რატომ ჩაება პუტინი პირადად ჯაშუშურ თამაშებში
დეზერტირების გამო სერიოზული ქვეყნები არც ცივ და არც ცხელ ომებს არ აჩაღებენ. 50 წლის წინ, მოსკოვმა განაცხადა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი და მოქალაქეობა მისცა ცივი ომის ყველაზე დიდ დეზერტირ ეიჩ. ეი. არ. კიმ ფიბლის. ფიბლის საბჭოთა კავშირში გაქცევამ დასავლეთი უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რამდენიმე თვალსაზრისით. ჯერ ერთი, ის MI6 -ის კონტრდაზვერვის ანტისაბჭოთა განყოფილების ხელმღვანელი იყო; გარდა ამისა, როდესაც 1950-იან წლებში მის საქმიანობასთან დაკავშირებით ეჭვები გაჩნდა, კონსერვატიულმა მთავრობამ ის საჯაროდ დაიცვა. მეტიც, კაბინეტის ის მინისტრი, კერძოდ ჰაროლდ მაკმილანი, რომელსაც თემთა პალატის წინაშე ფილბის დაცვა დაევალა, მალე ქვეყნის პრემიერმინისტრი გახდა.
„ყველაფერი არც ისე ცუდადაა, თუმცა ეს შეიძლება ერთგვარ დაბრკოლებად იქცეს“, – ჩაწერა საკუთარ დღიურში პრემიერმინისტრმა მაკმილანმა, გულისხმობდა რა ფილბის საქმეს. თუმცა, დეზერტირობის ამ ერთი ფაქტის გამო მაკმილანს მოსკოვთან დიპლომატიური კავშირები არ გაუწყვეტია. ის და აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი იმდენად იყვნენ დაინტერესებულები ბირთვული ცდების ჩატარების აკრძალვაზე შეთანხმების ხელმოწერით საბჭოთა ლიდერ ნიკიტა ხრუშჩოვთან, რომ მაკმილანმა აღარ მიაქცია ყურადღება ჯაშუშურ თამაშებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. და საბჭოეთმაც მას ანალოგიურად უპასუხა. კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფილბის ღალატი სამ ზესახელმწიფოს შორის მოლაპარაკებებზე ნეგატიურად არ ასახულიყო.
მართალია, ბრიტანელი დეზერტირი უკვე 1963 წლის იანვარში გაქრა, თუმცა მოსკოვს უმალ არ უთქვამს მისი ადგილმდებარეობის შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო: მოსკოვმა ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც 1963 წლის ივლისში სამ სახელმწიფოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ბირთვული ცდების ნაწილობრივ აკრძალვაზე. ხრუშჩოვი, რომელმაც ის ის იყო კუბის სარაკეტო კრიზისი გადაიტანა, რომლის პროვოცირებაც თავად მოახდინა, უკიდურესად იყო დაინტერესებული შეიარაღებაზე კონტროლსა და უფრო უსაფრთხო მსოფლიოში.
გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ედვარდ სნოუდენისთვის დროებითი პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირადი შეხვედრის გადადება, უფრო ზუსტად გაუქმება. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე, ობამამ განაცხადა, რომ „პაუზის“ დრო დადგა, რათა გადაფასდეს რუსულ-ამერიკული ურთიერთობები. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ობამამ შეხვედრა ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილ თანამშრომელთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გააუქმა. ობამას ადმინისტრაცია უარყოფს იმას, რომ ასეთი გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი სნოუდენია, თუმცა იმავროულად არ უარყოფს, რომ ყოფილ აგენტთან დაკავშირებულმა ვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ გადაწყვეტილებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის და კრემლის სამიტები გაცილებით სერიოზული კრიზისების დროს იმართებოდა, საეჭვოა ობამას რეაქციას ზედმეტად აღელვებული ვუწოდოთ. პუტინმა თეთრ სახლს სხვა არჩევანი არ დაუტოვა. დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი წესი ის არის, რომ ჯაშუშურმა თამაშებმა სახელმწიფოს მეთაურების დონეს არ უნდა მიაღწიოს. ერთადერთი მომენტი, როდესაც ჯაშუშურმა საქმიანობამ ხელი შუშალა სამიტის ჩატარებას ცივი ომის დროს, 1960 წლის მაისი იყო, როდესაც პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა (შესაძლოა, შეგნებულად) ხრუშჩოვს შეურაცხყოფა მიაყენა, განაცხადა რა, რომ პირადად მან გაგზავნა ჯაშუშური თვითმფრინავი U-2 საბჭოთა საჰაერო სივრცეში. იმ დროის დოკუმენტებიდან ვიცით, რომ ეიზენჰაუერი მრჩევლების რეკომენდაციებით მოქმედებდა და ამ ქმედებებზე პირადად არ იყო პასუხისმგებელი, თუმცა საჯარო განცხადებით იმის შესახებ, რომ ჯაშუშურ საქმეებთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა, მან საკითხი ხრუშჩოვის დონემდე აიყვანა. საბჭოთა ლიდერმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რასაც, რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტი არ გააკეთებდა.
