თავის დროზე მწერალმა მერაბ შათირიშვილმა მსახიობ სოსო ჯაჭვლიანთან და სპორტსმენ ლუკა კურტანიძესთან ერთად მხრებზე დადებული რკინის ჯაჭვით ფეხით დალაშქრა გზა ქუთაისიდან თბილისამდე, ანუ გელათიდან სამებამდე და ამით გამოხატა პროტესტი სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გელათში, დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი და სააკაშვილმა ის ფიცი მაშინვე დაივიწყა. ამ სიმბოლური ნაბიჯით მერაბ შათირიშვილმა ისურვა, რომ ქართველი ერი სააკაშვილის მიერ დადებული ჯაჭვებისა და მონობისგან გათავისუფლებულიყო. დღეს თავად სააკაშვილია პატიმრობაში საავადმყოფოს კლინიკაში, მაგრამ არ წყდება მისი ჰეროიზაციის მცდელობა. პრეზიდენტყოფილს ხან დავით აღმაშენებელს ადარებენ, ხან ზვიად გამსახურდიას და ამით უქარვებენ დარდს. რას ნიშნავს ისტორიულ პერსონების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება მაშინ, როცა სააკაშვილი ამ ყველაფრის ანტიპოდია? ამის შესახებ for.ge-ს მწერალი მერაბ შათირიშვილი ესაუბრა.
ზვიად გამსახურდიასთან სააკაშვილის ნაძალადევად დაკავშირების მცდელობის კამპანია კვლავაც გრძელდება. მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ „ზვიადის სული თითქოს გადავიდა სააკაშვილში, ეს მარადიული ქართველური სული, რომელიც სანთელივით ანთია და სანთელივით იწვის მისი მარადიული სული, რადგან მასთან არის საქართველოს მარადისობა“. ამ ნათქვამს ყველაზე უკეთ ზვიად გამსახურდია უპასუხებდა თავისი ცნობილი გამოთქმით, „თუ გინდა, ერი ან ადამიანი გახრწნა, მას არა მხოლოდ წარსული უნდა დაავიწყო, არამედ გაუყალბო ისტორია, თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად დაუსახო, ხოლო მედროვენი და მოღალატენი-გმირებად“. რამდენად მარადიული ქართველური სულია გადასული სააკაშვილში და რისთვის სჭირდებათ ისტორიის ფალსიფიცირება სააკაშვილთან მიმართებით?
- ზვიადის შედარება სააკაშვილთან მკრეხელობაა. ეს ადამიანები იჩემებენ იმას, რაც არ არიან. არანაირად არ არის ლაშა ბუღაძე მწერალი და იჩემებს მწერალი ვარო, თუნდაც მისი მამა გია ბუღაძე ავიღოთ, ეს ერთი და იგივეა, რაც თხილია, ის არის გული, ორივე ერთ სიმზე უკრავს, ერთნაირად მტრობენ საქართველოს, ჰგონიათ, რომ მოყვრობენ საქართველოს, სინამდვილეში, არ მოყვრობენ. ამას შეგნებულად აკეთებენ. გია ბუღაძემ ამხელა კონტექსტში რომ აიყვანა სააკაშვილი და ზვიადს შეადარა, მისმა შვილმა თამარ მეფეს რა უქნა?! ისეთ სულიერებას შეეხო, რომელიც მართლაც სულიერ სამყაროშია გადასული, თამარი როგორი მეფე იყო?! საერთოდ, დიდი ადამიანების პირადი ცხოვრება იშლება, რჩება მხოლოდ ეპოქა და რჩება მათი ნაღვაწი. თორემ ილიაც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და აკაკიც, ასევე, ვაჟა-ფშაველაც, ამათ რომ ჰკითხო, ვაჟა სახლში შესაშვები არ იყო, როგორც ფიქრობს ბერძენიშვილი. ამათ რომ ჰკითხო, თურმე ილია გლეხებს ეზიზღებოდათ, იჩხრიკებიან ადამიანის პირად ცხოვრებაში. ისტორიული პიროვნებების პირადი ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანების მსგავსია, მაგრამ ისინი იმიტომ არიან ისტორიულები, როცა მარადიულ სამყოფელში მიდიან, ისინი მარადიულ ნაღვაწს ტოვებენ სააქაოში. გონიერი ერები ქმნიან გმირებს, ჩვენ კი გმირები გვყავს, მაგრამ ესენი მათ პირად ცხოვრებაში იქექებიან და ცდილობენ, ეს გმირები დააკნინონ. ყველა ისტორიულ პიროვნებას აქვს პირადი ცხოვრებიდან რაღაც ჩრდილი და ამ ჩრდილის გამოყენება უნდათ.
