ოლიგარქ დავით კეზერაშვილს, რომელსაც ევროპამ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცა და იფარებს, ევროპელი პენსიონრების ძარცვაში ამხილა. BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილი დაასახელა. საგამოძიებო სტატია - „მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს“ - ეძღვნება უპირატესად საპენსიო ასაკის ადამიანების დანაზოგის თაღლითური გზით მითვისებას.
BBC-ის ინფორმაციით, სტატიაზე მუშაობისას მათ დაიწყეს საჯაროდ ხელმისაწვდომი კორპორაციული დოკუმენტების შესწავლა სქემაში ჩართული Milton group-ის კომპანიებს შორის კავშირის დასადგენად. სტატიაში ნათქვამია, რომ ამ პროცესში 5 სახელი გამოიკვეთა - დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი, რომლებიც მითითებულები იყვნენ როგორც Milton-ის სავაჭრო პლატფორმის ან მხარდამჭერი ტექნიკური კომპანიების ხელმძღვანელებად. BBC -მ ამ ადამიანებიდან ოთხს: ჭელიძის, გოგეშვილის, მგელაძისა და ბენიმინის გვარებს „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტებშიც მიაგნო.
სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანიები, რომელთა დირექტორებად აღნიშნული პირები არიან დასახელებულები, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უკავშირდება. როგორც საგამოძიებო სტატიაშია ნათქვამი, არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილს Milton-ის ქსელთან დააკავშირებდა, თუმცა „პანამა ფეიფერის“ დოკუმენტების მიხედვით, ის დასახელებული იყო ქსელში არსებული კომპანიების მშობელი კომპანიების დამფუძნებლად ან ერთ-ერთ საწყის აქციონერად.
„კეზერაშვილი იმ ქსელის ცენტრში აღმოჩნდა. როდესაც საქმე „მილტონის ჯგუფს“ ეხებოდა, ასევე არ არსებობდა საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც კეზერაშვილს თაღლითურ კომპანიებთან აკავშირებდა და არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას რაიმე პირდაპირი ფინანსური ინტერესი ჰქონოდა Milton-ის ბრენდებში. მაგრამ Milton-თან დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილმა თანამშრომელმა კონფიდენციალურად გვითხრა, რომ მათ ჰქონდათ პირდაპირი ურთიერთობა კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ იგი Milton Group-ში იყო ჩართული“, - აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, სტატიაში ნათქვამია, რომ კეზერაშვილი ხშირად ახდენს თაღლითური სავაჭრო პლატფორმების პოპულარიზაციას სოციალური ქსელის პირად ანგარიშებზე. ასევე, სტატიაში ნათქვამია, რომ LinkedIn-ზე მან გამოიყენა თავისი ანგარიში სამუშაო ადგილების პოპულარიზაციისთვის და მილტონთან დაკავშირებული კომპანიების შესახებ პოსტების გასაზიარებლად. BBC-ის ცნობით, დავით კეზერაშვილმა თავისი ადვოკატების მეშვეობით უკვე უარყო ნებისმიერი კავშირები Milton group-თან და ამ გზით ფინანსური მოგების ქონა, თუმცა გამოცემასთან პირადად გასაუბრებაზე თავი შეიკავა.
BBC-ის სკანდაულურ გამოძიებას განცხადებით პასუხობს ოლიგარქი, რომელიც საქართველოში ბრალდებულია ქართული ჯარის ძარცვის საქმეში, თუმცა ამბობს, რომ ქართული ჯარიდან ფული არ მოუპარავს. კეზერაშვილი ახლა ამტკიცებს, რომ არც ევროპელი პენსიონრები არ გაუძარცავს და ამ საერთაშორისო თაღლითურ სქმესთან არ აქვს და არც არასდროს ჰქონია კავშირი.
„არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება შეტევა.
ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება“, - ნათქვამია დავით კეზერაშვილის განცხადებაში.
