ზურაბ აბაშიძე ნინო ბურჯანაძეს „ბინძური კამპანიის“ წარმოებაში ადანაშაულებს

ზურაბ აბაშიძე ნინო ბურჯანაძეს „ბინძური კამპანიის“ წარმოებაში ადანაშაულებს

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მტკნარი სიცრუეა, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადადიან. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არასწორი პროპაგანდა მიმდინარეობს კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში შემავალ პარტიებთან, განსაკუთრებით, „თავისუფალ დემოკრატებთან“ დაკავშირებით და აქედან გამომდინარე, მათ საჭიროდ ჩათვალეს, განმარტებები გაეკეთებინათ.

For.ge ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.

თქვენ აცხადებთ, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ბურჯანაძის პარტიის მხრიდან მომავალშიც გაკეთდება, რადგან ეს მათი პიარის ნაწილია. სინამდვილეში, თუ დატოვა ვინმემთავისუფალი დემოკრატებისრიგები?

- ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც აწარმოებს ბურჯანაძე. უბრალოდ, ამის შემდეგ ამ საკითხებზე აღარ ვაპირებთ დამატებითი განცხადებების გაკეთებას. თუმცა, მთლად გაჩუმებაც არ არის სწორი, რადგან გამოდის, თითქოს, ეს ინფორმაცია სინამდვილეა. ამიტომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ თუნდაც იმავე ლანჩხუთში, ვინმე გელა კვერენჩხილაძე არასდროს ყოფილა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი. ეს პიროვნება „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერი შეიძლება იყო, მაგრამ მხარდაჭერა და პარტიის წევრობა აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა. შესაძლოა, ადამიანი მხარდამჭერი იყოს, აქტიურადაც იყოს ჩაბმული პროცესებში, მაგრამ პარტიის წევრად არ ითვლებოდეს. იმავე მარნეულში, ვინმე მოქალაქე ნაჰირ უსუპოვი ამბობს, რომ გადავიდა ბურჯანაძესთან და თითქოს, მას გადაჰყვა ჩვენი პარტიის 50 წევრი. ესეც სრული სიცრუეა, ვინაიდან ეს ადამიანი იყო მოსურნე, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გამხდარიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. იქ იქნა არჩეული რამიზ გულმამედოვი, რომელიც არის პარტიის ლიდერი მარნეულში და მასთან ერთად არის კიდევ ცხრა გამგეობის წევრი და პარტიის 174 წევრი.

ბურჯანაძის მომხრეების მხრიდან თქვენი პარტიიდან გადასულ თითო-ოროლა წევრზეა საუბარი, თუ მასობრივ გადასვლაზე?

- არა, მასობრივ გადასვლაზე არაა საუბარი. ბურჯანაძის პარტიას და თავად ბურჯანაძეს სურს, წარმოაჩინოს, თითქოს, ეს პროცესი მიმდინარეობს და პარტია ირღვევა. ეს მიზანმიმართულად ხდება, რომ დააფიქსირონ, თითქოს, „ქართული ოცნების“ მიმართ სრული უკმაყოფილებაა. ისინი ფიქრობენ, რომ ამით არჩევნებში შედეგებს მიაღწევენ. თუმცა ძალიან ცდებიან, რადგან ქართულ საზოგადოებას კარგად არ იცნობენ.

სამომავლოდ თუ ელით მსგავს პროცესებს, რომ თქვენი პარტია დატოვონ ცალკეულმა ადამიანებმა? რადგან ნებისმიერ პარტიაში არიან მედროვეები, მიტმასნილები, შეგზავნილები... 

- რა თქმა უნდა, ასეთი ხალხი ნებისმიერ პარტიაში გვხვდება. ამიტომაც მიმდინარეობს სელექცია. უბრალოდ, ეს ფორმა, რასაც ბურჯანაძემ მიმართა, რბილად რომ ვთქვათ, აბსოლუტურად არაკორექტულია.

თუმცა კოალიცაში შემავალი სხვადასხვა პარტიიდან, მათ შორის, „ქართული ოცნებისბიუროებიდან, ხდებოდა ხალხის გადასვლა ნინო ბურჯანაძესთან. ასევე, კეთდებოდა განცხადებები, რომქართულ ოცნებისშიგნით არის გაურკვევლობა, ამასვე ადასტურებენ კოალიციის ცალკეული წევრები.

- ბევრი ადამიანი არის უკმაყოფილო გარკვეული პროცესებით. კერძოდ, საზოგადოების ნაწილი სამართლიანობის ბოლომდე აღდგენის პროცესით არ არის კმაყოფილი, ზოგს სოციალური პრობლემების ბოლომდე მოგვარება სურს. მოლოდინი მაღალი იყო, მაგრამ ათ თვეში, ეჭვი მეპარება, რომ სხვა რომელიმე ხელისუფლება უკეთესს გააკეთებდა, არც მსმენია ამის შესახებ რაიმე პრეცედენტი. აქედან გამომდინარე, უკმაყოფილება შეიძლება არსებობდეს და ეს ბუნებრივიცაა. ამდენად, რაიმე განსაკუთრებულ საგანგაშო ვითარებას ვერ ვხედავ. დანარჩენი, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს 27 ოქტომბერს და ჩვენი კოალიციის საერთო კანდიდატს-გიორგი მარგველაშვილს მხარს დაუჭერს. ამის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ქვეყანაში ასეთი ტიპის დამოკიდებულება.

