გარდაქმნები დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის და გაურკვევლად მოჩანს

გარდაქმნები დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის და გაურკვევლად მოჩანს

ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში ოცი წლის წინ დაწყებული გარდაქმნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის, დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს არის და გაურკვევლად მოჩანს. გარკვეული პროგრესის მიუხედავად, უამრავი პრობლემა რჩება. ის სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვაგვარია, მაგრამ საერთო პრობლემებს შორის არის სახელმწიფო მართვის არაეფექტურობა, საზოგადოებრივი მონაწილეობის დეფიციტი პოლიტიკურ სისტემებში და გამჭვირვალობაში, ხარვეზები კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში და რეგიონული თანამშრომლობის არარსებობა. სხვა პრობლემებს შორისაა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ტერორიზმი, ასევე ეთნიკური კონფლიქტები კავკასიაში, ფერგანის ველში და სხვა ადგილებში. ნავთობის სიუხვის მიუხედავად, ფართოდაა გავრცელებული სიღატაკე და რეგიონში არ არის ის დინამიკური და დივერსიფიცირებული ზრდა, რასაც ადგილი აქვს აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში.

საერთაშორისო თვალსაზრისით, რეგიონს უამრავი პრობლემა აქვს, რომელიც კონკურირებადი გავლენით და ისეთი ქვეყნების ზეწოლით იქმნება, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი და ირანი, ასევე ზეწოლით ახლო აღმოსავლეთის და მისი მიმდებარე ქვეყნების მხრიდან. არასტაბილურობის წყარო ავღანეთი და პაკისტანია. ისეთი რეგიონული მექანიზმები, როგორებიცაა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაცია, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, რომლის შექმნის იდეაც არსებობს, ვერ უზრუნველყოფს სრულ ინტეგრაციას და უფრო მნიშვნელოვანია არა კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის, არამედ მათი რუსი და ჩინელი სპონსორებისთვის. ამ და სხვა ძალების დაბალანსების მიზნით, რეგიონის ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ შორულ სახელმწიფოებთან კავშირს, და ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მხრიდან უყურადღებობის ეშინიათ. ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გეგმა 2014 წლისთვის ასეთ შიშებს ამძაფრებს.

მაგრამ, ჯარების გამოყვანა ამ რეგიონის მივიწყებას და იგნორირებას არ უნდა ნიშნავდეს. ტრანსატლანტიკურმა თანამეგობრობამ უფრო მიზანმიმართული და ქმედითი კავშირები უნდა განავითაროს და აქტიურად ითანამშრომლოს ცენტრალურ აზიასა და კავკასიასთან. ეს კავშირები გამორჩეულად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და მისი სტაბილურობისათვის, ასევე მისი მდგრადი წინსვლისთვის სახელმწიფო მართვის პლურალისტური და დემოკრატიული სისტემისა და საბაზრო ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით მომდევნო წლებში. ამისთვის საკვანძო პირობა სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაციაა, რომელიც შექმნის ისეთ ძალებს, რომელიც დაიცავს საკონტრაქტო და ქონებრივ უფლებებს, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, უფრო ღია და პროგნოზირებადი სახელწიფოს იდეას, რეგიონულ თანამშრომლობას და ეკონომიკურ ზრდას ბაზრის საფუძველზე. ამ მხრივ ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის ის ნაბიჯები, რომელსაც რეგიონის ქვეყნები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის დგამენ.

ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის ასევე ტრანსკონტინენტური ვაჭრობის ახალი შესაძლებლობები. ასწლეულების განმავლობაში ევრაზიის კონტინენტური მასივი იზოლირებულ და უძრავ ეკონომიკურ ჭაობად რჩებოდა დიდი დისტანციებისა და შეუთანხმებელი პოლიტიკის გამო. ეს რეგიონის ეკონომიკური და სოციალური ტვირთი გახლდათ. დღეს დიდებული აბრეშუმის გზის თანამედროვე ვერსიის შექმნის ახალი პერსპექტივები ჩნდება, რომელიც 21-ე საუკუნეში ევროპას შორეულ აღმოსავლეთთან და სამხრეთ აზიასთან დააკავშირებს. ასეთ პერსპექტივას უზარმაზარი პოტენციალი აქვს იმის, რომ ახალი, უფრო იაფი, სწრაფი და მდგრადი სატრანზიტო მარშრუტის ხარჯზე ევროპას, ახლოაღმოსავლურ ხმელთაშუაზღვისპირეთს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის, რეგიონის ნაკლოვანებები მის უპირატესობად აქციოს. თუკი, ასეთი პოტენციალის წყალობით, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში სამუშაო ადგილების შექმნა შესაძლებელი გახდება, ეს რეგიონს კეთილდღეობას და იმედს მოუტანს, რაც მას ძალიან სჭირდება. შეერთებული შტატებისთვის ეს შექმნის სერიოზულ სტაბილურობას გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, ასევე ახალ, უფრო დინამიკურ ბაზრებს ჩვენი საქონლისა და მომსახურებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას აშშ-ში.

2011 წელს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პირველმა მიაპყრო ყურადღება ახალი აბრეშუმის გზის შექმნის პერსპექტივებს. მას შემდეგ, უკვე საკმაოდ ბევრი გაკეთდა. მთელ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში უკვე აშენებულია ან შენდება ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზები. მშენებლობა კიდევ იგეგემება. აზიის განვითარების ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, ასევე ამ რეგიონთან დაკავშირებულმა მრავალრიცხოვანმა ინიციატივებმა ხელი შეუწყო მისი ეკონომიკური პოტენციალის და შესაძლებლობების გაძლიერებას. ამერიკული დიპლომატია რეგიონში, სწორედ ამ კონცეფციით უნდა ხელმძღვანელობდეს და ყოველმხრივ ხელს უწყობდეს მას. ეს ძალიან პოზიტიური და კონსტრუქციული დღის წესრიგია ვაშინგტონისთვის იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გამოგვყავს ჯარი ავღანეთიდან და რადიკალიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის საყოველთაო და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება გვინდა.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის, მუდმივი პირადი ჩართულობა. ის, თავის თანაშემწეებთან ერთად, ხაზს უსვამს პირადი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას – ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ერლან იდრისოვთან, რომელიც გასულ თვეში ვაშინგტონს სტუმრობდა, უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც აშშ-ში ამ წლის დასაწყისში იყო, ასევე კოლეგებთან რეგიონის სხვა ქვეყნებიდან. ამერიკული და ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ამ და სხვა ლიდერებთან უნდა გაგრძელდეს კეთილდღეობის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, და ის იმსახურებს მძლავრ მხარდაჭერას ორივე პარტიის მხრიდან.

გენერალ ჯეიმს ჯონსი – კომპანია Jones Group International-ის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ბრენტ სკოუკფორტის სახელობის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის თავმჯდომარე.

foreignpress.ge