BBC -ის სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების მიმართ ნდობა არ აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და თვლიან, რომ ამით „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ გადაფარონ ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის თუ ბაობაბების საქმე. მოქმედი ნაციონალებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ BBC-ი ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობის მქონე მაუწყებელია, ხოლო ინფორმაცია, რაც მის საგამოძიებო მასალაშია, ძალიან საყურადღებოა.
„სავარაუდოდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული უხერხულობა არსებობს, თუმცა, პარტიის საქმეა, როგორ გადაწყვეტს თავის საკუთარ ფუნქციონირებას. BBC-ის, როგორც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის სტანდარტით ფუნქციონირებადი მაუწყებლის მიმართ, რაიმე სახის ეჭვები, ვფიქრობ, შეიძლება იყოს ზედმეტი. რა თქმა უნდა, არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რადგან სასამართლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბრიტანეთში არის სასამართლო, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი. ამიტომ მას ექნება საშუალება, როგორც თავად ამბობს, თავის მოსაზრება დაამტკიცოს ამ სასამართლოში“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ კეზერაშვილზე სერიოზული ბრალდებებია სერიოზული რეპუტაციის მქონე მედიისგან და აღნიშნავს, რომ ვინც თვლის კეზერაშვილს ცილი დასწამეს, შეუძლია საკითხი სასამართლოში წაიღოს.
„იმ სამყაროში, სადაც ეს ხდება - გაერთიანებული სამეფო, ევროკავშირი, ევროპა, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმისგან განსხვავებით, არსებობს კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო. ამიტომ, როგორც ბრალმდებელს შეუძლია, რომ ეს დამოუკიდებელ სასამართლოში „შეამოწმოს“, ისე ნებისმიერ ადამიანს, ვინც თვლის, რომ ცილი დასწამეს, შეუძლია, რომ ეს საკითხი სასამართლოში წაიღოს და გაარკვიოს ეს ამბავი, ჩვენ ყველანი ვიხილავთ ამ ამბის გაგრძელებას, ალბათ“, - ამბობს გიგა ბოკერია.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპული ქვეყნები ამ საკითხს სერიოზულად შეხედავენ და დავით კეზერაშვილი საქართველოს გადმოეცემა იმისთვის, რომ მან სასჯელი მოიხადოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინა.
„უკვე დიდი ხანი იყო საუბარი, თაღლითური სქემა, რომელიც „ქოლ - ცენტრებით“ იყო აწყობილი და პენსიონერების გაღლეტით იყო დაკავებული, ვხედავთ, რომ არის რეპორტაჟი BBC-ზე, ამაზე გვაქვს ჩვენც საუბარი. კიდევ ერთხელ მტკიცდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ამ ადამიანს, კეზერაშვილს ვგულისხმობ, იფარებს ევროპა. ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში. თავადვე აღიარებს, რომ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, მედიებს, არასამთავრობო სექტორს.
ადამიანი, რომელმაც ჯერ ქართულ ჯარს მოპარა 5 მილიონი, შემდეგ პენსიონერები თაღლითური სქემით გაძარცვა, დღეს პირდაპირ ჩართულია ფინანსებით ქართულ პოლიტიკაში, მედიაში და არასამთავრობო სექტორში. ამაზე ვსაუბრობთ სწორედ ჩვენ. სამწუხაროა, რომ იგივე შეცდომის გამეორება ხდება, რაც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო დაშვებული, როდესაც ევროპის ქვეყნებს იყო შეფარებული და იქიდან უყურებდა აქ არსებულ სიტუაციას. ახლა სწორედ დავით კეზერაშვილი არის შეფარებული ევროპულ ქვეყნებს და იქიდან ურევს საქართველოში სიტუაციას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.
ფული, რომელსაც დავით კეზერაშვილი ქართულ მედიაში - „ფორმულაში“ და „მთავარ არზე“, პოლიტიკაში და არასამთავრობო სექტორში ხარჯავს, არის როგორც ქართული ჯარისგან, ისე პენსიონერებისგან მოპარული. ანალიტიკოს თამთა მეგრელიშვილის ინფორმაციით, BBC-ს სკანდალური გამოძიების შემდეგ, რომელშიც კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემაა გაშიფრული, „ფორმულას“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილმა. როგორც მეგრელიშვილმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, კეზერაშვილის საკუთრებაში არსებული რამდენიმე კომპანია იყენებდა კერძო სერვერს, რომლის მომხმარებლები მხოლოდ „მილტონ ჯგუფის“ კომპანიები იყვნენ და ამ თაღლითური სქემისთვის სამუშაო სივრცე - სატელეფონო ცენტრი განთავსებული იყო კიევში.
