ობიექტურად ჩატარებული არჩევნების შემდეგაც კი დავდექით ფაქტის წინაშე, როდესაც ხალხი საკუთარ არჩევანში შეცდა, უფრო სწორად, საზოგადოებამ ვეღარ შეძლო ძალაუფლებით აღჭურვილი რჩეული პოლიტიკური ძალის კონტროლი - ეს ყველაფერი კი ახალი ხელისუფლების მიერ დაშვებულ პირველ შეცდომებზე თვალის დახუჭვით იწყება.
საქართველოში კვლავ წინასაარჩევნო მარათონია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ვთხოვეთ.
ბატონო ზაზა, ხელისუფლების შეცვლიდან ერთი წლის თავზე მორიგი არჩევნები გველის. რას თვლით ხელისუფლების ისეთ შეცდომად, რომელიც შეიძლება არჩევნების შედეგებზე აისახოს?
- კარგია, რომ ამ კითხვას მისვამთ. შევეცადოთ, გამოვიდეთ პოლიტიკური პროპაგანდის დისკურსიდან და ისე შევხედოთ ვითარებას. მთავარი სიკეთე ჩვენ ყველამ ვიცით. „ოცნებამ“ შეძლო და ქართული პოლიტიკიდან განდევნა ის რამდენიმე ადამიანი, რომელთა ძალაუფლებაც აქამდე განუზომელი იყო და ძნელად თუ ვინმე წარმოვიდგენდით, ოდესმე ეს თუ მოხდებოდა. უმძიმესი ფსიქოლოგიური ჩიხი იქნა დაძლეული. თავისთავად, ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა დადებითად შევაფასოთ.
ახლა, რაც შეეხება შეცდომებს, რომლებიც, გვსურს თუ არა, აუცილებლად ითამაშებენ როლს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
პირველი, რაც ყველამ იცის, ესაა ენერგიისა და ნების უქონლობა სამართლის დამკვიდრების საქმეში. მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ადამიანები ახალ ხელისუფლებას უყენებდნენ, სამართლის დამკვიდრება იყო და თავად სოციალურ პრობლემებსაც ამ ჭრილში განიხილავდნენ. მესმის, რომ პროკურატურა მეთოდურად და ფრთხილად ცდილობს, დაიცვას სამართლებრივი ნორმები და რომ არც ერთი საქმე არ უნდა დაემსგავსოს პოლიტიკურ შურისგებას. სამართლის დამკვიდრება ხომ ამასაც ნიშნავს: საქართველოში უნდა ჩამთავრდეს პოლიტიკურ შურისგებათა ეპოქა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მოქმედებაში არ იგრძნობოდეს ნება და ენერგია, არ იგრძნობოდეს, რომ პროკურატურამ იცის, რასაც აკეთებს და რისკენაც მიჰყავს საქმე. ხოლო როდესაც ამას ემატება მითქმა-მოთქმა საეჭვო საკადრო პოლიტიკისა და ადგილებზე ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ასევე საეჭვო ქცევის შესახებ, ბუნებრივია, არასახარბიელო სურათი იქმნება.
მეორე შეცდომად იმას დავასახელებდი, რომ ხელისუფლებას არ უზრუნია იდეოლოგიური და ინტელექტუალური ალტერნატივის შექმნაზე. კოალიაციის იდეოლოგიური პორტრეტი ამორფულია და იგი მითო-პოეტურ კონსერვატიზმსა და ზერელე ლიბერალიზმს შორის ირყევა თავისი მემარცხენეობის საკმაზით. პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ არ ჩანს, რომ ვინმე სერიოზულად მუშაობდეს ამაზე და უმეტესად მზამზარეული იდეოლოგიური კლიშეებით სარგებლობენ. იდეოლოგია კი ისეთი რამეა, რის საჭიროებასაც შეიძლება ვერ ვგრძნობდეთ ყოველდღიურ საქმეებში, მაგრამ მას პოლიტიკური ძალის ერთიანობა სულ სხვა ხარისხში აჰყავს. მისი მთლიანობა აღარ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ნებაზე დამოკიდებული.
