შენგელია ბლინკენის წინააღმდეგ

შენგელია ბლინკენის წინააღმდეგ

მოსამართლე შენგელია ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ - თავისი შინაარსით, ეს იქნება უპრეცედენტო საქმე, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივნას, ენტონი ბლინკენს და აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მოუწევთ სასამართლოს წინაშე ამტკიცონ, არის თუ არა ქართველი მოსამართლე კორუმპირებული. მოსამართლე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და მას პოლიტიკური მოტივაცია აქვს.

შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სანქცირების შესახებ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აშშ-ს შესაბამის ორგანოში აპირებს. როგორც ირაკლი შენგელია აცხადებს, არ აპირებს კორუმპირებულის იარლიყთან შეგუებას და იწყებს აქტიურ მოქმედებებს, რათა მიმართოს აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გახადოს სანქცირების შესახებ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც, მისივე თქმით, მისი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

„არ ვაპირებ კორუმპირებულის იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა, საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ, არამედ მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად. ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს“, - წერს ირაკლი შენგელია.

როგორც ცნობილია აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკა ამ ოთხი მოსამართლის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვი წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სანქციებს მხოლოდ ოთხი მოსამართლე დაექვემდებარა, ამ ეტაპზე ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას მხოლოდ შენგელია იწყებს. გადაწყვეტილებას მიესალმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან მურუსიძე, რომლის განცხადებით, სანქციები არის გზავნილი, რომ თუ მოსამართლეები ამერიკისა და მისი საელჩოსთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, აშშ მათზე ზეწოლას განახორციელებს.

„ირაკლი შენგელიას პოზიციას, აშშ-ს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით, მე მივესალმები. ჩვენთან, მოსამართლეებთან მიმართებით, კორუფციული ბრალდებების წამოყენება აბსურდულია. ეს უნდა გასაჩივრდეს აშშ-ს სასამართლოში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ ეს სანქციები სასამართლო სისტემის მიმართ თავდასხმაა. ეს არის გზავნილი, რომ თუ ჩვენ, მოსამართლეები არ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც ამერიკისთვის და მისი საელჩოსთვის იქნება მისაღები, ისინი ჩვენზე ზეწოლას განახორციელებენ“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მაშ ასე, ეს იქნება უპრეცედენტო საქმე საქართველოსა და აშშ-ს შორის, რადგან შენგელია, როგორც კერძო პირი, უჩივის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. შესაბამისად, საქართველო-ამერიკის ურთიერთიბის ისტორიაში ასეთი საერთაშორისო სიბრტყეზე საკითხის გატანა არის უპრეცედენტო. როგორი იქნება ამერიკული სამართალი, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ, თუკი ამერიკულმა სასამართლომ გაამართლა მოსამართლე შენგელია, ცხადია, რომ სანქციების პოლიტიკა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. პროგნოზის გაკეთება უჭირთ ანალიტიკოსებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ამერიკული სასამართლო შეეცდება თავი აარიდოს განხილვას.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ეს არის არა მარტო ერთი მოსამართლის ღირსების დაცვა, არამედ ეს არის ქვეყნის ღირსების დაცვაც. მისი თქმით, ნებისმიერმა სახელმწიფომ, ეს იქნება სუპერ სახელმწიფო თუ არა, უნდა იცოდეს, რომ ღირსება გააჩნია ყველას, დიდია ეს ქვეყენა, თუ პატარა.

„არავის არ აქვს მისი ღირსების შელახვის უფლება. ის, რაც ჩაიდინა ამერიკის მთავრობამ ამ მოსამართლეების წინააღმდეგ, ეს არის უღირსი საქციელი მათი მხრიდან. როდესაც შენ სანქციას ადებ ადამიანს და არ ეუბნები, არ ასაჯაროვებ მტკიცებულებას, რის გამო აკეთებ ამას, ეს არის, უბრალოდ, არაფრად ჩაგდება არა მხოლოდ მოსამართლეების, არამედ სახელმწიფოსი! სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ის შტო არის, რომელიც ყველაზე მეტად არის დაცული და, როდესაც შენ ეხები ხელისუფლების ასეთ შტოს, მაშინ კეთილი უნდა ინებო და უნდა დაასაბუთო, რასთან დაკავშირებით ხდება ეს ხელყოფა“, - აცხადებს კაკაბაძე.

მისი თქმით, როდესაც აშშ არ ასაბუთებს ბრალდებას, ასეთ შემთხვევაში, საქმე, პირველ რიგში, უნდა გასაჩივრდეს ამერიკის სასამართლოში. კაკაბაძეს იმედი აქვს, რომ ამერიკის სასამართლო არ იქნება პოლიტიზირებული და არ იმოქმედებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც დღევანდელი ადმინისტრაცია.

„იმედი მაქვს, რომ ამერიკის სასამართლოში ქართველი მოსამართლე ირაკლი შენგელია ამ საქმეს მოიგებს და არა მარტო ის, არამედ მოგებული იქნება ჩვენი ქვეყანა და საქვეყნოდ იქნება გაცხადებული, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ღირსება და დავამტკიცეთ ის, რომ ამერიკის მთავრობის ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახევი და მას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, უსაფუძვლო ბრალდებების ტირაჟირება ისე, რომ ამას არ მოჰყვება კონკრეტული ფაქტები და სამხილები, მით უმეტეს პოლიტიკაში, არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ის აფქტი, რომ მოსამართლე შენგელია აპირებს საკუთარი ღირსებისა და პატივის დაცვას თუნდაც ამერიკის სასამართლოში, ამაში არაფერი ანტიამერიკული არ არის.

„ცილისწამება თუნდაც ამერიკაში, პოლიტიკოსების და სხვადასხვა მხრიდან, არის ხშირი მოვლენა და ამაზე სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის პიროვნება, რომელიც ცდილობს სასამართლოში გაიმართლოს თავი, არის ამერიკის ინტერესების მოღალატე. ასეთი საუბრები არის ძალიან უპასუხისმგებლო და დაკავშირებულია უვიცობასთან. ძირითადად, ეს ნარატივი მოდის ნაცოპოზიციის მარიონეტებისგან და მათთან მიტმასილი მედიისგან.

ეს არის შრომატევადი, რთული პროცესი, რომელიც დაკავშირებულია უდიდეს ფინანსებთან და ძალიან გამოცდილ ამერიკელ ადვოკატებთან და იურისტებთან, მაგრამ ამისი მრავალი პრეცედენტია, როდესაც ამა თუ იმ ინდივიდმა მოუგო მრავალკორპორციებსაც კი, როდესაც მისი უფლებების დარღვევას შეეხებოდა საქმე. ამიტომ სამართლის პოვნა, რომელიც დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან და ტექნიკურ მხარეებთან, არაა შეუძლებელი. ეს პრეცედენტი არსებობდა როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. სამართლის ძიება სამართლებრივი გზებით არის აბსოლუტური დემოკრატია და ამის ხელის შეშლა არის ანტიდემოკრატიული“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

 

ცუგო- მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას ირაკლი შენგელიას!!!
1 წლის უკან
ლაზი ღირსების დაცვა, ადამიანის უპირველესი პიროვნული მისიაა საზოგადოებაში. ამაში არაფერია ანტიამერიკული. წარმატებები, ყველა ღირსეულ ადამიანს.
1 წლის უკან