„აფბა“ ეკონომიკაში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირებს და ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. For.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე „აფბა“-ს პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ განახადა, ეკონომიკური ზრდის შემცირების მთავარი მიზეზი დეფლაციაა, რომლის მოთოკვასაც ეროვნული ბანკი ვერ ახრეხებს.
„აფბას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია აქტიური განხილვის თემად განსაკუთრებით მას შემდეგ იქცა, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპი უარყოფითი გახდა. თუმცა, საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე უფრო მეტად პოლიტიკურადაა მოტივირებული და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ანალიზისგან შორს დგას.
როგორც ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2013 წლის პირველ კვარტალში 2,4%-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლს 4,3%-ით ჩამოუვარდება.
„ის, რომ ქვეყანაში მსგავსი პროცესები განვითარდა, უდაოდ, ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა შედეგს არ მოიტანს და კიდევ უფრო დააზარალებს ეკონომიკას. პოლიტიკურ დებატებში ძირითადად ხდება ძველი და ახალი მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის შენელების პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაკისრება და ამ პროცესებში მივიწყებულია ეროვნული ბანკის როლი და მისი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე დეფლაციური პროცესების მიმართ“, - აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.
მისივე განცხადებით, „ეროვნული ბანკის“ მთავარი ფუნქცია და ამოცანა, რომელიც „ეროვნული ბანკის“ კანონითაა განსაზღვრული, არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, თუმცა ამ ფუნქციას ჭიჭინაძის თქმით, „ეროვნული ბანკი“ ფაქტობრივად ვერ ასრულებს.
„ბოლო ორი წელიწადია ქვეყანაში ფასების დონე ორნიშნა ინფლაციასა და დეფლაციას შორის მერყეობს. ეროვნულ ბანკს ფასების დონე პერიოდულად ორ უკიდურესიბას შორის „გაურბის“ და მიზნობრივი ინფლაციის მიღწევა ვერ ხერხდება. ამით სწორედ ეკონომიკა ზარალდება. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეკომომიკური ზრდის ტემპის შენელება სწოდერ იმ დეფლაციის შედეგია, რომელიც ქვეყანაში 18 თვეა გრძელდება და რომლის მოთოკვას ეროვნული ბანკი ვერა და ვერ ახერხებს. 2011 წლის მაისში, როდესაც ინფლაციის დონე 14.3%-მდე გაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესის ზომიერი მოთოკვა ვერ შეძლო და უკიდურესობა - დეფლაცია მიიღო“, - აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.
როგორც ჭიჭინაძე ამბობს, იმისათვის, რომ პროცესი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება დეფლაციის დასაძლევად და ინფლაციის დადებითი მაჩვენებლის მისაღწვად. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი პერიოდულად ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, ეს პროცესი არ იძლევა სასურველ შედეგს. როგორც ჭიჭინაძე ამბობს, სხვა მის ხელთ არსებულ ბერკეტებს ეროვნული ბანკი ჯერჯერობით არ, ან ვერ იყენებს.
„აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტის შოთა გულბანის განცხადებით, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო ებრძვის დეფლაციის პრობლემას და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ფასების დონის აწევას ცდილობს. როგორც გულბანი ამბობს, ფულის მასის ზრდის პოლიტიკას აშშ-ც, იაპონია და სხვა მაღალგანვითარებული სახელმწიფოებიც, რომელთა გამოცდილების შესწავლა და გაზიარება დადებით ეფექტს მოუტანს საქართველოს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი მთავარი ფაქტორი ქვეყანაში არსებული მცირე მონეტარული ბაზა, ეკონომიკაში ფული დეფიციტი, ანუ მონეტარიზაციის დაბალი დონეა. მონეტარიზაციის კოეფიციენტი (M2 ფულადი აგრედატის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან) საქართველოში 14,6%-ს შეადგენს, როდესაც (მსოფლიო ბანკის სტატისტიკით) მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 129,9%-ია. ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპები, რომელიც გასულ წლებში ფიქსირდებოდა განპირობებული იყო ადმინისტრირების და ეკონომიკური აქტივობის აღრიცხვის სრულყოფით და სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის მაღალი დოზით“, - აცხადებს გულბანი.
მისივე განმარტებით, დღეს, როდესაც ამ ფაქტორების ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდაზე არ არის წონადი, უფრო აშკარა გახდა ის პრობლემები, რაც ეკონომიკის წინსვლას აფერხებს და მისი თქმით, მთავარი პრობლემა არის ეკონომიკის მონეტარიზაციის დაბალი დონე. გულბანი მიიჩნევს, რომ შექმნილ ეკონომიკურ პროცესებში „ეროვნული ბანკის“ როლი და პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მთავარ, ოპტიმალურ და ეფექტიან გაზას „ეროვნული ბანკის“ პოლიტიკის გაუმჯობესებაში ხედავს.
„ვინაიდან, ეფექტიანი ფულადი-საკრედიტო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ სამთავრობო პროექტები და რეფორმები ვერ იქნება შედეგის მომტანი სასურველი ეკონომიკური ზრდის (წელს 5-6%-ის ფარგლებში) და სოციალური ვითარების დასტაბილურობის ფაქტორი. „ერობნულ ბანკს“ და მის პრეზიდენტს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან, შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“, - აღნიშნა შოთა გულბანმა.