ზვიადზე ლაპარაკის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამ კონტექსტში, რომ ზვიადი სააკაშვილს შეადარო, ამის მორალური უფლება არავის აქვს. ზვიადი არის სხვა განზომილება, სააკაშვილი სულ სხვაა. ყველა ეპოქას ჰყავს თავისი გმირი. ზვიად გამსახურდია იყო იმ დროის ლიდერი და იმ ეპოქამ სულ სხვა შედეგები მოიტანა საქართველოსთვის. სააკაშვილმა კი მოიტანა გაუპატიურებები, ბიზნესის წართმევა, ციხეების გავსება, ქუჩებში ადამიანების დახოცვა, მაღაზიის თავზე გვამების შემოდება და ორი გვამის ფორმულირება.
არა მარტო ზვიადთან გატოლების მცდელობა აქვთ, არამედ 9 აპრილის ხარჯზეც პარაზიტირებენ. წმინდა პერსონებთან და წმინდა თარიღებთან შეხებას, ალბათ, თავისი მერკანტილური მიზნები აქვს. თქვენ რას ფიქრობთ?
- ახლანდელი 9 აპრილის აქცია და მისი ასოცირება 9 აპრილთან, ეს არის სწორედ შიდა მტრული დამოკიდებულება ქართული ღირებულებების მიმართ, რომელიც ფინანსდება შავბნელი ძალებისგან. ეს არის ქართული მყოფადობის დამანგრეველი ამოცანა, რაც ფინანსდება საზღვრებს იქით მყოფი ძალებისგან. საქართველოში ფინანსდებიან კონკრეტული ჯგუფები და არასამთავრობოები, რომლებიც ანტიქართულ იდეოლოგიას ნერგავენ. მაშინდელი 9 აპრილი, მიუხედავად იმისა, რომ სისხლით და მსხვერპლით დასრულდა, განსხეულდა და გაცოცხლდა ქართველი ერის მომავალში, დამოუკიდებლობა და თავისუფლება სწორედ იმ დღიდან იწყება. ახლანდელი 9 აპრილის საპროტესტო აქციის მოთავეების მცდელობა კი იყო, რომ ისტორიული 9 აპრილისთვის დაეკარგათ მნიშვნელობა. ამიტომ ხდება ზუსტად სააკაშვილის შედარება ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან. შეიძლება მერაბ კოსტავა მალე ხაბეიშვილსაც შეადარონ. ეს 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის შეურაცხყოფაცაა, თუმცა, საბედნიეროდ, ისტორიული 9 აპრილის ღირსება მათ ვერ გააუბრალოეს. პირიქით, ამ დღემ ბევრს განაცდევინა, რა იყო საკრალური 9 აპრილი ქართველი ერისთვის. სხვანაირად რომ გითხრათ, ჩვენ ვართ თვითონ უვარგისები, თორემ 9 აპრილის დღეს ჩვენ უნდა ვიცავდეთ, გუშინ ასი ათასობით ქართველი უნდა დამდგარიყო რუსთაველზე, ვინც ნამდვილად იცის, რას ნიშნავდა 9 აპრილი და რა იყო ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას მოღვაწეობა. ჩვენ ხომ ვიცით, 9 აპრილი როგორი ფასეულია ჩვენი ერისთვის, როგორც ჩანს, მაინც ვერიდებით დაპირისპირებას, არ გვინდა ეს სამოქალაქო დაპირისპირება. 90-იანი წლების 9 აპრილის ბრძოლამ დამოუკიდებლობისთვის შვა და აჩვენა, ვინ იყო ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობა რას ნიშნავდა, „ნაციონალებმა“ კი კატების კნავილი მოაწყეს რუსთაველზე. ხალხი არც მიუვიდათ და არც მიუვათ. შეიძლება, ამ ხელისუფლების უკმაყოფილო იყო, შეიძლება მისი შეცვლა გინდოდეს, მაგრამ ამისთვის როგორ ღირებულებებს უნდა შეეხო, როგორიც 9 აპრილია?! ზვიად გამსახურდია რომ დაიჭირეს, ღირსეულად მოიხადა სასჯელი, მერაბ კოსტავას წამებასა და თმენაზე ლეგენდები დადის. ვის ადარებენ, კაცს, რომელიც ტლინკებს ყრის და ამბობს, თუ არ გამიშვით საზღვარგარეთ, მოვკვდებიო?! მანდელა 39 წელი იჯდა ციხეში, სააკაშვილს კი მიზნად აქვს დასახული, ოღონდ აქედან გაუშვან და ქვა ქვაზე არ დარჩენილა.
„ჩემს ამერიკას მიგინებენ“, „ჩემი გული უკრაინაში დაიმარხოს“, - ასეთი ფარისევლობა ზვიადს არ ახასიათებდა... საქართველოს რომ აგინებენ, ეს მისთვის არაფერია?!
