საპრეზიდენტო კანდიდატების დასახელებისას სააკაშვილი უკვე მეორედ უბრუნდება რომაელი იმპერატორის - კალიგულას მიერ სენატში საკუთარი ცხენის არჩევის თემას.
პრეზიდენტი შეშფოთებულია, რომ „ხალხს შესთავაზეს ისეთი კანდიდატები, რომლებიც უფრო დაბლა დგანან, ვიდრე ჩვენი ხალხის განვითარების, ინტერესების და ღირსების დონეა. ასე რომ, ერთ-ერთი რომაელი იმპერატორის მსგავსად, რომელმაც სენატში ცხენი აირჩია, ამას ქართველი ხალხი არ გააკეთებს, რადგან ელემენტარულად უხერხულია, მათ ისეთი კანდიდატი შესთავაზეს“...
„სენატორ“ ცხენთან ასოციაციები სააკაშვილს ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში გაუჩნდა, როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება გადაწყვიტა. იმ დროს სააკაშვილი ამბობდა, რომ კონკრეტულად აღნიშნულ კანდიდატს არაფერს ერჩოდა, თუმცა ახსენდებოდა ის დრო, როცა რომის იმპერატორმა (სააკაშვილის ინტერპრეტაციით) ნერონმა გადაწყვიტა, რომაელ საზოგადოებაზე საკუთარი თავის დომინირების დემონსტრაცია მოეხდინა. ამიტომაც თავისი ცხენი აირჩია სენატში. ამ მაგალითისგან განსხვავებით, სააკაშვილი მაშინ იმედოვნებდა, რომ იმის გამო, რომ „პრემიერ-მინისტრი ხშირად იცვლიდა აზრს“, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატურასაც შეცვლიდა, რადგან ჩვენი საზოგადეობა ანგარიშგასაწევი ძალა იყო და ის პატივისცემასა და ღირსეულად მოპყრობას იმსახურებდა. მოგვიანებით ფეისბუკზე გაკეთებულ კომენტარში სააკაშვილმა მოიბოდიშა კიდეც, რადგან კალიგულას ცხენზე საუბრისას უნებურად ნერონი წამოსცდა, თუმცა სამი თვის შემდეგ ისევ ასეთი ეპითეტებით შეამკო ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატი.
სააკაშვილის მიერ ოპონენტის საპრეზიდენტო კანდიდატის დამცირების მცდელობას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ინტერნეტსივრცეში. გაკეთდა შეფასებები, რომ სააკაშვილი დემაგოგობას თავს არ ანებებს და არაკორექტულ ანალოგს დაეძებს. ასევე, ითქვა იმის შესახებაც, რომ ეს ანალოგია უფრო სააკაშვილის პრეზიდენტობას შეეფერება, რადგან „იმპერატორმა კალიგულამაც სენატში ცხენი შეიყვანა და სირბილი მანაც მაგრად იცოდა!“
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, როგორც წესი, ადამიანები სხვადასხვა გზით მიდიან პრეზიდენტობამდე. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ამბობდა, „ჩვენს ქვეყანაში ჯერ მივდივართ ციხეში, ხოლო შემდეგ ვხდებით პრეზიდენტი“. საქართველოში კი დასაშვებია ვითომც რეინკარნაციის შემდეგ საპრეზიდენტო მარათონში ჩაებას პარტია, რომლის გასამართლებასაც ხალხის უმეტესობა მოითხოვს. ყველაფერ ამ ფონზე საინტერესოა, რისთვის დასჭირდა სააკაშვილს არჩევნების წინ სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების განქიქება და რას ნიშნავს მისთვის საპრეზიდენტო კანდიდატის ღირსებაზე საუბარი? რა უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, ერთი შეხედვით, უწყინარი დავით ბაქრაძისთვის, ყოფილიყო ნაციონალების საპრეზიდენტო კანდიდატი თუ განრიდებოდა ამ მოვლენას?! ამის შესახებ უმრავლესობის წევრს სერგო რატიანს თავისებური მოსაზრება აქვს.