ხალხში ასეთი მოსაზრებაცაა, რომ, თუკი ახალმა ხელისუფლებამ ამ ცხრათვიანი პერიოდის მანძილზე ვერ მოახერხა, დასავლეთისგან შემოთავაზებული კოაბიტაციისთვის გადაებიჯებინა, რა გარანტიაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეალურად მოხდება კოაბიტაციისგან თავის დაღწევა?

- კოაბიტაციის თემა, რომელიც ძალიან აქტუალური გახდა, ეს იყო, ერთი მხრივ, დასავლეთისთვის იმის დანახება, რომ ჩვენ ვართ ცივილიზებული ქვეყანა და შეგვიძლია თანაცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ  წარსულში ძალიან ბევრი ცუდი რამ გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგრამ მათი შედეგი პარლამენტში არის ის, რაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ირღვევა „ნაციონალური მოძრაობა“ და მას ტოვებენ ადამიანები, ასევე, უკვე პარლამენტშიც არ არიან იმდენნი, რამდენიც იყვნენ თავდაპირველად, მაინც რჩებიან ნაციონალების ცალკეული მომხრეები. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პერიოდი ღირსეულად გავიაროთ და ეს ყველაფერი 27 ოქტომბერს დავამთავროთ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ სხვა პრეზიდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ახალი კოაბიტაციის პროცესი დაიწყება ქვეყანაში.

თუმცა ბურჯანაძე კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ასე არ მოხდება.

- არა, ჩვენთან იქნება ისევ ახალი კოაბიტაცია და თანაარსებობის ისევ ახალი პროცესი დაიწყება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და დამთავრდეს კოაბიტაცია ქვეყანაში. სხვა კანდიდატის გამარჯვება, პრაქტიკულად, გამორიცხულია და ეჭვი არ მეპარება ამაში. ვთქვათ, სხვა ძალის წარმომადგენელია პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს დიდი უფლებამოსილებები, შემდგომ უკვე მოქმედი კონსტიტუციური ნორმებით, ბუნებრივია, მას ლეგიტიმაცია მაღალი ექნება. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, კოაბიტაციის ახალი პროცესი გარდაუვალია.

თეორიულად რომ დავუშვათ, ბურჯანაძემ გაიმარჯვა ან მეორე ადგილზე გავიდა, მაშინ რა პროცესები განვითარდება ქვეყანაში?

- ჩაივლის ეს არჩევნები და, პირველ რიგში, ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით აღიარება სჭირდება. ჩვენ სერიოზული ამბიციები გაგვაჩნია, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. დანარჩენი, უკვე გარეთა სამყაროს შეფასებებია. თუმცა, მეორე ადგილზე გასული პრეზიდენტი მაინც მეორე ადგილზე გასულად რჩება, ვინც არ უნდა იყოს იგი.

არის ასეთი ვერსიაც, რომქართულ ოცნებასმეორე ადგილზე დავით ბაქრაძის გასვლა უფრო აწყობს, ვიდრე ბურჯანაძის, რადგან ნაციონალობის გამო, ბაქრაძე ხალხისთვის სასურველი არ იქნება და მისი ადვილად დამარცხება შეიძლება მეორე ტურში.

- „ქართულ ოცნებას“ აწყობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, რომ მარგველაშვილმა გაიმარჯვოს, ეს აწყობს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოებრიობას. მეორე ადგილზე ვინ გავა, ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტია. ვინც უნდა გავიდეს მეორე ადგილზე, ეს საინტერესო იქნება, რადგან შემდგომ ძალიან მალე უკვე მოდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები-ქალაქის მერების, საკრებულოების არჩევნები. ამიტომ პარტიებმა და ცალკეულმა ძალებმა უნდა გამოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და ეს ადამიანები სხვადასხვა ადგილზე უნდა წარმოჩინდნენ.

დავუბრუნდეთ ისევ მთავარ თემას, რამდენი წევრიათავისუფალ დემოკრატებშიდა იმ შემთხვევაში, თუკი მართლაც მოხდება თქვენგან გადასვლა, წინასაარჩევნო პერიოდში ეს როგორ აისახება თქვენი პარტიის რეიტინგზე?

- პირდაპირ გეტყვით, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 15 ათასი წევრი, რომლებიც იმ იდეისა და ღირებულების გარშემო არიან გაერთიანებულნი, რისთვისაც თავის დროზე ეს პარტია ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით შეიქმნა.  ცხადია, ჩვენ ამის ერთგულები ვრჩებით. თუ ვინმეს ამ პარტიაში ყოფნის სურვილი არ აქვს, რა თქმა უნდა, მას არავინ აკავებს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ხშირად პარტიისთვის რიგითი წევრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პარტიული აქტივი, რომელთაც შეიძლება, ანგარებაც ამოძრავებდეთ...

- რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად, არსებობს მხარდამჭერების ინსტიტუტი, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ რომელიმე პარტიას. თუმცა შეიძლება, რაღაც პერიოდი უცხადებდნენ ასეთ მხარდაჭერას და შემდეგ აღარ უცხადებდნენ. ამიტომ პარტიის წევრობა არის იმ იდეოლოგიის გაზიარება და ყოფნა იმ პარტიულ სტრუქტურაში, რასაც ეს პარტია ქადაგებს. არ არის აუცილებელი, მათი რაოდენობა მაინცდამაინც ასეულ ათასი იყოს.