„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელი უკვე გაგზავნილია. ექსპრეზიდენტი უკვე მეოთხედ, საკუთარ ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის. თითქმის 1-თვიანი ფიქრის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის რიგით მეოთხე საჩივარი სტრასბურგში ორშაბათს გაიგზავნა.
როგორც ჩანს, სააკაშვილის გარემოცვის გადაწყვეტილება ქართველი მოსამართლეების ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებასთან არის დაკავშირებული. მათ გაუჩნდათ იმედი, რომ შესაძლოა, სტრასბურგმა მოსამართლეების ე.წ. კლანური მმართველობის ბრალდების გამო, მის საქმეზე დადებითი გადაწყვეტლება მიიღოს. სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სააკაშვილისთვის სასჯელის არგადავადების გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ პოლიტიკური მოტივით მიიღო. ამიტომაც სტრასბურგის სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მიღების დროს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება იქნება.
სარჩელის კონკრეტული დეტალები კი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის ექს-პრეზიდენტის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან უფლებების შელახვას ეხება. სტრასბურგში შეტანილ საჩივარს თან ერთვის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. გარდა ამისა, ადვოკატები ითხოვენ, სტრასბურგმა საჩივარი 39-ე მუხლის გათვალისწინებით, დაჩქარებულად განიხილოს.
რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია დააწესოს სახელმწიფოსთვის სავალდებულო დროებითი ღონისძიებები. სანამ ძირითად საქმეს განიხილავს, სასამართლო დროებითი ღონისძიების შესახებ მოთხოვნას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ პირობებში აკმაყოფილებს, როდესაც კონვენციის სერიოზული დარღვევის საშიშროება არსებობს, ანუ, თუკი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მსგავსი გადაწყვეტილება კი სტრასბურგის სასამართლოს რუსი პოლიტიკოსის ნავლანის საქმეზე აქვს მიღებული.
მმართველი გუნდი სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელს უპერსპექტივოდ თვლის. დეპუტატები ამბობენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ექს-პრეზიდენტი საკვებსა და მკურნალობაზე უარს საკუთარი სურვილით ამბობს, სტრასბურგი მისი უფლებების დარღვევას ვერ დაადგენს.
საჩივარი უკვე სტრასბურგშია, თუმცა ევროსასამართლოს ის ჯერ არსებით განხილვაში არ მიუღია.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
„ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, რომ მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენც მოვუწოდებდით, რომ თუ მათ არ აქვთ რწმენა საკუთარი ქვეყნის სასამართლოსი, მიემართათ სტრასბურგის სასამართლოსთვის და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო. ვნახეთ, როცა ისინი საუბრობდნენ, თითქოს წუთი-წუთზე და დღე-დღეზე გადასაწყვეტი საკითხია და მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის რისკის ქვეშ, თვეზე მეტი დახარჯეს, რომ შეედგინათ საჩივარი. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა შალვა პაპაშვილმა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საადვოკატო კორპუსს ერთი თვე დასჭირდა იმის მოსაფიქრებლად, გაეგზავნათ თუ არა სარჩელი. მათ მიმართ საზოგადოების მხრიდან იმდენი დაცინვა და ბულინგი განხორციელდა, ბოლოს, როგორც იქნა, სარჩელის გაგზავნა გადაწყვიტეს.
„იმის დასამტკიცებლად, რომ სააკაშვილს ციხეში ცუდად ექცევიან, აწამებენ, არ უტარებენ სათანადო სამედიცინო მკურნალობას, მის გარემოცვას ძალიან სერიოზული და მყარი არგუმენტები სჭირდება. სტრასბურგის მოსამართლეების ამაში დარწმუნება მარტივი არ იქნება. ეს უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული დოკუმენტური მასალები. თუმცა ამის მტკიცებულება არა სააკაშვილის ადვოკატებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას აქვს. ყველამ ნახა ის როგორი ლუქსის ტიპის, თითქმის სასტუმროს ნომერშია მოთავსებული. არსებობს 24-საათიან რეჟიმში გადაღებული ვიდეო მტკიცებულებები იმის, რომ სააკაშვილს კი არ აწამებენ და არ მკურნალობენ, არამედ მთელი „ვივამედის“ მედ-პერსონალი, დირექტორიდან დაწყებული, სანიტმარდე დამთავრებული, თავს როგორ ევლებიან. მას არანაირი შემხებლობა არა აქვს იმ საკანთან, რომელშიც მისი ხელისუფლების დროს, 9 ათასამდე პატიმარი სასჯელს იხდიდა. არსებობს ასევე უამრავი დოკუმენტალური მტკიცებულებები იმის, სააკაშვილის ოჯახს როგორ შესთავაზა ხელისუფლებამ, რომ დაესახელებინათ ნებისმიერი სამედიცინო სფერო, ქვეყანა და კლინიკა, სადაც ექიმი მოღვაწეობს და რომელიც უნდათ, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ ჩამოიყვანონ. ქვეყანა მზადაა სახელმწიფო ხარჯებით, ნებისმიერი კუთხიდან სპეციალისტი ჩამოიყვანონ და სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთოს. ოჯახის მხრიდან არც ერთი ნაბიჯი დღემდე ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ამიტომ სტრასბურგში დასაბუთებული მოთხოვნა ვერ გაიგზავნებოდა და ველი, რომ სააკაშვილის ადვოკატები ამ საქმეზე მორიგ ფიასკოს განიცდიან“,-ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით 39-ე მუხლის ვალდებულება რუსეთის სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლომ ნავალნის საქმეზე დააკისრა, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმის ანალოგი ვერ იქნება. ქართველიშვილი ამბობს, რომ ნავალნის და სააკაშვილის პირობების ერთმანეთთან შედარება სასაცილოა, რადგან ნავალნი 3 და 2 მეტრის სიგანე - სიგრძის საკანში იმყოფება, ყოველგვარი სამედიცინო მომსახურების და სხვა ფუფუნების გარეშე. მას 3000-მდე მნახველი არ ჰყავს, განსხვავებით მიხეილ სააკაშვილისგან.