For. ge-სთან საუბარში რატიანმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა ღირსეულთა სიაში, სავარაუდოდ, იგულისხმა დავით ბაქრაძე, „აშკარად გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელსაც განვლილი აქვს გარკვეული ეტაპები და არის სრულფასოვანი, სერიოზული გამოცდილების პოლიტიკოსი“.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, სერგო რატიანმა დაადასტურა, რომ აქ პრობლემაა მარგველაშვილთან მიმართებით, რადგან მარგველაშვილი ერთი კაცის მიერ არჩეული კანდიდატია. ამდენად, ქართველ ხალხს არ უნდა ჰყავდეს პრეზიდენტი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ, რომ მას ნაბოძები აქვს პრეზიდენტობა.
ნინო ბურჯანაძესთან მიმართებით სერგო რატიანს მიაჩნია, რომ აქ არის სერიოზული პრობლემა და ჩვენ არ უნდა გვყავდეს კანდიდატი, რომელიც ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს, უბრალოდ, ეწინააღმდეგება და აშკარად თანამშრომლობს ჩვენს მტერთან.
ჩვენ შევახსენეთ დეპუტატს, რომ ბურჯანაძე თავის დროზე სააკაშვილის გვედით იდგა და, აქედან გამომდინარე, მაშინ რატომ იყო გამორიცხული საქართველოს მტერთან თანამშრომლობა?! ამის საპასუხოდ სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ ბურჯანაძემ გაიკეთა საკმაოდ უცნაური კარიერა, როცა ის ურთიერთობდა რუსეთის ხელისუფლებასთან და ეს მოხდა 2008 წლის ომის შემდეგ. კერძოდ, „ბურჯანაძემ გადალახა წითელი ხაზები, რომელიც არ შეიძლება, გადალახოს ქართველმა ადამიანმა“.
„ვფიქრობ, რაც სააკაშვილმა თქვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს უფრო მეტად ეხება მარგველაშვილს, რადგან სიტყვა „შესთავაზეს“ პრეზიდენტობა ნიშნავს, რომ ეს სიტყვა ეხება მარგველაშვილს“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.
ჩვენს შეკითხვას, რომ მის მიერ ნახსენები ტერმინი - „გამოცდილი პოლიტიკოსი“ ხშირად არ მოიაზრებს, რომ ეს ცნება თავსებადი იყოს ადამიანის ღირსებასთან, რასაც ადასტურებს საზოგადოების განწყობა „ნაცმოძრაობის“ მიმართ, სერგო რატიანი პასუხობს, რომ დავით ბაქრაძეს პოლიტიკურ კარიერაში შესწევს ძალა, გარკვეულ ინტერესებზე მაღლა დადგეს. მეტიც, მას აქვს მაღალი თმენის უნარი და შეუძლია ერის კონსოლიდაცია. „ამიტომ სოციალურმა კვლევებმა უნდა დადასტუროს ხალხის განწყობა“, - მიიჩნევს უმცირესობის დეპუტატი.
ჩვენ დავინტერესდით, სააკაშვილის მიერ ნახსენები „ღირსება“ გულისხმობს თუ არა დავით ბაქრაძის, როგორც ნაციონალების გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრის, პასუხისმგებლობას მათ დროს ციხეებში ჩადენილი დანაშაულის, ქუჩებში დახვრეტების, მიტინგების დარბევის გამო, რაზეც სერგო რატიანი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ცხრაწლიანი შენების გამოცდილება.
„დამისახელეთ, შენების ამხელა გამოცდილება აქვს ვინმეს? ეს არის დადებითი გამოცდილება. ასევე, არსებობს გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია შეცდომებთან და ეს შეცდომები ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს დაშვებული. ეს არის სახელმწიფოებრივი გამოცდილებაა“, - აღნიშნა სერგო რატიანმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე სააკაშვილის მხრიდან კანდიდატების განქიქებას პოლიტიკურად არაკორექტულს უწოდებს. მისი თქმით, შესაძლოა, 35 კანდიდატს შორის ბევრი კრიტიკასაც იმსახურებს, მაგრამ ის, რომ საზოგადოების ყველაზე ცუდი ნაწილის წარმომადგენლები არიან ეს საპრეზიდენტო კანდიდატები, ეს არასწორია.
მისივე თქმით, მარგველაშვილს არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ არც ის იქნება სიმართლე, გვეთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, 60-70% თავისი პოლიტიკური კულტურითა და გამოცდილებით მარგველაშვილზე მაღლა დგას, რადგან საზოგადოების მარგინალურ ფენას მარგველაშვილი არ განეკუთვნება.