პუტინმა სნოუდენის საქმეში ჩარევა შეგნებულად გადაწყვიტა. მას ან არ ჰყოფნის მისი წინამორბედების დიპლომატიური სიფრთხილე და გონივრულობა, ან შეგნებულად სურდა აშშ-ის პრეზიდენტის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება. ყველაფერი თითქოს მეორე ვარიანტზე მიუთითებს. დიპლომატიის წესებისა და ჯაშუშური თამაშების შესახებ პუტინმა ყველა სხვა სახელმწიფოს მეთაურზე მეტი იცის, მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სახელმწიფოს მეთაურმა უფროსი ჯორჯ ბუშის პერიოდიდან, რომელიც ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი გახდებოდა, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. დაიწყო რა მუშაობა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში კონტრდაზვერვის ოფიცრად, პუტინმა თავისი კარიერის პირველი ათწლეული ჩრდილში გაატარა, უთვალთვალებდა რა ლენინგრადში უცხოელებს – ტურისტებს, დიპლომატებს და მეწარმეებს. მის მოვალეობაში შედიოდა რუსეთში ჩასული უცხოელების გადმობირება და მათ მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით გამორჩეული რუსეთის მოქალაქეების აღრიცხვა. ამგვარად, სნოუდენი პირველი იდეალისტი ამერიკელი სულაც არ არის, რომელსაც პუტინი ამუშავებდა. 1998 წელს, სანკტ-პეტერბურგის მერად და შემდეგ რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინთან მუშაობის შემდეგ, პუტინი უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მემკვიდრის, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი გახდა.
პუტინმა თავიდანვე პირად კონტროლზე აიყვანა სნოუდენის საქმე, რომ აქედან რაიმე სარგებელი მიეღო. როდესაც სნოუდენი მოსკოვის შერემეტევის აეროპორტში გამოჩნდა, პუტინი არჩევანის წინაშე დადგა, თუ როგორ ემოქმედა მომავალში. მას არ სჭირდებოდა სნოუდენის დიპლომატიურ სათამაშოდ გადაქცევა. მაგრამ მან ეს გააკეთა. 28 ივნისს, სნოუდენის ჩასვლიდან ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ პუტინმა ამ ადამიანს „ახალი დისიდენტი“ უწოდა და ის ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლ ცნობილ რუს ნობელიანტ ანდრეი სახაროვს შეადარა. (ბევრმა ის ირონიაც ვერ იგრძნო, რომ პუტინი იმ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სდევნიდა სახაროვს). თუმცა პუტინს წამოცდენაც ჰქონდა, კერძოდ, მან თქვა, რომ სნოუდენმა „უნდა შეწყვიტოს თავისი საქმიანობა, რომელიც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ზიანს აყენებს“, თუ სურს რუსეთში დარჩენა, თუმცა ობამასთვის გამოწვევა უკვე გაგზავნილი იყო.
გარემოებებს თუ გავითვალისწინებთ, ობამა ფაქტობრივად ბრწყინვალედ გაუმკლავდა სნოუდენის საქმის დიპლომატიურ მხარეს. (ანალოგიურად უმკლავდება თუ არა ის საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებს – სხვა საკითხია). დასაწყისშივე ის ცდილობდა სნოუდენის ისტორია არ გადაქცეულიყო პირად საქმედ მისთვის და პუტინისთვის. აშშ ცდილობდა სნოუდენის სამშობლოში დაბრუნებაზე დათანხმებას. როდესაც მათი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა, ვაშინგტონმა არაორაზროვნად გამოხატა იმედგაცრუება და სამიტი გადადო, და იმავდროულად ძალაში დატოვა უფრო დაბალი დონის შეხვედრა ამერიკელებს და რუსებს შორის. რუსეთს ხომ მსოფლიოში უზარმაზარი წონა აქვს.
