დე ფაქტო სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების პროცესი უკვე დაწყებულია, - აცხადებს „ჩრდილოეთ ოსეთის“ რესპუბლიკის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი.
მისი თქმით, ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია და ამაში ეჭვიც არ ეპარება.
„ჩემი თაობის პოლიტიკოსებისათვის ის, რომ დღეს „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელი სახელმწიფოა და აღიარებულია ისეთი ძლიერი მეზობლის მიერ, როგორიცაა რუსეთი, სრულიად საკმარისია, რომ მშვიდად წავიდე ცხოვრებიდან და ჩავთვალო, რომ ჩვენს თვალწინ და გარკვეულწილად, ჩვენი თანამონაწილეობით მოხდა ეს მოვლენა“ – განაცხადა მამსუროვმა.
რის საფუძველზე აკეთებს მამსუროვი ასეთ განცხადებას და ეს არის უფრო მათი ოცნება თუ რეალობასთან მიახლოება? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტები ესაუბრნენ.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე აცხადებს, რომ მამსუროვი მიყვება იმ გზას, რაც თავის დროზე აირჩია კრემლმა, როცა ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს თავიდანვე ნიშნავდა, რომ ე.წ. ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს გაერთიანების მცდელობა ექნებოდა. ახლა კი სურთ, ყველაფერი ვითომდა, სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციონ.
აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრის თქმით, ოსები აპელირებენ, რომ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმს მოაწყობენ და, მათი ჭკუით, ეს რეფერენდუმი, თითქოსდა, გამოხატავს ხალხის აზრს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას „ჩრდილოეთ ოსეთთან“ შეერთების თაობაზე. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უმეტესობა გამოდევნილია ჩვენი ძირძველი ქართული მიწიდან. ამდენად, იქ გამოცხადებულ რეფენდუმს რამდენად ექნება ძალა, ეს უკვე სხვა საკითხია.
ლევან კიკნაძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ალბათ, ყველა ძალას გამოიყენებს, რომ არ დაუშვას ეს უკანონობა, რადგან მამსუროვმა ახლა ძალები მოსინჯა, თუ რა რეაქცია ექნება ქართულ მხარეს.
„რა თქმა უნდა, ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს შორის დიდი ხანია, კავშირი არსებობს. ჯერ ერთი, ოსური მოსახლეობა, რომელიც თავის დროზე გავიდა ცხინვალის რეგიონიდან, გადავიდა „ჩრდილოეთ ოსეთში“. მათ გამუდმებით ურთიერთკავშირი აქვთ. ამიტომ მათი გაერთიანების მცდელობა უფრო უნდა აწყობდეს მამსუროვს, ვიდრე თავად ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს, რადგან ახლა თიბილოვი დე ფაქტო პრეზიდენტად მაინც ითვლება. ვითომდა ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შემდეგ კი მას ეს ტიტულიც აღარ ექნება. ამიტომ საინტერესოა, თიბილოვი რას ფიქრობს მამსუროვის ამ განცხადების საპასუხოდ“, -აცხადებს ლევან კიკნაძე.
მისივე თქმით, „ჩრდილოეთ ოსეთმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთი რომ შეინახოს და არჩინოს, ამის სახსრები კი არა, თავისი შესანახი თანხები არ აქვს. უბრალოდ, ეს ყველაფერი კრემლის კარნახით მიმდინარეობს. ასევე, არც იმის საშუალებაა, რომ ის მილიონები, რაც ცხინვალის რეგიონში შემოედინება რუსეთიდან, გადაერთოს „ჩრდილოეთ ოსეთზე“. ამის საშუალება არც არასდროს იქნება. უბრალოდ, რუსების გვერდის ავლით ოსები არაფერს გააკეთებენ და, სანამ ჩვენ ისე არ მოვძლიერდებით, რომ პირდაპირ კონტაქტზე არ გავალთ ცხინვალის რეგიონთან და ჩვენი ეკონომიკა უფრო მიმზიდველი არ იქნება, მანამდე ეს ურთიერთობა არ შეიცვლება.
