კახეთში გეგმიური საველე სწავლება „იორი-2013“-ის აქტიური ფაზა მიმდინარეობს. წვრთნა გაერთიანებული შტაბის J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების შტაბის გეგმით ხორციელდება.
სწავლება საგარეჯოსა და გურჯაანის რაიონებში 19 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. „იორი-2013“-ი სადაზვერვო ქვედანაყოფების სიტუაციურ სწავლებას წარმოადგენს და ოთხ ფაზას მოიცავს. მასში ჩართულია აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების I, II და V ქვეითი ბრიგადების სადაზვერვო ასეულები, ასევე, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის პირველი ასეული და სპეციალური ოპერაციების დაჯგუფების დემო ჯგუფი.
სწავლება „იორი-2013“ -ის მიზანია აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ქვედანაყოფების შტაბების და სადაზვერვო ასეულების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის და ქვედანაყოფის მართვის პროცედურების სრულყოფა, მიღებული გადაწყვეტილების ქვედანაყოფებამდე დაყვანა, აღსრულება და მართვა.
განათლების სარდლობაში შექმნილია სპეციალური შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც „იორი-2013“-ის დასრულების შემდგომ სწავლების შედეგებს გააანალიზებს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს.