სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანის საკრებულომ ორ კვირაში სამსახურში უნდა აღადგინოს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები დავით გაბუნია და გოჩა გოგაძე, რომელთაც თავის დროზე, საკრებულომ ხმათა უმარველესობით უფლებამოსილება შეუჩერა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ტაბიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალისხმევითა და „ქართული ოცნების“ ვითომ მხარდამჭერების მიერ მოხდა მათი განთავისუფლება სამსახურიდან.
გიორგი ტაბიძე: ვანის საკრებულოში შეიქმნა „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია. ფრაქციის ორი წევრი, დავით გაბუნია და გოჩა გოგაძე იკავებდნენ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. ეს კომისიები იყო ინფრასტრუქტურის განვითარების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები დაცვის კომისია. ეს ადამიანები პოლიტიკური ზეწოლის გამო გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან.
ვისი მხროდან მოდიოდა ეს პოლიტიკური ზეწოლა?
- ამის უკან „ნაცინალური მოძრაობის“ გარდა იდგნენ ჩვენი კოალიციის, ვითომ, მხარდამჭერები. ასე ეძახიან დათო ლორთქიფანიძის დაჯგუფებას. სასამართლომ ბათილად სცნო მოტივი, რის გამოც ისინი გაანთავისუფლეს და მიიღო ობიექტური გადაწყვეტილება. ვანში საერთოდ რთული ვითარებაა, შეინიშნება კლანური დაჯგუფებების აქტიურობა, რის გამოც წესიერი პოლიტიკური მოთამაშეები იდევნებიან. ამას დროულად სჭირდება შველა და ამის გამო არის სწორედ, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები მოჰყვნენ ამ პოლიტიკურ წნეხში.
„ქართულ ოცნების“ ვითომ მხარდამჭერებს კურირებს, თუ მათი უფროსია, დავით ლორთქიფანიძე. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება იყო პოლიტიკური ზეწოლა, მაგრამ ორი კვირაში საკრებულო მათ ისევ აღადგენს.
რის საფუზველზე ადანაშაულებთ ლორთქიფანიძეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში?
- დათო ლორთქიფანიძეს აქვს თავისი ოთხკაციანი ფრაქცია. გადაყენებას სჭირდებოდა სულ 16 ხმა, „ნაციონალებს“ ამდენი ხმა არ ჰქონდათ. დათო ლორთქიფანიძის ფრაქციის მხარდაჭერის გარეშე ამ გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გაიტანდა საკრებულოში.
ამით ამტკიცებთ, რომ დავით ლორთქიფანიძე ალიანსშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“?
- ფაქტი ჯიუტია. კენჭისყრამ ასე აჩვენა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს არის ფაქტი. მოტივაცია არ არსებობდა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რის გამოც გადააყენეს ეს ადამიანები.
როდესაც კოალიციის წევრს ადანაშაულებთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში, თქვენი ეს პოზიცია გამოხატავს პარტიის პოზიციას?
- დავით ლორთქიფანიძემ „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები დაგვადანაშაულა იმაში, რომ ჩვენ ვურევდით თურმე სიტუაციას ვანში. თავმჯდომარესთან და რეგიონალურ მდივანთან ჩემი პოზიცია შეთანხმებულია.