„აშკარაა, საერთაშორისო დონეზე გამოძიება მიმდინარეობს და „ბიბისისთვის“ ამ გამოძიების გარკვეული ნაწილი გახდა ცნობილი, თორემ ჰაერზე არ გაკეთდებოდა ეს სიუჟეტი“

„აშკარაა, საერთაშორისო დონეზე გამოძიება მიმდინარეობს და „ბიბისისთვის“ ამ გამოძიების გარკვეული ნაწილი გახდა ცნობილი, თორემ ჰაერზე არ გაკეთდებოდა ეს სიუჟეტი“

არეშიძე არ ელის, რომ ეს საქმე უბრალოდ ჩაიფარცხება, რადგან ამის უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელთა აზრსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში. არეშიძის ინფორმაციით, გერმანიაში უზარმაზარი ამბავია ატეხილი კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქმეში ჩაერთო რეგიონების პროკურატურა, შემდეგ უკვე ცენტრალური პროკურატურა. წრე ვიწროვდება, თუმცა ისიც აშკარაა, კეზერაშვილს სერიოზული მფარველები ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან, სხვა მიმართულებით წაიყვანონ გამოძიება.

საინტერესოა, რომ „ბიბისი“ ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს სცენის აღწერით, თუ როგორ ცდილობს კეზერაშვილის ქოლცენტრის ოპერატორი შვედი პენსიონერისთვის მახის დაგებას. 75 წლის კაცი ცდილობს თავი დააღწიოს ძალად მოსაუბრეს, რადგან ერთხელ უკვე გახდა თაღლითობის მსხვერპლი, მაგრამ ქოლცენტრის თანამშრომელი მის მოტყუებას ახერხებს და საბანკო ინფორმაციასა და 250 ევროსაც სძლავს.

„ბიბისიმ“ შეამოწმა „მილტონ ჯგუფის“ 4 ხელმძღვანელის ანგარიშები სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ქორწილების და წვეულებების ფოტოები და ყველა მათგანს ახლო ურთიერთობა დაუდასტურდა კეზერაშვილთან. მთლიანობაში, საუბარია 45 ადამიანზე. იდენტიფიცირებული ოთხი მაღალი რანგის პირიდან ერთი კეზერაშვილის ბიძაშვილია.

რა სამართლებრივი პროცედურები ამოქმედდება კეზერაშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც იგი გლობალური თაღლითური სქემის ორგანიზატორად დაასახელეს?!

უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი და მსგავსი სიუჟეტები ბევრს არაფერს ცვლიან, თუ არ ჩავთვლით, რომ პოლიტიკური პიარის თვალსაზრისით, ფსიქოლოგიის კუთხით აქვს ამ სიუჟეტს მნიშვნელობა. რაც შეეხება სამართლებრივ თვალსაზრისს, ამ კუთხით არავინ არაფრის ვალდებული არ არის, რომ კეზერაშვილი საქართველოს გადმოსცენ.

„წმინდა წყლის სამართლებრივი პროცედურებით „ბიბისის“ სიუჟეტს არაფერი არ მოჰყვება, მათ შორის, არც საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველოსთვის გადმოცემის თვალსაზრისით. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კეზერაშვილი საქართველოსთვის უნდა გადმოეცათ ჯერ კიდევ იმ საქმის გამო, რაშიც მას ბრალი ედება საქართველოში. ევროპაში ჩადენილი დანაშაულის გამო კი საქართველო კეზერაშვილს ბრალს არ დებს. „ბიბისის“ სიუჟეტში საუბარია უცხოელი პენსიონერების ძარცვაზე, ანუ დანაშაული ჩადენილია უცხოეთში. ამგვარ საქმესთან დაკავშირებით დიდი გამოძიება აქვს დაწყებული გერმანიას, რომელთანაც თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურა. საქართველოში თუ იქნებოდა „ბიბისის“ მიერ გამოძიებული დანაშაული ჩადენილი, მაშინ შეეძლო ქართულ მხარეს, ამ ბრალდების გამო მოეთხოვა კეზერაშვილის ექსტრადიცია“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი for.ge- სთან საუბრისას.

უფლებადამცველის თქმით, ჟურნალისტური გამოძიება სხვა არის და სისხლის სამართლის მასალებში რა კონკრეტული მტკიცებულებაა, ეს სულ სხვაა. მათ შორის, იგულისხმება პანამის დოკუმენტებიც. გელა ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება რაღაცის გამოძახილია, ეს რაღაცაა მთავარი, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ აშკარაა, სადღაც ეს გამოძიება მიმდინარეობს. როგორც ჩანს, „ბიბისისთვის“ ამ გამოძიების გარკვეული ნაწილი გახდა ცნობილი, თორემ ჰაერზე არ გაკეთდებოდა ეს სიუჟეტი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით კარგი წარმოდგენა არასდროს ჰქონია და ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ იგი გარკვეულ სქემებში იქნებოდა, მაგრამ კეზერაშვილი ხელისუფლებაში არაა, ის ვერ ანგრევს სახელმწიფოს, ამიტომ არასწორია ხელისუფლების მხრიდან მუდმივად აპელირება ოპოზიციაზე, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ამ ოპოზიციას არ შეუძლია, დაბლოკოს არც ერთი კანონპროექტიც კი. როგორც რუსეთშია ვითომ ოპოზიცია, რომელიც ვერაფერს ვერ აკეთებს, ზუსტად ასეთი სქემაა საქართველოშიც, ანუ ყველაფერზე პასუხისმგებელი მაინც „ქართული ოცნება“ უნდა იყოს.

„კეზერაშვილს გადმოსცემენ თუ არა საქართველოს, ეს საკითხი ზარქუას და პაპუაშვილის დონეზე არ წყდება, საჭიროა პროცედურები დიპლომატიური არხებით. შესაძლოა, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ საშიშია კეზერაშვილის ფინანსები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ ფინანსდება „ქართული ოცნება“, რომელიც მართავს ქვეყანას. კი ბატონო, მზად ვარ, ვილაპარაკო „ნაცმოძრაობაზე“, თუკი, ამავე დროს, ვილაპარაკებთ „ქართულ ოცნებაზე“. გახსნან თავიანთი ბიუჯეტი, როგორ ფინანსდებიან, მაშინ სინდისი ექნებათ სუფთა, რომ თქვან, როგორ ფინანსდება ოპოზიცია. უცნაურია, ტალახს ისვრიან ტალახში მყოფი ადამიანები, თორემ ვინ ამბობს, რომ კეზერაშვილი სუფთაა. ღმერთმა დაგვიფაროს, კეზერაშვილი ხელისუფლებაში მოვიდეს. კეზერაშვილის საქმე ისევე უნდა გახდეს ძიების საგანი, როგორც უნდა გახდეს ძიების საგანი მარტის მოვლენები, მოსამართლეები. აშშ-მა მაღალ დონეზე, სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზე დაასანქცირა 4 მოსამართლე, მაგრამ ძიება ტარდება ამასთან დაკავშირებით? კეზერაშვილზეც უნდა ჩატარდეს გამოძიება, მაგრამ გამოძიება უნდა ჩატარდეს მოსამართლეებთან და სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც“, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.