კიდევ იმას დავასახელებდი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ იყო დეკლარირებული, სამოქალაქო სექტორის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთო, ამ მიმართულებით თითქმის არაფერი გაკეთებულა. სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებთან ურთიერთობა უმალ ფორმალურია, ვიდრე შინაარსისეული.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებაც“ კი დაიხურა ისე, რომ ამის შესახებ მის რამდენიმე ათას წევრს არაფერი ამცნეს. არადა, აქ თავმოყრილი იყვნენ ადამიანები, რომელთაც თვითორგანიზების საკმაოდ მაღალი კულტურა აღმოაჩნდათ და რომლებმაც ძალზე ბევრი გააკეთეს კოალიაციის წარმატებისათვის. ერთ დღესაც მათ მოძრაობის ოფისი კარი ჩაკეტილი დახვდათ. თუ გავიხსენებთ, რომ აქ თავმოყრილი იყო, სულ მცირე, რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთაც საზოგადოებრივ აზრზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია, აშკარაა, რომ ეს არ ყოფილა პოლიტიკურად უვნებელი მოქმედება. ჩემი აზრით, ეს იყო უხეში პოლიტიკური შეცდომა. ასეთი პოლიტიკური საყრდენის შექმნა ძალზე რთულია ნებისმიერი პოლიტიკური ძალისათვის, მაგრამ როდესაც საკმაოდ კარგად ორგანიზებულ და სამოქალაქო პათოსის მქონე ადამიანებს ერთ მშვენიერ დღეს, ლამის, არჩევნების მეორე დღესვე უგულებელყოფ, სულ მცირე, გაუგებარია. საქმე არ ეხება ამ ადამიანების დასაქმებას ან დაჯილდოვებას, საქმე ეხება მათ იგნორირებას.
როგორც ჩანს, ივანიშვილის გარემოცვაში ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ „ოცნებას“ არ სჭირდებოდა შინაური მაკონტროლებელი თვალი და დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხის მქონე ძალა.
არ გამიკვირდება, თუ ამ ადამიანების მნიშველოვან ნაწილს გიორგი მარგველაშვილის ოპონენტთა ბანაკებში ვიხილავთ, მითუმეტეს, რომ ლოზუნგი, „არ განვუდგები ივანიშვილს, მაგრამ მხარს ვუჭერ ბურჯანაძეს“, ბევრს მისცემს საშუალებას, თავის საქციელს არ შეხედოს, როგორც უხერხულ რამეს. რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მოდის ამგვარი ინფორმაცია. ვიმეორებ, გაუგებარია, რატომ უნდა გადააბარო საპრეზიდენტო არჩევნებში შენს ოპონენტს შენს მიერ მომზადებული და ორგანიზებული ადამიანების თუნდაც ნაწილი.
ამას ემატება პარტიული სტრუქტურების სისუსტე და პასიურობა. არ იგრძნობა „ოცნების“ რიგითი წევრების პათოსი და ენერგია. ნამდვილად არ ვიცი, პარტიის შიგნით რა ხდება. გარედან კი ასე ჩანს. საპარლამენტო უმრავლესობაშიც ბევრი შემთხვევითი ადამიანია, რომელთა როლიც ერთგვარი პოლიტიკური სადღეგრძელოების წარმოთქმით ამოიწურება.
კიდევ ერთი მომენტი: დასავლეთის ბევრი პოლიტიკური მოღვაწე „ოცნებას“ ჯერაც ვერ განიხილავს, როგორც პოლიტიკურ ალტერნატივას. ეს განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპას ეხება. აქაც საინფორმაციო პოლიტიკის სისუსტესთან გვაქვს საქმე. თავს ნუ მოვიტყუებთ, საქმე მხოლოდ სააკაშვილის აქტიურობა არ გახლავთ. როგორც ჩანს, ჯერჯერობით მაინც, დაუძლეველ ამოცანად იქცა ის პოლიტიკური ლინგვისტიკა, რომელზეც მათ უნდა ვესაუბროთ.