„სააკაშვილი რომ ვიპ პალატაში იმყოფება და ნავალნი - სოროსაც ვერ ვუწოდებთ ისეთ საკანში, ამას სტრასბურგის მოსამართლეები ვერ მიხვდებიან? ნავალნის რომ არანაირი სამედიცინო დახმარება არ ეწევა, არ ჰყავს 3000-მდე ვიზიტორი და არა აქვს პულტიანი ტელევიზორი, ამას სტრასბურგის მოსამართლეები ვერ გაიგებენ? ხომ სასაცილოა ამ ორი ადამიანის მდგომარეობის ერთმანეთთან შედარებაც კი. სააკაშვილის მსგავსი სამედიცინო დახმარების გაწევაზე საქართველოში უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი ოცნებობს. სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგს ორი გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. ერთი სანდრო გირგვლიანის საქმეზე და მეორე გელაშვილის საქმეზე. ამიტომ, სააკაშვილს სტრასბურგში ძალიან კარგად იცნობენ. რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა ადვოკატებს იმედი აქვთ, სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე გავლენა ამერიკის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის მტკიცებულებების გარეშე დასანქცირებამ მოახდინოს, ძალიან ცდებიან. პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის არა სანქცირება, არამედ სავიზო შეზღუდვა. ეს ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმაც თქვა. მეორე, არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს. ამიტომ სტრასბურგი არის სასამართლო და არა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვის ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია მნიშვენლოვანია. ამიტომ, ამ თითიდან გამოწოვილი მოტივით, თავს იტყუებენ ან კიდევ სააკაშვილს ატყუებენ“, - ამბობს ქართველიშვილი.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონის ირგვლივ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ინტერესი გაქრა. ამიტომ ადვოკატებს და მის გარემოცვას გარდა იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართათ, სხვა არანაირი გამოსავალი აღარ დარჩათ. ანალიტიკოსი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე მიიღეს. თუმცა სამართლებრივად რა შანსები არსებობს, რთული სათქმელია.
„ბოლო ერთი თვეა მიხეილ სააკაშვილის არსებობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ყველას დაავიწყდა. საკუთარ პარტიაშიც კი დიდად ხსენებაზე თავს არ იტკიებენ, საზღვარგარეთ რაღაცა ჯილდოებს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც რისთვისი აძლევენ კაცმა არ იცის. ამიტომ სააკაშვილის გარემოცვა იძულებული გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიემართა და ეს პოლიტიკურად კიდევ ერთხელ გამოიყენონ. ასევე, როგორც ჩანს, მისი ადვოკატები ფიქრობენ, რომ ქართველი მოსამართლეების ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასანქცირების შემდეგ, მათ გაუჩნდათ შანსი, რომ საქართველოში მიღებული გადაწვეტილება სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით გაასაჩივრონ.
ამერიკელების სანქცირების თემას, ფიქრობენ, სათავისოდ გამოიყენებენ. იტყვიან, რომ მოსამართლე ხელისუფლებისგან არის მართული და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ნუ, რამდენად გაითვალისწინებენ ამას სტრასბურგში, გამოჩნდება. მეორეც, სააკაშვილი პოლიტიკურად ხელისუფლებასაც კი უკვე აღარაფერში სჭირდება. პროპაგანდისთვისაც კი აღარ გამოდგება, რადგან მისსავე ამომრჩეველში, როგორც პოლიტიკოსმა, სრული ფიასკო განიცადა. ამიტომ სტრასბურგის სასამართლო არის ახლა ის ბერკეტი, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა უკიდურეს და გამოუვალ მდგომარეობაში იყენებს“, - ამბობს ძაბირაძე.