„მათი მუშაობის სქემა ასეთი იყო - წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით პირები უკავშირდებოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ეს არის დავით კეზერაშვილის „საქმიანი“ სახე და არა ის, რაც საგანგებოდ მომზადებულ ინტერვიუში ვიხილეთ. დამეთანხმებით, უცნაურია, ასეთი თაღლითი, პოლიტოლოგივით გესაუბრებოდეს და კიდევ უფრო დაუჯერებელია მთელი ინტერვიუს განმავლობაში ამტკიცებდეს - პოლიტიკურ საკითხებზე რჩევას ვიძლევი და რეალურად არაფერში ვმონაწილეობო. დავით კეზერაშვილი საერთაშორისო დონის თაღლითია, მისი იმიჯი - გაუპარსავი წვერი, მოსაუბრისათვის თვალებში ყურება, მშვიდი საუბარი კარგად „დავარცხნილი“ იმიჯის ნაწილია, უბრალოსა და სანდომიანის მიზნით, სინამდვილეში ეს კაცი უკანონობას ამოფარებული ადამიანია“, - აცხადებს თამთა მეგრელიშვილი.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, არის რამდენიმე დამაიმედებელი გარემოება იმისა, რომ ეს სკანდალი არ დარჩება მხოლოდ კონკრეტული მედია საშუალებების არქივში. მისი თქმით, ეს ინფორმაცია რომ გამოქვეყნებულიყო რომელიმე კერძო მედიასაიტზე, ან ყვითელი პრესის ფურცლებზე, გასაგებია, რა ფასიც ექნებოდა ამ ინფორმაციას, მაგრამ საქმე გვაქვს დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, უდიდეს ავტორიტეტულ მედია მაგნატთან, რომელიც ბრიტანელი გადამხდელების ფულით აწარმოებს თავის საქმიანობას, ამიტომ აქ პასუხისმგებლობაც და ინტერესიც განსხვავებულია.
„მაგალითად, ისეთი მედიამაგნატი როგორიც არის კერძო ამერიკული „სიენენი“, ის გამოხატავს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების და პარტიების ინტერესებს. ამიტომ, ამ მედიამაგნატთან თავისუფლად შეიძლებოდა გარკვეული კომერციული ინტერესის საფასურად იმ 10 წუთიანი აბსოლუტური ფეიკის და ცილის წარმართვაზე აგებული სიუჟეტის მომზადება, რომელიც ეხება სააკაშვილის ქართულ ციხეში თურმე გაუსაძლის და მოწამეობრივ ყოფნას. „ბიბისისთან“ მსგავსი შეკვეთილი სიუჟეტების შეთხზვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ. ამიტომ, ეს არის დონე, რომელმაც შოკში ჩააგდო ნაცსენტაქტები.
ვერც იმას იძახიან, რომ „ბიბისი“ არის რუსული მედია პორტალი, რომ „ბიბისის“ ჟურნალისტები მოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, რაღაცა მცდელობები, ეჭვის ქვეშ დააყენო ჟურნალისტური გამოძიების მასალები, მათ, რა თქმა უნდა, აქვთ, მაგრამ ეს მცდელობები იმდენად კომიკურია, რომ არ ვიცი რა კატეგორიაში გავატაროთ ის, რომ თურმე რიკოთის უღელტეხილზე ქვთა ცვენისა და კენიიდან ბაობაბების საქართველოში ჩამოტანა-არჩამოტანის გადასაფარად წამოიწყო „ბიბისიმ“ ეს ჟურნალისტური გამოძიება. ვინც ამას იძახის, სამედიცინი თვალსაზრისით, ნორმალური ადამიანი არ არის და საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო ჩარევებს.
