ხაბეიშვილის გაქცეული ქარავანი

ხაბეიშვილის გაქცეული ქარავანი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩევიდან ერთ თვეში ლევან ხაბეიშვილმა მოახერხა და დაპირისპირებამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თავად ოპოზიციაში გადაინაცვლა. ხაბეიშვილმა კოლეგებს ოპოზიციიდან თვითმარქვია ოპოზიცია უწოდა და აღნიშნა: „ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი და ვინ თვითმარქვია“.

ხაბეიშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციის დემარში 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, რომელთა განცხადებით აქცია შინაარსისგან იყო დაცლილი. ხაბეიშვილისგან, რომელიც ოპოზიციას შორის დაპირისპირების პირველი წყაროა, განმარტებას ითხოვს ოპოზიცია, თუმცა ხაბეიშვილმა კოლეგებს ცივი წყალი გადაასხა და აღნიშნა, რომ „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის“.

„ზოგს სალაპარაკო მისცემია, ზოგი ისევ „ექსპერტობს“, ზოგს თავი შეფასების, მონიტორინგის სამსახურში ჰგონია, ზოგი მხართეძოზე წამოწოლილი წამომდგარა... ვიღაცები პირდაპირ „ქოცების“, „რუსული ოცნების“ მესიჯებზე სხდებიან. თავად რომ არ მოძრაობენ, არ მოქმედებენ, არ იბრძვიან, არ მუშაობენ ამ ფორმით ცდილობენ გამოჩნდნენ სატელევიზიო სივრცეში. „ძაღლი ჰყეფს ქარავანი მიქრის“. მათი არჩევანი და ნებაა. „ნაციონალური მოძრაობა“ არის მზად სათანამშრომლოდ ყველასთან, ვინც გადაწყვეტს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და „რუსული ოცნების“ დასრულება“, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციაში განსხვავებული აზრის მიმართ აშკარად პრობლემებია და ეს დაამტკიცა ოპოზიციის პოზიციამ 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებითაც. „ლელოში“ აცხადებენ, რომ 9 აპრილის აქციას რეალური პოლიტიკური შინაარსი არ ჰქონდა და ხაბეიშვილს ურჩევენ კითხვებს უპასუხოს და არ აკეთოს შეფასებები სხვა ოპოზიციურ პარტიებზე. პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ხაბეიშვილი განტევების ვაცს ოპოზიციაში ეძებს, რომ წარუმატებლობა გადაფაროს.

„ბატონ ხაბეიშვილს, მარტივად, ურჩევნია, რომ საკუთარ მომხრეებს, მხარდამჭერებს აუხსნას, იყო თუ არა წარმატებული საერთოდ ეს აქცია, რა მიზანს ემსახურებოდა და ამ მიზნის რაიმე პროცენტული მაჩვენებელი შესრულდა თუ არა? ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციაში ეძებოს თვითმარქვია ოპოზიციონრები, რომელიც ისედაც ვიცით, ვინც არიან... ჩვენ ვართ ერთ-ერთი მკაფიო და მძაფრი ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, რომლის ლიდერებსაც პოლიტიზებული სასამართლო და პროკურატურა დევნის.

თვითმარქვია ოპოზიციაზე როცა ვსაუბრობთ, მე ვგულისხმობ იმ საპარლამენტო პარტიებს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან და ეხმარებიან უამრავი საკანონმდებლო ინიციატივის გატანაში. ამის მიღმა ოპოზიციურ პარტიებში რაღაც ახალი განტევების ვაცის ძებნა მაშინ, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული პროცესები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, მგონია, რომ უბრალოდ, ყურადღების გადატანაა სხვა მიმართულებით.

„ლელოსთვის“ ამ აქციის ამოცანები და მიზნები დაანონსების დღიდანვე გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო, შესაბამისად ვთქვით, რომ არ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და როგორც გამოჩნდა „ლელოს“ პოზიცია ამ შემთხვევაშიც მართებული ხაზი იყო“, - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ხაბეიშვილს ბულინგში სდებს ბრალს ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია, რომლის თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ თანხმობას უნდა ცდილობდეს, მაგრამ საკუთარ პარტიაშიც პრობლემა აქვთ.

„პარტიულ აქციებზე არ ვივლი და არ დავდივარ. ხაბეიშვილის ეს განცხადებაც იმას უსვამს ხაზს, რომ პარტიული აქცია იყო. განცხადება, რომ ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით არაა, ის ნამდვილი ოპოზიცია არ არის, საზოგადოების კიდევ უფრო დამყოფია, ისევე როგორც ოპოზიციის. თუ მათი ნამდვილი სულისკვეთებაა, ოპოზიცია გაერთიანდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ირგვლივ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, ეს ყველაფერი ამას ხელს უშლის და არ ეხმარება. 9 აპრილი თანხმობის დღეა და ამ დღეს აუცილებელია ერთობის დემონსტრირება“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

როგორც ირკვევა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქცია ისე დაგეგმა, რომ კოორდინირებული არ ყოფილა არც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და არც დამოუკიდებელ დეპუტატებთან, რომლებმაც მედიისგან შეიტყვეს ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციაზე. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსთაველის გამზირიდან ლევან ხაბეიშვილმა გააჟღერა, რომ ვინც ნაციონალების გვერდით არ დგას, მათი მტერია.

