პრემიერ მინისტრის მრჩეველი სამოქალაქო სექტორს უბრუნდება. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მისთვის არაკომფორტულია პოლიტიკაში ყოფნა და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მიიღო. საბოლოოდ როდის დატოვებს პრემიერის მრჩევლის თანამდებობას, ეს ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტია, თუმცა ამბობს, რომ მისი სურვილია ეს ცვლილება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.
For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.
ბატონო გია, გადაცემა „ფაქტორი“ რომელიც თქვენი პროექტი იყო და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ ორშაბათს გადიოდა, დაიხურა...
გია ხუხაშვილი: ეს არ იყო კომერციული პროექტი. ოთხთვიანი პროექტი იყო და დასრულდა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, მომავალ სეზონზე გაგვეგრძელებინა თუ არა, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ პროექტი არ იყო კომერციული, ვფიქრობთ, რომ სახე შევუცვალოთ ამ გადაცემას და აუცილებლად გავალთ ეთერში. მაგრამ, როდის? - ამის თქმა გამიჭირდება.
ბოლო პერიოდში ქართული მედია სივრცეში უცნაური პროცესები ვითარდება, ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა გახსნა „ტვ3“. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მედიაში ფინანსებს დებს რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია, რომელიც ახლაიებთან იყო დაახლოებული...
- გამომდინარე იქიდან, რა სისტემა იყო ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება აკონტროლებდა მედია სივრცეს, მას შემდეგ, რაც ამ ხელისუფლებას მოუწია წასვლა, ბუნებრივია, რაღაცა რყევები ამ მიმართულებით გარდაუვალი იყო. რაღაცა პროცესები მიდის, მთავარია, რომ ხელისუფლება აღარასოდეს გახდეს მიდრეკილი იქითკენ, რომ აკონტროლოს მედია სივრცე. ვფიქრობ, რომ ბაინდურაშვილისა და ხუბუტიას შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემსახურებიან სხვა პოლიტიკურ ინტერესს. მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ბაინდურაშვილს ხელისუფლებასთან ნადვილად არანაირი კავშირი არ აქვს. ყოფილ ხელისუფლებასთან აქვს უფრო კავშირი. ასევე ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდება ხუბუტიაც.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ზნეს ვერ იცვლის. მათ მიაჩნიათ, რომ ვირტუალური რეალობა ქმნის პოლიტიკას და ისევ მედიის გაკონტროლებით ცდილობენ, რომ რაღაცა პოლიტიკური შედეგი მიიღონ. ეს არის მათი ბუნება. მე ვიტყოდი, რომ - არაშორსმჭვრეტელურია. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ იგივე თამაშის წესებით ითამაშოს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ამას გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს. ადამიანებმა ძალიან კარგად იციან სად არის სიმართლე. შესაბამისად, მათი ეს მედია-პროექტები არ იქნება წარმატებული. უბრალოდ, გარკვეული პერიოდი მოუხდებათ ფულის დახარჯვა.
ტელევიზია საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა. მითუმეტეს, როდესაც საქართველოში ყველაზე ძვირადღირებულ ჟურნალისტთან გააფორმა კონტრაქტი, რა შემოსავლებიდან და რა სახსრებით აკეთებს ამ ყველაფერს ბაინდურაშვილი, ეს კითხვები მაქვს მასთან. რაც შეეხება ხუბუტიას, ის არაა საინტერესო ფიგურა. ხუბუტია პოზიციონირებას ახდენდა როგორც პრორუსული ელემენტი. შეძლება ამით რუსეთის ხელისუფლების წინაშე ქულებს იწერდეს, ან შესაძლოა, წარმავალ პრეზიდენტთან რაღაცა თამაშები ჰქონდეს. ესეც წარუმატებელი პროექტი იქნება. ამ ქვეყანაში ხუბუტიას მედია ან პოლიტიკური წარმატების მე არ მჯერა. არ ვარ ასეთი დაბალი აზრის ქართველ ხალხზე.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გია ხუხაშვილი პოლიტიკიდან შესაძლოა შემოდგომამდე წავიდეს. ტოვებთ პრემიერის მრჩევლის თანამდებობას?