წარამოიდგინეთ ერთი წამით, რომ „ბიბისის“ გამოექვეყნებინა ჟურნალისტური გამოძიება იგივე ჩვენი ე.წ. დასანქცირებული მოსამართლეების, ან მოქმედი ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის მიმართ, ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ, როგორ გგონიათ, ეს მთელი ნაცსექტა, ვინც რიკოთის უღელტეხილზე და ბაობაბებზე საუბრობს, ეჭვის ქვეშ დააყენება ამ სტატიას? გაატარებდა სადღაც გონებაში იმ ვარაუდს, რომ „ბიბისი“ კრემლიდან იმართება და ეს არის რუსული მედია? აი, ამაშია ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ტრაგედია, რომ ისინი ამ ორმაგი სტანდარტების და რეალობის გაუკუღმართებული აღქმის ისეთ მძევლობაში იმყოფებიან, ისეთ ხაფანგში არიან მოხვედრილი, რომ იქიდან გამორიცხულია მათი უვნებელად გამოსვლა“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
რაც შეეხება კეზერაშვილის ფუფუნებას და პოლიტდევნილის სტატუსით ბრიტანთეში ცხოვრებას, რომლის საცხოვრებელი სახლი 18 მილიონ გირვანქასტერლინგად არის შეფასებული, ქართველიშვილი ამბობს, რომ ევროკომისიის ოფიციალური დასაკვნის თანახმად, ევროსივრცე არის უაღრესად კორუმპირებული და ამას ადასტურებს 2014 წელს ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვით კორუფციის წლიური მაჩვენებელი ევროკავშირში დაფიქსირდა 120 მილიარდი ევროს ოდენობით.
„შარშანდელი გამოძიება, რომელიც არ დასრულებულა და დღესაც გრძელდება, ეხება ევროპარლამენტის ლობიზმზე გაკეთებულ უამრავ ფულს, კორუფციულ გარიგებას. როგორც ჩანს, ძალიან ჩქარობს ჩვენი ევროპარლამენტარების ეს შემადგნელობა, რომ სასწრაფოდ გააკეთონ ფული სხვადასხვა ლობისტური და კორუფციული გარიგეგებით, იმიტომ, რომ 2024 წლის მაისში არჩევნებია, ევროპარლამენტში შევლენ ახალი ძალები. დიდი ალბათობით, ეს ძველი შემადგენლობა ვეღარ მოხვდება. ამიტომ, ყველა ჩქარობს და ცდილობს, რაც შეიძლება უფრო დიდი ფული გააკეთონ. ის, რომ სხვადასხვა ქვეყნის კრიმინალებს, სამწუხაროდ, თავისუფლად ეძლევათ საშუალება ევროპის სივრცეში პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოპოვების, ეს სწორედ ამ კატეგორიდან არის, რასაც ჰქვია ევროპა და კორუფცია.
იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს ჟურნალისტიური გამოძიება, რომელიც გამაგრებულია ბავარიის პოლიციის სერიოზული საგამოძიებო მოქმედებებით, რომელიც მან განახორციელა 2021 წლის ნოემბერში - ჩხრეკა ჩაატარა ე.წ. ქოლცენტრების მთელ რიგ ოფისებში, რომელიც განლაგებულიყო ევროპის სხვადასხვა კუთხეში - ღმერთმა ქნას, რომ დასრულდეს სამართლიანობით.
ამ ეტაპზე, ჩვენც დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, დაველოდოთ როგორ დასრულდება ეს გამოძიება, მიეცემა თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნის მიმართულება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საქართველო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ნებისმიერ ევროპულ საგამოძიებო ორგანოსთან ითანამშრომლოს კეზერაშვილთან დაკავშირებით და პირველ რიგში, იმ მიმართულებითაც, როდესაც ევროპა ოფიციალურად ცნობს მას დამნაშავედ, მივაღწიოს იმას, რომ გადმოეცეს ქართულ მხარეს. მას დაუსწრებლად სასამართლო ვერდიქტი აქვს გამოტანილი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.