იპოთეკასთან დაკავშირებულ პრობლებმებთან დაკავშირებით თანდათან ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფები ყალიბდება. მათი რიგები თანდათან ივსება და ახალი ინიციატივებიც ჩნდება.
საბანკო სექტორის პოზიცია იპოთეკურ საკითხთან დაკავშირებით საყოველთაოდ ცნობილია. ამჯერად მათ მხარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა აუბეს. როგორც აღნიშნული ორგნიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, ისინი იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების შეჩერების შესახებ საბანკო სექტორის პროტესტს იზიარებენ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმდჯომარე აცხადებს, რომ კანონპროექტს ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგი ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე. არჩილ ბაკურაძის განმარტებით, ინიციატივა მსესხებლის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევას წაახალისებს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებების აღსრულება ეკონომიკის მთავარი საფუძველია.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ასოციაციას კანონპროექტის სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს, ინიციატივა ძალაში შესვლისთანავე მოიტანს უარყოფით ეფექტს.
ამ დროს საკრედიტო ორგანიზაციებთან დაპირისპირებული ჯგუფი კიდევ უფრო გააქტიურდა. ისინი სახელმწიფოს, დახმარებასთან ერთად, საგამოძეიბო კომისიის შექმნას სთხოვენ, რომელიც იმ პროცესს გამოძიებს, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ბინიდან გამოსახლების წინაშე დადგა.
„ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით. საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებამდე კი ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიუმი საცხოვრებელი სახლების გაყიდვაზე“, - აცხადებენ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ კომიტეტში.
ორიოდე დღის წინათ ფოთში, კომერციული და კერძო საკრედიტო ორგანიზაციების მიერ დაზარალებული იპოთეკარების კომიტეტის პირველი სხდომა გაიმართა. კომიტეტის საორგანიზაციო საბჭოს მიერ, შემუშავდა რეზოლუცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება.
„2004 წლიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული მკვეთრად ლიბერალური კურსის გათვალისწინებით დაიწყო ეროვნული ბანკის უფლებამოსილების შეკვეცა და პროპორციულად კომერციული ბანკების ფუნქციების ზრდა. კომერციულმა ბანკებმა სახელმწიფოს მესვეურთა ხელშეწყობით დაიწყეს უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით „მაღალი რისკის შემცველი“ კრედიტების გაცემა განვითარების სტადიაში მყოფი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.
მაშინ, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ტელე პიარის დონეზე აქტიურად ხდებოდა პროპაგანდირება, თითქოს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება პრიორიტეტული და ხელშეწყობილი იყო, რეალურად, საგადასახადო და საბანკო სისტემების ურთიერთშეთანხმებული ქმედებების გამო მიზანმიმართულად ხდებოდა ამ სეგმენტის განადგურება.
2008 წლის აგვისტოს ომმა და შემდგომ განვითარებულმა ფინანსურმა კრიზისმა ცხადად წარმოაჩინა სახელმწიფოს დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგები, რის შედეგადაც დღეის მდგომარეობით 75 000-ზე მეტი ოჯახის კერძო საკუთრება, საცხოვრებელი სახლი კითხვის ქვეშ დგას. ჩვენი მიზანია დავანახოთ ხელისუფლებას ჩვენი ერთობა, მოვითხოვოთ სამართლიანობის აღდგენა.
აუცილებელია შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 2004 წლიდან საბანკო სექტორში განვითარებულ მოვლენებს, შეისწავლის 2008 წელს სახელმწიფოს მიერ აღებული დახმარებიდან 2 მილიარდი დოლარის საბანკო სექტორში დახმარების სახით ჩადების მიზანშეწონილობას, მიზნობრიობას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვების კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით. საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებამდე კი ვითხოვთ გამოცხადდეს მორატორიუმი საცხოვრებელი სახლების გაყიდვაზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
როგორც კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი აქტივობებით, ისინი ხელისუფლებას პრობლემის სრულად დანახვასა და მისი გადაჭრის გზების მოძიებაში ეხმარებიან.
როგორც ცნობილია, უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის ინიციატივით, დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულება 1-ელ თებერვლამდე ჩერდება. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა პრემიერ-მინისტრის და ბანკების კრიტიკის შემდეგ განხილვა შეჩერდა და საკითხის განხილვა სექტემბრისთვის გადაიდო.