- ამას რომ ყოფილი პრეზიდენტი იტყვის, ჩემი გული კიევში დაიმარხოსო, ის უკვე ქართველიც აღარ არის. არამია მისი პრეზიდენტობა. რაც ამ ბოლო ხანებში ხდება, ასეთი არც ამერიკა მინდა, არც ევროპა. ერთხელ და სამუდამოდ სადაც ვიწროა, იქ უნდა გაწყდეს. ჩვენ ტყუილ-უბრალოდ არ დაგვიტოვა ანდერძად ილია ჭავჭავაძემ - „ენა, მამული, სარწმუნოება“. ლელთ ღუნიასი არ იყოს, „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნეს“. ეს არის ჩვენი გადარჩენის ფორმულა, ქართველი ერის გადარჩენის ამოცანა, ჩვენ ჩვენსავე სივრცეში თუ ვიარსებებთ, თორემ ვერ ვიარსებებთ სხვის სივრცეში, ყველა დიდ ქვეყანას იმისთვის ვჭირდებით, მოგვისპოს ტრადიცია და მოგვახვიოს საკუთარი ჩანაფიქრი, გამოგვიყენოს საბრძოლოდ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ჩვენს სიცოცხლესა და მომავალზე არავინ იზრუნებს, გარდა ჩვენივე თავისა.
ზვიად გამსახურდიას ხსენებისას პირველ პლანზე მოდის მისი სულიერი მდგომარეობა, ვიდრე მიწიერი, დავით გურამიშვილის შემდეგ ქართულ ლირიკაში თითქმის არ იყო ქრისტიანულ ბიბლიური თემატიკის ვარიაციები, როგორც ზვიადს ჰქონდა თავის ლექსებში.
- ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ფინალს სამი თვალსაზრისით შეიძლება შევხედოთ და ამ ფინალით შეიძლება ავხსნათ, რაოდენ დიდი იყო ეს პიროვნება. პირველი, რომ ზვიად გამსახურდია მოკლა სისტემამ; მეორე, ზვიადი მოკლა სისტემის მიერ დაქირავებულმა მკვლელმა და მესამე, რომ ზვიადმა მოიკლა თავი. ყველა შემთხვევაში, ზვიადი დიდია, სააკაშვილს კი არც ერთი ეს თვითშეწირვა არ შეუძლია, სააკაშვილს სისტემა ზედ გადაყოლილია, ცხადია, მას არ ვუბიძგებთ ტრაგიკული ფინალისკენ, მაგრამ ესეც კი არ შეუძლია, ამის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის. სამივე ვერსია, რაც მე ჩამოვთვალე, დასაშვები რომ იყოს, სამივე შემთხვევაში, ზვიადს ვერ შეედრება. ამ ფონზე ბუღაძის ნათქვამი არაფრად არ ღირს.
ეგ ერთი ნათქვამი რომ იყოს, კიდევ არაფერი. გრიგოლ ვაშაძეც, რომელიც შემდეგ „ნაციონალებს“ გამოეყო, ზვიადის თემით აპელირებდა, „ზვიადი ქვეყნიდან განვდევნეთ, მიშა კი უკრაინაში განვდევნეთო“, თვითონ სააკაშვილიც თვითიდენტიფიკაციას ზვიადთან ახდენს და უკვირს, ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებენ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის და მე რატომ მასამართლებენო?!
- ზვიადი ჩვენ ნამდვილად განვდევნეთ, ეს იყო უდიდესი დანაშაული და ერმა ამის სანაცვლოდ იწვნია. თუ გასაშვები იყო ზვიადი, არჩევნების გზით დემოკრატიულად უნდა გაგვეშვა, მაგრამ ზვიადი საქართველოში არ დაბრუნებულა ქართველი ერის ასაწიოკებლად, ზვიადი დაბრუნდა ხუნტის, ანუ არაკანონიერი ხელისუფლების შესაცვლელად. სააკაშვილი კიევიდან დაბრუნდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩასაბმელად უკრაინასთან ერთად, პარალელურ რეჟიმში. განსხვავება არ არის?! პირადად მე მაშინდელ 9 აპრილს როცა ვიხსენებ, მახსენდება, რომ 9 აპრილის აქციები იყო, თუ დედაენის ბაღი, პირველი სკოლის ეზო, სამხატვრო სახლის წინ, უნივერსიტეტის ბაღი, ყველა მიტინგის თანამონაწილე ვიყავი. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და სწორედ ჩემი სტუდენტობის დროს აღზევდა ეროვნული მოძრაობა. ზვიადი და მერაბი ჩემს თვალწინ იყვნენ, მაგრამ ვერ ვბედავდი მათთან ახლოს მივსულიყავი, იმდენად დიდი ადამიანები იყვნენ ისინი.
როგორ აბურთავებენ იმ კაცის სახელს და მის იდეალებს.....
მერე რააა რომ შეცდომები ჰქონდა....იდეალები ხომ სუფთა ჰქონდა.....
ბრონირებული მერსედესიო.....
.რო მახსენდება ..... უბრალოდ მრცხვენია