სნოუდენის საქმეზე პუტინის ქცევის ამოხსნა უფრო რთულია. იმ წლებში, როდესაც კრემლი გაცილებით დიდ სახელმწიფოს მართავდა, საბჭოთა ლიდერები ჩვეულებრივ გაურბოდნენ დეზერტირების გამოყენების ცდუნებას დამატებითი ქულების მოპოვების მიზნით. დღევანდელ დღეს, რუსეთი აღარ არის გლობალური მოძრაობის ლიდერი, რომელსაც მოკავშირეები ჰყავს ყველა კონტინენზე, ამიტომ ის არ არის დაინტერესებული იმით, რომ პოლიტიკაზე პერსონალური ხასიათის უმნიშვნელო ფაქტორები გავლენას ახდენდეს. ცივი ომის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს მოსკოვს და ვაშინგტონს მთელი რიგი საერთო ინტერესები აქვთ, გარდა იმისა, რომ არ უნდათ ბირთვული ომის დაშვება. და როგორც ეს ბოსტონის ტერაქტის შემდგომმა მოვლენებმა დაადასტურა, ამ ორ ქვეყანას ექსტრემიზმთან ბრძოლაში ეფექტური თანამშრომლობა შეუძლია.
როგორც ჩანს, პუტინს სნოუდენის გამოყენება საშინაო პოლიტიკაში გარკვეული მიზნების მისაღწევად უნდა. ცხადია, რომ ეს ამერიკელი საკმაოდ პოპულარული გახდა რუსეთში, ხოლო ანტიამერიკანიზმი ქვეყნის ხელმძღვანელობას აწყობს. იმავდროულად, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ სნოუდენის თავში არის ისეთი რამ, რამაც შეიძლება გადაწონოს რუსეთისთვის არასწორი მხარის დაკავებისგან თავშეკავებისა და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობით პოტენციურ ბირთვული კრიზისში თავით გადაშვების აუცილებელობა. გარკვეული დოზით, კრემლმა მიანიშნა, რომ მას ეს კარგად ესმის. რუსეთმა სნოუდენს მხოლოდ დროებითი თავშესაფარი მისცა, რომელიც ყოველწლიურად უნდა გახანგრძლივდეს.
ჯერ-ჯერობით, თეთრი სახლის ერთადერთი შეცდომა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. შეხვედრის გაუქმებამ პუტინი შეაცბუნა, მაგრამ სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტი მას კიდევ უფრო შეაშფოთებდა. ამერიკელებმა ჯერ-ჯერობით ბოლომდე უარი არ უნდა თქვან თავიანთი მუქარის შესრულებაზე. იმავდროულად, 9 აგვისტოს, ობამამ განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტირება რუსეთის გადაწყვეტილების გამო, კერძოდ იმის გამო, რომ მოსკოვმა არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის აკრძალვაზე ახალი კანონი მიიღო.
გაცილებით, ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა იმის გამოცხადება, რომ რუსეთში ბოლოდორინდელი მოვლენების ფონზე, შეერთებული შტატები შეაფასებს ოლიმპიური თამაშების დროს საკუთარი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებს და მიმართავს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თხოვნით, ანალოგიურად იმოქმედოს ყველა სპორტსმენთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში თამაშების ბოიკოტირების საფრთხე ყველასათვის თვალსაჩინო გახდება. გარდა ამისა, ასეთმა განაცხადებამ შეიძლება უბიძგოს სხვა ქვეყნებს, მაგალითად კანადას, ნორვეგიას, ესპანეთს და დიდ ბრიტანეთს, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები კანნითაა დაცული, რომ მსგავსი შემოწმებები ჩაატარონ. ეს მუქარა შეიძლება არამხოლოდ დაეხმაროს გარკვეული დოზით რუსეთის „ლგბტ“ თანამეგობრობას, არამედ ის საჭირო სიგნალი გახდება არატრადიციული ორიენტაციის სპორტსმენებისთვის მთელ მსოლფიოში.
ობამას რომ სნოუდენის საქმე სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის კონტექსტში წარმოეჩინა, ეს შეიძლება ძალიან საინტერესო ისტორიული ირონიის საგანი გამხდარიყო. სექსუალური ორიენტაცია დაბრკოლების ქვად ბოლოს მაშინ იქცა, როდესაც ამერიკის მოქალაქეებმა, რომლებიც კოდების გატეხვასა და ჯაშუშობაზე ინფორმაციას ფლობდნენ, მოსკოვს თავშესაფარი სთხოვეს. თუმცა, მაშინ, ოფიციალური ჰომოფობია აშშ-ისგან მოდიოდა. როდესაც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ოფიცრები უილიამ ჰამილტონ მარტინი და ბერნონ მიტჩელი 1960 წელს აშშ-დან გაიქცნენ, ვაშინგტონმა განაცხადა, რომ მათ საკუთარ ქვეყანას უღალატეს და მოსკოვში გაემგზავრნენ, რადგან ისინი ჰომოსექსუალები იყვნენ. საინტერესოა, როგორ მოექცეოდა პუტინი ამ ტიპის დეზერტირებს.
foreignpress.ge