„თავად ნაციონალებს არ აწყობთ ამ მოსამართლეების ალაპარაკება, აკი მურუსიძემ თქვა, ბევრი სამხილი მაქვსო“

„თავად ნაციონალებს არ აწყობთ ამ მოსამართლეების ალაპარაკება, აკი მურუსიძემ თქვა, ბევრი სამხილი მაქვსო“

პარლამნეტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლის შემდეგ, ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები არ წყდება. ოპოზიცია, რომელიც პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის სხოდმის დანიშვნას სთხოვდა, სადაც ამერიკის მხრიდან, მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების გამო, საგამოძიებო კომისია უნდა შეექმნათ, მოულოდნელად გაუგებრობაში აღმოჩდნენ. ლევან ხაბეიშვილისა და ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრებამ, ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საჭირო ოპოზიციური დეპუტატის 50 ხმის მოგროვებას ვეღარ ახერხებდნენ. არადა ხაბეიშვილმა და წითლიძემ ამის შესახებ გამგზავრებამდე იცოდნენ.

კოლეგების კრიტიკას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სოციალური ქსელით უპასუხა და ისტერიკა უწოდა. ანა წითლიძემ კი, ინიციატორებს ურჩია გადაბრალების ნაცვლად, საკითხის გარშემო მეტი ორგანიზება გაეკეთებინათ.

რიგგარეშე სხდომის მოთხოვნის უკან გაწვევა დეპუტატების ნაწილს გუშინწინ მოუწიათ, რის გამოც დღის ბოლოს მეორე ბრიფინგის გამართვა გახდა საჭირო, სადაც ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ თქვეს, რომ ამის მიზეზი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და ანა წითლიძის პოლონეთში გამგზავრება გახდა. აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ოპოზიციას ხმების რაოდენობა აღარ ჰყოფნიდა.

პოლონეთში გამგზავრების გამო, პარტია ყოფილმა წევრებმაც გააკრიტიკეს. რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილებები გუნდში არ მიიღება, ეს მოდელი კი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შესაძლოა, დამანგრეველი გახდეს.

ერთადერთი ვინც ხაბეიშვილისა და წითლიძის მოულოდნელი ვიზიტის გამართლება სცადა, ლევან ბეჟაშვილია. დეპუტატმა თქვა, რომ კომუნიკაცია ვერ შედგა და თანაგუნდელებმა რიგგარეშე სესიის თარიღი არ იცოდნენ. ბეჟაშვილმა გუნდის ლიდერი დაიცვა, თუმცა ყოფილი გუნდელების კრიტიკას არ მორიდებია და ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე სუბიექტური, მცდარი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულა.

მმართველი გუნდის აზრით, ოპოზიციის გადაწყვეტილებებმა, შიდა კრიზისი კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს უპასუხისმგებლობასა და სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიცია სასამართლო სისტემის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს მომავალ კვირას ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ნაცოპოზიცია უკვე დიდი ხანია დისონანსში და გაუგებრობაშია. განსაკუთრებით კი ენმ-ში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების მერე, მერაბიშვილ-კეზერაშვილის ფლანგი მოძლიერდა. ამიტომ რა დონის პოლიტიკოსებიც არიან, იმ დონის პოლიტიკის წარმოება დაიწყეს და საბოლოო ჯამში, ხალხის თვალში ბოლომდე კოტრდებიან და მათივე მხარდამჭერებიც კი 9 აპრლის აქციაზე რუსთაველზე არ მივიდნენ.

