ადგილობრივი ტუროპერატორები საქართველოში უამინდობამ აზარალა, უცხოეთში კი ეგვიპტეში განვითარებულმა მოვლენებმა. ზარალი ჯერჯერობით ნახევარი მილიონი დოლარია, თუმცა ეს რა მოსატანია მეზობელი ქვეყნის მონაცემებთან. რუსეთში ტუროპერატორების ზარალმა, შესაძლოა, 35 მლნ დოლარს მიაღწიოს.
ტურიზმის ასოციაციის ცნობით, ტურისტულმა კომპანიებმა ეგვიპტის მიმართულებით გაუქმებული ჯავშნების გამო გამგზავრების გადავადება დაიწყეს.
როგორც კომპანია „turi.ge”-ს გაყიდვების სამსახურის უფროსი აცხადებს, ტურისტების უმრავლესობამ ეგვიპტის მიმართულებით ჯავშნები მოხსნა, ამიტომ კომპანიამ მათ ალტერნატიულ მიმართულებად თურქეთი შესთავაზა. მამუკა ჯიქიას თქმით, კომპანიის ზარალი დიდია.
„turi.ge”-ს მსგავსად დიდ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ „ინტერკონტინენტალშიც”. კომპანიაში კონკრეტულ ციფრებს არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ტურისტების დიდმა ნაწილმა ეგვიპტის მიმართულებით ჯავშნები გააუქმა. „კომერსანტის” ინფორმაციით, 140-კაციანი რეისით ეგვიპტეში მხოლოდ 10 ტურისტი გაფრინდა, რაც, ბუნებრივია, კომპანიის ფინანსებზეც აისახება.
ტურისტული კომპანია „მოგზაურთა კლუბის” ხელმძღვანელი ზურაბ ვაშალომიძე ამბობს, რომ ბოლო დროს ყველაზე მეტი მოთხოვნა თურქეთზეა. ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, ეგვიპტეში მომხდარი არეულობის გამო. თუმცა, ქართველი დამსვენებლები არც ეგვპტეში დასვენებაზეც ამბობენ უარს.
„თურქეთზე მოთხოვნა უფრო და უფრო მატულობს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც ეგვიპტეში არეულობაა. ჩვენი მოქალაქეებისთვის აღნიშნული კურორტები მისღებია უვიზო სისტემისა და მომსახურების მაღალი პირობების გამო, რასაც საქართველოში ვერ შეხვდებით“, - ამბობს ვაშალომიძე.
ზოგიერთი ტურისტული კომპანია კი ამტკიცებს, რომ საშიში მდგომარეობის მიუხედავად, ეგვიპტეში წამსვლელთა რაოდენობა ბოლო დრომდე არ შემცირებულა. ტურისტული კომპანია „გოუ ტურ“-ის ინფორმაციით, ქართველი ტურისტების უმეტესობისთვის ყველაზე მიმზიდველ კურორტად კვლავ პირამიდების ქვეყანა რჩება და საფრთხის მიუხედავად, იქ დასვენებაზე უარს ვერ ამბობენ.
არადა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ კიდევ გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ უკვე მოუწოდა თავი შეეკავებინათ მგზავრობისგან. მით უფრო, რომ ამ ქვეყანაში არეულობა კვლავ გრძელდება. მაგალითად, ორშაბათს ეგვიპტელმა მეამბოხეებმა სინას ნახევარკუნძულზე 24 პოლიციელი მოკლეს. ისინი ავტობუსს დაესხნენ თავს. სინას ნახევარკუნძული კი ის ტერიტორიაა, სადაც ქართველების საყვარელი კურორტები - შარმ ელ შეიხი, ტაბა და დაჰაბი - მდებარეობს.
პირამიდების ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა არა მარტო ჩვენი ტუროპერატორები, არამედ უცხოეული კოლეგებიც შეაფიქრიანა. უკვე გაისმა რეკომენდაცია, რომ ეგვიპტეში ტურისტული პაკეტების გაყიდვა შეჩერდეს. პოლიტიკური არეულობის გამო, 50 ათასზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ, რომელსაც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისისათვის ეგვიპტის საგზურები ჰქონდა ნაყიდი, შესაძლოა, წასვლა გადაიფიქრონ. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ მოხდება, ტუროპერატორების ზარალი 35 მლნ დოლარს მიაღწევს.
რუსეთის ტუროპერატორების ასოციაციის დირექტორის მაია ლომიძის ინფორმაციით, საგზურების გაყიდვის ბუმი სექტემბრის ბოლოს არის ხოლმე, ერთეულები ოქტომბერსა და ნოემბერშიც გაყიდულა.
„ყველაზე მძიმე შედეგებით, საუბარი შეიძლება იყოს 50 ათას გაყიდულ საგზურზე. ეგვიპტის საგზურის საშუალო ფასი ერთ ადამიანზე 600-700 დოლარია. ასეთ შემთხვევაში, ზარალის დაახლოებითი ოდენობა შეიძლება 35 მილიონი დოლარი იყოს“,- განაცხადა მან.
გარდა ამისა, შესაძლოა, სხვა მიმართულებებზე დასვენების ფასი გაიზარდოს კიდეც „თუ ეგვიპტის მიმართულებაზე უარს ერთბაშად ვიტყვით, მაშინ ეს სხვა მიმართულებებში ფასებს 7-8%-ით გაზრდის“, - აღნიშნა ლომიძემ.