უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობას უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო პროტესტის ნოტა გაუგზავნა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
უკრაინელი დიპლომატების განცხადებით, შექმნილი სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია, ხოლო დაწესებული შეზღუდვები ეწინააღმდეგება ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პრინციპებს.
„არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში უკრაინული აგრარული პროდუქციის ექსპორტის განახლებისთვის, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში დაუბრკოლებელი ექსპორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინა მოუწოდებს ევროპელ პარტნიორებს, გამონახონ დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას, ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების შეთანხმებასა და ზოგადად, სოლიდარობის სულისკვეთებას პასუხობს.
მანამდე პოლონეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და ბულგარეთმა უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნაწილის იმპორტი აკრძალეს. რამდენიმე დღის შემდეგ ევროკომისიასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირას თესლის იმპორტზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნა, თუმცა პოლონეთში უკრაინული მარცვლეულის იმპორტი კვლავ აკრძალული რჩება.