რაც შეეხება ჩრდილოეთს, ჯერჯერობით, აქაც ვერ იქნა მოძებნილი ადექვატური ენა. რუსეთი დღეს ჩვენგან კიდევ უფრო დიდ დათმობებს და მეტ ვასალურ შეთავაზებებს მოითხოვს და, როგორც ვხედავთ, სააკაშვილის პოლიტიკიდან გაცილება სულაც არ ყოფილა ურთიერთობათა მოგვარების პანაცეა. მისი ფაქტორის მოშლა მნიშვნელოვან ბარიერებს ხსნის, მაგრამ ჯერჯერობით აშკარაა, რომ ვერ იქნა მოძებნილი შემდგომი ნაბიჯების სტრატეგია. თანაც, ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: კრემლის სცენაზე გამართული კონცერტი საკმაოდ ცუდი სიგნალი იყო რუსული ნეორევანშისტული იმპერიალიზმისათვის. მავანთ და მავანთ, განსაკუთრებით 2008 წლის „ძლევამოსილი ომის“ შემდეგ, ამ ფაქტმა „კარგი საბჭოთა დრო“ გაახსენა და კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დივიდენდების მიღების ხასიათზე დააყენა.
ყველაფერი ეს ქმნის სივრცეს, რომელიც რომელიმე ძალამ შეიძლება დაიკავოს და რომელსაც ეძლევა შანსი, ისარგებლოს იმ ლოზუნგებითა და ადამიანური რესურსებით, რომლებითაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. შეთქმულების თეორიის მოყვარულები, როგორც ვხედავთ, ამას უკვე ერთ-ერთ ოპოზიციურ ლიდერთან ფარული ალიანსით ხსნიან.
ამ შეცდომებმა შესაძლოა ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ვერ იქონიოს, მაგრამ აღწერილი ვითარება, ვფიქრობ, საკმარისია, რომ ამომრჩეველთა ნაწილმა საერთოდ შეიკავიოს თავი არჩევნებში მონაწილეობისაგან, ხოლო ნაწილმა ახალი იმედები ეძიოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გვექნება.
ციხის კადრების გავრცელება იყო ის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნების ბედში გადამწყვეტი როლი შეასრულა, თუმცა სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრები მხოლოდ ახლახანს დაიბარეს დაკითხვაზე. შეგვიძლია ეს ნაბიჯი შევაფასოთ ხელისუფლების ერთგვარ ტაქტიკად, რომლითაც განაწყენებული ამომრჩევლის შემობრუნებას ცდილობს?
- უკვე ვთქვი, რომ უფერული საინფორმაციო პოლიტიკის გამო დღეს ქვეყანაში არ იგრძნობა სამართლის დამკვიდრების პროცესი. გამართული საინფორმაციო პოლიტიკის წყალობით ბევრი რამ შენთვის სასურველ ფერებში შეიძლება წარმოადგინო, მითუმეტეს, თუ არსებობს რამდენიმე მომენტი მაინც, რომელზეც შეიძლება პროპაგანდის აგება. შესაძლოა, ქალბატონი ხათუნა კალმახელიძის გახსენებით ვინმეს მართლაც სურს ერთი წლის წინანდელი ენთუზიაზმის აღძვრა, მაგრამ თუ ვითარება კვლავ ერთი ადგილის ტკეპნას დაემსგავსა, თუ რიგით ადამიანს არ გაუჩნდა რწმენა, რომ სამართალი, მართალია, ურმით, მაგრამ მაინც დადის, ეს ფაქტი, პირიქით, „ოცნების“ უმოქმედობის არგუმენტად შეიძლება იქცეს. ამგვარ ვითარებაში ჯობს, პროცესი არ წამოიწყო, ვიდრე წამოიწყო და შედეგი იგივე იყოს. და მაინც, იმედს არ ვკარგავ, რომ „ოცნების“ ლიდერებს ჩვენთვის რაღაც წინასაარჩევნო სიურპრიზი შემონახული უნდა ჰქონდეთ. შეუძლებელია, ხათუნა კალმახელიძის პიროვნების წინა პლანზე წამოწევით ვინმეს არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდეს. ახლა მთავარია, „ოცნებამ“ რიგითი ადამიანები დაარწმუნოს, რომ მარგველაშვილის არჩევნებში გამარჯვებით ნაციონალები დაკარგავენ სასამართლოზე კონტროლს, უკანასკნელი ბარიერები დაიძლევა და სამართალი ამოქმედდება.