- 1-ელ ოქტომბერს ვთქვი, რომ მე პოლიტიკიდან მივდივარ. სამწუხაროდ, ეს არ აღმოჩნდა ასე ადვილი. არჩევნების მეორე დღეს ვაპირებდი პოლიტიკიდან წასვლას, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკა ისეთი სფეროა, რომ შესვლა ადვილია და გამოსვლა ძალიან ძნელი. ეს პროცესი ძალიან გამიგრძელდა. გულწრფელად გეტყვით, რომ ვფიქრობ ამაზე. მე არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემთვის ძალიან დამღლელი და არაკომფორტულია პოლიტიკაში ყოფნა. ზუსტად როდის მომეცემა ამის საშუალება, ჯერ-ჯერობით ეს ძნელი სათქმელია. სურვილი მაქვს, რომ რაც შეძლება სწრაფად მოხდეს, მაგრამ არ მინდა, რომ ამან რაღაცა არაბუნებრივი და სკანდალური ხასიათი შეიძინოს.
შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვთვლი ჩემს მეგობრებად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს და ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, ეს მეგობრობა არ დგას ჩვენს საქმიანობაზე. ამას აქვს უფრო ფუნდამენტური საფუძვლები. რაც უნდა წერონ სოციალურ ქსელებში, ამ ურთიერთობას ჩრდილს ნამდვილად ვერ მიაყენებენ. ადამიანური ურთიერთობა არ ნიშნავს ერთობლივ საქმიანობას. ჩვენ დავრჩებით მეგობრებად. უბრალოდ, ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობას, ალბათ, არ გავაგრძელებ. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე ტვირთია. 2 ოქტომბერს გამოვაცხადე, რომ მე წავედი, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ წავედი, არაა ასე ადვილი. ახლა მინდა საბოლოოდ გადავგდა ეს ნაბიჯი.
დღეს მზად ხართ ან ნაბიჯისთვის?
- არა. ამისთვის დღეს მზად არ ვარ, იმიტომ, რომ არის საკითხები, რომელზეც ჯერ კიდევ მიწევს მუშაობა. როგორც კი ამის საშუალება მომეცემა, მე ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავგდამ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ეს არ შეეხება ჩემი და ჩემი მეგობრების პირად ურთიერთობებს. ჩვენ დავრჩებით მეგობრებად. ასე რომ, ამ მხრივ არც სიხარულის და არც მწუხარების გამოთქმის საფუძველი არავის არ აქვს.
სამოქალო სექტორს უბრუნდებით?
- რა თქმა უნდა. თუმცა, ეს გრძელი გზა იქნება.
თქვენს ძლევამოსილებაზე ლეგენდები დადის. მაგალითად, ხუხაშვილი იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, რომ თქვენ გადაიბარეთ სამართავად ბიზნესი, აკონტროლებთ კვერცხის ბიზნესს, რომ ლაშა ნაცვლიშვილის და თქვენი პირადი ინტერესი იკვეთება ე.წ. „ტრაქტორტების საქმეში“ და ა.შ. ამ ბრალდებების შემდეგ არ გაგიჭირდებათ სამოქალაქო სექტორში დაბრუნება?
- სარჩელი მაქვს შეტანილი სასამართლოში. კურიერები დასდევენ ლაშა ამირეჯიბს და ვერ გადასცეს სარჩელი, რატომღაც არ იბარებს. სასამართლოში სარჩელი უკვე შესულია. უბრალოდ მას უნდა ჩაბარდეს ეს სარჩელი და იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს. იმ სიბინძურეებიდან, რომელიც ჩემი მისამართით ითქვა, ერთიც თუ დადასტურდება, მზად ვარ პასუხი ვაგო, მაგრამ ძალიან ყურადღებით მოვუსმენ ამირეჯიბს, რის საფუძველზე აფრქვევდა ამ სიბინძურეს თვეების განმავლობაში.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, განმეორდება ის რაც მოხდა 1-ელ ოქტომბერს, ანუ ვირჩევთ ივანიშვილს, მაგრამ ხმას ვაძლევთ მარგველაშვილს?
- იმ საკონსტიტუციო მოდელში, რომელშიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გადავდივართ, ჩემი აზრით, გიორგი მარგველაშვილი არის იდეალური პრეზიდენტი თავისი ბუნებითა და მსოფლმხედველობით. ვფიქრობ, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს დრო, რა პერიოდშიც გიორგი მაქსიმალურად გაიხსნება. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა იქნება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული არგუმენტი მის არჩევაში.
თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან უსამართლო იქნებოდა გიორგის პიროვნული როლის დაკნინება. ეს გამოჩნდება უახლოეს პერიოდში. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მოქმედებს, გიორგი წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილს და სოლიდარულად იზიარებს ბიძინა ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილზე პასუხისმგებლობას. ყველაფერთან ერთად, მეგობრებიც არიან და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
ხშირად ამას განიხილავენ უარყოფით კონტექსტში...