საქართველოს დემოკრატიიდან და ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრის განვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებულ დაპირისპირებას დადებითად უყურებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, რომლის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილად იმსახურებს, რომ მის ხელმძღვანელობაში იყვნენ უვიცნი ხაბეიშვილი-მერაბიშვილი და ასევე უვიცი კეზერაშვილი, რომელსაც ფინანსური რესურსის გარდა სხვა არაფერი გააჩნია.

„კეზერაშვილს არ გააჩნია არც ინტელექტი და არც ერუდიცია. მიხარია, რომ სწორედ ესენი არიან „ნაცმოძრაობის“ სათავეში. რაც უფრო მალე დაანგრევენ ამ ტოქსიკურ პარტიას, მით უფრო გაჯანსაღდება ქართული ოპოზიციური სპექტრი, რომლის კონსრუქციულობითაც დემოკრატია კიდევ უფრო განვითარდება. როდესაც „ნაცმოძრაობა“ დომინირებს რადიკალურ სფეროში და მას ჰყავს რამდენიმე სატელიტი, რომლებიც ხან ჩხუბობენ, ხან შერიგდებიან, ეს არაა ჯანსაღი დემოკრატიისთვის. რაც უფრო გაჯანსაღდება ოპოზიცია „ნაცმოძრაობის“ დაშლა-დაკნინებით, მით უკეთესია საქართველოს შემდგომი პოლიტიკური განვითარებისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ხაბეიშვილი ოპოზიციასთან დაპირისპირებით საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას ცდილობს და ეცდება, რომ იპოვოს განტევების ვაცი, მაგრამ პოლიტოლოგს ეეჭვება, რომ ხაბეიშვილს ჰქონდეს დალაგებული პროგრამა.

„როცა მისი, როგორც თავმჯდომარის არჩევნები იყო, იქაც არ წარმოუდგენია პროგრამა, რას აპირებს. თითქოს კი იძახდა უნდა გავერთიანდეთო, მაგრამ ასეთი დეკლარაციული გაერთიანების გარდა, როცა ვიღაცებს გაერთიანებას სთხოვ, შეთავაზებაც უნდა გქონდეს. ის, რომ მე ლიდერი ვიქნები და შენ გვერდით დამიდექი, ეს გაერთიანება არ არის. ხაბეიშვილს გაერთიანების ასეთი მოდელი აქვს - ყველანი მომიერთდით მე. ეს მოდელი, ალბათ, ვერ იქნება წარმატებული გზა.

ვფიქრობ, რომ არც იყო რაიმე წარმატება ჩადებული მაგ ფიგურის გამოჩენაში. არ იყო მოლოდინი იმისა, რომ ხაბეიშვილი ახალ პარადიგმას შესთავაზებდა საზოგადოებას, ისევე, როგორც ვერ შესთავაზა ნიკა მელიამ ოპოზიციურ სპექტრს საიმისო მოდელი, რომ გაერთიანებულიყვნენ. არაა გაერთიანება ადვილი, მით უფრო ისეთი ხალხისთვის, რომლებიც დიდი პარტნიორული ხასიათით არ გამოირჩევიან“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, სავარაუდოა, რომ დაპირისპირება, რომელიც ახლა ოპოზიციაშია, შეამცირებს ოპოზიციური პარტიების რეიტინგებს და ამავე დროს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გაუჩენს „ქართულ ოცნებას“.

„რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამაც“ დაუშვა შეცდომები იმ ავადხსენებული კანონის სახით და თავის რეიტინგში დაკარგა ბევრი მხარდამჭერი. შეიძლება მივიღოთ ისეთი შედეგი, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა საერთოდ უარი თქვას პოლიტიკურ პარტიებზე და დარჩნენ სახლში, მერე უკვე არჩევნების დროს დადგეს ქვორუმისა თუ ბევრი სხვა საკითხების პრობლემა. ასე რომ, ამ მხრივ იქნება ის შედეგები, რომელიც არ იყო ძნელი გასათვლელი, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე მიდიოდა ქვეყანა. როდესაც ქვეყანას არ ჰყავს პარტიები, აშკარა იყო, რომ აუცილებლად დადგებოდა პარტიების დეფიციტის წინაშე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.