დღევანდელი ვითარება ორგვარად შეიძლება აღიწეროს: როგორც „ოცნების“ უმწეობა სამართლის დამკვიდრების საქმეში და როგორც „ოცნების“ მცდელობა, რომ მშვიდად, ყოველგვარი რევოლუციური ეგზალტაციის გარეშე დაამკვიდროს სამართალი და რომ ამაში მას ხელს უშლიან ძალები, რომლებიც არჩევნების გზით უნდა იქნან დაძლეულნი. მისი ოპონენტები, ცხადია, პირველ აღწერას მოიმარჯვებენ. ამ ვითარებაში ოცნებამ უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი, იგი ცდილობს, სამართალი დაამკვიდროს პირწმინდად სამართლებრივი მეთოდებით. ის, თუ რომელ ვერსიას ენდობა ამომრჩეველი, საინფორმაციო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ირწმუნება, რომ მისი გამარჯვებისთანავე კოაბიტაცია დასრულდება. როგორ ფიქრობთ, მსგავსი აქცენტების გაკეთება საზოგადოების განწყობის პასუხია? შესასძლებლად თვლით თუ არა, რომ კოაბიტაციის პროცესი არჩევნების მეორე დღეს მართლაც დასრულდეს?
- კოაბიტაციას უწოდებენ ვითარებას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა - შესაბამისად, პრემიერ მინისტრიც - განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ და საკითხი მათ თანაარსებობაზე დგება. რამდენადაც ჩვენში საპარლამენტო უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს და ძნელი წარმოსადგენია, საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გაიმარჯვოს, კოაბიტაცია დასრულდება - თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილი გაიმარჯვებს. მაგრამ თუ გაიმარჯვებს ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი ან ვინმე სხვა, ჩვენ კვლავ კოაბიტაციასთან გვექნება საქმე.
ამ ცნებაში ხშირად რაღაც სხვა შინაარსს დებენ. იგი ხან ესმით, როგორც ნაციონალებისა და „ოცნების“ მანკიერი თანამშრომლობა, ხან - როგორც გამარჯვებული ძალის მიერ ოპონენტის განადგურების ბოლომდე არმიყვანა და ასე შემდეგ. ალბათ, საქმე გვაქვს ბოლომდე არმიყვანილი რევოლუციის განცდასთან. ბევრისთვის სიტუაცია, როდესაც ერთი იმარჯვებს, ხოლო დამარცხებული ბოლომდე არ ნადგურდება, გაუგებარია.
ხელისუფლებამ დღემდე ვერ აუხსნა თავის ბევრ რიგით მხარდამჭერს, თუ რატომ არ ნიშნავს არჩევნებში გამარჯვება ასეთ რადიკალურ შედეგებს, თუმცა კი, აუცილებლად ნიშნავს დამნაშავეთა დასჯას. სწორედ აქ ჩნდება ის სივრცე, სადაც ათასი ჯურის რადიკალურმა მოწოდებებმა შეიძლება იქონიონ ამომრჩეველზე გავლენა. ადრეც ვთქვი და დღესაც უნდა გავიმეორო: პროკურატურა სწორედ ის ორგანოა, რომელმაც კანონის ფარგლებში თავისი ენერგიულობით უნდა განმუხტოს დაძაბულობა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და იგი ადექვატური საინფორმაციო პოლიტიკით უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამდენად, დღეს იგი ჩვენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე, უბრალოდ, სამართალდამცავი სისტემის ნაწილი. მას სულ სხვა ტიპის ინიციატივა ევალება. ეკონომიკური ცვლილებების ეფექტი საკმაოდ ხანგძლივ პერსპექტივაში გამოჩნდება, როდესაც პროკურატურის მოქმედებას „აქ და ახლა“ მოაქვს თავისი შედეგები. ცხადია, ლაპარაკი არ არის იმგვარ დაპატიმრებებზე, რომლებიც, უმალ, სატელევიზიო სივრცისთვის ხორციელდებოდა, ვიდრე სამართლის დასამკვიდრებლად.
ზედმეტად ხშირად პროკურატურის მოქმედება ეჭვს იწვევს. სხვისი არ ვიცი და ე.წ. პროფესორების საქმემ პირადად მე საბოლოოდ დამაბნია.