„არ ადარდებთ საპარლამენტო ცხოვრება და საერთოდ, ვერც კი იაზრებენ ხალხმა მანდატი რატომ მისცა. კაჩინსკის კერძო ფონდის რაღაცა პრიზის მისაღებად ლევან ხაბეიშვილი ზუსტად იმ დროს მიდის, როცა მთელმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ზურაბიშვილს რიგგარეშე სესიის მოწვევა სთხოვა. ამან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ოპოზიციის შიგნით კოორდინაცია ნულს ქვემოთ არის. ამას არ სჭირდება რაღაცა ბიუროკრატიული ბარიერები, ტელეფონი და სხვა კომუნიკაციის საშუალებები არსებობს, რომ ერთმანეთს მაინც გააგებინონ რას აპირებენ. შეთანხმებულად ხომ უნდა იმოქმედონ. ჩემთვის ძალიან სიმბოლური იყო იმის ნახვა, რაც მეც და საზოგადოებამაც „ლელოს“ მორიგი ბრიფინგის დროს ვნახეთ. ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი იმაზე წაკინკლავდნენ, პირველი ბრიფინგს ვინ დაიწყებდა. ეს პატარა მაგალითიც კი საკმარისია იმისთვის, საზოგადოება მიხვდეს, რა ხდება ოპოზიციაში. სწორედ, ასეთი სიტუაციაა მთელს ოპოზიციაში. როგორ შეიძლება ამ ხალხის იმედად ქვეყანა დარჩეს. ხან იჩუხბებენ, მერე გაიბუტებიან და მერე ისევ რიგდებიან. ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება?!“,-ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ლევან ხაბეიშვილმა სცადა 9 აპრილი მიეტაცებინა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, შერცხვენილი ისევ თავად დარჩა. აბაშიძე ამბობს, რომ სრულიად თავისუფლად შეეძლოთ აქცია 8 აპრილს გაეკეთებინათ და შემდეგ, 9 აპრილს უკვე დაღუპული გმირებისთვის პატივი მიეგოთ. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მათი პოლიტიკური პროფესიონალიზმი უმდაბელს დონეზე არის ჩამოსული და ამის შედეგებიც სახეზეა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ მშვენიერი შანსი გაუშვა ხელდან, როცა რიგგარეშე სესიის მოწვევა ჩააგდო. ძაბირაძე for.ge-სთან გაკვირვებას გამოთქვამს და ეჭვობს, რომ ლევან ხაბეიშვილის და ანი წითლიძის ეს ქმედება შემთხვევით არ მომხდარა. მისი აზრით, გაუგებარია, როცა სესიის მოწვევას ხელს აწერენ, თანახმა არიან და შემდეგ, უცბად, ქვეყანას ტოვებენ, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება.

„არ ვიცი, არ მინდა ვინმეს ცილი დავწამო, მაგრამ ასე გაუფრთხილებლად, როცა იცი, რომ სესიის მოწვევა უნდა მოხდეს, ქვეყანა დატოვო, ძალიან უცანურია. ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საქმე. ოპოზიციას ხომ აინტერესებს რეალურად არიან თუ არა ეს მოსამართლეები გახვეულები კორუფციაში, მაშინ ემოქმედათ. მიეცათ ამ მოსამართლეებისთვის შანსი, დამეტკიცებინათ, რომ მართლები არიან. ან პირიქით, თავად დაემტკიცებინათ, რომ მართლები არიან. ხალხს ხომ უნდა აჩვენონ, რას აკეთებენ. ასე მოულოდნელად გამგზავრება ბევრ ეჭვს აჩენს. გასაგებია, რომ ვიზიტი 10-დღის წინ იყო დაგეგმილი, მაგრამ ოპოზიცია ხომ უნდა გაეფრთხილებინათ, რიგგარეშე სესია აღარ მოეწვიათ. თანაც, რა აუცილებელი იყო, ეს დეპუტატები წასულიყვნენ, პარტიიდან სხვები ხომ შეიძლებოდა მათ მაგივრად გამგზავრებულიყვნენ. აგერ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული და იქ პეტრე ცისკარიშვილი მივიდა. წასულიყო ისევ ის ან სხვა პარტიიდან ვინმე. მე მაქვს ერთი ვერსია და ასე ვფიქრობ, თავად ნაციონალებს არ აწყობთ ამ მოსამართლეების ალაპარაკება. ამ ხალხს სააკაშვილის ხელისუფლებაც კარგად იყენებდა, აკი მურუსიძემ თქვა, ბევრი სამხილი მაქვსო. რაღაცების თქმას აპირებს და, ალბათ, ამათაც არ უნდათ, რომ ეს ხალხი ალაპარაკდეს. ალბათ, ამერიკასთან იმდორინდელი ურთიერთობის დეტალებზეც ისაუბრებს. აბა, ახლა ვის აწყობს ეს ყველაფერი? სხვა მიზეზი ასეთი ქცევის რა შეიძლება იყოს? მგონია, რომ ოპოზიციაში რაღაცა ხდება და ვფიქრობ, ეს კომისია საერთოდ არც შეიქმნება. კიდევ სხვა დეპუტატებიც დაიკარგებიან ან დაიმალებიან“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ლევან ხებიშვილის მოქმედება და განცხადებები სრული აბსურდია, რადგან გაუგებარია რის მიღწევას ცდილობს და როცა განცხადებას აკეთებს, გათვლას რაზე აკეთებს. ძაბირაძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის განცხადება - „გასარკვევია ვინ არის რეალური ოპოზიცია“ - ბევრ რამეზე მიანიშნებს. მისი აზრით, მას ეს შემთხვევით არ წამოსცდენია. ფიქრობს, რომ ხაბეიშვილმა ვიღაცებს რაღაცა მიანიშნა. თავად ოპოზიციაში ერთმანეთს არ ენდობიან, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამით „ოცნება“ ხეირობს, რომელსაც ხალხისთვის იმის დამტკიცებაც კი აღარ უწევს, ოპოზიცია რას წარმოადგენს.

რომანი საუკუნის ფოტოა.
1 წლის უკან