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების მხარდასაჭერად რუსეთის ფედერაციას არ გამოუთქვამს სერიოზული მზადყოფნა. არც „ჩრდილოეთ ოსეთის“ ხელმძღვანელობისგან ყოფილა რაიმე სახის სერიოზული განცხადებები, რომ უნდა გაერთიანედეს ეს ორი რეგიონი - ერთი რუსეთის და მეორე საქართველოსი.
ის ფაქტი, თითქოს, ეს პროცესი გარდაუვალი და უკვე შემდგარია, კახა გოგოლაშვილს საზოგადოების აბსოლუტურ შეცდომაში შეყვანად მიაჩნია, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფსევდო სახელმწიფო შექმნილია საქართველოს ტერიტორიაზე და მსოფლიო თანამეგობრობის პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო მას საქართველოს ნაწილად აღიარებს. მეტიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია იმ ფარგლების ჩათვლით, რომელშიც ახლა პრაქტიკულად შემოჭრილია რუსეთი, თავისი საოკუპაციო ჯარით.
ასე რომ, ექსპერტის აზრით, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა განპირობებულია დღევანდელი რუსეთის პოლიტიკით. როგორც კი შეიცვლება ეს პოლიტიკა, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის, ან კიდევ, „ჩრდილოეთ ოსეთთან“ გაერთიანების მცდელობები დარჩება ყოველგვარი საფუძვლისა და მხარდაჭერის გარეშე.
„ამიტომ ნაადრევია თეიმურაზ მამსუროვის საუბარი იმაზე, რომ ეს გარდაუვალი ფაქტია. საქართველო პატარა ქვეყანაა და ისინი ფიქრობენ, რომ რუსეთის დახმარებით შეძლებენ ამას. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსეთს გააჩნია თავისი ინტერესები, რომლებიც იცვლება და, რომლებიც მუდმივი არ არის. ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობა ყოველ წამს ახსენებს რუსეთს, რომ იგი არ იქცევა სწორად საქართველოსთან და თავად საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიმართებით. ეჭვი არ მეპარება, მოვა ისეთი დრო, როდესაც ასე დარწმუნებით არავინ ილაპარაკებს ოსეთის გაერთიანებაზე. ცხინვალის რეგიონი არის ისტორიული საქართველო და ყოველთვის ასეთად დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ხელოვნურად არის გამოყოფილი საქართველოდან, როგორც გეოგრაფიულად, ისე - ისტორიულად“, - გვითხრა კახა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონი იმდენად მცირე წარმონაქმნია, განსაკუთრებით, მისი ადამიანური განზომილებით, რომ ძნელია, ვიმსჯელოთ მათ ინტერესებზე. იქ მცხოვრები 15-20 ათასი, მაქსიმუმ, 30 ათასი ადამიანი ვერ განსაზღვრავს ამ რეგიონის რეალურ ინტერესებს. ხოლო ის ძირითადი ნაწილი, რომელიც იქ რუსულ ბაზებს ემსახურება და, პრაქტიკულად, ინტეგრირებულია რუსეთთან, ყოველთვის დაინტერესებული იქნება, რომ ე.წ. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის ინტეგრირება მოხდეს.
მეტიც, კახა გოგოლაშვილის აზრით, დღევანდელ რუსეთს ასეთი სიტუაცია აწყობს მანამდე, სანამ რუსეთისგან დამოუკიდებლად, ოსებს არ გაუჩნდებათ ერთიანი ალანიის წარმოქნის ამბიცია.
„ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლებას ასეთი პერსპექტივა უნდა აშინებდეს, რადგან ჰიპოთეტურად, ამ ორი ტერიტორიული ერთეულის გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ვიღაცას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გახდომის სურვილი გაუჩნდეს. თუმცა, სანამ საქართველო არსებობს, ის ყოველთვის იბრძოლებს თავისი ტერიტორიების დასაბრუნებლად. დროებით რაც არ უნდა მოხდეს, საქართველო მაინც დაიბრუნებს თავის ტერიტორიის ამ ნაწილს. ასეთ შემთხვევაში, საქართველო ხელს აიღებს მშვიდობიანი გარანტიების მიცემისგან (რომელიც აქამდე მიცემული აქვს) და თუნდაც ძალით დაიბრუნებს იმას, რაც მას ძალით წაართვეს“, -აცხადებს კახა გოგოლაშვილი.