ამ ვითარებაში ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც ექსტრემისტული ყაიდით შეპირდება ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ სრულ აკრძალვას და მისი ლიდერების დაპატიმრებას. წინასწარვე შემიძლია შევპირდე ყველას, რომ ეს არის სრულიად აღუსრულებელი დაპირებები. მთელი პოლიტიკური ძალის აკრძალვის ისეთი პრეცენდენტები რომელთაც საერთაშორისო გაგება და მხარდაჭერა ჰქონდათ, სულ რამდენიმეა. ხოლო თუ ასეთი მხარდაჭერის აუცილებლობას უარვყოფთ, აღმოჩნდება, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მხოლოდ ჩრდილო კორეელებს, რუსებს და ორიოდე სხვას ესმის. ასეთი რადიკალური ფორმით საკითხის დაყენება იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, დასავლეთის წინაშე თავიანთი ოპონენტების არც თუ ისე მომგებიანი პორტრეტი წარადგინონ. გვსურს თუ არა, საერთაშორისო დამკვირებლებმა უნდა აღიარონ ჩვენი სიმართლე, ჩვენი სამართლებრივი კულტურის ნდობა უნდა ჰქონდეთ. ექსტრემისტული დამოკიდებულებით კი რეალურ კონკრეტულ დამნაშავეებსაც საშუალებას ვაძლევთ, პოლიტიკურ დევნილებად და ბნელი რევოლუციური პათოსის მსხვერპლებად წარდგენ მათ წინაშე. პოლიტიკური აზროვნების სიღრმით „ნაციონალური მოძრაობის“ სრული აკრძალვა და მისი ლიდერების ერთი ხელის მოსმით დაპატიმრება არაფრით განსხვავდება იმისგან ერთი პოლიტიკური ლიდერი 80-იან წლებში ნატოს ჯარების შემოყვანას რომ გვპირდებოდა. საერთაშორისო ნდობა ძალზე ძნელი მოსაპოვებელი რამ არის. საკმარისია, მცირე შეცდომა დაუშვა, რომ იოლად დაიმსახურებ უნდობლობას. სამაგიეროდ, ამით ახეირებ რუსულ ნეოიმპერიალიზმს, რომლისთავისაც მით უკეთესი, რაც უფრო იზოლირებულები ვიქნებით. ამიტომაც, კარგად მესმის, რატომ ცდილობს ხელისუფლება ექსტრემიზმის განელებას, მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ უმოქმედობაში ან დამნაშავეებთან მანკიერ თანამშრომლობაში დაედოს ბრალი.
ბოლო დღეების აქტუალურ თემასაც შევეხოთ - ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ „მე-9 არხის“ დახურვა თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად გახდა საჭირო და მარგველაშვილი მისი დახმარების გარეშეც მოიპოვებს გამარჯვებას. რომ, ქვეყნის პირველ პირს არ უნდა ჰქონდეს საკუთარი ტელევიზია. თუმცა სააკაშვილი ამბობს, რომ რაც უფრო მეტი არხი იქნება საქართველოში, უფრო უკეთესია და მისი პრეზიდენტობის დროს უამრავი მედიასაშუალება გაიხსნა. არის თუ არა შესაძლებელი არჩევნების წინ მედიასაშუალების დახურვა თუნდაც დასავლეთის წინაშე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ პიარის ასაგორებლად გამოიყენოს?
- სააკაშვილი იყენებს ყველაფერს, რისი გამოყენებაც ზოგჯერ უხერხულიც კი არის. ამდენად, არ გაგიკვირდეთ, რომ „მე-9 არხის“ დახურვის თემასაც გამოიყენებს. მისი განცხადებების კომენტირებაც კი ძნელია, იმდენად გადააბიჯა ყველა ზღვარს. თავისი განცხადებებით იგი უფსკრულში ექაჩება არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ - ეს კიდევ ნაკლები ბოროტება იქნებოდა - არამედ მთელს ევროპულ სუბკულტურას ქართულ პოლიტიკაში. იგი სახელმწიფოებრივად არის საშიში და გზას უხსნის ჩემთვის სრულიად გაუგებარ და უღირსებო განწყობებს: რუსული სახელმწიფოებრიობისადმი ვასალური დამოკიდებულების ნოსტალგიას. მე-9 არხთან დაკავშირებული მისი განცხადება ისეთი უტიფარი რამ იყო, რომ შეუძლებელია კომენტირება.
