ნახევარი გურია დატბორილია, მეორე ნახევარი კი მეწყერსაშიშ ზონაშია. მორიგმა სტიქიამ დასავლეთ საქართველოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა.
უკვე 3-4 დღეა ურთულესი მდგომარეობაა გურიაში. სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში დაადგენს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა სოფელი დაზარალდა. რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლის საშიშროებაც შეიქმნა. ოზურგეთის რაიონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს კი, მეწყერის გამო, საცხოვრებელი კარ-მიდამოს დატოვება მოუწევს. როგორც გურიის გუბერნატორმა ვალერიან ჩიტაიშვილმა განაცხადა, ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის რაიონის რამდენიმე სოფელში მეწყრული პროცესები დააჩქარა, რის გამოც რამდენიმე მოსახლეს საცხოვრებლის დატოვება მოუწევს.
„თუ სად წაიყვანენ ამ მოსახლეობას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველობების გადასაწყვეტია. ყველაფერი ეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდება“, - აღნიშნა პრეზიდენტის რწმუნებულმა გურიის მხარეში.
გადაუღებელი წვიმების შედეგად, ოზურგეთის რაიონის სოფლებში-ნატანები და წვერმაღალა - მეწყერი ჩამოწვა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მეწყერის შედეგად, წვერმაღალაში ავთანდილ გულიტაშვილის 6-სულიანი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. როგორც დაზარალებულები ამბობენ, კვირას, დაახლოებით, 4 საათზე ხმა შემოესმათ და დაინახეს, როგორ წამოვიდა მიწა. ოჯახის ყველა წევრმა სახლი დროულად დატოვა და არავინ დაშავებულა.
გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის გამო, დამატებითი მეწყერსასიში ზონები წარმოიქმნა. ვალერი ჩიტაიშვილის თქმით, ორდღიანმა ძლიერმა წვიმამ სოფლების: კონჭკათში, თხინვალში, შრომაში, ნატანებში, ზემო და ქვემო აკეთში, ასევე ურეკის წვერმაღალას მონაკვეთზე მეწყერსაშიში ზონები წარმოქმნა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში კი დაახლოებით 30-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდ-ბოგირები წალეკა. დიდ ზარალზე საუბრობს მდინარე სუფსის ადიდების გამო სახნავ-სათესი სავარგულების გარეშე დარჩენილი მოსახლეობაც.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებული დაბა ურეკის მოსახლეობაკი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, წლებია სანიაღვრე არხების პრობლემა დგას, რაც სახლებისა და სასტუმროების მუდმივად დატბორვას იწვევს. მათივე თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, დამსვენებლები ურეკში ჩასვლას ერიდებიან, კვირას კი ასობით მათგანმა დაბა სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
„დილის 9 საათზე ჩაალაგეს ბარგი და წავიდა ყველა დამსვენებელი ჩემი, ჩემი მეზობლების სახლებიდან. ერთმეტრიან წყალში ვინ გაგვიჩერდებოდა. არ დაადგა საშველი არხების გაწმენდას. შემოვარდება სახლებში წყალი, მოვარდებიან გამგეობიდანაც. წავა წყალი და მიდიან ესენიც, პატრონი და საქმისმომგვარებელი კი არავინაა.
ყველაფერი გაგვიფუჭდა, ფრინველები დაგვეხოცა. ვინმემ მოგვხედოს, არხების გაწმენდას ვითხოვთ, სახლების აშენებას ხომ არა. რომ იძახიან, ურეკი ასეთი და ისეთი კურორტიაო, რა კურორტზეა საუბარი, როცა ყველა წამოწვიმებაზე ვენეციას ემსგავსება?! ბანკის ვალები გვაქვს ყველას აღებული სეზონს მომზადებული რომ დავხვედროდით, რით გადავიხდით აღარ ვიცი“, - განაცხადა დაბა ურეკში მცხოვრებმა ლუიზა დვალიშვილმა.
საერთოდ 2013 საქართველოსთვის „სტიქიური წელია“. ზარალის ოდენობა უკვე ათეულობით მილიონს აღწევს. ყოველ კვირას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან მოდის შემაშფოთებელი ცნობები.
23-24 მარტის გრიგალმა და შტორმმა ერთბაშად რამდენიმე რეგიონი დააზარალა, განსაკუთრებით რთული ვითარება აჭარასა და გურიაში იყო. მაშინ ინფრასტრუქტურისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობამ დაახლოებით 5 მილიონი ლარი შეადგინა.
შემდეგი იყო კახეთი. ივლისში ყოველდღიურად ერთი მეორის მიყოლებით გურჯაანის, ყვარლისა და ლაგოდეხის სოფლები ისეტყვებოდა. სტიქიის შედეგად, კახეთის რამდენიმე რაიონში ვენახები, საზამთროს ბაღები და სხვადასხვა ერთწლიანი კულტურები დაზიანდა. სეტყვას ხშირად ქარიშხალიც ერთვოდა, რის გამოც სიმინდის ყანებიც განადგურდა.
იმავე პერიოდში უამინდობამ პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოშიც. ხელვაჩაურის სოფლებს, სიმონეთსა და მახოს დამტყდარმა სტიქიამ სიმინდის ყანები მიწასთან გაასწორა, ხოლო ძლიერმა სეტყვამ მცენარეთა ნაყოფი ძირს ჩამოყარა. სეტყვას ზედ ძლიერი წვიმაც დაერთო, რამაც დატბორვის საფრთხე შექმნა.
აჭარის პარალელურად სერიოზულად დაზარალდა სამეგრელოც. კერძოდ, სენაკს იმდენად დიდი საშიშროება შეექმნა, რომ ქალაქის ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საბოლოო ჯამში, არანორმალური წვიმის შედეგად სენაკს 800 000 ლარამდე ინფრასტრუქტურული ზიანი მიადგა. სტიქიის შედეგად უმეტესწილად საგზაო და წყლის სისტემები დაზიანდა. ივლისშივე სტიქიამ დააზარალა წალენჯიხაც. კახეთში, სამეგრელოსა და აჭარაში ივლისში მიყენებული ზარალის ოდენობამ კი დაახლოებით 4 მლნ ლარი შეადგინა.