თუმცა, ამის მიუხედავად, სოსო ცინცაძე გიორგი მარგველაშვილის შესახებ საკუთარ პოზიციას ინარჩუნებს, რომ იგი ახლოს ვერ მივა ბურჯანაძესთან, პოლიტიკური გამოცდილებითა და პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ბევრი სხვა თვისებით.
„მარტო საპრეზიდენტო გამოცდილება არ არის საკმარისი. პოლიტიკოსს, მით უმეტეს, პრეზიდენტს, ძალზე ბევრი სხვა თვისებები სჭირდება. შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრეზიდენტი იყო ნელსონ მანდელა. რა პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა ნელსონ მანდელას? დაიწყო თუ არა ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ, იგი ახალგაზრდულ ასაკში დააპატიმრეს და 30 წელი რობინის კუნძულზე გაატარა ციხეში. თუმცა შემდეგ მშვენიერი პოლიტიკოსი გამოდგა. ასევე მოხდა ვაცლავ ჰაველის შემთხვევაშიც. ამიტომ მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, თუ არა ის მძიმე ტვირთი, რომლისგანაც გათავისუფლებაც შეუძლებელია და, რასაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, ბაქრაძე თავისი პირადი, სუფთა ადამიანური მონაცემებით არ გამოიყურება ისე კაციჭამიად, როგორც ბევრი მისი სხვა თანაპარტიელი. შენ თუ დროზე არ დაშორდი იმ ძალას, რომლის შემადგენელიც ხარ და საქმით არ დაამტკიცე, რომ ეს განშორება ტაქტიკური ნაბიჯი კი არ იყო, არამედ შენი სტრატეგიული არჩევანი, მაშინ უკვე ძალიან ძნელია ავტორიტეტის მოხვეჭა. ბაქრაძისგან განსხვავებით, ნინო ბურჯანაძემ დროზე დაამსხვრია ყველა ხიდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. საინტერესოა, თვითონ სააკაშვილიც ორი წლის წინ უკრაინული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ბურჯანაძის შესახებ აცხადებდა, ჩვენ თავიდანვე განსხვავებული ფასეულობები და ღირებულებები გვქონდაო“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For. ge-სთან საუბარში.
მანვე ივანიშვილის ფავორიტი უაღრესად სუსტ პოლიტიკოსად დაასახელა და აღნიშნა, შეიძლება, ადამიანი პოლიტიკაში გამოუცდელი იყოს, მაგრამ ლომს ბრჭყალებით იცნობენ. თუმცა პოლიტოლოგს მარგველაშვილის ტაქტიკურ ნაბიჯებში, თუნდაც მისი მინისტრის პოსტზე ყოფნისას, მის შავ ლაქად მიაჩნია ბენდუქიძესთან კაპიტულაცია, როცა ბენდუქიძის უნივერსიტეტის საკითხი წყდებოდა.
„მან დათმო იქ, სადაც არ უნდა დაეთმო. თუმცა სენატში ცხენის შეყვანასა და სენატორად გახდომასთან მარგველაშვილის შედარება არაკორექტულობასთან ერთად უსამართლობაცაა. გასაგებია, სააკაშვილისთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც არ არის მისი პარტიის წარმომადგენელი. რაც უფრო ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, ჩვენი პრეზიდენტი ავლენს წმინდა პიროვნულ ხასიათს. ეს არის პოლიტიკური თავშეუკავებლობის პრობლება, ელემენტარული ზრდილობის ნორმების არარსებობა. ეს ადამიანი აბსოლუტურად შინაგანად მოუმზადებელი შეხვდა გასული წლის ოქტომბერში კატასტროფულ დამარცხებას. ამდენად, ახლა მისი საქციელი გასაგებია“, - განმარტავს სოსო ცინცაძე.
ამასთან, მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ევროპელი პოლიტიკოსი ნებისმიერი არჩევნების წინ შინაგანად დამარცხებისთვისაც მზად არის. ამიტომაც წონასწორობას ინარჩუნებს დამარცხების შემთხვევაშიც კი. თუმცა „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად გამორიცხავდა დამარცხებას არჩევნების წინ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ, არამედ ბევრი სხვა ბერკეტის გათვალისწინებითაც.