პრემიერ- მინისტრის მიზანდასახულება, კეთილშობილია, მაგრამ , როგორც ვფიქრობ, განუხორციელებელი. ჩვენს ვითარებაში ძალზე ძნელია ტელევიზია პოლიტიკური გავლენებისაგან დაიცვა. ივანიშვილი რთული ამოცანის წინაშეა: მან უნდა გაყიდოს ტელევიზია ისე, რომ იგი ხელში არ ჩაუგდოს პოლიტიკურ მეტოქეებს და, ამავე დროს, ეს გაყიდვა ვინმე შინაურის სახელზე გადაფორმებას არ დაემსგავსოს. ვიმეორებ, ჩვენს ვითარებაში ეს ძალზე ძნელია, თითქმის - შეუძლებელი.
თითქმის ყველა ტელეკომპანიაში რაღაც მოძრაობები შეინიშნება, აშკარად თუ ფარულად. პრობლემები აქვს „მაესტროს“; ითქვა, რომ იყიდება „რუსთავი2“; „იმედი“, ფაქტობრივად, ახალ ძალებს იკრებს; საზოგადოებრივი მაუწყებელი მუდმივი პრობლემაა... თქვენი შეფასებით, ხომ არ ხდება მედიასივრცის და გავლენების მორიგი გადანაწილება, რომელ პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აწყობდეთ მედიასივრცის დატოვება და რომელს ამ სივრცეზე კონტროლის მოპოვება?
- ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის ყოველი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მედიასივრცის გადაწყობა ბუნებრივ რეჟიმად ჩამოყალიბდა. მედიასაშუალებებს არა აქვთ თავისუფლად მოქმედების ფუფუნება. არსებითად, ტელევიზიის დამოუკიდებლობა განუხორციელებელია ნებისმიერ ქვეყანაში. ამ ეტაპზე მე ვისურვებდი არა აბსოლუტურად დამოუკიდებელ მაუწყებლობას, არამედ ისეთს, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ ვულგარული და უკულტურო პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად არ თვლის.
წარმოუდგენელია, რომელიმე პოლიტიკურ ძალას მედიასივრცის დატოვება უნდოდეს. ამ სივრცის გარეშე ხომ ის არც არსებობს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ივანიშვილის ეს განცხადებაც ისევე, როგორც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, დაზუსტებას მოითხოვს.
შესაძლებელია თუ არა მედია (ტელევიზიები) ისეთივე იარაღი გახდეს დღევანდელი ხელისუფლების ხელში, როგორც სააკაშვილის დროს მოხდა და რა მიზნები შეიძლება ამოძრავებდეს პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მედიაზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ?
- სუსტი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში ასეც იქნება. სააკაშვილი სწორედ იმიტომაც აჰყვა მედიასივრცის მონოპოლიზების ცთუნებას, რომ წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა, არ არსებობდა პოლიტიკური ალტერნატივა.
როგორ აფასებთ საზოგადოების განწყობას წინასაარჩევნო პერიოდში, იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, ხომ არ აღმოჩნდა ისეთ ქაოსურ სიტუაციაში სადაც შესაძლოა მისი კიდევ უფრო დაბნევა მოხდეს?
- დაბნეულობა და უკმარობის განცდა, მართლაც, იგრძნობა. ამის მიზეზებს უკვე შევეხე. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ამ არჩევნებზე ამომრჩევლის საგრძნობი პასიურობა იქნება მოსალოდნელი და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ პოლიტიკური ძალები რამდენად შეძლებენ თავიანთი მომხრეების მობილიზებას.
არ არის გამორიცხული ისიც, რომ წაგებულებმა თავისი პროტესტი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოხატონ და თუ თავისას მიაღწიეს, საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებული, არსებითად მოგებული აღმოჩნდება, რადგან დღევანდელ ვითარებაში მას არ გაუჭირდებათ მნიშვნელოვანი საპარლამენტო წარმომადგენლობის მოპოვება. თანაც დღევანდელი პარლამენტი იძლევა იმის საბაბს, რომ ვადამდელი არჩევნების იდეა პოპულარული იყოს. ამდენად მოლოდინი, რომ ვინმე კვლავ მოინდომებს, სიტუაციის ესკალაციის გზას დაადგეს, არსებობს და ამ მოლოდინს მნიშვნელოვნად აძლიერებს ივანიშვილის განცხადებაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.