- სიმანდვილეში ეს ძალიან დადებითი მომენტია. იმიტომ, რომ ადამიანური ურთიერთობის გარეშე არაფერი არ ხდება, მათ შორის - არც პოლიტიკაში. მეგობრობა არაა დანაშაული. პირიქით, ამას მხოლოდ პოზიტივის მოტანა შეუძლია. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გიორგი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც დაპირისპირებაზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ იქნება გამაერთიანებელი, რაც ჩემი აზრით, ქართულ საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. ის არაა აგრესიული და სწორედ ასეთი პრეზიდენტი გვინდა ჩვენ, რომ კრიზისების შემთხვევაში შეეძლოს მხარეების მორიგება. ამ მოდელზე გადადის ქვეყანა და გიორგი ამ მხრივ არის იდეალური კანდიდატი.
ვინ მიგაჩნიათ მარგველაშვილის კონკურენტად ამ არჩევნებში?
- სიმართლე გითხრათ, გიორგი მარგველაშვილის კონკურენტს ვერ ვხედავ. ამ არჩევნების ინტრიგაც ის არის, ვინ გავა მეორე ადგილზე. ბურჯანაძე თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი. ინტრიგა აქ არის და ასეთია დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა, რაც თავისთავად კარგი არაა. ჯობია, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში, ისეთი პოლიტიკური სივრცე გვქონდეს, სადაც პრეზიდენტის პოსტზე იქნება რეალური კონკურენცია. დღეს მე ამ კონკურენტუნარობას ვერ ვხედავ. რაც შეეხება საკუთრივ მარგველაშვილს, ის არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პროგრამის ერთ-ერთი განმახორციელებელი უკვე პრეზიდენტის პოსტზე. დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში, კონკურენციას, სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ.
იმ ფონზე როცა საუბარია, რომ სამართლიანობის აღდგენა ვერ, ან არ ხდება ქვეყანაში, როგორ ფიქრობთ, არ გაუჭირდება მარველაშვილს გამარჯვება?
- ტემპერეტურა კიდევ უფრო აიწევს. იქნება მცდელობები, რომ პოლუსებად დალაგდეს ყველაფერი, ანუ „ნაცები“ და „ანტი ნაცები“. გიორგი მარგველაშვილმა უნდა დაიკავოს ცენტრი, გამაერთიანებლის პოზიციაში უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში იმის დრო, როდესაც დაპირისპირების ფონზე მიდიოდა არჩევნები. პოლარიზებული პოლიტიკური პროცესი უნდა დავამთავროთ ამ არჩევნებზე, ანუ - „ნაცი“ და „ანტინაცი“. „ანტინაცის“ პოზიცირებას ახდენს ქალბატონი ბურჯანაძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთი შემოქმედი იყო და შემდგომშიც არაერთი შეცდომა დაუშვია მას მათთან ერთად.
ბურჯანაძის მხრიდან სახელისუფლებო კანდიდატის მიმართ კრიტიკა მწვავდება. თქვენთვის რამდენად მისაღებია ბურჯანაძის მხრიდან მსგავსი რიტორიკა, რომელსაც თავის დროზე, ფოლადის ლედის უწოდებდა სააკაშვილი?
- მე არ მიკვირს. არ გამოიყურება მთლად ლამაზად, მაგრამ მეორე მხრივ, რა ვქნათ? - ასეთია საქართველოში პოლიტიკური თამაშის წესები. კი ბატონო, მისი არჩევანია, რომ ამ ტონალობაში ილაპარაკოს. მეორე მხარეს, რაღაც ეტაპზე, ალბათ, მოუწევს პასუხების გაცემა და ეს პასუხები შეიძლება იყოს არანაკლებ მკაცრი, ვიდრე ქალბატონი ბურჯანაძის რიტორიკაში შეიმჩნევა. ქალბატონი ნინოს არჩევანი თუ ასეთია, რომ აგრესიული კამპანია აწარმოოს, პრინციპში, ლოგიკურიც იქნება, რომ შეიძლება ასეთივე აგრესიული პასუხი მიიღოს.
ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართალს, დღესაც სამართალს ითხოვენ. თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვები, რატომ დადგა ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი?
