„არგასაზრდელი“ საარსებო მინიმუმი

„არგასაზრდელი“ საარსებო მინიმუმი

საარსებო მინიმუმი, გაზრდის ნაცვლად, მცირდება. მართალია, ქვეყანაში წლის დასაწყისიდან მოყოლებული დეფლაციაა და ფასებიც დაბლა მოდის, მაგრამ აქ საუბარია მინიმუმის მეთოდოლოგიის ცვლილებაზე. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არაერთგზის საუბრობდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის ივლისში საარსებო მინიმუმი 144,8 ლარით განისაზღვრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1,70 ლარით არის შემცირებული, 2013 წლის ივნისთან შედარებით კი - 4,90 ლარით.

2013 წლის ივლისში, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 128,2 ლარი შეადგინა (2012 წლის ივლისში - 129,7 ლარი), საშუალო ოჯახისა - 242,8 ლარი (2012 წლის ივლისში - 245,7 ლარი). ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლის ივლისში 128,2 ლარი (2012 წლის ივლისში - 129,7 ლარი) იყო, ექვსსულიანის და მეტის - 341,1 ლარი (2013 წლის ივლისში - 345,1 ლარი).

ყველასათვის ცნობილია, რომ 1 სექტემბრიდან პენსიები იზრდება. 150-ლარიანი პენსიის დაწესების მთავარ არგუმენტად საარსებო მინიმუმი სახელდება. სწორედ საარსებო მინიმუმთან პენსიის გათანაბრება იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ერთი წლის წინ. მაშინ კოალიციის ლიდერები საარსებო მინიმუმს არათუ ამცირებდნენ, არამედ აორმაგებდნენ. მაგალითად, საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საარსებო მინიმუმი 220 ლარს შეადგენს.

ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კი ორიოდე წლის წინათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდის შესახებაც საუბრობდა:

„იმ კალათის შესაძენად, რომელიც ჯანმრთელობის სამინისტროში იყო შედგენილი და 2003 წლამდე მოქმედებდა, დღეს ადამიანს, სავარაუდოდ, ალბათ, 240-250 ლარი დასჭირდებოდა, ძალიან უხეშად რომ დავთვალოთ“, - აცხადებდა ნოდარ ხადური.

თავად მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც არაერთგზის აღუნიშნავს საარსებო მინიმუმის დაბალი დონე, მაგრამ კოალიციის მიერ საარსებო მინიმუმში ცვლილებების კონკრეტული თარიღი დასახელებული არ ყოფილა.

სანამ მინიმუმის მეთოდოლოგია შეიცვლება, საარსებო მინიმუმი კლებას განაგრძობს. მისი გამოანგარიშება ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2003 წელს დადგენილი კალათის მიხედვით, რომლის 70 პროცენტს ადამიანის არსებობისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტები შეადგენს, ხოლო დანარჩენს აუცილებელი სერვისები. ამ პროდუქტების ფასების შეჯამებით განისაზღვრება საარსებო მინიმუმის მოცულობა.

სწორედ ამას აკრიტიკებენ სპეციალისტები. სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის აზრით, დღევანდელი საარსებო მინიმუმი „მოძველებულია“ და სინამდვილეს ვერ ასახავს.

„მისი განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს ზოგიერთი ისეთი საქონელი, რომელიც ადრე არ მოიხმარებოდა, მაგრამ დღეს ყოველდღიურობა უიმისოდ წარმოუდგენელია. მაგალითად, მობილური ტელეფონი ჩვენი ყოფის ნაწილი არ იყო, დღეს კი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის შემოსავალს, მობილური თითქმის ყველას აქვს. ამიტომ, მისი ხარჯები საარსებო მინიმუმში აუცილებლად გასათვალისწინებელია. იგივე შეიძლება ითქვას ავტომობილზე, რომელიც ფუფუნების საგნად უკვე აღარ ითვლება. დროთა განმავლობაში საარსებო მინიმუმის ზრდა სავსებით ლოგიკურია.

სასურსათო კალათაში დაბალია ცხოველური წარმომავლობის პროდუქტის წილი, საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი ამით ხელოვნურად არის შემცირებული. ერთი რამის გაკეთება უკვე შეიძლება - სასურსათო და არასასურსათო კომპონენტებს შორის პროპორციის გადახედვა. საარსებო მინიმუმის 70% სასურსათო კომპონენტზე მოდის და ეს უნდა შეიცვალოს. პირობითად, თუ ავიღებთ პროპორციებს 50-50-ზე, საარსებო მინიმუმი 70-80 ლარით გაიზრდება. ეს კი ახლოსაა 250-ლარიან მაჩვენებელთან“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.