- მე მიჩნდება ბევრი კითხვა და მათ შორის პრეტენზიებიც. უნდა შევეცადოთ, რომ მიუხედავად უსამართლობისა, ცოტა ცივი გონებით ვიმოქმედოთ. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რისკფაქტორია, შიდა თუ გარე. რა თქმა უნდა, არ მომწონს რაღაცეები და ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა ამ კუთხით.
სამართლის კუთხით შეიძლებოდა მეტის გაკეთება?
- მე ვხედავ ობიექტურ პრობლემებს ამ გზებზე და გაგებით ვეკიდები ამ ყველაფერს. ჩემთვის წარმოუდგენელია ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ, მეორეს მხრივ, იმას, რომ ნაჯახით ვიმოქმედოთ, მირჩევნია ისევ ასეთი განაჩენი გამოდიოდეს. მე ვთვლი, რომ ბაჩო ახალაია ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ წინააღმდეგი ვარ ზედემტად აგრესიული მოქმედებების. მე მესმის საზოგადოების, რომელსაც ძაბავს ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ოქტომბრამდე მოგვიწევს ამ დაძაბულ ვითარებაში ცხოვრება. არჩევნებამდე ხელისუფლებამ მორატორიუმი გამოაცხადა გარკვეულ ქმედებებთან დაკავშირებით, ესეც იმ რეალობის გათვალისწინებით ხდება, რაც შექმნილია შიგნით თუ გარეთ. ჩვენ ვუყურებთ მიშა სააკაშვილს, რომელიც არაადეკვატურია, ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობს, რომ ამ ქვეყანაზე აღარ არის საერთოდ. მისი ატანაც მოგვიწევს, რა ვქნათ?!
27 ოქტომბერს როგორც ეს მარგველაშვილმა თქვა დასრულდება კოაბიტაცია?
- კოაბიტაცია იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა, მაგრამ საქართველოში პოლიტიკური კულტურა ასეთი ქმედების საფუძველს არ იძლევა, ძალიან ყალბია კოაბიტაციაზე ლაპარაკი. კოაბიტაცია არ შეიძლება სამართლის ხარჯზე მიმდინარეობდეს. თუ ვიღაცას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი და არ დაიჭირო იმიტომ, რომ რაღაც ე.წ. კოაბიტაციაში ხარ, ეს არასწორია და ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ფუნდამენტურ საფუძვლებს. ჩვენ კოაბიტაცია კი არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება რეალური გაერთიანება.
გაერთიანების საფუძველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მინიმუმ ბოდიში უნდა იყოს, მონანიება უნდა იყოს. ეს არ ხდება. კოაბიტაციასაც და თანაცხოვრებასაც რაღაცა საფუძვლის შექმნა სჭირდება ორივე მხრიდან. მარტო ხელისუფლება არაა ვალდებული, რომ თვალები დახუჭოს ნებისმიერ რაღაცაზე. იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, მინიმუმ, იმდენი ხომ უნდა შეეძლოს, რომ ბოდიში მოიხადოს, მოინანიოს?! რაღაცა გაუგებარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ რეალურად უნდა მოინანიო.
როდესაც თქვენ თქვით, რომ ახალაიები არიან რეჟიმის მსხვერპლი, ეს ჩაითვალა კოაბიტაციად ახალაიებთან. ითქვა ისიც, რომ თქვენ შეხვდით დათა ახალაიას. ბატონო გია, გქონდათ მასთან კომუნიკაცია?
- არანაიარი კომუნიკაცია მასთან არ მქონია. აბსოლუტურად სწორი შეხედულება მაქვს ამ ადამიანებზე. რა თქმა უნდა, მე მათ ვთვლი დანაშავეებად, მაგრამ ფართო გაგებით, ისინი იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი. ისინი იყვნენ დანაშაულებრივი დაკვეთების კარგი შემსრულებლები. თუ არ არსებობს დაკვეთა, არ არსებობს აღსრულება, მე ეს მქონდა მხედველობაში.
თუმცა, პატარა ეშმაკობაც იყო ჩემს ამ გამონათქვამში ჩადებული. თქვენთან გულახდილად ვიტყვი, რომ მაშინდელ ჩემს ამ განაცხადში იყო პოლიტიკური თამაშის გარკვეული ელემენტი. ისინი დამნაშავეები არიან და უნდა იქნენ დასჯილები, მაგრამ ფართო გაგებით, რეჟიმის მსხვერპლად განვიხილე როგორც შემსრულებლები და არა დამკვეთები. იგივეს არასოდეს არ ვიტყვი მერაბიშვილზე, ადეიშვილზე, სააკაშვილზე და არც გიგა ბოკერიაზე.